დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ას-1101-1049-2013 9 ianvari, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. შ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ს-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ს-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. შ-ის მიმართ 2009 წლის 13 იანვარს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის - ა. შ-ის სასარგებლოდ ალიმენტის - ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ს-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. შ-ეს ი. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა ... წლის ... იანვარს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის - ა. შ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 100 ლარის ოდენობით, 2013 წლის 6 ივნისიდან შვილის სრულწლოვანებამდე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-ემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის 50 ლარით განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის, 374-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა და 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ თ. შ-ის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365–ე მუხლით, რომლითაც დადგენილია, რომ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თ. შ-ეს ი. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტი ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, 2013 წლის 6 ივნისიდან შვილის სრულწლოვანებამდე. აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ნაწილობრივ, დაკისრებული ალიმენტის 100 ლარიდან 50 ლარის ნაწილში და მოითხოვდა ალიმენტის სახით 50 ლარის დაკისრებას, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა 600 ლარს (50*12), რაც კანონით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლები იყო, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374–ე მუხლის პირველი ნაწილისა.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. შ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
არასწორია საააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, რადგანაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით თ.შ-ეს 100 ლარის გადახდა დაეკისრა 2013 წლის 6 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე - ... წლის ... იანვრამდე, რაც 163 თვეს შეადგენს, შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებული ოდენობა 16300 ლარია, რომლის განახევრებასაც მოითხოვდა აპელანტი. სააპელაციო პალატამ კი, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ალიმენტის ოდენობა გამოიანგარიშა ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხით და არასწორად ჩათვალა, რომ დავის საგნის ღირებულება იყო 600 ლარი. ამდენად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონის ნორმა და არასწორად განმარტა იგი.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების 10-დღიანი ვადა, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2013 წლის 7 აგვისტოს, ხოლო სასამართლომ განჩინება გამოიტანა 2013 წლის 16 სექტემბერს. ისეთ ვითარებაში თუ მოსამართლე შვებულებაში იმყოფებოდა ან არსებობდა საქმის განხილვის დამაბრკოლებელი სხვა გარემოება, საქმე პალატის სხვა მოსამართლეს უნდა განეხილა, აღნიშნული ადასტურებს სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 393-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინებით თ. შ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ გადაწყვეტილებით, რომელზეც სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. შ-ემ მოპასუხეს (აპელანტს) არასრულწლოვანი ა. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა.
უდავოა, რომ გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ ნაწილობრივ ითხოვა აპელანტმა, კერძოდ, მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით 50 ლარის დაკისრება.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მას ალიმენტის გადახდა დაეკისრა შვილის სრულწლოვანებამდე, ... წლის ... იანვრამდე, ხოლო სასამართლო დაკისრებული ალიმენტის ოდენობა იანგარიშა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხით. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია კანონი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ არგუმენტს უსაფუძვლობის მოტივით და განმარტავს, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია თითოეული კატეგორიის საქმეზე დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესი. ალიმენტიდან გამომდინარე დავის საგნის ღირებულების დადგენა განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დადგენილია, რომ ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის საგნის ღირებულება განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მითითებული ნორმის დანაწესი ზოგადია და მისი მოქმედება ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვასთან მიმართებით (სსსკ 372-ე, 399-ე მუხლები). გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ქონებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით გასათვალისწინებელია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვა, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მითითებული ნორმის საფუძველზე, ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად განსაზღვრა მოცემულ საქმეზე თ.შ-ის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება და სავსებით სწორად მიიჩნია, რომ იგი არ აღემატებოდა 1000 ლარს (50X12=600), აღნიშნული გარემოება კი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე.
საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს თ.შ-ის არგუმენტს საქმის განხილვის საპროცესო ვადის (სსსკ 374.1 მუხლი) დარღვევის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართვის თანახმად, თ.შ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს განსახილველად გადაეცა 2013 წლის 14 აგვისტოს, ხოლო სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი შემოწმდა 2013 წლის 16 სექტემბერს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მისი განხილვის დამაბრკოლებელი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების 10-დღიანი ვადის დარღვევა არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპროცესო ნორმის იმგვარ დარღვევას, რასაც შეეძლო საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განეპირობებინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თ.შ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემული დავა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებებით დგინდება, რომ თ. შ-ის წარმომადგენელმა ა. ს-ემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადა 50 ლარი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით კი, დადგენილია ამ თანხის განახევრების აუცილებლობა, შესაბამისად, მხარემ ზედმეტად გადაიხადა 25 ლარი (50/2=25).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა მსგავს შემთხვევას არ არეგულირებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლად უნდა მიუთითოს ამავე კოდექსის 42-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია შემდეგი: თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. თ. შ-ეს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ა. ს-ის მიერ 2013 წლის 18 ოქტომბრის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 25 ლარი.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე