დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 29.05.2014
საქმის ნომერი
ას-359-338-2014
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.05.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ას-359-338-2014 29 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „გ. ყ 2010“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ XXI“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „კ XXI-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ. ყ 2010-ის“ მიმართ მიწოდებული საქონლის ღირებულების - 22801,63 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ოქტომბრის გადაწვეტილებით შპს „კ XXI-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „გ. ყ 2010-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 22 801,63 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის საოქმო განჩინებით შპს „კ XXI-ის“ წარმომადგენელ მ.კ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს „გ. ყ 2010-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე, 229-ე მუხლებზე და განმარტა, რომ აპელანტი, რომელსაც სხდომის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლო უწყება კი, ორგანიზაციის ბუღალტერ ნ. ბ-ეს ჩაბარდა 22 იანვარს. აპელანტის გამოუცხადებლობის თაობაზე რაიმე ინფორმაცია სასამართლოს არ გადასცემია, რაც პალატამ გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „გ. ყ 2010-ის“ დირექტორმა გ. ჯ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის, 387-ე მუხლისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა აპელანტის გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი. 2014 წლის 6 მარტს დილით შპს „გ. ყ 2010-ის“ ფუნქციონირებისათვის აუცილებელი გახდა გარკვეული საწარმოო ოპერაციების უშუალოდ დირექტორის მონაწილეობით განხორციელება, რამაც, დროის სიმცირის გამო, განაპირობა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა, ამდენად, არსებობდა მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 მაისის განჩინებით შპს „გ. ყ 2010-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ. ყ 2010-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, აპელანტის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დადასტურებულია და მხარე სადავოდ არ ხდის შემდეგ გარემოებებს:

შპს „გ. ყ 2010-ის“ დირექტორია გ. ჯ-ე;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით დაინიშნა სასამართლო სხდომა, რის თაობაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ მხარეებს;

აპელანტისათვის გაგზავნილი უწყება 2014 წლის 22 იანვარს ჩაბარდა ორგანიზაციის ბუღალტერს;

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, ხოლო აპელანტის გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოს რაიმე ინფორმაცია არ გადასცემია;

გამოცხადებულმა მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სასამართლო სხდომის დღეს საწარმოო აუცილებლობის გამო, რომელიც მოითხოვდა დირექტორის მიერ ქმედების განხორციელებას, საპატიოდ ვერ გამოცხადდა სასამართლოში.

კერძო საჩივრის ამ არგუმენტის შეფასების მიზნით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:

სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია რა მხარეთა შეჯიბრებითობაზე, კოდექსის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა, თავის მხრივ, მე-4 მუხლით განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებენ, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ იქნება დადგენილად მიჩნეული. ამდენად, მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე საჩივარში მითითებული ფაქტების მტკიცება ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს მხარის მიერ შუამდგომლობის წარდგენისა თუ მისი წარდგენის შეუძლებლობის საკანონმდებლო რეგლამენტაციას და, ერთი მხრივ, მიუთითებს განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობის აუცილებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამ გარემოების თაობაზე მხარის ობიექტურ შეუძლებლობას, წინასწარ აცნობოს სასამართლოს. ნორმის ამ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს რა საწარმოო აუცილებლობის გამო მისი გამოცხადების შეუძლებლობაზე, მას არც საწარმოო აუცილებლობის ფაქტი დაუდასტურებია და არც ის გარემოება, რომ ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა ამ გარემოების შესახებ წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის. გარდა აღნიშნულისა, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საპატიო მიზეზის არსებობასა და გამოცხადების შეუძლებლობაზე მიუთითებს იურიდიული პირის დირექტორი. ზოგადად საზოგადოების დირექტორი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით უფლებამოსილი წარმომადგენელია, თუმცა იურიდიული პირის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა თავისთავად არ გამორიცხავს ამ პირის უფლებების სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დაცვის შესაძლებლობას, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ. ყ 2010-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე