დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-862-824-2014 30 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – კ. ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ი
კასატორი – ლ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ჯ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორ კ. ჯ-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
კასატორ ლ. ბ-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ 4252 ლარის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა კ. ჯ-ემ მოპასუხე ლ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 21260 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. კ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. მოპასუხე ლ. ბ-ს მოსარჩელე კ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 21260 ლარის გადახდა;
3. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 637.8 ლარის, ხოლო კ. ჯ-ის სასარგებლოდ – 400 ლარის გადახდა ექსპერტიზის ხარჯის ასანაზღაურებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით:
1. ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. კ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
4. ლ. ბ-ს კ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 14882 ლარის გადახდა;
5. კ. ჯ-ის სარჩელი 6378 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
6. ლ. ბ-ს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 445 ლარის, ხოლო ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის – 400 ლარის ანგარიშში კ. ჯ-ის სასარგებლოდ – 280 ლარის გადახდა;
7. ლ. ბ-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის – 850 ლარის ანგარიშში კ. ჯ-ეს ლ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 255 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქ.თბილისში, მ-ის შესახვევის ქ.№41-ში მდებარე კ. ჯ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება და ქ.თბილისში, ჯ-ის ქ.№32-ში მდებარე მოპასუხე ლ. ბ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარეობს ერთმანეთის მომიჯნავედ (მეზობლად).
სადავო არ არის ის გარემოება, რომ ლ. ბ-მა კუთვნილი ნაკვეთის ფარგლებში ქ.თბილისში, ჯ-ის ქ.№32-ში კ. ჯ-ის კუთვნილი ერთსართულიანი სახლიდან რამდენიმე ათეული სანტიმეტრის დაშორებით აწარმოა სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, მოახდინა ძველი ნაგებობის დემონტაჟი, ქვაბულის ამოღება და ახალი შენობის აღმართვა.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 30 მაისს გაცემული წერილი; ფოტომასალა; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 1 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნა, საკმარის მონაცემებს შეიცავდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე კ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, მ-ის შესახვევის №41-ში მდებარე უძრავი ქონება, მოპასუხე ლ. ბ-ის მიერ მის კუთვნილ უძრავ ქონებაში სამშენებლო სამუშაოების განხორციელებამდე იყო დაზიანებულ მდგომარეობაში და რომ კ. ჯ-ის ერთსართულიანი სახლის მზიდ კონსტრუქციებს უკვე გააჩნდათ მნიშვნელოვანი დაზიანებები.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კ. ჯ-ეს თავისი ერთსართულიანი შენობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ლ. ბ-ის ეზოს მხრიდან შედგმული ჰქონდა ე.წ. ხიმინჯები, (საყრდენი ბოძები). აღნიშნული ფაქტი დადასტურდა ფოტოსურათებით და თავად კ. ჯ-ის განმარტებით. ამ კუთხით, ასევე საყურადღებოა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 30 მაისის წერილის შინაარსი, რომლის თანახმადაც, კ. ჯ-ის სახლი აშენდა სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევით და მას გააჩნდა მნიშნველოვანი ასაკობრივი ცვეთა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 1 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, კ. ჯ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მზიდ კონსტრუქციებს ქვაბულის ამოღებამდე გააჩნდათ მნიშვნელოვანი დაზიანებები.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად განიხილა ის მოცემულობა, რომ მოსარჩელე კ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული - ქ.თბილისში, მ-ის შესახვევის №41-ში მდებარე უძრავი ქონება, მოპასუხე ლ. ბ-ის მიერ მის კუთვნილ უძრავ ქონებაში სამშენებლო სამუშაოების განხორციელებამდე უკვე იყო დაზიანებული და რომ კ.ს ჯ-ის ერთსართულიანი სახლის მზიდ კონსტრუქციებს უკვე გააჩნდათ მნიშვნელოვანი დაზიანებები.
სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის N--- დასკვნით დადასტურდა, რომ კ. ჯ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, რომელიც წარსულშიც დაზიანებული იყო, ქვაბულის ამოღებით კიდევ უფრო დამძიმდა. დაზიანებული შენობის საიმედო ექსპლოატაციის პირობები ძალზედ შემცირდა და უფრო ადვილი და მოსალოდნელი გახდა ნაგებობის კოლაფსი, სრული მყისიერი ნგრევა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 3 აგვისტოს დასკვნაზე, რომლის მიხედვით, ქ.თბილისში, მ-ის შესახვევის №41-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია; მისი ექსპლუატაცია დაუშვებელია; დაზიანებები გამოიწვია მიმდებარე მშენებარე შენობის საძირკველის ქვაბულის ამოთხრამ.
დასახელებული დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სახლი ერთსართულიანია. შენობის მდგომარეობა უმძიმესია. ერთსართულიანი სახლის წინ მიმდინარეობს კარკასული შენობის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე ათეული სანტიმეტრით არის მოცილებული მისი მზიდი კედლიდან. მშენებლებმა ერთსართულიანი ძველი შენობის გაძლიერების გარეშე დაიწყეს ქვაბულის დამუშავება (მშენებლობის მწარმოებელმა ვერ წარმოადგინა არსებული ერთსართულიანი შენობის მოსალოდნელი დაზიანებების აღსაკვეთად ჩასატარებელი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია). ცნობილია, რომ თუ არსებული შენობა არ არის დაფუძნებული კლდოვან გრუნტზე, ხოლო მის უშუალო სიახლოვეს იგება ახალი შენობა, ქვაბულის ამოღებისას საჭიროა მისი გამაგრება არსებული შენობის საძირკვლის მხრიდან. ექსპერტმა მიიჩნია, რომ არასწორად დაწყებულმა სამუშაოებმა გამოიწვია გრუნტის დაძაბული მდგომარეობის მნიშვნელ.ნი ცვლილება-ჩამოშლა, შენობის არასასურველი დეფორმაციები, შედეგად კედლების დაბზარვა. განვითარებულია სხვადასხვა სახის და სიგანის ბზარები. გრძივ და განივ კედლებს შორის დარღვეულია კავშირები. გრძივ კედელზე გადმოვარდნის საწინააღმდეგოდ მშენებლებმა ხის საყრდენები მოაწყვეს.
ამდენად, მითითებული საექსპერტო კვლევების შედეგების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ჯ-ის კუთვნილი შენობის დაზიანებები, რის შედეგადაც სახლის ექსპლოატაცია დაუშვებელი გახდა, გამოიწვია მოპასუხის მიერ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამ, კერძოდ, საძირკველის ქვაბულის ამოთხრამ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, ლ. ბ-ის მიერ ქვაბულის ამოღებამდეც კ. ჯ-ის სახლს გააჩნდა მნიშვნელოვანი დაზიანებები, თუმცა ზედმიწევნითი სიზუსტით იმის განსაზღვრა, თუ რა ხარისხის დაზიანებები იყო და იმის განსაზღვრა თუ ზუსტად რა ოდენობის ზიანი გამოიწვია ქვაბულის ამოღების შემდეგ განვითარებულმა დაზიანებებმა, ტექნიკურად შეუძლებელი იყო, ვინაიდან ქვაბულის ამოღებამდე დაზიანებები არ ყოფილა შესწავლილი და ამდენად ძველი და ახალი დაზიანებების შედარების გზით ვერ დადგინდებოდა, თუ ზუსტად რა ოდენობის ზიანი გამოიწვია ახალმა დაზიანებებმა (ქვაბულის ამოღების შედეგად განვითარებული დაზიანებებმა). სააპელაციო სასამართლომ, ამ მხრივ, საყურადღებოდ მიიჩნია საქმეზე წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 1 თებერვლის დასკვნა, რომლის თანახმად, კ. ჯ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მზიდ კონსტრუქციებს ქვაბულის ამოღებამდე გააჩნდათ მნიშვნელოვანი დაზიანებები, თუმცა ავარიული და ექსპლოატაციისათვის საშიში იყო თუ არა ის, დღევანდელი დღის მდომარეობით, ამის თქმა შეუძლებელი იყო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 30 მაისის წერილის შინაარსზე, რომლის თანახმად, ყველა შემთხვევაში შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა, მასალის ხარჯი და სავარაუდო ღირებულება ახალი მშენებლობის თანაზომადი იქნებოდა, ამიტომ კ. ჯ-ის კუთვნილი ერთსართულიანი შენობის აღდგენა-გაძლიერება, მისი ამჟამინდელი მდოგმარეობის გათვალისწინებით, არარენტაბელური იყო.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის ყველაზე უფრო გონივრული იყო კ. ჯ-ის კუთვნილი შენობის ქვაბულის ამოღებამდე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შენობის საბაზრო ღირებულების დადგენა, რასთან დაკავშირებითაც საქმეზე წარდგენილი 2013 წლის 20 ივნისის თარიღით გაცემული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვის მიხედვით, თბილისში, მ-ის შესახვევი №41-ში მდებარე კ. ჯ-ის კუთვნილი სახლის საბაზრო ღირებულება მასზე ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საორიენტაციოდ 21260 ლარს შეადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის არასაკმარისობა იმაში გამოიხატებოდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის გარემოებები სრულყოფილად არ გამოიკვლია, კერძოდ, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების მიუხედავად, კვლევის საგანი არ გამხდარა საკითხი იმის შესახებ, თუ ზიანის წარმოშობას რამდენად შეუწყო ხელი თავად დაზარალებულის (მოსარჩელის) ქმედებამ. მოპასუხე მხარე აქცენტს აკეთებდა იმ ფაქტზე, რომ შენობა ქვაბულის ამოღებამდე უკვე იყო დაზიანებული, იმდენად, რომ მის გასამაგრებლად კ. ჯ-ეს ლ. ბ-ის ეზოს მხრიდან საყრდენები ჰქონდა შედგმული. მოპასუხე ხაზგასმით მიუთითებდა, რომ მოსარჩელე კ. ჯ-ეს თავადვე არ უზრუნია თავისი ნაგებობისათვის ჩაეტარებინა აუცილებელი სარემონტო სამუშაოები და რომ ამ პირობებში ლ. ბ-ისათვის მთლიანად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ კ. ჯ-ის კუთვნილი ერთსართულიანი შენობა აშენებული იყო სამშენებლო ნორმების დარღვევით და აგრეთვე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე კ. ჯ-ის კუთვნილ შენობას უკვე გააჩნდა მნიშვნელოვანი დაზიანებები (შენობის მზიდ კონსტრუქციებში), სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 415–ე მუხლით გათვალისწინებულ ნორმაზე დაყრდნობით უნდა შეეფასებინა დამდგარ ზიანში, როგორც ლ. ბ-ის, ასევე კ. ჯ-ის ბრალეულობის საკითხი. სასამართლოს მხრიდან უნდა გამოკვლეულიყო საკითხი იმის შესახებ, ხომ არ შეუწყო ხელი ზიანის წარმოშობას დაზარალებულის ქმედებამაც. ამ მხრივ, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის გამოყენების წინაპირობები.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ზიანის წარმოშობაში (კ. ჯ-ის სახლის საცხოვრებლად უვარგისად ქცევა) თავად კ. ჯ-ის ბრალეულობა იმაში გამოიხატებოდა, რომ კ. ჯ-ემ, როგორც მესაკუთრემ (სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის მე-3 ნაწილი) არ იზრუნა კუთვნილი სახლის ტექნიკური მდგომარეობის გამართულობაზე და ფაქტი იყო, რომ სახლის მიმართ, რომელიც თავის დროზე აშენდა სამშენებლო ნორმების დარღვევით და მოპასუხის მიერ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უკვე აღენიშნებოდა მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული დაზიანებები, კ. ჯ-ეს, როგორც მესაკუთრეს, წლების განმავლობაში რაიმე სარემონტო, გამაგრებითი სამუშაოები არ განუხორციელებია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ფაქტობრივად მოპასუხის მიერ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე შენობის ტექნიკური მდგომარეობა შეიძლებოდა შეფასებულიყო, როგორც საკმაოდ მძიმე, რამდენადაც მას გააჩნდა არამდგრადი ფუძე-გრუნტი და შენობას მზიდ კონსტრუქციებში აღენიშნებოდა მნიშვნელოვანი დაზიანებები. სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაქცია ფოტომასალაზე, სადაც თვალსაჩინოდ იყო დაფიქსირებული ამ შენობის მძიმე ტექნიკური მდგომარეობა, რამდენადაც მესაკუთრემ წლების განმავლობაში არ იზრუნა და არ უზრუნველყო შენობის ტექნიკური მდგომარეობა, მან ფაქტობრივად ამ უმოქმედობით ფაქტობრივად ხელი შეუწყო აღნიშნული შენობის იმ მდგომარეობამდე მიყვანას, რომ მისი ექსპლუატაცია დაუშვებელი გახდა (სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მესაკუთრის მიერ შენობის კონსტრუქციული დაზიანებების აღმოფხვრის შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოები ამ მასშტაბის დაზიანებებს ვეღარ გამოიწვევდა).
აქვე სააპელაციო სასამართლომ დასძინა, რომ მართალია, შენობის ტექნიკური მდგომარეობა მოპასუხის მიერ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე საკმაოდ მძიმე იყო და ფაქტი იყო, რომ მესაკუთრემ არ იზრუნა მის გამოსწორებაზე, თუმცა ამ შენობის იმ მდგომარეობამდე მიყვანა, რის შედეგადაც მისი ექსპლოატაცია დაუშვებელი გახდა, მეტწილად განაპირობა მოპასუხის მიერ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამ, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების ანალიზის შედეგად მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რამაც განაპირობა შენობისათვის ახალი დაზიანებების მიყენება და შედეგად მისი ექსპლოატაციის შეუძლებლობა, იმაში გამოიხატა, რომ მოპასუხემ ისე განახორციელა თავის კუთვნილ ნაკვეთში ქვაბულის ამოღება, რომ მან არ განახორციელა კ. ჯ-ის შენობის მხარეს ქვაბულის ფერდზე სპეციალური კონსტრუქციის მოწყობა, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული უკვე დაზიანებული შენობის არამდგრადი ფუძე-გრუნტის, საძირკვლის გადატვირთვა და მისი ჩამოშლა.
სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუმულატიური პირობები: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამის შემდეგ, ზიანის მიმყენებლმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. ზიანი გულისხმობს პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებას. ქონებრივი ზიანი განისაზღვრება დაზარალებულის ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით, ზიანის გამომწვევი ქმედების ჩადენამდე და მის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კ. ჯ-ემ თავად შეუწყო ხელი ზიანის დადგომას, ვინაიდან მას შეეძლო, მისი დაზიანებული საცხოვრებელი სახლი (არამდგრადი ფუძე-გრუნტი, მნიშვნელოვანი დაზიანებები მზიდ კონსტრუქციებში) გაემაგრებინა, რითიც შეძლებდა შეემცირებინა დამდგარი ზიანის ოდენობა. რაც შეეხებოდა ლ. ბ-ს, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, კერძოდ იმით, რომ მშენებლობის ტექნიკური ნორმების დარღვევით აწარმოა სამშენებლო სამუშოები (ქვაბულის ამოღება), საბოლოოდ გამოიწვია კ. ჯ-ის საცხოვრებელი სახლისათვის ახალი დაზიანებების მიყენება და საბოლოოდ შენობა შემდგომი გამოყენებისათვის (ექსპლუატაციისათვის) უვარგისი გახდა.
საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ რამდენადაც ზიანის წარმოშობა გამოწვეული იყო, როგორც მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ასევე თავად დაზარალებულის ბრალეულობით, შესაბამისად დამდგარი ზიანის მთლიანად მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი გამოირიცხებოდა.
მხარეთა ბრალეულობის ხარისხის და იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოოდ მოპასუხე ლ. ბ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მშენებლობის ტექნიკური ნორმების დარღვევით წარმოებული სამუშაოები) გახდა ძირითადი მაპროვოცირებელი, რის შედეგადაც გამოწვეულმა ახალმა დაზიანებებმა გამოყენებისათვის უვარგისი გახადა მოსარჩელის კუთვნილი სახლი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა ბრალეულობა დამდგარ ზიანში უნდა გადანაწილებულიყო 70%-30%-ზე, საიდანაც ბრალეულობის 70% უნდა განისაზღვროს მოპასუხე ლ. ბ-ის პასუხისმგებლობად. შესაბამისად დამდგარი ზიანის ოდენობიდან – 21260 ლარიდან, 14882 ლარის (21260 ლარის 70%-ის) ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს კ. ჯ-ის მიმართ ლ. ბ-ი წარმოადგენდა. შერეული ბრალის გამო დარჩენილი სხვაობის (30%) – 6378 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, კ. ჯ-ეს უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
კ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცბულებები, კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილია სურათები, სადაც მოპასუხის მშენებლებს შეწყობილი აქვთ ხის საყრდენი იმისათვის, რომ კასატორის გრძივი კედელი არ გადმოვარდნილიყო. იგივეა მითითებული ექსპერტიზის დასკვნაში. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლო არ გაეცნო ამ დასკვნას და მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება დაზარალებულს გადააბრალა.
კასატორი ყურადღებას მიაქცევს ექსპერტიზის 2013 წლის 20 ივნისის დასკვნაზე, სადაც ექსპერტი აღნიშნავს, რომ მისი სახლის საბაზრო ღირებულება არის 21260 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს რომ კასატორის სახლი არ დაენგრია, იგი 21260 ლარის ღირებულების იქნებოდა.
საქმეზე არაერთი დასკვნაა წარდგენილი, რომლებშიც ექსპერტი პირდაპირ ადანაშაულებს ლ. ბ-ს ზემომითითებული ქმედების განხორციელებაში. ამავდროულად, საქმეში არსებობს წერილი, რომლის თანახმად, სახლის აღდგენა მისი ამჟამინდელი მდგომარეობით არარენტაბელურია.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი.
ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო თავად მოსარჩელის ქმედებამ, რომელმაც არ იზრუნა კუთვნილი სახლის ტექნიკური მდგომარეობის გამართულობაზე იმ დროს, როცა საცხოვრებელი სახლი თავის დროზეც სამშენებლო ნორმების დარღვევით აშენდა. მას ათეული წლების განმავლობაში არ ჩატარებია რაიმე სახის სარემონტო-გამაგრებითი სამუშაოები და მოპასუხის მიერ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უკვე აღენიშნებოდა მნიშვნელ.ნი კონსტრუქციული დაზიანებები.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლით, მაშინ როდესაც, საქმეში მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა დამდგარ შედეგში რომელიმე მხარის მეტი ბრალის არსებობაზე, სასამართლომ მოპასუხე ლ. ბ-ს დააკისრა ზიანის 70%-ის, ანუ 14882 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო კ. ჯ-ის ბრალეულობა 30%-ით განსაზღვრა. კასატორისათვის გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ბრალეულობის ამგვარი წესით განსაზღვრისას. შედეგად, სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ კონკრეეტულ შემთხვევაში სამართლიანი იქნებოდა ზიანის მხარეთა შორის თანაბრად განაწილება და მოპასუხე ლ. ბ-ისათვის ზიანის თანხის 50%-ის – 10660 ლარის დაკისრება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ბ-ისათვის 4252 ლარის დაკისრების ნაწილში კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ჯ-ისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელონია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელ.ნი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელ.ნი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას კ. ჯ-ისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს კასატორ კ. ჯ-ესთან მიმართებით, ვინაიდან იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. რაც შეეხება კასატორ ლ. ბ-ს, ვინაიდან ამ უკანასკნელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლიდან საფუძველზე, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე პ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ლ. ბ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე პ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 1, გადახდის თარიღი – 2014 წლის 19 სექტემბერი) 70% – 210 ლარი;
3. კ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე