დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-467-446-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ს. ფ-ია-შ-ი, დ. ფ-ია-კ-ე, ზ. ფ-ია, თ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. მ-ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე _ ბმა „ფ-ის 11“
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება, ასევე მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, ბინის თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
კ. მ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ფ-ია-შ-ას, დ. ფ-ია- კ-ის, ზ. ფ-იასა, თ. მ-ისა და ბმა „ფ-ის 11-ის“ მიმართ და მოითხოვა შემდეგი: ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „ფ-ის 11-ის“ 2010 წლის 15 ივლისის კრების #... ოქმი, რომლის საფუძველზე ს. ფ-იას საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #...-ში მდებარე 56,7 კვ.მ ფართი და საბოლოდ ს. ფ-იას საკუთრებად განისაზღვრა 97,68 კვ.მ ფართი; ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 4 მაისს ს. ფ-ია-შ-სა და თ. მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #...-ში მდებარე 69,54 კვ.მ - 22.10 კვ.მ ფართი საკუთრებაში გადაეცა თ. მ-ს; ბათილად იქნეს ცნობილი 2010 წლის 20 ოქტომბერს ზ. ფ-იას, დ. ფ-ია-კ-ესა და ს. ფ-იას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #...-ში მდებარე 97,68 კვ.მ ფართიდან ზ. ფ-იას საკუთრებაში გადაეცა 11,94 კვ.მ, ხოლო დ. ფ-ია-კ-ეს _ 16,2 კვ.მ ფართი, ს. ფ-იას კი, დარჩა 51,14 კვ.მ, 97,68 კვ.მ დან 18,40 კვ.მ ფართი განისაზღვრა ზ. ფ-იას, დ. ფ-ია-კ-ისა და ს. ფ-იას საერთო საკუთრებად; კ. მ-ი ცნობილ იქნეს ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #...-ში მდებარე, 1963 წლის 30 სექტემბრის #...სერია 1 ბინის ორდერის საფუძველზე ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2007 წლის 30 ივლისის განკარგულებით ს. ფ-იასათვის გადაცემული 36,36 კვ.მ ფართის 1/5-ის მესაკუთრედ. მოსარჩელის მითითებით, 1960 წლიდან ცხოვრობს ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #...-ში, რაც მითითებულია ბინის ორდერში. 1964 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია ამავე მისამართზე. ს. ფ-ია-შ-მა უკანონოდ მიისაკუთრა მთლიანი საცხოვრებელი ბინა და შემდეგ ნაწილობრივ გაასხვისა თავის და-ძმასა და შვილზე.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ კანონიერად განხორციელებული ბინის პრივატიზაციის შედეგად კანონიერად დარეგისტრირდა საკუთრება (გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა, შესაბამისად, სადავო ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებაც კანონმდებლობას შეესაბამება. ს. ფ-იამ, მართალია, განკარგა საკუთრება, თუმცა ეს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლიდან გამომდინარეობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ დამატებით აღნიშნა, რომ კრება მოწვეული იყო და ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბმა „ფ-ის 11-ის“ 2010 წლის 15 ივლისის კრების #... ოქმი, რომლის საფუძველზეც ს. ფ-იას საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #...-ში მდებარე 56,7 კვ.მ ფართი და საბოლოდ ს. ფ-იას საკუთრებად განისაზღვრა 97,68 კვ.მ ფართი; ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 4 მაისს ს. ფ-ია-შ-სა და თ. მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #...-ში მდებარე 69,54 კვ.მ - 22.10 კვ.მ ფართი საკუთრებაში გადაეცა თ. მ-ს; ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 20 ოქტომბერს ზ. ფ-იას, დ. ფ-ია-კ-ესა და ს. ფ-იას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #...-ში მდებარე 97,68 კვ.მ ფართიდან ზ. ფ-იას საკუთრებაში გადაეცა 11,94 კვ.მ ფართი, ხოლო დ. ფ-ია-კ-ეს _ 16,20 კვ.მ ფართი, ს. ფ-იას კი, დარჩა 51,14 კვ.მ, 97,68 კვ.მ - 18,40 კვ.მ ფართი განისაზღვრა ზ. ფ-იას, დ. ფ-ია-კ-ისა და ს. ფ-იას საერთო საკუთრებად; კ. მ-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #...-ში მდებარე, 1963 წლის 30 სექტემბრის #...სერია 1 ბინის ორდერის საფუძველზე ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2007 წლის 30 ივლისის განკარგულებით ს. ფ-იასათვის გადაცემული 36,36 კვ.მ ფართის 1/5-ის მესაკუთრედ.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. ფ-ია-შ-მა, დ. ფ-ია-კ-ემ, ზ. ფ-იამ და თ. მ-იმა, მოითხოვეს მისი შეცვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, ფ-ის #...-ში მდებარე 36,36 კვ.მ ფართზე ს. ფ-იას გადაეცა საკუთრების უფლება გამგეობის 2007 წლის 30 ივლისის #... განკარგულებით და გაიცა #... საკუთრების მოწმობა, რასაც საფუძვლად დაედო 1963 წლის 30 სექტემბრის #...სერია 1 ორდერი. ს. ფ-იას ბმა „ფ-ის 11-ის“ 2010 წლის 15 ივლისის #... კრების გადაწყვეტილებით საკუთრებაში გადაეცა 56,7 კვ.მ ფართი და საბოლოდ, უკვე რეგისტრირებულ 36,36 კვ. მეტრის ჩათვლით, მის საკუთრებად განისაზღვრა 97,68 კვ.მ ფართი.
5.1.2. საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობების მიხედვით, ქ.თბილისში, ფ-ის #...-ში მცხოვრებთა შორის მითითებულია კ. მ-ი, რომელიც მითითებულ მისამართზე რეგისტრირებულია 1964 წლის 6 სექტემბრიდან. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2007 წლის 12 დეკემბრის კრების ოქმის საფუძველზე, ქ.თბილისში, ფ-ის #...-ში მდებარე 52,11 კვ.მ სარდაფი (#...), რეგისტრირებულია კ. მ-ის საკუთრებად. მისსავე სახელზე #...-4172 კრების ოქმის საფუძველზე რეგისტრირებულია 6,94 კვ.მ სარდაფი (#...), ხოლო №1-4723 კრების ოქმის საფუძველზე _ 14,90 კვ.მ სარდაფი (#...).
5.1.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #...-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (მიწის ნაკვეთი: დაუზუსტებელი ფართობი: 733 კვ.მ; შენობა-ნაგებობა _ 97,68 კვ.მ; საკადასტრო კოდი #...) 11,94 კვ.მ რეგისტრირებულია ს. ფ-იას ძმის - ზ. ფ-იას საკუთრებად (რეგისტრაციის საფუძველი _ ს. ფ-იას, და ზ. ფ-იას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება); 16,20 კვ.მ _ ს. ფ-იას დის, დ. ფ-ია-კ-ის საკუთრებად (რეგისტრაციის საფუძველი _ ს. ფ-იასა და დ. ფ-ია-კ-ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება); 47,44 კვ.მ _ ს. ფ-ია-შ-ის საკუთრებად, ხოლო 22,10 კვ.მ _ ს. ფ-იას შვილის _ თ. მ-ის საკუთრებად (რეგისტრაციის საფუძველი ს. ფ-იასა და თ. მ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება).
5.1.4. სადავოს წარმოადგენდა ის, რომ ბმა „ფ-ის 11-მა“ 2010 წლის 15 ივლისის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით ს. ფ-იას საკუთრებაში ისე გადასცა 56,7 კვ.მ ფართი, რომ კ. მ-ი არ იყო მიწვეული მითითებულ კრებაზე და, ასევე, 1963 წლის 30 სექტემბერს გაცემულ #... ოდერში ა. მ-ის ოჯახის წევრთა შორის მითითებული „კ.ა. მ-ი“ იყო ა. მ-ის შვილი _ კ. მ-ი (თ. მ-ი) და არა კ. მ-ი. სასამართლოს განმარტებით, სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 290-ე მუხლისა და საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის მე-60, 62-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #... დადგენილებით განისაზღვრა უფლება, რომლის რეალიზაციის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა, საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ფაქტი, რაც ვრცელდება დანარჩენ ოჯახის წევრებზეც. „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #... დადგენილებით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ბინის კონსტიტუციური უფლების დაჩქარების მიზნით დადგინდა მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფილობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში გადაცემა პრივატიზაციის წესით. აღნიშნული დადგენილების გამოცემით, სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელსა და მათი ოჯახის წევრებს და ისინი წარმოადგენენ ბინის თანამესაკუთრეებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარეები. ასეთი თანხმობების არსებობის შემთხვევაშიც, მოსარჩელეები არ კარგავენ საკუთრების უფლებას საცხოვრებელ ბინაზე. პალატამ მიუთითა „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ პუნქტზე, მე-5 მუხლის 22 პუნქტზე და აღნიშნა, რომ 1963 წლის 30 სექტემბერს გაცემული #... ორდერის საფუძველზე, ა. მ-ის 5 წევრისაგან შემდგარ ოჯახს გადაეცა ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #...-ში მეორე სართულზე მდებარე 38 კვ.მ ბინა. ორდერში მითითებული არიან: 1) ა.ა.მ-ი; 2) გ.მ-ი; 3) ს.ა.მ-ი; 4) ს.ა.მ-ი; 5) კ.ა.მ-ი. საქმეში წარმოდგენილი 1980 წლის 8 სექტემბერს გაცემული #... ორდერის მიხედვით, ა. ა-ის ძე მ-ის 11 წევრისაგან შემდგარ ოჯახს გადაეცა ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #...-ში მდებარე 36 კვ.მ ბინა. ორდერში ოჯახის წევრებს შორის მითითებულია ძმა- კ. მ-ი და მისი ოჯახის წევრები.
5.1.5. არ იქნა გაზიარებული აპელანტების მტკიცება იმის თაობაზე, რომ 1963 წლის 30 სექტემბერს გაცემულ #... ბინის ორდერში ინიციალი „კ.ა.მ-ი“ ა. მ-ის შვილი კ.ი (თ.ი) და არა მოსარჩელე კ.ი იყო, რადგანაც, პალატის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება, რომ თ. მ-ი დაიბადა 1960 წელს და დაბადების მოწმობასა და დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებული იყო „თ. მ-ი“. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით კი, თ. მ-მა 1979 წლიდან გადაიკეთა სახელი და სწორედ ამ პერიოდის შემდგომ გახდა კ. მ-ი. ამდენად, 1963 წელს გაცემულ ორდერში ინიციალი „კ.ა.მ-ი“, სასამართლოს დასკვნით, ვერ იქნებოდა კ. მ-ი, ვინაიდან, ამ პერიოდში მისი სახელი ჯერ კიდევ „თ.ი“ იყო, შესაბამისად, ინიციალი „კ.ა.მ-ი“ კ. მ-ის მიანიშნებდა და სწორედ ის იყო სადავო მისამართზე მდებარე 36,3 კვ.მ საცხოვრებელი ბინის თანამესაკუთრე, რომელიც 1963 წლის 30 სექტემბრის #... ორდერის საფუძველზე რეგისტრირებულია ასევე ს. ფ-იას საკუთრებად.
5.1.6. ბმა „ფ-ის 11-ის“ 2012 წლის 15 ივლისის კრების ოქმის საფუძველზე ს. ფ-იას საკუთრებაში 56,7 კვ.მ ფართის გადაცემის ნაწილში პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მითითებული კრება არ იყო უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება ს. ფ-იას საკუთრებაში ამ ფართის გადაცემის შესახებ, ვინაიდან, დარღვეული იყო ამხანაგობის კრების მოწვევის პროცედურული საკითხები (კ. მ-ი, როგორც ბმა „ფ-ი 11-ის“ წევრი, არ იყო მიწვეული 2010 წლის 15 ივლისის კრებაზე). ამასთან, თავმჯდომარის განმარტებით, ამხანაგობის 14 წევრიდან კრებას ესწრებოდა 7 წევრი, რაც ეწინააღმდეგებოდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ რაოდენობას _ 2/3-ს და კრებას თავმჯდომარეობდა არა ამხანაგობის თავმჯდომარე, არამედ ს. ფ-იას და - დ. ფ-ია-კ-ე.
5.1.7. პალატის განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამხანაგობის კრების ოქმი თავისი არსით წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას, რომლის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე, გარდა სპეციალური კანონის ნორმებისა, უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები და იგი შედგენილი იყო „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, წარმოადგენდა აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობის საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ 97,68 კვ.მ ფართიდან 36,36 კვ. მეტრის თანამესაკუთრეს წარმოადგენს კ. მ-ი, ს. ფ-იას არ ჰქონდა მისი წილის გასხვისების უფლება, მით უფრო, რომ 56,7 კვ.მ ფართი ს. ფ-იას გადაცემული ჰქონდა არაკანონიერად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი, ასევე მტკიცებულებათა მიღების შესახებ განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, რადგანაც სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი გარემოებები, კერძოდ, საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ ბინის ორდერში ჩაწერილია თ. მ-ი, რომლის სახელიც არის კ.ი. აპელანტმა განუმარტა სასამართლოს, რომ იპოვა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები: თ.ის (კ.ის) შვილის დაბადების მოწმობა, ასევე, ქორწინების მოწმობა, ასევე, სამხედრო ბილეთი. ამ მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბინის ორდერში სწორედ კასატორია მითითებული და არა მოსარჩელე, რომელიც 1963 წელს არც კი ყოფილა ჩაწერილი, ეს გარემოება აბათილებს სასარჩელო მოთხოვნის მართებულობას და სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებდნენ 1963 წელს მოსარჩელის ამ ბინაში ჩაწერის შეუძლებლობას, ხოლო სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ეს დოკუმენტები.
6.1.2. კასატორებმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს ახალი მტკიცებულებების საქმისათვის დართვის თაობაზე და აღნიშნეს, რომ მათ წარმოადგენდნენ სასამართლოს სხდომაზე. მოგვიანებით კასატორებმა განცხადებით მომართეს სასამართლოს და სამხედრო ბილეთის, ქორწინების მოწმობისა და დაბადების მოწმობის ასლები, ასევე, მათი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის ასლები წარმოადგინეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა ქ.თბილისში, ფ-ის ქ#...-ში მდებარე უძრავ ქოინებაზე უფლების მქონე პირს _ მართლზომიერ მფლობელს, რომლის უფლებაც ნივთზე დადასტურებული იყო საქართველოს სსრ სამოქალაქო სამარათლის კოდექსისა და სსრ საბიანო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გაცემული ორდერით. აღნიშნული, თავის მხრივ, წარმოადგენდა ბინის პრივატიზაციაზე პრეტენზიის გაცხადების საფუძველს (ფაქტობრივ საკუთრებას), ხოლო მოპასუხეებმა უკანონოდ განკარგეს მოსარჩელის კუთვნილი ქონება. რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებას, პალატამ დაადგინა, რომ იგი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28.2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარდა და მოსარჩელე არ მოუწვევიათ.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. განსახილველ შემთხვევაში, სადავოს წარმოადგენს ბინის ორდერში აღნიშნული „კ.ა.მ-ი“ წარმოადგენს კ. მ-ს თუ კ. მ-ს. კასატორები ამ გარემოების დადასტურებას ცდილობენ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (რომელთა თაობაზეც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო). კასატორებს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც თ. მ-ი დაიბადა 1960 წელს და დაბადების მოწმობასა და დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებულია „თ. მ-ი“. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მიერ გაცემულ საინფორმაციო ბარათის მიხედვით კი, ირკვევა, რომ თ. მ-მა 1979 წლიდან გადაიკეთა სახელი და სწორედ ამ პერიოდის შემდგომ გახდა კ. მ-ი. ამდენად, 1963 წელს გაცემულ ორდერში ინიციალით „კ.ა.მ-ი“ კ. მ-ი ვერ იქნებოდა მითითებული. ბინის ორდერში მითითებული ინიციალი კ. მ-ს ეკუთვნოდა და, შესაბამისად, სწორედ ის იყო ქ.თბილისში, ფ-ის ქ#...-ში მდებარე 36,3 კვ.მ ბინის თანამესაკუთრე, რომელიც 1963 წლის 30 სექტემბრის #... ორდერის საფუძველზე რეგისტრირებულია ს. ფ-იას საკუთრებად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ემყარება შეჯიბრებითობის პრინცპს და მე-4 მუხლით აღიარებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განმტკიცებულია მტკიცების ტვირთის გაწილების საპროცესოსამართლებრივი უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ტვირთის დაძლევა მოპასუხეებმა ვერ უზრუნველყვეს, შესაბამისად, პალატამ სწორად დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება.
1.5. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეებს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია ე.წ შეზღუდული აპელაციის პრინციპი, რაც თავისთავად ნიშნავს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას, მიიღოს ახალი მტკიცებულებები, თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განხორციელდეს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს მტკიცებულებათა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარდგენის საპატიო მიზეზზე (სსკ-ის 215.3 მუხლი) არ მიუთითებიათ, საკასაციო საჩივარში გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ სასამართლომ არ დაურთო ისინი საქმეს, ერთადერთი საფუძველი, რაც საკასაციო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, არის ამ მტკიცებულებების მხარის მიერ მოგვიანებით პოვნა. აღნიშნული კი, თავისთავად არ წარმოადგენს მტკიცებულებათა ზემდგომი სასამართლოს მიერ საქმისათვის დართვის საფუძველს. ასეთ ვითარებაში კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატის ერთადერთი ვალდებულება იყო, შეემოწმებინა გადაწყვეტილების კანონიერება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც განხორციელდა კიდეც, ამ წესის შესაბამისად საქმის გარემოებების გამოკვლევის კუთხით რაიმე დარღვევაზე მითითებას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს.
1.6. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა დამატებით განუმარტავს კასატორებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორებს უნდა დაუბრუნდეთ წარმოდგენილი მტკიცებულებები 7 (შვიდი) ფურცლად.
1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ს. ფ-ია-შ-სა და თ. მ-ს უნდა დაუბრუნდეთ ს. ფ-ია-შ-ის მიერ გადახდილი 667 ლარის 70% _ 466,9 ლარი, ხოლო დ. ფ-ია-კ-ე და ზ. ფ-ია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ფ-ია-შ-ის, დ. ფ-ია-კ-ის, ზ. ფ-იასა და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორების შუამდგომლობა მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. ს. ფ-ია-შ-სა (პ/#...) და თ. მ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ს. ფ-ია-შ-ის მიერ 2015 წლის 12 ივნისს #... საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 667 ლარის 70% _ 466,9 ლარი.
4. დ. ფ-ია-კ-ე და ზ. ფ-ია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
5. კასატორთა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების საქმისათვის დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს და ს. ფ-ია-შ-ს, დ. ფ-ია-კ-ეს, ზ. ფ-იასა და თ. მ-ს დაუბრუნდეთ 2015 წლის 3 ივლისის #ა-2531-15 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 7 (შვიდი) დურცლად.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური