დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210013396097
საქმე №ას-329-314-2015 23 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. ზ.-ის უფლებამონაცვლე თ. ზ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. უ.-ა, ქ. ი.-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. ზ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. უ.-ასა და ქ. ი.-ას მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების, ხოლო თანხის – 8000 აშშ დოლარის ანაზღაურებამდე ქ.ქ.-თში, რ.-ის ქ.№-..ში მდებარე №.. ბინით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ ცხოვრობდა ზემოხსენებულ მისამართზე №.. ბინაში. მის მეზობლად ამავე მისამართზე მდებარე №.. ბინაში ცხოვრობდა ც. ლ.-ე. მოპასუხე ქ. ი.-ა ც.ლ.-ის შვილია, ხოლო ი. უ.-ა – მისი შვილიშვილი.
3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ც.ლ.-ის კუთვნილი ბინის შეძენის მიზნით მოპასუხეებს გადაუხადა 8000 ლარი. მხარეთა შეთანხმების მიხედვით, ბინის ღირებულება განისაზღვრა სულ 25 000 აშშ დოლარით, რომლის დარჩენილი ნაწილი ზ.ზ.-ეს უნდა გადაეხადა ეტაპობრივად.
4. მოსარჩელემ გაარემონტა და მიაშენა შეძენილ 31,80 კვ.მ, რის შედეგადაც უძრავი ნივთის ფართი გაიზარდა 74 კვ.მ-მდე და მოიმატა მისმა ღირებულებამაც.
5. მოსარჩელემ განმარტა, რომ ბინის ღირებულების დარჩენილი ნაწილის გადახდა ვეღარ შეძლო და შესთავაზა მოპასუხეებს, 36 000 აშშ დოლარად გაესხვისებინათ სადავო უძრავი ქონება, რაზეც მოპასუხეებმა მიუგეს, რომ ზ.ზ.-ის მიერ გადახდილი 8000 აშშ დოლარი წარმოადგენდა ბეს და იგი მოსარჩელეს აღარ დაუბრუნდებოდა.
6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ზ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. უ.-ას დაეკისრა ზ. ზ.-ის სასარგებლოდ 8 000 აშშ დოლარის დაბრუნება, ი. უ.-ასა და ქ. ი.-ას ზ. ზ.-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ბინის კაპიტალური რემონტისა და მიშენების ხარჯების ანაზღაურება 7000 აშშ დოლარის ოდენობით, მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის ანაზღაურებამდე მოსარჩელე ზ. ზ.-ეს ნება დაერთო, ესარგებლა ქ.ქ.-თში, რ.-ის ქ.№..-ში მდებარე №.. ბინით. საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლება.
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ი. უ.-ასათვის ზ. ზ.-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად, გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ქ. ი.-ას ზ. ზ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარის გადახდა, ი. უ.-ასა და ქ. ი.-ასათვის დაკისრებული თანხის ანაზღაურებამდე მოსარჩელე ზ. ზ.-ეს დაერთო ქ. ქ.-თში, რ.-ის ქ.№.-ში მდებარე №.. ბინით სარგებლობის უფლება, ზ. ზ.-ის სარჩელი ქ. ი.-ასათვის თანხის დაკისრებისა და ბინით სარგებლობის უფლების მინიჭების ნაწილში არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. უ.-ას ეკუთვნოდა ქობულეთში, რ.-ის ქ. №.-ში მდებარე №.. ბინა.
11. 2012 წელს ზ. ზ.-ე და ი. უ.--ა ზეპირად შეთანხმდნენ აღნიშნული ბინის ნასყიდობის თაობაზე და, მითითებული მიზნით, 2012 წლის 16 აგვისტოს ზ. ზ.-ემ ი. უ.-ას გადაურიცხა 8000 აშშ დოლარი. ბინის ფასი მხარეებმა განსაზღვრეს 25000 აშშ დოლარად. თანხის გადახდის შემდეგ ზ. ზ.-ე სადავო ბინას დაეუფლა და გაარემონტა იგი. გარდა ამისა, ზ. ზ.-ემ ბინას დამატებით მიაშენა ფართი. საბოლოოდ, დარჩენილი თანხა ზ. ზ.-ემ ი. უ.-ას აღარ გადაუხადა და 2013 წლის 18 ნოემბერს ი. უ.-ამ აღნიშნული ქონება 35000 აშშ დოლარად მიჰყიდა ქ. ი.-ას.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულებებით – გასაუბრების ოქმებით დაადგინა, რომ ი. უ.-ა და ზ. ზ.-ე ზეპირად ნამდვილად შეთანხმდნენ სადავო ბინის ნასყიდობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საჩივრით ამას არ უარყოფენ თავად აპელანტებიც, თუმცა, ამავდროულად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ბათილია.
13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ქონების შესაძენად კანონით დადგენილია გარიგების წერილობითი ფორმა. რადგან ი. უ.-ა და ზ. ზ.-ე ბინის ნასყიდობის შესახებ შეთანხმდნენ ზეპირად, აღნიშნული გარიგება დადებისთანავე, ე.ი. უცილოდ ბათილი იყო.
14. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ზ.-ემ ი. უ.-ას 8000 აშშ დოლარი გადაუხადა ბათილი, ანუ არარსებული გარიგების საფუძველზე, ამდენად, ი. უ.-ა ვალდებულია, უფლებამოსილ პირს უსაფუძვლოდ მიღებული დაუბრუნოს. ამის გამო, საქალაქო სასამართლომ ი. უ.-ას მოსარჩელის სასარგებლოდ 8000 აშშ დოლარის გადახდა მართებულად დააკისრა.
15. სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ. ზ.-ემ ი. უ.-ას კუთვნილ ქონებაზე ხარჯი გასწია. დადგენილია ისიც, რომ ამ ხარჯის შედეგად ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან, თუ 2012 წლის აგვისტოსათვის იგი 25000 აშშ დოლარი ღირდა, ხარჯის გაწევის შემდეგ – 2013 წლის ნოემბერში ი. უ.-ამ ბინა 35000 აშშ დოლარად გაყიდა. ეს კი ნიშნავს, რომ ზ. ზ.-ის მიერ გაწეული ხარჯის შედეგად ქონების ღირებულება 10000 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნული საწინააღმდეგო მტკიცებულებები აპელანტებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ და არც მიუთითებიათ მათზე. 7000 აშშ დოლარი 10000 აშშ დოლარზე ნაკლებია, ამიტომ, საქალაქო სასამართლომ ი. უ.-ას ქონების გაუმჯობესებით მიღებული სარგებელი მართებულად დააკისრა.
16. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია, რომ ზ. ზ.-ე ქონებით სარგებლობითა და გაქირავებით იღებდა შემოსავალს, რადგან მათ არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენიათ და არც კონკრეტულ ფაქტებზე და გარემოებებზე მიუთითებიათ.
17. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია ქ. ი.-ასათვის თანხის დაკისრების ნაწილში. საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ. ი.-ამ სადავო ქონება 35000 აშშ დოლარად, ე.ი. მისი საბაზრო ღირებულების შესაბამის ფასად შეიძინა მას შემდეგ, რაც ბინის რეკონსტრუქცია და რემონტი უკვე ჩატარებული იყო. აღნიშნული ნიშნავს, რომ ზ. ზ.-ეს არც ქ. ი.-ას ქონებაზე გაუწევია ხარჯი და ამ ხარჯით არც ქ. ი.-ა გამდიდრებულა. შესაბამისად, ქ. ი.-ასათვის ზ. ზ.-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების საფუძვლები არ არსებობს.
18. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ზ. ზ.-ის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ი. უ.-ასა და ქ. ი-ას შორის გარიგება მოსაჩვენებლად დაიდო, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, საქმის მასალებით კი ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა დგინდება. ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ ქ. ი.-ას თანხის გადახდა უსაფუძვლოდ დააკისრა. ასევე, არასწორია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. ზ.-ისათვის ქონებით სარგებლობის უფლების მინიჭების ნაწილში.
19. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება პირმა შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ ანაზღაურებაზე ვალდებული პირის მიმართ.
20. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ქონება ამჟამად ქ. ი.-ას ეკუთვნის, ქ. ი.-ა კი არ არის ვალდებული, ზ. ზ.-ეს თანხა გადაუხადოს. ამიტომ, ქ. ი.-ას მიმართ ზ. ზ.-ე ე.წ. დაკავების უფლებას ვერ გამოიყენებს.
21. ასეც რომ არ იყოს, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დაკავების უფლება აქვს ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს. კეთილსინდისიერი მფლობელი კი არის პირი, რომელმაც არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა. პირი, რომელიც ქონებას უცილოდ ბათილი გარიგების საფუძველზე იძენს, არ შეიძლება კეთილსინდისიერ მფლობელად ჩაითვალოს, რადგან მისთვის გარიგების ნაკლი იმთავითვე, ობიექტურად ცნობილია. აღნიშნულის გამო, ზ. ზ.-ე სადავო ქონების კეთილსინდისიერი მფლობელი არ არის და, ამის შესაბამისად, იგი ნივთის დაკავების უფლებასაც ვერ გამოიყენებს.
22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ზ. ზ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება.
23. კასატორმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ი. უ.-ამ და ქ. ი.-ამ განმარტეს, რომ მიშენება განხორციელდა ყველა არსებული კანონის დარღვევით, ბინის მესაკუთრის თანხმობის გარეშე და ექვემდებარებოდა დემონტაჟს. ი. უ.-ამ დამატებით განმარტა, რომ ბინა რომელიც ქ. ი.-ზე გაასხვისა იყო 31.80 კვ.მ.
24. მხარის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ ქ. ი.-ამ სადავო ქონება 35000 აშშ დოლარად, ე.ი. მისი საბაზრო ღირებულების შესაბამის ფასად შეიძინა მას შემდეგ, რაც ბინის რეკონსტრუქცია და რემონტი უკვე ჩატარებული იყო. ამდენად, ზ. ზ.-ეს არც ქ. ი.-ას ქონებაზე გაუწევია ხარჯი და ამ ხარჯით არც ქ. ი.-ა გამდიდრებულა.
25. კასატორმა მიუთითა, რომ არსებული პრაქტიკით მიშენებულ ფართზე საკუთრების უფლებას იძენს შემძენი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის №ას-1084-1015-2012 განჩინებით (უსაფუძვლო გამდიდრება) – განმარტებულია, რომ სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლზე მითითებით, არარეგისტრირებული ფართი (მიშენებული ფართი) პრაქტიკაში დამკვიდრებული შეხედულების თანახმად წარმოადგენს იმ შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილს, რომლისგანაც მისი გამოცალკევება განადგურების გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, არარეგისტრირებულ ფართზე საკუთრების უფლებას იძენს მისი შემძენი.
26. ამდენად, მხარემ მიიჩნია, რომ არსებობს ქ. ი.-ასათვის ზ. ზ.-ის სასარგებლოდ რეკონსტრუქციის, მიშენებული ფართის ღირებულების დაკისრების საფუძველი, რადგანაც ნასყიდობის ხელშეკრულებით ქ. ი.-ამ 35000 აშშ დოლარად შეიძინა 31.80 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, საბოლოოდ კი, ზ. ზ.-ის ხარჯზე მიიღო 64 კვ.მ ფართი და ამით უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
27. კასატორმა ჩათვალა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით დადების ფაქტი, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მხარეთა განცხადებით, ნასყიდობის საგანი – 31.80 კვ.მ საცხოვრებელი ბინა გაიყიდა 35000 აშშ დოლარად, რომელიც მყიდველმა სრულად გადასცა გამყიდველს ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტისათვის, ხოლო გამყიდველმა მიიღო.
28. მხარემ მიუთითა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ქ. ი.-ას მიერ მიცემულ ზეპირ განმარტებაზე, რომ ნასყიდობის თანხა ი. უ.-ას სრულად გადაუხადა მ.-ში ყოფნის დროს ბინის გადაფორმებამდე, რაც არსებითად განსხვავდება ნასყიდობის ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერისაგან. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ჩანაწერი თანხის სრულად გადახდის, ნასყიდობის სასყიდლიანობის შესახებ მოჩვენებითია და ნასყიდობა არის უსასყიდლო, დადებული იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. ფაქტობრივად, ი. უ-.-ამ ქ. ი.-ას კუთვნილი ბინა გადაუფორმა იმ მიზნით, რომ თავიდან აერიდებინა ზ. ზ.-ის მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება.
29. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება პირმა შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ ანაზღაურებაზე ვალდებული პირის მიმართ, ქ.-ა კი არ არის ვალდებული, ზ. ზ.-ეს თანხა გადაუხადოს. ამდენად, ქ.ი.-ას მიმართ ზ.ზ.-ე ე.წ. დაკავების უფლებას ვერ გამოიყენებს. ასევე, სააპელაციო პალატამ ზ. ზ.-ე კეთილსინდისიერ მფლობელად არ მიიჩნია. მიშენებულ ფარს დაეუფლა ქ. ი.-ა და ამით უშუალო ქონებრივი სარგებელი მიიღო. ქ. ი.-ა უნდა ჩაითვალოს, 7000 აშშ დოლარის ნაწილში, ზ. ზ.-ის მიმართ ვალდებულ პირად და ი. უ.-ასთან ერთად სოლიდარულად დაეკისროს 7000 აშშ დოლარის გადახდა. მეტიც, ი. უ.-ა და ქ. ი.-ა ერთობლივად, შეთანხმებულად მოქმედებდნენ და მათი ერთობლივი მიზანი იყო, ზ. ზ.-ის მიმართ არსებული ვალდებულებებისაგან თავის არიდება. ქ. ი.-ა განმარტავდა, რომ იგი დაეხმარა თავის დისშვილს და სწორედ ამ მიზნით შეიძინა მისი ბინა.
30. ამდენად, მხარემ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის გარიგება დაიდო კანონით დადგენილი წესით. სამოქალაქო კოდექსის 505-ე, 507-ე მუხლების შესაბამისად, ისინი შეთანხმდნენ თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე და თანხის სრულად დაფარვამდე ბინის დაკავების შესახებ. ზ. ზ.-ე მოქმედებდა კანონის შესაბამისად, ამდენად, იგი კეთილსინდისიერ მფლობელად უნდა ჩაითვალოს, მისი მოქმედებები არ იყო თვითნებური, მესაკუთრესთან შეუთანხმებელი. იგი მოქმედებდა მესაკუთრესთან შეთანხმებით.
31. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. ქ.ი.-ა ისე ჩათვალა კეთილსინდისიერ შემძენად, რომ არ გამოიკვლია საქმის მასალები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, რომელიც გამორიცხავდა ამ უკანასკნელის კეთილსინდისიერებას. ასევე, არასწორად ჩათვალა, რომ მიშენებული ფართით ქ.ი.-ას სარგებელი არ მიუღია მაშინ, როდესაც მიშენებულ ფარს უშუალოდ დაეუფლა, დაირეგისტრირა ქ.ი.-ამ, მას შემდეგ, რაც ი. უ.-ამ განმარტა, რომ მიშენებული ფართი იყო უკანონო, რომელიც მას არ გაუყიდია და ექვემდებარებოდა დემონტაჟს. აღნიშნული დაადასტურა ქ.ი.-ამაც.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განჩინებით ზ. ზ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
33. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ივნისს მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა, ზ. ზ.-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, ხოლო 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა და აწ გარდაცვლილი ზ. ზ.-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება თ. ზ.-ე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
34. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ზ. ზ.-ის უფლებამონაცვლე თ. ზ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
35. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. უ.-ას ეკუთვნოდა ქ.-თში, რ.-ის ქ. №..-ში მდებარე №. ბინა.
36. 2012 წელს ზ. ზ.-ე და ი. უ.-ა ზეპირად შეთანხმდნენ აღნიშნული ბინის ნასყიდობის თაობაზე და, მითითებული მიზნით, 2012 წლის 16 აგვისტოს ზ. ზ.-ემ ი. უ.-ას გადაურიცხა 8000 აშშ დოლარი, თუმცა წერილობითი ხელშეკრულება მათ შორის არ გაფორმებულა. მხარეებმა ბინის ფასი განსაზღვრეს 25000 აშშ დოლარად.
37. თანხის გადახდის შემდეგ ზ. ზ.-ე სადავო ბინას დაეუფლა და გაარემონტა იგი. მანვე აწარმოა დამატებითი ფართის მიშენება.
38. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დარჩენილი თანხა ზ. ზ.-ემ ი. უ.-ას აღარ გადაუხადა და 2013 წლის 18 ნოემბერს ი. უ.-ამ აღნიშნული ქონება 35000 აშშ დოლარად მიჰყიდა ქ. ი.-ას.
39. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის მოპასუხეებს შორის სადავო უძრავ ნივთზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობას, მიიჩნევს, რომ გარიგება მოჩვენებითია და მიზნად ისახავდა მოსარჩელის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებას. ასევე, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ბინის ამჟამინდელი მესაკუთრე ქ. ი.-ა არ წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მოსარჩელისათვის თანხის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს და ბოლოს მიიჩნევს, რომ სადავო ფართის კეთილსინდისიერი მფლობელია, შესაბამისად, უფლება აქვს კანონის ფარგლებში ფლობდეს უძრავ ნივთს.
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
42. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს არ ქმნის კასატორის არგუმენტი, რომ მოპასუხეებს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითია, რადგან მოცემული დავის საგანს გარიგების ბათილად ცნობა არ წარმოადგენს. არსებული დავის ფარგლებში აღნიშნული მოთხოვნით მხარეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, მითითებული საკითხი სასამართლოს განხილვის ობიექტი ვერ გახდება.
44. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას ქ. ი.-ას მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ნაწარმოები მიშენებების შედეგად სადავო უძრავი ნივთის ღირებულებისა და მოცულობის გაზრდით მისი ამჟამინდელი მესაკუთრე ქ. ი.-ა უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა. ქ.ი.-ამ საცხოვრებელ ბინაში გადაიხადა უკვე გაზრდილი ქონების ფასი, შესაბამისად, აღნიშნული პირის მიმართ მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
45. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია კასატორის პრეტენზია სადავო უძრავი ნივთის სარგებლობის გახანგრძლივების თაობაზე, რადგან მესაკუთრეს მის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლით გათვალისწინებული რაიმე ვალდებულების შესრულება არ ეკისრება.
46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
48. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ზ. ზ.-ის უფლებამონაცვლე თ. ზ.-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 8 აპრილს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 774,55 ლარის 70% – 542,185 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ზ.-ის უფლებამონაცვლე თ. ზ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ თ. ზ.-ეს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №-00122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 8 აპრილს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 774,55 ლარის 70% – 542,185 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური