გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-471-450-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს „დ. +“, დირექტორი ა.- გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ქ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, პარტნიორის გარიცხვა, საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „დ. +-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა ბ. ქ-ისათვის (შემდგომში _ მოპასუხე) ზიანის _ 188 584 აშშ დოლარის დაკისრება, მისი საზოგადოების დირექტორობიდან გათავისუფლება და პარტნიორობიდან გარიცხვა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მარტივი შედავების ფარგლებში განმარტა, რომ ზიანის მიყენების ფაქტი მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია, ამასთანავე, არც დირექტორის გათავისუფლებისა და პარტნიორობიდან გარიცხვის სამართლებრივი საფუძვლები არარსებობს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის _ 188 584 აშშ დოლარის ანაზღაურება, ასევე გათავისუფლდა საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან და გაირიცხა შპს-ის პარტნიორობიდან.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნაზე, ასევე, სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 მაისის განაჩენით მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების ჩადენისათვის. მითითებული განაჩენის მიხედვით მოპასუხემ, სხვა პირებთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტს 294 582,17 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენა შემდეგ ეპიზოდებში: 1. პ. გ-ის ეპიზოდში - 182 081,27 ლარის, 2. ა. გ-ის ეპიზოდში - 56 969,00 ლარის, 3. ა. მ-ის ეპიზოდში - 47 348 ლარისა და 4. ტ. კ-ის ეპიზოდში - 8183,90 ლარის.
5.1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენას ყოველთვის წინ უძღვის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება, რაც მოიცავს მტკიცებულებების შემოწმებას დასაშვებობის, შემხებლობის, და უტყუარობის კუთხით, აგრეთვე, მტკიცებულებათა საკმარისობაზე მსჯელობას და მათ შეფასებას ერთობლიობაში. მტკიცებულებათა დასაშვებობა შესაძლებელია დადგენილი იყოს როგორც მატერიალური კანონით, ასევე საპროცესო კანონით. ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის მარეგულირებელი ნორმებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი) მოწესრიგებულია როგორც წმინდა პროცესუალური საკითხები (დასაშვებობა, განსჯადობა და ა.შ), ასევე მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხები (მაგალითად: 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად კანონმდებელი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს განაჩენს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 მაისის განაჩენით დგინდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ოდენობის დასადგენად კანონმდებელი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს განაჩენს. ამასთან, ზიანის ოდენობის დასადგენად შესაძლებელია, განაჩენი საკმარისი არ აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეიცავს ზიანის შესაბამის გაანგარიშებას, ხოლო, თუ განაჩენი ზოგადად ადგენს ზიანის მიყენების ფაქტს და არ შეიცავს მიყენებული ზიანის ოდენობის დასაბუთებას, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსარჩელეს დასჭირდება სხვა დამატებითი მტკიცებულების წარდგენა. წინამდებარე დავის ერთ-ერთი მოთხოვნის - ზიანის ანაზღაურების განხილვისას მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა არა განაჩენით დადგენილი ფაქტი ბ. ქ-ის, როგორც შპს „დ.+-ის“ დირექტორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების თაობაზე, არამედ ფაქტი იმის შესახებ, თუ რა ზიანი მიადგა საწარმოს - შპს „დ.+-ს“ მისი დირექტორის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად.
5.1.3. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საგადასახდო ინსპექციის 2005 წლის 9 დეკემბრის აქტით დგინდებოდა, რომ შპს „დ.+-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 282 957,00 ლარის გადახდა.
5.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და მოსარჩელეს შორის 2010 წლის 12 ნოემბერს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება და სახადასახადო ვალდებულების ჯამური ოდენობა განისაზღვრა 222 000 ლარით, გადახდის ვადად დადგინდა 30 დღე. აღნიშნული საგადასახადო შეთანხმება გაფორმებული იყო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის #1412 განკარგულების საფუძველზე. ვინაიდან, 2010 წლის 19 ოქტომბრის მონაცემებით მოსარჩელეს გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა დავალიანება _ 356 844,76 ლარი, მან მოითხოვა საგადასახადო შეთანხმების გაფორმება. მოსარჩელე ზიანის სახით ითხოვდა 188 584 აშშ დოლარს. მოთხოვნის საფუძვლად მითითებული, იყო 2010 წლის 12 ნოემბრის საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელი თანხის გადახდის მიზნით საწარმოს მიერ კრედიტის აღება (რის გამოც ბანკისთვის დასაბრუნებელი აქვს აღნიშნული თანხა). პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის სავალდებულო იყო იმის დადგენა, მოთხოვნილი თანხის ოდენობით საწარმოსათვის ზიანის მიდგომაში მოპასუხეს მიუძღვოდა თუ არა ბრალი. მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, მოპასუხის ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დამტკიცება. მოპასუხე, თავის მხრივ, ვალდებული იყო, დაედასტურებინა, რომ მას ზიანში ბრალი არ მიუძღვოდა. კონკრეტულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობასა და მოპასუხის ქმედებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად საკმარისი არ იყო მხოლოდ განაჩენზე მითითება. რაც შეეხებოდა საგადასახადო შეთანხებას, იგი გაფორმებულ იქნა 356 844, 76 ლარის დავალიანების არსებობის გამო.
5.1.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთებით პალატამ ჩათვალა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეემოწმებინა სარჩელის საფუძვლიანობა არსებითად. პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- არის თუ არა საგადასახადო შემოწმების აქტით საწარმოსათვის თანხის დარიცხვა ბ. ქ-ისათვის 2006 წლის 10 მაისის განაჩენით დანაშაულებრივად შერაცხული ქმედების შედეგი და რამდენი იყო ეს თანხა;
- მოიცავს თუ არა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის განკარგულებით მითითებული საგადასახადო ვალდებულება, 356 844,76 ლარი ბ. ქ-ის ქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობას და რამდენად. ამის შესაბამისად, საწარმოს მიერ სესხის დავალიანების წარმოშობასა და ბ. ქ-ის, როგორც ზიანის მიმყენებელი პირის ბრალეულ ქმედებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა და მასში მოპასუხის პასუხისმგებლობის ფარგლები.
5.1.6. პარტნიორობიდან მოპასუხის გარიცხვის თაობაზე, გაზიარებულ იქნა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვისას დაცულ უნდა იქნეს ბალანსი საზოგადოების ინტერესსა და თავად პარტნიორის ლეგიტიმურ ინტერესებს შორის. საკითხის განხილვისას თანაბარი წილის მქონე ორი პარტნიორის არსებობის პირობებში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპი და საკითხი უნდა გადაწყდეს საწარმოსა და კეთილდინდისიერი პარტნიორის სასარგებლოდ, ფაქტობრივი გარემოება, რითაც სასამართლომ იხელმძღვანელა პარტნიორის კეთილსინდისიერების დასადგენად, იყო მოპასუხის მიერ დანაშაულებრივი ქმედებით საწარმოსათვის ზიანის მიყენება, რაც კვლევის საგანს წარმოადგენდა და, შესაბამისად, პარტნიორის გარიცხვის საკითხიც უნდა გადაწყვეტილიყო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდგომ.
5.1.7. საზოგადოების დირექტორობიდან მოპასუხის გათავისუფლების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დასაშვებობაზე უნდა ემსჯელა საქალაქო სასამართლოს. 2012 წლის 6 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმთ მოპასუხე გათავისუფლდა დირექტორობიდან და დაინიშნა ა.- გ-ი, რაც აისახა სამეწარმეო რეესტრში. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული მოთხოვნის არსებითად განხილვა იმ მიზეზით, რომ სადავო არ დარჩენილიყო საკითხი ბ. ქ-ის დირექტორობიდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლოს განმარტებით, შესაგებლით ბ. ქ-ი სადავოდ ხდიდა მისი გათავისუფლების საკითხს, შესაბამისად, მას კვლავ რჩებოდა უფლება, წმინდა ფორმალური მოთხოვნის დაცვაზე მითითებით ედავა ამ საკითხის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოთხოვნა აღიარებითი ხასიათის იყო, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, არსებითად განხილვამდე მოსარჩელეს უნდა გადაელახა მისი დასაშვებობის ეტაპი, რა დროსაც უნდა დადგენილიყო იურიდიული ინტერესის არსებობა ამ მოთხოვნის მიმართ. იურიდიული ინტერესის დასაბუთება მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებაა, სასამართლო თავად ამოწმებს სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობას. აღიარებითი მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობას წარმოადგენდა მოსარჩელის მიზანი, რომ უფლების არსებობა-არარსებობის დადგენა სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებით მომხდარიყო. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ემსახურებოდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობის დადგენას. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის მიზანი არ შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ მოპასუხისაგან შესაძლო პრეტენზიის დაყენების პრევენცია.
5.1.8. პალატის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, დირექტორობიდან მოპასუხის გათავისუფლების თაობაზე პარტნიორის გადაწყვეტილება რეგისტრირებულია და შესულია შესაბამისი ცვლილება სამეწარმეო რეესტრში. თუკი მოპასუხე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, სადავოდ გახდის (შეეცილება) ამ გადაწყვეტილებას, მაშინ მან უნდა მიუთითოს კონკრეტული ფაქტობრივი საფუძვლები და მხოლოდ ამ ფარგლებში შეეძლება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო პალატამ ადმინისტრაციულ აქტში აღნიშნული ზიანი არასწორად არ მიიჩნია დადასტურებულ ზიანის ოდენობად. საგადასახადო დავალიანების ძირითადი თანხის შესაბამისი თანხა შეიძლება საზოგადოებისათვის მიყენებულ ზიანად ჩაითვალოს იმის გამო, რომ ეს თანხა დირექტორის მიერ საზოგადოების საქმეების არაკეთილსინდისიერად განხორციელების შედეგია, რამდენადაც იგი არ წარმოიშობოდა, თუ არ არსებობდა დანაკლისი. აღსანიშნავია, რომ იგი შეიცავს დღგ-ს თანხას, რომელიც დაერიცხა ნაშთს, რომლის რეალიზაციაც არასოდეს განხორციელდება, რადგანაც საქონელი არ არსებობს. ეს გადასახადი გადახდილ უნდა იქნეს საწარმოს სხვა ოპერაციებით მიღებული მოგების ხარჯზე. 888 162,58 ლარი მთლიანად იქნებოდა საწარმოსათვის მიყენებული ზიანი, რომ არა ის გარემოება, რომ ამ თანხის მატერიალური ფასეულობის შეძენა არ მომხდარა, ეს ნაშთი მხოლოდ ბუღალტრულად ირიცხებოდა, ვინაიდან მოპასუხე აწარმოებდა უსაქონლო ოპერაციებს. ანგარიშფაქტურების გაყალბების ფაქტი განუყოფელი ნაწილია და უშუალოდ უკავშირდება მას, რადგანაც სწორედ ამ ანგარიშფაქტურების გამოსაწერად ესაჭიროებოდა მოპასუხეს საბუღალტრო ნაშთი, რომელსაც სხვა დანიშნულება არ გააჩნია. საწარმოში არსებული მატერიალური ფასეულობების დანაკლისი უდავოდ ზიანია, რომელზეც პასუხისმგებლობა დირექტორს აკისრია, ისევე, როგორც ამ დანაკლისის გამო დაკისრებულ გასდასახადებსა და სანქციებზე. ამ თვასაზრისით სასამართლომ არასწორად შეაფასა განაჩენი და მასში ასახული გარემოებები.
6.1.2. სააპელაციო სასამართლომ, განსხვავებით ქვემდგომი სასამართლოსი, არ გაითვალისწინა დირექტორის მიერ საკუთარი მიზნებისათვის საწარმოს კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტი, პალატამ მცდარად აღნიშნა, რომ არ არსებობდა დირექტორის გათავისუფლების თაობაზე მსჯელობის წინაპირობა, ვინაიდან ცვლილება იყო რეგისტრირებული რეესტრში. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ისიც, რომ რეგისტრაციის წინაპირობა პროცედურების დაცვა და არა არაკეთილსინდისიერების გამო მისი დირექტორად დატოვების მიზანშეუწონლობა გახდა.
6.1.3. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლი, როდესაც განმარტა, რომ ზიანის მიყენების ფაქტი ადმინისტრაციული აქტით არ შეიძლება დადასტურდეს. ასევე, არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 30917 მუხლის მოთხოვნები, როდესაც აღნიშნა, რომ განაჩენით დგინდებოდა არა საწარმოსათვის,არამედ სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი. კასატორის შეფასებით, პალატამ აასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი განაჩენითა და სხვა მტკიცებულებებით შეუძლებელია სასამართლოს არ დაენახა ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე საწარმოსათვის თანხის დარიცხვა წარმოადგენს სწორედ დირექტორის მიერ მიყენებულ ზიანს, რაც არ შეიძლება იწვევდეს დავას, მით უფრო იმ პირობებში, რომ საქმე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესით არ განხილულა. ამ თავის ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა მხოლოდ ანალოგიით. თავის მხრივ, ზიანის მიყენების ფაქტი არ შეიძლება მხოლოდ განაჩენით დამტკიცდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. განსახილველი დავის საგანს სამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება, მისი დირექტორობიდან გადაყენება და პარტნიორის გარიცხვა წარმოადგენს. თავის მხრივ, სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შპს „დ. +-ს“ ჰყავს ორი დამფუძნებელი პარტნიორი, რომელთა წილებიც შეადგენს საწესდებო კაპიტალის 50-50%-ს. მოპასუხე ამავდროულად საზოგადოების ხელმღვენლობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი _ დირექტორია, რომელმაც ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები და საზოგადოების სახელით აწარმოა უსაქონლო ოპერაციები, საწარმოს სახელით გამოწერა ყალბი დოკუმენტები, რის შედეგადაც საწარმოს დიდი ზიანი მიაყენა. აღნიშნულის გამო, თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 9 დეკემბრის აქტით, გამოვლენილი დარღვევების გამო, შპს „დ. +-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 282 957 ლარის გადახდა. 2010 წლის 12 ნოემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს „დ.ს+-ს“ შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ვალდებულების ჯამური ოდენობა განისაზღვრა 222 000 ლარით და გადახდის ვადად დადგინდა 30 დღე. საგადასახდო ვალდებულების შესრულების მიზნით, 2010 წლის 10 დეკემბერს, საზოგადოების დირექტორს (მოპასუხე) და სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტის თანხად გაიცა 125 000 აშშ დოლარი, ხოლო დასაბრუნებელი თანხა მთლიანად 188 584 აშშ დოლარით განისაზღვრა. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე საზოგადოებამ (პარტნიორმა) გაზარდა მოთხოვნა და დამატებით მიუთითა მოპასუხე ბ.ქ-ის, როგორც დირექტორისა და საზოგადოების პარტნიორის არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე, რის გამოც მას უნდა ჩამორთმეოდა, როგორც დაკავებული თანამდებობა, ისე საწარმოს პარტნიორობა.
1.2. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია რა მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ ფაქტობრივი დასაბუთებით, რომ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას უნდა დაედგინა: იყო თუ არა საგადასახადო შემოწმების აქტით საწარმოსათვის თანხის დარიცხვა ბ. ქ-ის მიმართ 2006 წლის 10 მაისის განაჩენით დანაშაულებრივად შერაცხული ქმედების შედეგი და რამდენი იყო ეს თანხა; მოიცავდა თუ არა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის განკარგულებით მითითებული საგადასახადო ვალდებულება _ 356 844,76 ლარი ბ.ქ-ის ქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობას და რამდენს. ამის შესაბამისად, კოლეგიას ასევე უნდა დაედგინა საწარმოს მიერ სესხის დავალიანების წარმოშობასა და ბ. ქ-ის, როგორც ზიანის მიმყენებელი პირის, ბრალეულ ქმედებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა და მასში მოპასუხის პასუხისმგებლობის ფარგლები. რაც შეეხებოდა მოპასუხის პარტნიორობიდან გარიცხვისა და დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნას, სააპელაციო პალატამ პარტნიორის გარიცხვის საკითხის გადაწყვეტა ზიანის მიყენების ფაქტზე დაყრდნობით გადასაწყვეტ საკითხად მიიჩნია, ხოლო დირექტორობიდან გათავისუფლების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს დაევალა სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის დადგენა.
1.3. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და მიუთითებს, როგორც ფაქტების არასწორ შეფასებაზე (ფაქტობრივი პრეტენზია), ასევე მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევაზე (სამართლებრივი შედავება).
1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს საკასაციო სასამართლოს ვალდებულებას, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის (პრეტენზიის) შემთხვევაში, შეამოწმოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, ანუ შეამოწმოს, გადაწყვეტილების გამოტანისას დაცულია თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები.
1.5. კასატორის პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებზე. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები წარმოადგენენ, რომლებითაც რეგულირებულია დირექტორის მიერ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელების წესი, ასევე, საზოგადოების პარტნიორის უფლება-მოვალებები, ამასთანავე, მთითებული კანონი უნდა განიმარტოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ დავალების ხელშეკრულების, ასევე სანივთო უფლებების (საკუთრება) მარეგულირებელ ნორმებთან ერთობლიობაში.
1.6. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე ნორმის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) 9.7. მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის 9.1 პუნქტში დასახელებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, წარმოშობილი ზიანისთვის სოლიდარულად აგებენ პასუხს საზოგადოების წინაშე. ზემოხსენებულმა პირებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათ არ დაურღვევიათ თავისი მოვალეობა. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 709-ე-723-ე მუხლებზეც და განმარტავს, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორსა და ამ იურიდიულ პირს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც დირექტორი საწარმოს სახელითა და ხარჯზე ახორციელებს მისთვის წესდებით/კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, შესაბამისად, ზიანის თაობაზე საწარმოს მიერ აღძრული სარჩელებიც სახელშეკრულებო მოთხოვნათა ფარგლებში უნდა შემოწმდეს და არა დელიქტური ვალდებულების.
1.7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩვრებული განჩინების დასკვნას მსგავსი კატეგორიის საქმეზე მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესის თაობაზე და აღნიშნავს, რომ დირექტორის არაჯეროვანი ქმედების შესახებ სარჩელისას მოსარჩელის (საწარმოს) მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს ზიანის და ამ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს, რაც შეეხება მოპასუხეს, მისი მტკიცების საგანი ზიანის მიმართ საკუთარი კეთილსინდისიერებაა, ანუ მან უნდა ამტკიცოს, რომ მოქმედებდა გულისხმიერი მმართველის რწმენით. მოპასუხემ უნდა გააქარწყლოს მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
1.8. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის არგუმენტს საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ, მართალია, მოსარჩელემ მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების მიზნით წარადგინა, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, ისე სხვა დოკუმენტები, თუმცა საქმის მასალებით შესწავლით არ ირკვევა, რომ მას სარჩელის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წერსით (ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი) განხილვა მოეთხოვოს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვა, სასარჩელო წარმოების მსგავსად, მიზნად ისახავს დარღვეული უფლების აღდგენას, თუმცა გამარტივებული წარმოების თავისებურება ისაა, რომ საქმე დაჩქარებულად და სპეციალური საპროცესო წესებით განიხილება. ამ წესით განსახილველ საქმეთა კატეგორია კანონით ზუსტად არის განსაზღვრული და იგი მხარის მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს, ანუ კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, გამარტივებული წესით საქმის განხილვაზე მოთხოვნა მხარემ უნდა წარადგინოს და სასამართლო ვალდებულია, საქმე შესაბამისი საპროცესო წესებით აწარმოოს. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მხარის მოთხოვნა, საქმე სასარჩელო წარმოებით განიხილება და საერთო საპროცესო ვადები ვრცელდება. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი გამარტივებული წესით განხილვას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ზიანის მიყენებას ადასტურებს. ამ შემთხვევაში, სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამოკვლევა, ყველა აღნიშნული გარემოება განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული აქტით დასტურდება. ვინაიდან სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლის დასადგენ გარემოებათა წრე მცირდება, შესაბამისად, მცირდება საქმის განხილვის ვადაც. მოცემულ ტიპის დავების გამარტივებული წესით განხილვა, პირველ რიგში, საქმის საპროცესო კოდექსით დადგენილი სპეციალური ვადების ფარგლებში განხილვას გულისხმობს.
1.9. საყურადღებოა ის გარემოება, რომ, ვინაიდან ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელები, შესაძლოა, განხილულ იქნეს როგორც გამარტივებული, ისე სრული სასარჩელო წარმოების გზით, საქმის განმხილველმა სასამართლომ საპროცესო დოკუმენტებში ზუსტად უნდა მიუთითოს წარმოების ფორმა, ამასთან, ყველა საპროცესო მოქმედება კანონით დადგენილ შემჭიდროვებულ ვადაში უნდა შესრულდეს.
1.9.1. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული არც ერთი განჩინება ან სხდომის ოქმი არ შეიცავს მითითებას საქმის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ. გარდა ამისა, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილული არ ყოფილა XXXIV3 თავით დადგენილ ვადებში, კერძოდ, სარჩელის განსახილველად მიღების შემდეგ, მოპასუხეს შესაგებლის წარდგენისათვის 7 დღეზე მეტი ვადა მიეცა (სსსკ-ის 30919 მუხლი), საქმე სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში არ განხილულა (სსსკ-ის 30920 მუხლი) და მხარეებს არც გადაწყვეტილების გასაჩივრების 7-დღიანი ვადა განსაზღვრიათ (სსსკ-ის 30921 მუხლი), ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ საქმეშე წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმის მასალები და მოსარჩელე მათზე, როგორც საკუთარი პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მიუთითებს, არ შეიძლება გაგებულ იქნეს დავის გამარტივებული წესით განხილვის მოთხოვნად, სწორედ ამ ფარგლებში, სააპელაციო პრეტენზიათა გათვალისწინებით შეეძლო, შეემოწმებინა ქვემდგომ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საპროცესო წესების გამოყენების საკითხის კანონიერება.
1.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამდენად, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან დაბრუნება, ისევე, როგორც საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააპელაციო სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ გულისხმობს სააპელაციო სასამართლოს შეუზღუდაობას, ნებისმიერი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს საქმე. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება რაციონული მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნამდვილ აზრს, რითაც მოცემულ შემთხვევაში შებოჭილია სააპელაციო სასამართლო, ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალიწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას არ დაუსაბუთებია საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების რა აუცილებლობა არსებობდა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც განსაზღვრულია, როგორც დავის საფუძველი, ისე მისი საგანი და წარმოდგენილია კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებითაც მხარეები ცდილობენ საკუთარი პოზიციების დადასტურებას. საკასაციო პალატის შეფსებით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, თავად გამოეკვლია მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების თაობაზე მხარეთა ახსნა-განმარტებები და ამ მიზნით წარდგენილი მტკიცებულებები, რამეთუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, როგორც ზიანის, ისე მისი ოდენობის, ასევე, მიზეზობრივი კავშირის არსებობის ფარგლებში სასამართლოს შეეძლო შეემოწმებინა მოთხოვნის კანონიერება, ანალოგიურად შეიძლება გადაწყდეს პარტნიორობიდან პირის გარიცხვის საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიუთითა გარკვეულ ფაქტებზე და საქალაქო სასამართლომ მათი გამოკვლევა-შეფასების გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევა დასაშვებად მიიჩნია, მოპასუხემ გამოთქვა კონკრეტული პრეტენზია და მიუთითა ამ შეზღუდვის (ჩამორთმევის) უკანონობაზე. ამ პრეტენზიათა ფარგლებში, მსგავსად ზიანის საკითხისა, სააპელაციო პალატას გააჩნია სრული უფლებამოსილება, შეამოწმოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების კანონიერების თვალსაზრისით.
1.11. რაც შეეხება დირექტორის გადაყენებას, ამ თვალსაზრისით სადავო გარემოებას წარმოადგენდა აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის დადგენა, რადგანაც პარტნიორის გადაწყვეტილება დირექტორის გადაყენების თაობაზე მარეგისტრირებელმა ორგანომ გაატარა რეგისტრაციაში. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული იურიდიული ინტერესის თაობაზე, თუმცა აქვე განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელის მიმართ პირის ნამდვილი ინტერესი სამართლის საკითხია და მისი ნამდვილობა შეიძლება ნებისმიერი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას გადაწყდეს, მით უფრო სააპელაციო სასამართლოში. პროცესუალური ეკონომიის პრინციპიდან გამოდმინარე კი, ამ გარემოების გამოკვლევის მიზნით საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნება ეწინააღმდეგება მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის პრინციპებს.
1.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ვიდრე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
2 სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დ. +-ისა“ და მისი დირექტორის, ა.- გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინება და საქმე ხალახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე