დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 14.06.2016
საქმის ნომერი
ას-153-149-2016
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.06.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ ას-153-149-2016 14 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ს-ა’’ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე -დ. დ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ს-ის’’ მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზაურება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2. შპს ,,ს-ის’’ გენერალური დირექტორის 2014 წლის 24 ივლისის ბრძანებით შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე დ. დ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 29 ივლისიდან. მოსარჩელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლების ბრძანების საფუძვლად მითითებულია დ. დ-ის განცხადება და შპს „ს-ის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის გადაზიდვების სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი, აღნიშნული განცხადება დაწერილია გადაზიდვების სამსახურის უფროსის, მ. ნ-ის მიერ განხორციელებული იძულების შედეგად, რის თაობაზეც, 2014 წლის 25 ივლისს მოსარჩელემ აცნობა შპს ,,ს-ის’’ ადმინისტრაციას და მოითხოვა მითითებული განცხადების გაუქმება.

3. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შპს ,,ს-ის’’ ხელმძღვანელობის მიერ მოხდა დოკუმენტების ფაბრიკაცია და დ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება დათარიღდა წინა რიცხვით, 2014 წლის 24 ივლისით. აღნიშნული დადასტურდა იმ გარემოებითაც, რომ ხსენებული ბრძანების ძალით მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა 2014 წლის 29 ივლისიდან, ანუ იმ რიცხვიდან, როდესაც დ-ი ჩვეულებრივ განაგრძობდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას და ადმინისტრაციისთვის ჩაბარებული ჰქონდა განცხადება იძულებით დაწერილი განცხადების გაუქმების მოთხოვნით. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს ,,ს-ის’’ ხელმძღვანელობას ყურადღება უნდა მიექცია იმ გარემოებისათვის, რომ მისი განცხადება იყო დაუთარიღებელი, რაც დოკუმენტის ხარვეზიანობაზე მიუთითებდა.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება იყო უკანონო.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:

6. 2014 წლის 23 ივლისს შპს ,,ს-ის’’ კანცელარიას გადაზიდვების სამსახურის უფროსმა, მ. ნ-ემ წარუდგინა მოხსენებითი ბარათი, რომლითაც ითხოვდა მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ამ უკანასკნელის მიერ აღნიშნულის თაობაზე დაწერილი განცხადებიდან გამომდინარე.

7. მოპასუხის მითითებით მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანება №15-02/806 დათარიღებულია 2014 წლის 24 ივლისით, ხოლო მის მიერ წარდგენილი ხელახალი განცხადება 2014 წლის 25 ივლისით, რის საფუძველზეც, დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ განცხადება წარადგინა მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხემ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა კანონის სრული დაცვით, მისი მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით დ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ს-ის’’ გენერალური დირექტორის 2014 წლის 24 ივლისის №15-02/806 ბრძანება დ. დ-ის გათავისუფლების შესახებ; დ. დ-ი აღდგენილ იქნა შპს ,,ს-ის’’ ლოჯისტიკის დეპარტამენტის გადაზიდვების სამსახურის სატერმინალო მომსახურების ჯგუფის საავიაციო სატვირთო ტერმინალის მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე; შპს ,,ს-ას’’ დ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 29 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 625 ლარის ოდენობით.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს-ამ’’.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ს-ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

13. 2013 წლის 1 თებერვალს შპს „ს-ასა’’ და დ. დ-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ. დ-ი დაინიშნა ლოჯისტიკის დეპარტამენტის გადაზიდვების სამსახურის საავიაციო სატვირთო ტერმინალის მომსახურების ოპერატორად. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი თვე, ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ვადა გაგრძელდებოდა ავტომატურად, ერთი თვით ყოველ ჯერზე.

14. შპს „ს-ის’’ გადაზიდვების სამსახურის უფროსის სახელზე შედგენილია ამავე სამსახურის სატერმინალო მომსახურების ჯგუფის საავიაციო სატვირთო ტერმინალის მომსახურების ოპერატორის, დ. დ-ის განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

15. 2014 წლის 24 ივლისის №15-02/806 ბრძანებით საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „ს-ის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის გადაზიდვების სამსახურის სატერმინალო მომსახურების ჯგუფის საავიაციო სატვირთო ტერმინალის მომსახურების ოპერატორი დ. დ-ი 2014 წლის 29 ივლისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და შეწყდა მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება; გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა შპს „ს-ის’’ ლოჯისტიკის დეპარტამენტის გადაზიდვების სამსახურის მოხსენებითი ბარათი და დ. დ-ის განცხადება.

16. შპს „ს-ის’’ ადმინისტრაციის სახელზე შედგენილი განცხადების თანახმად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. დ-მა მოითხოვა სამსახურის საკუთარი ნებით დატოვების შესახებ განცხადების გაუქმება და აღნიშნულის იურიდიული ძალის არმქონედ მიჩნევა. ამავე განცხადებაზე განხორციელებული რეზოლუციით დადგინდა, რომ აღნიშნული განცხადება დამსაქმებელმა ჩაიბარა 2014 წლის 25 ივლისს.

17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტმა სადავოდ მიიჩნია სასამართლოს მხოლოდ ის სამართლებრივი დასკვნა, რომ დ. დ-ის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გამოვლენილი ნება არ იყო რეალური. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისათვის საკვანძო საკითხს წარმოადგენდა იმ გარემოების დადგენა და შეფასება, ჰქონდა თუ არა ადგილი დ. დ-ის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ნების გამოვლენას და არსებობდა თუ არა შრომის კოდექსის 37–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ’’ პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის.

18. სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს საბოლოო სამართლებრივი დასკვნა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დ. დ-ის ნების არარსებობასთან დაკავშირებით. ამასთან, დაუსაბუთებლად მიიჩნია სასამართლოს მსჯელობა, რომ რადგან დ. დ-მა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა არა შპს „ს-ის“ გენ. დირექტორს, არამედ, მის უშუალო ხელმძღვანელს (ესე იგი არაუფლებამოსილ პირს), ამის გამო არ არსებობდა დ. დ-ის ნება თანმდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

19. პალატამ განმარტა, რომ დ. დ-ი არ წარმოადგენდა მესამე პირს შპს „ს-ისათვის’’, იგი იყო მისი თანამშრომელი და შესაბამისად, მის მიერ უშუალო ხელმძღვანელის და არა გენ. დირექტორის მიმართ ნების გამოვლენაც ჩაითვლებოდა ნამდვილად. მითუმეტეს, რომ მისი განცხადების საფუძველზე, საბოლოოდ, დამსაქმებელმა გამოსცა სადავო ბრძანება და შპს „ს-ის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს საბოლოოდ მიუვიდა დ. დ-ის განცხადება. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა აპელანტის პრეტენზია სასამართლოს მსჯელობის დაუსაბუთებლობის თაობაზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არ იყო საფუძვლიანი.

20. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 51-ე მუხლებით და განმარტა, რომ დასაქმებულის განცხადება (ნება) თანამდებობის დატოვების შესახებ, წარმოადგენდა ცალმხრივ გარიგებას, რომლის ნამდვილობისთვისაც საჭირო იყო ზემოთ მოხმობილი ნორმებით დადგენილი მოთხოვნების დაცვა. კონკრეტულ შემთხვევაში დ. დ-ის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით გამოვლენილი ნების ნამდვილობის შეფასებისათვის, პალატის მოსაზრებით, განმსაზღვრელი მნიშვნელობის იყო დ. დ-ის მიერ 2014 წლის 25 ივლისის განცხადებაში დაფიქსირებული პოზიცია.

21. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებებზე და აღნიშნა, რომ მართალია, დ. დ-მა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა შპს „ს-ის“ გადაზიდვების სამსახურის უფროსს, მაგრამ 2014 წლის 25 ივლისს, ამავე კომპანიის ადმინისტრაციის სახელზე შედგენილ განცხადებაში დ. დ-მა საბოლოოდ, მის მიერ გამოვლენილი ნება თანამდებობის დატოვების შესახებ გახადა სადავოდ და უარყო იგი. ამავე განცხადებით, კერძოდ, მასზე დატანილი რეზოლუციით პალატამ დაადგინა, რომ თანამდებობის დატოვებაზე გამოვლენილი ნების უარყოფის შესახებ დ. დ-ის პოზიცია დამსაქმებლისათვის ცნობილი გახდა მოსარჩელის მიერ განცხადების წარდგენის დღესვე, ე.ი. 2014 წლის 25 ივლისს.

22. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დ. დ-ის მიერ შედგენილი პირველი განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ არ იყო დათარიღებული. ამასთან, როგორც მოპასუხემ თავის წერილობით შესაგებელში დაადასტურა, დ. დ-ის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ შპს „ს-ის“ კანცელარიაში შევიდა და დაფიქსირდა 2014 წლის 23 ივლისს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ დამსაქმებლისათვის დ. დ-ის ნება თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 23–24 ივლისისათვის. ასევე დადგინდა, რომ დ. დ-მა სადავოდ გახადა გამოვლენილი ნება თანამდებობის დატოვების თაობაზე და 25 ივლისის განცხადებაში (მეორე განცხადება) მიუთითა, რომ დამსაქმებელს მისი განცხადება - დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, უნდა მიეჩნია იურიდიული ძალის არმქონედ.

23. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დ. დ-მა მოახდინა მის მიერ გამოვლენილი ნების (ცალმხრივი გარიგების) უარყოფა, ვინაიდან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების შპს „ს-აში’’ რეგისტრაციის მომენტიდან, 2014 წლის 23 ივლისიდან, მალევე – 2014 წლის 25 ივლისს, მან დაუყოვნებლივ უარყო მის მიერ გამოვლენილი ნება. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ დ. დ-ის გამოვლენილი ნება თანამდებობის დატოვების შესახებ არ შეიძლებოდა ჩაითვლილიყო ნამდვილად.

24. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლით და აღნიშნა, რომ დასახელებული მუხლის მე–2 ნაწილში მითითებულ „მეორე მხარედ’’ უნდა მოაზრებულიყო ნების გამომვლენი და არა ამ ნების ადრესატი პირი. შესაბამისად, ვინაიდან დასაქმებულმა (ნების გამომვლენი პირი) 2014 წლის 25 ივლისის განცხადებით დაუყოვნებლივ უარყო პირველ განცხადებაში გამოვლენილი ნება თანამდებობის დატოვების შესახებ, პალატის მოსაზრებით, განცხადება არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ნამდვილად, რაც საბოლოოდ განაპირობებდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამრიგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ დამსაქმებელს დ. დ-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის არ გააჩნდა შრომის კოდექსის 37–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ’’ პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.

25. პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე რომ მას შემდეგ, რაც 23 ივლისს კანცელარიაში რეგისტრირებული, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების უარმყოფელი განცხადება მიიღო დამსაქმებელმა, თანაც დროის მოკლე მონაკვეთში, კერძოდ კი, 25 ივლისს, მოპასუხეს ის მაინც უნდა გამოერკვია, თუ რით იყო განპირობებული ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, მითუმეტეს, რომ სადავო ბრძანების მიხედვით, დ. დ-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა უნდა მომხდარიყო არა 2014 წლის 24 ივლისიდან, არამედ 29 ივლისიდან.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და შპს „ს-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს ,,ს-ამ’’ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

28. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა ეყრდნობა მცდარ ვარაუდებს.

29. კასატორის აზრით, აღნიშნული საქმის დასაშვებად ცნობა მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საჭიროა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალქო კოდექსის 51-ე მუხლის სწორად განმარტება.

30. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ს-ა’’ ვალდებული იყო დასაქმებულის განცხადების თანახმად მიეღო მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, რადგან დასაქმებულის ნება ამ შემთხვევაში იყო უპირატესი და კომპანია ვერ აიძულებდა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ კვლავ გაეგრძელებინა შრომითი ხელშეკრულება დაკავებულ თანამდებობაზე.

31. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, თითქოს დ. დ-ის მიერ დაწერილ განცხადებაზე არ იყო მითითებული თარიღი, რაც წარმოადგენდა მისი ბათილობის საფუძველს. კასატორის განცხადებით, გენერალურ დირექტორს, გადაზიდვების სამსახურის უფროსის მ. ნ-ის მიერ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გაეგზავნა აღნიშნული განცხადება, შესაბამისად, კანცელარიაში გატარების შედეგად მიენიჭა თარიღი, 2014 წლის 23 ივლისი. მართალია სასამართლომ დ. დ-ის განცხადების ადრესატად მიიჩნია შპს ,,ს-ის’’ გენერალური დირექტორი, მაგრამ კომპანიის შინაგანაწესის თანახმად, სამსახურიდან დასაქმებულის ნებით გათავისუფლების შესახებ განცხადება იწერება უშუალო ხელმძღვანელის სახელზე.

32. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს. ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულების მოშლა ხორციელდება დასაქმებულის მიერ ცალმხრივი ნების წერილობითი გამოვლენით. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის აზრით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების მოშლა ხორციელდება დასაქმებულის მიერ ცალმხრივი ნების გამოვლენის გზით და მისი მიღება მეორე მხარის მიერ აუცილებელია, ხოლო ნების გამოვლენა ნამდვილია იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. თუმცა, კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერილია არაუფლებამოსილი პირის სახელზე, რის გამოც, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ნება არ მისვლია მეორე მხარეს და იგი ამ თვალსაზრისითაც იურიდიული ძალის არმქონე იყო. თუმცა აღნიშნული განცხადება მოწინააღმდეგე მხარის მიერ დაიწერა მისი უშუალო ხელმძღვანელის - მ. ნ-ის სახელზე. კომპანიაში დამკვიდრებული წესებისა და პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი ტიპის განცხადებები იწერებოდა უშუალო ხელმძღვანელის სახელზე, რომლის საფუძველზეც უკვე ხელმძღვანელი მიმართავდა გენერალურ დირექტორს ამა თუ იმ პირის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით.

33. ზემოთ აღნიშნული მიმართვა კომპანიის გენერალური დირექტორის სახელზე საქმის მასალებშიც იქნა წარმოდგენილი. კასატორმა აღნიშნა, რომ შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულს მინიჭებული აქვს შრომითი ხელშეკრულების მოშლის თავისუფლება ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რამაც შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს დამსაქმებელი.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული სახის განცხადებები პირველ რიგში, იწერებოდა უშუალო ხელმძღვანელების სახელზე, რომლის შემდგომაც, უკვე ის მიმართავდა გენერალურ დირექტორს. შესაბამისად, ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე, გენერალურმა დირექტორმა მიიღო დასაქმებულის განცხადება, რაც საფუძვლად დაედო შესაბამისი ბრძანების გამოცემას. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ განცხადება არ იყო დათარიღებული, კასატორის განცხადებით, აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან განცხადებების თარიღისა და შესაბამისი ნომრის მითითებას ახორციელებს კომპანიის კანცელარია.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინებით შპს ,,ს-ის’’ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

36. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

40. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

41. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1125 ლარის 70% – 787,5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ შპს „ს-ას“ (ს/კ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 25 თებერვალს №112 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1125 ლარის 70% – 787,5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე