გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ა-3790-შ-105-2016 20 დეკემბერი, 2016 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე,ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის გ-ა და მ-ის ს-ოს ი-ა მოგილიოვის ოლქში
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „P-I“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის მოგილიოვის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელარუსის რესპუბლიკის მოგილიოვის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით:
- შპს „P-I-ს“ ღია სააქციო საზოგადოება „ქ-ის ფ-ა „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის - 38 997.96 ევროს გადახდა 2015 წლის 24 მარტის #286-15 კონტრაქტის შესაბამისად;
- შპს „P-I-ს“ ბელარუსის რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავალში დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 1 359.55 ევროს (ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 2016 წლის 15 ივლისის კურსით - 3 011.53 ბელარუსული რუბლის ეკვივალენტის) გადახდა.
2. ბელარუსის რესპუბლიკის გ-ა და მ-ის ს-ოს ი-ამ მოგილიოვის ოლქში შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
4. შუმდგომლობა, თანდართული მასალებით, გაეგზავნა და 2016 წლის 5 დეკემბერს ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, ამ უკანასკნელს საკასაციო სასამართლოში რაიმე მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქმეზე დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მოგილიოვის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „P-I-ს“ ბელარუსის რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავალში დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 1 359.55 ევროს (ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 2016 წლის 15 ივლისის კურსით - 3 011.53 ბელარუსული რუბლის ეკვივალენტის) გადახდა.
7. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 8 აგვისტოს, იგი ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ამასთან, მოპასუხე მხარე, ინფორმირებული იყო სასამართლოში საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
9. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
10. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბელარუსის რესპუბლიკის გ-ა და მ-ის ს-ოს ი-ის მოგილიოვის ოლქში შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მოგილიოვის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „P-I-ს“ ბელარუსის რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავალში დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 1 359.55 ევროს (ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 2016 წლის 15 ივლისის კურსით - 3 011.53 ბელარუსული რუბლის ეკვივალენტის) გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მომხსენებელი: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი