სამოქალაქო
საქმის ნომერი
ა-3261-შ-86-2016
კატეგორია
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ა-3261-შ-86-2016 6 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე,ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – უ-ის რ-ის უ-ი ე-ი ს-ო

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.----“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უზბეკეთის რესპუბლიკის ქ.ტაშკენტის უმაღლესი ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უზბეკეთის რესპუბლიკის ქ.ტაშკენტის უმაღლესი ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

- შპს „მ.----ს“ სს „A. M. U. S. I.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების ფარგლებში 98 711.00 აშშ დოლარის, ხოლო საფოსტო ხარჯების ასანაზღაურებლად - 7 200 უზბეკური სუმის გადახდა.

- შპს „მ.----ს“ რესპუბლიკური ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 987.1 აშშ დოლარის გადახდა.

2. უზბეკეთის რესპუბლიკის ქ.ტაშკენტის უმაღლესმა ეკონომიკურმა სასამართლომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება შპს „მ.----თან“ მიმართებით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

4. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემომითითებული შუამდგომლობისა და მათზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარე შპს „მ.----ს“ ორჯერ გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ქ.თ., ი. რ-ნი, ს-ის ქ.---, ბინა --- (რაც სამეწარმეო რეესტრში დაფიქსირებული შპს „მ.----ის“ მისამართის იდენტურია). მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა, საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ აქტებზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ მეზობლების გადმოცემით აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები პირები დღის საათებში სახლში არ იმყოფებიან.

5. ამის შემდგომ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს დაავალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შპს „მ.----თვის“ (მისამართი: ქ.თ., ი. რ-ნი, ს-ის ქ.თ., ბინა ---) ჩაებარებინა შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინების ასლები; მასვე დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ეცნობებინა დასახელებული კორესპონდენციების ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.

6. 2016 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თ-ის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს/პოლიციის მე-2 განყოფილების (ვაზისუბნის) განყოფილების უფროსის მოადგილემ წერილობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ შპს „მ.----ს“ სასამართლო გზავნილი ვერ ჩაბარდა, რადგან ქ.თ-ში, ს-ის ქ.#----ში მდებარე #--- ბინაში დახვდა მოქალაქე ჯ. მ-ი, რომლის განმარტებით, აღნიშნულ ბინაში იგი 2006 წლიდან ცხოვრობს და მისთვის უცნობია ზემომითითებული ორგანიზაციის შესახებ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს ვებგვერდზე მოწინააღმდეგე მხარის - შპს „მ.----ის“ მიმართ გავრცელდა საჯარო შეტყობინება, რომლითაც მას ეცნობა, რომ საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება უ-ის რ-ის უ-ი ე-ი ს-ოს შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ; ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა ვადა - მითითებული შეტყობინების ჩაბარებიდან 5 დღე ხსენებული შუამდგომლობის თაობაზე მოსაზრების წარსადგენად, მასვე განემარტა, რომ შეეძლო, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი აღნიშნულს არ მოითხოვდა, საქმე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილებოდა. გარდა ამისა, შპს „მ.----ს“ განემარტა, რომ მოცემული განჩინება ჩაბარებულად მიიჩნეოდა მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-7 დღეს.

8. მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოში რაიმე მოსაზრება არ წარმოუდგენია, სასამართლო გზავნილი კი, საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის დანაწესიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქმეზე დადგენილია, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის ქ.ტაშკენტის სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

- შპს „მ.----ს“ სს „A. M. U. S. I.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების ფარგლებში 98 711.00 აშშ დოლარის, ხოლო საფოსტო ხარჯების ასანაზღაურებლად - 7 200 უზბეკური სუმის გადახდა.

- შპს „მ.----ს“ რესპუბლიკური ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 987.1 აშშ დოლარის გადახდა.

11. ამავდროულად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 19 იანვარს, ამასთან, იგი უზბეკეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ხოლო უშუალოდ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხე მხარეს, შპს „მ.----ს“, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა შეტყობინება უზბეკეთის სასამართლოში საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და ეს შეტყობინება მისთვის კანონით დადგენილი წესითვე ჩაბარებულად იქნა მიჩნეული.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

13. ამდენად, უზბეკეთის რესპუბლიკის ქ.ტაშკენტის სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

14. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო ს-ომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უ-ის რ-ის უ-ი ე-ი ს-ოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უზბეკეთის რესპუბლიკის ქ.ტაშკენტის სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც:

- შპს „მ.----ს“ სს „A. M. U. S. I.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების ფარგლებში 98 711.00 აშშ დოლარის, ხოლო საფოსტო ხარჯების ასანაზღაურებლად - 7 200 უზბეკური სუმის გადახდა.

- შპს „მ.----ს“ რესპუბლიკური ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 987.1 აშშ დოლარის გადახდა.

3. საკასაციო ს-ოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მომხსენებელი: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი