საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-1130-1086-2016
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1130-1086-2016-კ-ე 19 დეკემბერი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – მ. ლ-ე, გ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით:

- ლ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხე მ. ლ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე ლ. ა-ის კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე ქ.თბილისი, ს-ის ..., ბ. 17, ს/კ .... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით:

- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა;

- უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ლ-ემ და გ. კ-ემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ხარვეზიანია და კასატორს უნდა განესაზღვროს ვადა ხარვეზის შესავსებად, ხოლო გ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

7. მოცემულ შემთხვევაში, მ. ლ-ის საკასაციო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს 300 ლარით, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს კასატორ მ. ლ-ეს.

9. გ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს საკასაციო გასაჩივრების სუბიექტს, კერძოდ, სსსკ-ის 391-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

10. მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით).

11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი და უშუალოდ ეხება მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს.

12. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) არაა გამოტანილი გ. კ-ის მიმართ, ამასთან, ეს გადაწყვეტილება უშუალოდ მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არ ეხება, შესაბამისად, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. 399-ე, 372-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 401-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. მ. ლ-ეს დაევალოს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“).

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. განემარტოს კასატორ მ. ლ-ეს, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, მისი საკასაციო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: პაატა ქათამაძე