დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 05.05.2017
საქმის ნომერი
ას-429-401-2017
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.05.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210016001441269

საქმე №ას-429-401-2017 5 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. გ.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ქ.ფოთის №11 საჯარო სკოლა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სკოლის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ზ. გ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ქ.ფოთის №11 საჯარო სკოლის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2016 წლის 20 ივნისის №5 ოქმისა და 2016 წლის 23 ივნისის №1/ე-36 ბრძანების ბათილად ცნობა, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად აღდგენა, იძულებითი განაცდურის – 677.21 ლარის გადახდა გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

3. 2016 წლის 27 მაისს ამავე სკოლის მე-7 კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ მოსარჩელის გაკვეთილზე დაარღვია დისციპლინა, რის გამოც მასწავლებელი იძულებული გახდა, არაერთგზის შენიშვნა მიეცა მისთვის და გაეყვანა საკლასო ოთახიდან. აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა არასწორი რეაგირება დირექციისაგან, რითაც შეილახა მოსარჩელის უფლებები.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 369-ე, 2591 მუხლებით და განმარტა, რომ კანონი ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (ს.ფ 251). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესახებ მხარეებს ეცნობათ 2016 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე (ს.ფ 232-248). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელე, შესაბამისად, სსსკ-ის 2591 მუხლის ძალით, აპელანტი (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, აპელანტს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების ასლის მისაღებად ფოთის საქალაქო სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უადრეს 20 ნოემბრისა და არაუგვიანეს 2016 წლის 2 დეკემბრისა.

9. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელე არ იყო სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირი, ვისაც გადაწყვეტილების ასლი სასამართლოს ინიციატივით უნდა გაგზავნოდა.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად ფოთის საქალაქო სასამართლოს მიმართა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2016 წლის 5 დეკემბერს (ს.ფ. 271), ხოლო მისმა წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა 2016 წლის 21 ნოემბერს, კანონით დადგენილ ვადამდე ერთი დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტისათვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 3 დეკემბერს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 3 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 16 დეკემბერს (სამუშაო დღე – პარასკევი). საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2016 წლის 19 დეკემბერს ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ. 272-283).

12. სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

14. რაც შეხება ს.ფ. 270-ზე არსებულ მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებას, რომლითაც მან ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლის მიღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-19 დღეს, აღნიშნული განცხადება ვერ ჩაითვლება მხარის მიერ კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მოთხოვნის მტკიცებულებად, რადგან წარდგენილია 2016 წლის 21 ნოემბერს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-19 დღეს. მხარეებს განემარტათ, რომ მათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20 დღეზე ადრე სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად არ უნდა მიემართათ, ამდენად მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-19 დღეს მიმართვა სასამართლომ არ შეაფასა „გადაწყვეტლების ასლის მიღების“ ვადის დაცვით განხორციელებულ ქმედებად. თუკი მას სურდა მიეღო გადაწყვეტილების ასლი სასამართლოსათვის, უნდა მიემართა 2016 წლის 22 ნოემბრიდან (მე-20 დღე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან) 2016 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით (30-ე დღე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან), რაც არ მომხდარა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:

16. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სსსკ-ის 369-ე და 2591 მუხლებით დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების წესი არ დაურღვევია. აპელანტმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით წერილობით მიმართა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-19 დღეს. სასამართლოს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვალდებულება გააჩნდა, საპროცესო დოკუმენტი მხარისათვის გადაეცა 3-დან 10 დღემდე ვადაში.

17. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ კრძალავს სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნას სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე. კანონის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, მე-20 დღემდე არ გადასცეს მხარეს გადაწყვეტილება. ამდენად, მისი მიმართვა მე-19 დღეს იყო დროული. აპელანტს სწორედ აღნიშნული მიმართვის საფუძველზე გადაეცა სასამართლო გადაწყვეტილება 2017 წლის 28 თებერვალს.

18. მხარემ განმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში აპელანტი და მისი წარმომადგენელი სისტემატურად აკითხავდნენ საქალაქო სასამართლოს, თუმცა გადაწყვეტილება არ იყო მზად ჩასაბარებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

20. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

21. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

22. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.

23. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

24. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

25. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და იგი ესწრებოდა კიდეც გამოცხადებას.

26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ აპელანტი და მისი წარმომადგენელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში ცხადდებოდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში და მოითხოვდნენ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას.

27. 18. სსსკ-ის 102-ე მუხლი ამკვიდრებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მხარე მოვალეა, სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს ის ფაქტი, რომელსაც საკუთარ პრეტენზიას აფუძნებს.

28. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აპელანტი ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მართლაც გამოცხადდა სასამართლოში და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. მითითებული ფაქტის დადასტურება აპელანტი მხარის მოვალეობას წარმოადგენდა.

29. ასევე, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ აპელანტს არ დაურღვევია სსსკ-ის 2591 მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების წესი, რადგან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-19 დღეს წერილობით მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, რაც კანონით აკრძალული არ არის.

30. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას და განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარის მიმართვა არ ათავისუფლებს მას მე-20-30-ე დღეებში სასამართლოში გამოცხადებისა და გადაწყვეტილების მოთხოვნის ვალდებულებისაგან. კანონის აღნიშნულ დანაწესზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ მხარეს მოთხოვნიდან 3-10 დღეში გადაწყვეტილება არ ჩაბარდა და საბოლოოდ აპელანტმა დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა მე-19 დღეს შეტანილი განცხადების საფუძველზე, რაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლას, ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, საფუძვლად ვერ დაედება.

31. ამასთან, საკასაციო პალატა დასძენს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას დაესწრო ან ასეთი გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ვერ ჩაიბარა იგი სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის გამო, უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს აღნიშნულ სასამართლოს. მას შემდეგ, რაც სასამართლო კანცელარიაში დაფიქსირდება ამგვარი წერილობითი განაცხადი სასამართლო მოვალეა, შესაბამისი მოხელის სახით, რეაგირება მოახდინოს მხარის მოთხოვნაზე და დააფიქსიროს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის. ამ მომენტიდან მხარე თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ შემთხვევებში მხარის უფლებების დაცვას.

32. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული განჩინების ასლის მისაღებად საქალაქო სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არ შეუსრულებია. მხოლოდ მხარის განმარტება, რომ იგი ცხადდებოდა სასამართლოში, უკავშირდებოდა მოსამართლის აპარატს, კანონის დანაწესის შესრულებად ვერ ჩაითვლება.

33. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591 მუხლების მიხედვით, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა სწორად აითვალა მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2016 წლის 2 ნოემბრიდან) 30-ე დღის (2016 წლის 2 დეკემბრის) მომდევნო დღიდან – 2016 წლის 3 დეკემბრიდან. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2016 წლის 16 დეკემბერს, ხოლო მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2016 წლის 19 დეკემბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

34. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე