კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #ას-944-882-2017 2 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „M-ის“ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე _ კ. ყ-ის სარჩელის გამო შპს „M-ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „M-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით შპს „M-ის“ კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და თ. ჯ-ის სახელზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად გაცემული მინდობილობა (სადაც რწმუნებულს მიენიჭება სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილება) ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შედგენილი (ხელმოწერილი) კერძო საჩივარი.
საპროცესო ვადის დადგენის შესახებ განჩინება შპს „M-ს“ გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქმეში მითითებულ მისამართზე, მაგრამ ადრესატს ვერ ჩაბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება განმეორებით გაეგზავნა შპს „M-ის“ უფლებამოსილ პირს, წარმომადგნელ თ. ჯ-ს (ორგანიზაციის თანამშრომელს) და 2017 წლის 13 სექტემბერს პირადად ჩაბარდა (იხ.შეტყობინების ბარათი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2017 წლის 14 სექტემბერს და ამოიწურა 2017 წლის 18 სექტემბერს. კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს განცხადებით მომართა 2017 წლის 21 სექტემბერს და წარმოადგინა სხელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი. განცხადებაზე დართული საფოსტო ბარათით დასტურდება რომ ის საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2017 წლის 20 სექტემბერს - სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით. პალატა ყურადრებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განცხადების შედგენის თარიღად, ისევე როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღად მითითებულია 2017 წლის 20 სექტემბერი, რაც უტყუარად ადასტურებს მხარის მიერ საპროცესო ვადის დარღვევას. აღნიშნული კი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის 20 სექტემბერს #0 საგადახდო დავალებით თ. ჯ-ის მიერ გადახდილი 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „M-ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. შპს „M-ს“ (ს/#....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ. ჯ-ის მიერ 2017 წლის 20 სექტემბრის #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე