კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
11 ივნისი, 2018 წელი,№ას-651-651-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ქ.
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.დ., ნოტარიუსი ს.მ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი _ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, ზ. ქ–ას სარჩელი, ლ.დ–ისა და ნოტარიუს ს.მ–ძის მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
4. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ.ქ–ამ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის (50 ლარის) წარმოდგენა.
6. კერძო საჩივრის ავტორმა 2018 წლის 1 ივნისს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს იმავე დღეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით. სსსკ-ის მე-60-ე 61-ე მუხლების შესაბამისად ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 29 მაისს და დასრულადა ამავე წლის 31 მაისს.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 416-ე, 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ზ;ქ–ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2.ზ. ქ–ს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 31.05.2018წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა