დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 09.02.2018
საქმის ნომერი
ას-1119-1039-2017
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ ას-1119-1039-2017 9 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. თ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. თ-ს (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“, „საჩივრის ავტორი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 8237.62 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

2.1. ქ. თბილისის მთავრობამ 2011 წლის 9 დეკემბერს მიიღო №33.20.1415 დადგენილება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ. უძრავი ქონების განკარგვის ფორმად განისაზღვრა იჯარით გაცემა ელექტრონული აუქციონის გზით;

2.2. 2012 წლის 11 იანვარს გამართულ აუქციონზე ქ. თბილისში, ს-- მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 0-) გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ს.“, რომელთანაც გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 5 წლის ვადით, ხოლო ქონების სარგებლობის საფასური 19 750 ლარით. მოიჯარეს თანხა უნდა გადაეხადა ყოველ 6 თვეში ერთხელ საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე;

2.3. შპს „ს-ის“ განცხადების საფუძველზე მოსარჩელის 2012 წლის 19 ივნისის №Q-- გადაწყვეტილებით აუქციონში გამარჯვებულის უფლებები და ვალდებულებები გადაეცა მოპასუხეს;

2.4. 2013 წლის 20 აგვისტოს მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა შეტყობინება და გააფრთხილა არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა გადაეხადა პირგასამტეხლო 2134.87 ლარის ოდენობით;

2.5. მოპასუხემ ელექტრონული განცხადებით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა. მოპასუხემ თავისივე განცხადებაში მიუთითა და აიღო ვალდებულება, რომ დარჩენილ თანხას დაფარავდა 30 აპრილამდე.

2.6. 2014 წლის 29 იანვარს მოსარჩელემ მიიღო №Q-- გადაწყვეტილება 2012 წლის 11 იანვრის №E- გადაწყვეტილების და იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტაზე. მოსარჩელემ იხელმძღვანელა ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს N9-65 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტითა და ქ. საიჯარო პირობების მე-11 მუხლის პირველი პუნქტებით. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად მოპასუხეს 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველეყო მოსარჩელის წინაშე შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების შესრულება (საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს გადახდა );

2.7. მოპასუხემ საიჯარო ქირის დავალიანება გადაიხადა 2014 წლის 6 ნოემბერს და ამ პერიოდისათვის ეკისრება მას პირგასამტეხლოს გადახდა;

2.8. ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-65 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს საიჯარო ქირის 0.1 %-ს, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარისა დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული პირობა ასევე გათვალისწინებულია სარგებლობის პირობების 10.1 პუნქტით.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2013 წლის 9 მარტამდე იყო ხანდაზმული, ხოლო მოთხოვნა 2014 წლის 29 იანვრიდან 2014 წლის 6 ნოემბრამდე - სამართლებივად დაუსაბუთებელი. ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და იგი სასამართლომ უნდა შეამციროს გონივრულ ოდენობამდე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 3665.37 ლარის ანაზღაურება.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ნაწილში გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ აღნიშნული განჩინება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მის მიმართ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილში.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

10.1. 2016 წლის 16 ნოემბერს 11:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე სათანადო წესით იყო გაფრთხილებული მოპასუხე. კერძოდ, მის ადვოკატს, დ. წ-ეს უწყება გაეგზავნა სამუშაო ადგილის მისამართზე და ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, გ. გ-ს, რომელიც ასევე იყო მოპასუხის წარმომადგენელი;

10.2. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი - მოპასუხე ლ. თ. და არც მისი წარმომადგენელი.

11. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ ვინაიდან სასამართლო უწყების მიმღები, გ. გ. არ იყო სსიპ „ადვოკატთა ასოციაციის წევრი“, მას არ ჰქონდა უწყების ჩაბარების უფლებამოსილება. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, სააპელაციო ინსტანციაში საქმის წარმოების უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ირიცხებიან სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრთა ერთიან სიაში, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავდა მათი მხრიდან სასამართლო უწყების ჩაბარების უფლებამოსილებას.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 74-ე, 387-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა აპელანტის ან მისი წარმომადგენლის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა და, შესაბამისად, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

13.1. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ 2013 წლის 9 მარტამდე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, ასევე დაუსაბუთებელია მოსარჩელის მიერ 2014 წლის 29 იანვრიდან 2014 წლის 6 ნოემბრამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი დასაბუთებაც. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს ფაქტობრივად შესრულებული ჰქონდა ვალდებულება;

13.2. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი სასამართლო უწყება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს - გ. გ-ს, რომელიც მართალია მოპასუხის ინტერესებს იცავდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება მას არ ჰქონდა, ვინაიდან არ იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი. უწყება არც მეორე ადვოკატს, დ. წ-ეს ჩაბარებია და არც პირადად მოპასუხეს, რის გამოც მხარეს წაერთვა შესაძლებლობა გამოცხადებულიყო სხდომაზე და დაეცვა საკუთარი ინტერესები. ამრიგად, არსებობდა მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

14. საქართველოს უზენაესის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ლ. თ-ს საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის შინაარსი, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების სამართლებრივი საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.

16. საქმის მასალებით დასტურდება და საკასაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრების განხილვა დაინიშნა 2016 წლის 16 ნოემბერს, 11:00 საათზე (იხ. ს.ფ. 119-120).

17. სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება მხარეებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, აპელანტ ლ. თ-ს წარმომადგენელს, დ. წ-ეს უწყება გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით სააპელაციო საჩივარში მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე და ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, გ. გ-ს 2016 წლის 6 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 126), ხოლო აპელანტ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უწყება ასევე გაეგზავნა ფოსტით და ჩაბარდა 2016 წლის 5 ოქტომბერს.

18. 2016 წლის 16 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ლ. თ., ხოლო გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

19. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ 1) სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული; სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

20. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს. კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.

21. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა ერთობლივად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 233.1 მუხლი).

22. მოცემულ შემთხვევაში, დავას არ იწვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობა. როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის, ისე საკასაციო საჩივრის შესწავლით უდავოდ დასტურდება, რომ მხარე მის გაუქმებას მოითხოვს საპატიო მიზეზის არსებობით, საპატიო მიზეზად კი, მხარე მიიჩნევს შემდეგს: სასამართლოს უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაუბარებია აპელანტისთვის - კერძოდ, იგი ჩააბარა არაუფლებამოსილ პირს - გ. გ-ს, რომელიც არ არის გაწევრიანებული სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ და მას, როგორც მხარის წარმომადგენელს არ ჰქონდა უფლებამოსილება მონაწილეობა მიეღო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას.

23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

24. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

25. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

26. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს საჩივარსა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ ის გარემოება, რომ უწყების მიღებაზე ხელმომწერი პირი არ არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, ვერ მიიჩნევა აპელანტ ლ. თ-ს ან მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საკმარის საფუძვლად.

27. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტ (მოპასუხე) ლ. თ-ს ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში იცავდა ადვოკატი დ. წ-ე, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებდა ლ. თ-ს მიერ 2016 წლის 15 ივნისს ორი წლის ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 103-105). იგი ასევე არის წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ხელმომწერი პირი (იხ. ს.ფ. 106-116). დადგენილია ასევე, რომ სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 16 ნოემბერს 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება გაუგზავნა დ. წ-ეს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე - თბილისი, წ-ი, ოფისი 306. გზავნილი ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს - გ. გ-ს (იხ. ს.ფ. 126).

28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. 74-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა.

29. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს.

30. მოცემულ შემთხვევევაში დადგენილია, რომ დ. წ-ისათვის გაგზავნილი უწყება გ. გ-მ ჩაიბარა არა როგორც აპელანტ ლ. თ-ს, არამედ, როგორც დ. წ-ის საადვოკატო ოფისის წარმომადგენელმა (ორგანიზაციის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა). მან საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა გზავნილის მიღება, რაც გულისხმობს იმას, რომ კორესპოდენციის მიმღებმა იკისრა გზავნილის ადრესატისთვის გადაცემის ვალდებულებაც. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ უწყებასთან ერთად გაგზავნილ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დ. წ-ემ წარადგინა სააპელაციო შესაგებელი (იხ. ს.ფ. 127-135), რაც დამატებით გამორიცხავს მხარის მიერ გზავნილის მიუღებლობის ფაქტს.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ არც მას და არც მის ადვოკატს უწყება არ ჩაბარებიათ სათანადო წესით.

32. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა არ იყო დასაკმაყოფილებელი.

33. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც არეგულირებს აპელანტის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებს.

34. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (სააპელაციო მოპასუხე), მაგრამ არ გამოცხადდა აპელანტი (სააპელაციო მოსარჩელე), სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მაგრამ მხოლოდ ორი პირობის ერთდროულად არსებობისას: პირველი - აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ (სააპელაციო მოპასუხემ) უნდა იშუამდგომლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მეორე - არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.

35. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, ასევე არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.

36. კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოება, შესაძლებელია ყოფილიყო სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდებოდა აპელანტი და არ გამოცხადდებოდა მისი მოწინააღმდეგე მხარე. ასეთ დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს აპელანტის მოთხოვნას (სსკ-ის 387.2-ე და 230-ე მუხლები). იმ შემთხვევაში კი, როდესაც სასამართლო სხდომაზე არ ცხადდება თავად აპელანტი, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არც მთლიანად საქმეს სამართლებრივი თვალსაზრისით. სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აპელანტის გამოუცხადებლობის გამო და არა საქმის მასალების მიხედვით.

37. ამდენად, კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიაც დაუსაბუთებელია და იგი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მართებულად დატოვა იგი ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. თ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ლ. თ-ს (პ/ნ: 6-) დაუბრუნდეს კ. კი-ს (პ/ნ: 0--) მიერ 2017 წლის 5 ოქტომბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე