კერძო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-1481-2018
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1481-2018 9 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კომპანია „უ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ–ი, ი. ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი. მ–მა და ი. ა–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში კომპანია „უ-ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ მორალური ზიანის – 20 000 ლარისა და მატერიალური ზიანის – 11 000 ლარის, ასევე, სარჩოს სახით 232 500 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 3 ივლისს ქ.თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე „მ–ის“ მარკის ავტობუსით მოძრაობისას თურქეთის მოქალაქე ა. ბ. (შემდგომ – მძღოლი) დაეჯახა ქვეითად მოსიარულე მ. ა–ს (შემდგომ – მარჩენალი), რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 დეკემბრის განაჩენით მძღოლი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და დაუსწრებლად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გარდაცვლილ პირს ჰყავდა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი – მოსარჩელეები. მის ყოველთვიურ შემოსავალს წარმოადგენდა 1500 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გარდაცვლილი პირის ხელფასის ოდენობის მტკიცებისათვის საწარმოდან გაცემული ცნობა საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც დაადასტურებდა ხელფასის სახით 1500 ლარის არსებობას. ამასთან, მოსარჩელემ არაობიექტურად განსაზღვრა კომპენსაციის ოდენობა და არ გაითვალისწინა, რომ ასაღები ხელფასის სრული ოდენობა არ იყო განკუთვნილი არასრულწლოვანი შვილისათვის. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გასწია გარდაცვლილი პირის დასაფლავების, ქელეხის, საფლავის მოწყობისა და სხვა სარიტუალო მომსახურების ხარჯი 11 000 ლარის ოდენობით. ასევე არაგონივრულია მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი 20 000 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის – 11 000 ლარის, სარჩოს სახით – 157 000 ლარის გადახდა, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მხარეს ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 28 ივნისს, 11:00 საათზე საქმის განხილვის შესახებ აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა სასამართლო უწყებით, რომელიც 2018 წლის 6 ივნისს გაეგზავნა და 7 ივნისს ადრესატს ჩაბარდა.

8. სააპელაციო პალატის მიერ დანიშნულ დროს აპელანტი და მისი წარმომადგენელი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 387-ე, 229-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

11. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ აპელანტის წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე საპატიო მიზეზით, რადგან პროცესის დღეს მოულოდნელად დასჭირდა სხვა მარწმუნებლის ინტერესების დაცვა პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით. პროკურატურის შინაგანაწესის თანახმად, წარმომადგენელს ჩამოართვეს მობილური ტელეფონი, რის გამოც აპელანტის წარმომადგენელი ვერ დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და ვერც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ზარებს უპასუხა. ამდენად, არსებობდა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც დადასტურდა კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, სააპელაციო პალატაში საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

14. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

15. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

16. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

17. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს.

18. ამდენად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის უნდა დადგინდეს ყველა წინაპირობის არსებობა, კერძოდ: 1. აპელანტი სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით; 2. მხარის გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ; 3. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 2018 წლის 28 ივნისს, 11:00 საათზე პროცესის დანიშვნის თაობაზე სასამართლო უწყება 2018 წლის 7 ივნისს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს (ტომი 2, ს.ფ 31), რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეზე დართული მინდობილობით (ტომი 1, ს.ფ 107). სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი მხარე და არც რაიმე შუამდგომლობა გამოუცხადებლობის მიზეზის მითითებით ან საქმის განხილვის გადადების შესახებ არ წარუდგენია.

20. კერძო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

21. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

22. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

23. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას.

24. მოცემულ კერძო საჩივარს დაერთო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის მიერ 2018 წლის 19 ივლისს გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 28 ივნისს 11:27 საათიდან 13:10 საათამდე, 16:16 საათიდან 17:30 საათამდე პერიოდში აპელანტის წარმომადგენელი ესწრებოდა საგამოძიებო მოქმედებას – მოწმის გამოკითხვას.

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ აღნიშნული მტკიცებულებით დადასტურდა აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, რის გამოც ადვოკატი ობიექტურად მოკლებული იყო საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობას. რაც შეეხება უშუალოდ აპელანტს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში აპელანტი კომპანიის მისამართიდან დასტურდება, რომ იგი მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. საქმეში წარმოდგენილია მინდობილობა მხოლოდ ერთი ადვოკატისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, შესაბამისად, არც უშუალოდ აპელანტს შეეძლო დანიშნულ დროს სასამართლოში გამოცხადება.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კომპანია „უ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმის ხელახლა განსახილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე