დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 22.11.2018
საქმის ნომერი
ას-1205-2018
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1205-2018 22 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – მ. ხ-ი, ა. ქ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. და მ. თ-ეები (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ. და გ. თ-ეებმა (შემდგომში _ პირველი და მეორე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ხ-ისა და ა. ქ–ის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, აპელანტები, კასატორები) მიმართ, და მოითხოვეს პირველი მოპასუხისთვის, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრისა (ს/კ #0--...) და მეორე მოპასუხის, როგორც ქონების მფლობელისათვის, ქ.თბილისში, ა-ის დასახლებაში XIII ქ#1ა-ში მოწყობილი ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირების აკრძალვა და მოსარჩელეებისათვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მეზობლად განთავსებულია ავტოსამრეცხაო, ქიმწმენდა და მაღაზია, რომლებიც ეკუთვნის პირველ მოპასუხეს და იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სამრეცხაო გადაცემული აქვს მეორე მოპასუხისათვის სარგებლობაში. ავტომობილების რეცხვისას ავტოსამრეცხაოდან ისმის შემაწუხებელი ხმაური, რომელიც აღემატება დასაშვებ ნორმას, რის გამოც ირღვევა მათი, როგორც მესაკუთრეების უფლებები.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ შენობასა და სადავო სამრეცხაოს შორის არის საკმარისი დაშორება, ამასთან, მოსარჩელეთა კორპუსი გამოირჩევა ხალხმრავლობით, მის წინ გადის გადატვირთული სამანქანე გზა და განლაგებულია არა ერთი სავაჭრო ობიექტი. ავტოსამრეცხაო მთელი დღის განმავლობაში არ არის დატვირთული იმ მიზეზით, რომ ახალი გახსნილია და არ ჰყავს ბევრი მომხმარებელი, დღის განმავლობაში ირეცხება 15-20 მანქანა და თითოეულს ესაჭიროება მაქსიმუმ 10 წუთი, ხმაური გრძელდება 2-3 საათის განმავლობაში, გარდა ამისა, სამრეცხაო საერთოდ არ მუშაობს წვიმიან დღეებში. მოსარჩელეები ვერ ამტკიცებენ იმ ფაქტს, რომ სადავო სამრეცხაოს ექსპლუატაციით გამოწვეული ხმაური არღვევს დასაშვებ ფარგლებს, გარდა ამისა, მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო ავტოსამრეცხაოს მშენებლობის დაწყების შესახებ და მათ პრეტენზია არ განუცხადებით, ხოლო მშენებლობაზე გაწეულ იქნა საკმაოდ სოლიდური ხარჯი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების/ დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს აეკრძალათ სადავო ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირება და აღიკვეთა მოსარჩელეთა მიერ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა;

3.2. ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრათ ექსპერტიზის ხარჯის _ 101 ლარისა და მინდობილობის გაფორმების ხარჯის _ 24 ლარის გადახდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება/დამატებითი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. ქ.თბილისში, კ-ის ქ#18-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #0-...) თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელეების სახელზე;

1.2.2. ქ.თბილისში, ა-ის დასახლება, XIII ქუჩა #1ა-ში (ს/კ #0--...) მდებარე 180 კვ.მ უძრავი ნივთი პირველი მოპასუხის საკუთრებაა, რომელიც (ავტოსამრეცხაო, ქიმწმენდა), 2016 წლის 5 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცა მეორე მოპასუხეს და რომელმაც გახსნა ავტოსამრეცხაო;

1.2.3. პირველი მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებისას მომდინარე ზემოქმედება არსებითია და დაუშვებლად ხელყოფს მოსარჩელეების მიერ საკუთრებით სარგებლობის უფლებას („საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22.1 მუხლი: საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ხარისხობრივ ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება), რომლებიც მოიცავს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მავნე ზემოქმედების ნორმებს; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 01.06.2016წ. და 04.05.2017წ. წერილების თანახმად, ლაბორატორიულ -ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით, ხმაურის დონე მოსარჩელეების საცხოვრებელ ბინაში აღემატება სანიტარული ნორმებით სნ 2.2.4/2.1.9.000 -00- „ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიებზე“ გათვალისწინებულ ნორმატივს (დღის საათებში - 40 დბ, ღამის საათებში - 30 დბ). რაც შეეება მოსარჩელეთა ბინაში არსებულ ხმაურის დონეს, 01.06.2016წ. წერილის თანახმად, შეადგენს 50 დბ-ს, ხოლო 4 მაისის წერილით _ 46 დბ-ს; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 17.05.2017წ. წერილში აღნიშნულია, რომ სადავო ობიექტზე არსებული ორი ერთეული „კერხერის“ აგრეგატის მუშაობისას ხმაურის დონის განსაზღვრის მიზნით, ჩატარდა შესაბამისი გაზომვა, დეპარტამენტში ი/მ „ა. ქ–ის“ მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება. რაც შეეხება შესაბამის გაზომვას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2017 წლის 12 აპრილის აქტის შესაბამისად, ობიექტის მიმდებარედ უახლოეს მოსახლესთან (კ-ის N18) ხმაურის დონე (ფონური) შეადგენდა 51.3 დბ-ს, ხოლო ყველა აგრეგატის ჩართვის დროს კი - 72.9 დბ-ს. პირველ მოპასუხეს მიეთითა, რომ საქმიანობაში უნდა დაიცვას სანიტარული ნორმები, ობიექტის ფუნქციონირება არ უნდა აუარესებდეს მოსახლეობის ცხოვრების, დასვენებისა და შრომის პირობებს; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.05.2017წ. #002701917 დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, კ-ის ქ#18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს არსებული ავტოსამრეცხაოდან მომდინარე, ერთი ავტომობილის გარეცხვისას გამოწვეული ხმაურის დონე ქ.თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, კ-ის ქ#18, ბინა №4-თან მიმართებაში 9.2 დეციბელით (მეტობით) აჭარბებს 07:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე პერიოდისთვის დადგენილ სანიტარული ნორმებით განსაზღვრულ ხმაურის დასაშვებ ნორმებს). მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მათ მიერ მითითებული გარემოებები (ხმაურის დასაშვები ოდენობით არსებობა).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და განმარტავს, რომ ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170.1 და 172.2 მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს და ამტკიცებდეს რომ:

ა) არის ქონების მესაკუთრე;

ბ) მოპასუხის მხრიდან მომდინარე ზემოქმედება არსებითი ხასიათისაა და დაუშვებლად ხელყოფს მოსარჩელის ინტერესებს.

რაც შეეხება მოპასუხეს მას სარჩელისაგან თავდაცვა შეუძლია იმაზე მითითებით, რომ ხელშეშლა არ იკვეთება ან იგი არსებითი ხასიათის არაა (სკ-ის 175-ე მუხლი).

1.5. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები ფლობენ მეზობელ ნაკვეთებს (სკ-ის 174-ე მუხლი); მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ პირველი მოპასუხის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის ექსპლუატაცია დაუშვებლად ხელყოფს მოსარჩელეთა ინტერესებს (სკ-ის 176-ე მუხლი), ამ მტკიცებულებათა საპირწონედ, მათი გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოპასუხეებს არ წარუდგენიათ სასამართლოსათვის, არამედ, შემოიფარგლებიან მხოლოდ საქმეში არსებული დასკვნების კრიტიკით, გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ სამრეცხაოს მშენებლობა შეთანხმებულია ადმინისტრაციულ ორგანოსთან და მშენებლობაზე გაწეულ იქნა საკმაო დანახარჯები. კასატორები, მართალია, არ ეთანხმებიან დამატებითი გადაწყვეტილებით მათთვის დაკისრებულ პროცესის ხარჯებს, თუმცა ამ მხრივ რაიმე პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, თავად დამატებითი გადაწყვეტილების შესწავლით კი ირკვევა, რომ იგი მიღებულია საქმის მასალებზე დაყრდნობით და სწორად ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნებს. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორები ვერ ამტკიცებენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნეგატორული სარჩელის საფუძვლიანობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ე. გ–ის მიერ 03.10.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ხ-ისა და ა. ქ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: მ. ხ-სა (პ/#0-...) და ა. ქ–ს (პ/#4-... სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ე. გ–ის მიერ 03.10.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური