კერძო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-347-2019
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210015777720

საქმე №ას-347-2019 12 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ჩ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. დ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ამხანაგობაში განხორციელებული შენატანის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ზ. დ.–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „ფ.-ის“ (შემდგომ – ამხანაგობა) წევრების ლ. ჩ.-ის (შემდგომ – აპელანტი მოპასუხე), ვ. ჩ.-ის, ო. ო.-ის, ლ. ფ.-ის, მ. ბ.-ის, გ. მ.-ის, ზ. ხ.-ის, თ. კ.-ას, გ. ს.-ს, ნ.-ას, ი. გ.-ის, გ. ც.–ის, მ. თ.-ის, მ. პ.-ის, ი.-ას, დ. გ.-ის, დ. მ.-ის, ნ.-ის (შემდგომ – მოპასუხე წევრები) მიმართ 2012 წლის 27 ივლისის უძრავი ქონების დათმობისა და ამხანაგობის წევრად მიღების, ასევე, 2012 წლის 27 ივლისის შეთანხმების საფუძველზე მოპასუხეებისათვის სოლიდარულად ამხანაგობაში მოსარჩელის მიერ განხორციელებული შენატანის – 127 500 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ 2006 წლის 13 ნოემბრის №3 ხელშეკრულების საფუძველზე იგი გაწევრიანდა ამხანაგობაში. ხელშეკრულებით ამხანაგობაში გაწევრიანების სანაცვლოდ, მას საკუთრების უფლებით უნდა მიეღო 170 კვ.მ. ფართის აშენების სანაცვლოდ ამხანაგობამ ჯამში მიიღო 127500 აშშ დოლარი. ვინაიდან მშენებლობა შეთანხმებულ ვადებში არ დასრულდა, დამატებითი შენატანი მისი მხრიდან არ განხორციელებულა.

3. 2012 წლის 27 ივლისს მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამხანაგობაში მისი მონაწილეობისა და თანხების შეტანის ფაქტიც. დამატებითი შეთანხმებით, იგი დათანხმდა უკვე განხორციელებული შენატანის სანაცვლოდ, მიეღო კონკრეტული ფართი. ამხანაგობის დახმარების მიზნით, ასევე, დათანხმდა იპოთეკით დატვირთული ფართის მიღებაზე იმ პირობით, რომ ამხანაგობის მიერ იპოთეკა გაუქმდებოდა. სამწუხაროდ ამხანაგობის მიერ იგი მეორედაც მოტყუვდა.

4. 2014 წლის 17 ივლისს მოსარჩელემ მიიღო წერილობითი გაფრთხილება იპოთეკარი საზოგადოებისგან, რომელიც მისგან მოითხოვდა ამხანაგობის სესხის –1015606.82 აშშ დოლარის დაფარვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ბინის გაყიდვით. გაირკვა, რომ 2014 წლის 30 ივნისს ბანკს მიმართეს ამხანაგობის წევრებმა, რომ მას ამხანაგობაში თანხა არ შეუტანია და ბანკი უფლებამოსილი იყო, გაეყიდა მისი ბინა. აღნიშნული ქმედებით ამხანაგობის მიმართვაზე ხელისმომწერმა პირებმა სცადეს უკანონოდ მიეთვისებინათ ამხანაგობაში მოსარჩელის მიერ განხორციელებული შენატანი, რითაც მას მიადგა მატერიალური ზიანი. მათ მოსარჩელის ხარჯზე ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული კუთვნილი ფართები გაათავისუფლეს იპოთეკისაგან ისე, რომ არც კი უფიქრიათ მისი კანონიერი ინტერესების დაცვაზე.

5. ამხანაგობის წევრებმა ამ ქმედებით უხეშად დაარღვიეს 2012 წლის 27 ივლისს დადებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება, რომლის თანახმად, მისთვის გადაცემული და გადასაცემი უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით, რომლის გაუქმებისთვის ამხანაგობას უნდა მიეღო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა. ამხანაგობას მოსარჩელისათვის მის მიერ განხორციელებული შენატანი არ დაუბრუნებია.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელისა სასარგებლოდ, 2012 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისრათ 127 500 აშშ დოლარის გადახდა, რაც აპელანტმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით აპელანტი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 5 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა 7 დღის ვადა და დაევალა მისი სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანაზე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი კანონით დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობის ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.

10. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით ირკვევა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება თავად აპელანტ მოპასუხეს ჩაბარდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში პირადად 2018 წლის 14 მაისს.

11. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შევსების 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 15 მაისიდან და მიიჩნია, რომ აღნიშნული საპროცესო ვადა ამოიწურა 2018 წლის 21 მაისს. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2018 წლის 21 მაისის ჩათვლით.

12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც, სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაბარებია და ასეც რომ არ ყოფილიყო, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირისათვის ხარვეზის შესავსებად 7-დღიანი ვადის დადგენა არასწორია. აპელანტმა მოიწონა მისი წარმომადგენლის საპროცესო მოქმედება სააპელაციო საჩივრის წარდგენასთან დაკავშირებით.

15. მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველი სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა, რადგან საქმეში არსებული მინდობილობით დასტურდება წარმომადგენლის უფლებამოსილება სააპელაციო საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონშესაბამისობა.

18. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

19. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

20. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე აპელანტის წარმომადგენელმა. მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია წინამდებარე საქმის პირველი ტომის ს.ფ 209-ზე განთავსებული მინდობილობით, რომლითაც მარწმუნებელმა მას მიანიჭა სასამართლოს ყველა აქტის გასაჩივრებისა და საჩივრის (კერძო საჩივრის) სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში წარდგენის უფლება.

21. სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა 7 დღის ვადა და დაევალა მისი სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანაზე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი კანონით დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობის ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.

22. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტ მოპასუხეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა, თუმცა მან განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი კანონით დადგენილი წესით შედგენილი მინდობილობა ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი სასამართლოს არ წარუდგინა.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას ხარვეზის დადგენისათვის საფუძველი არ გააჩნდა, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქმეში ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელანტმა მოპასუხემ წარადგინა განუსაზღვრელი ვადით წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობა და რწმუნებულს მიანიჭა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება.

24. სააპელაციო პალატის მიერ 2018 წლის 5 მარტის განჩინებით კი სააპელაციო სასამართლომ სწორედ აღნიშნული უფლებამოსილების (საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის შესახებ) დადასტურება მოსთხოვა მხარეს.

25. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატა არასწორად დაეყრდნო მხოლოდ სააპელაციო საჩივარზე დართულ აპელანტი მოპასუხის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემულ მინდობილობას და არ გაითვალისწინა საქმის მასალებში მანამდე წარდგენილი რწმუნებულება, რომლითაც გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება წარმომადგენელს გააჩნდა.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, ამდენად, წარმოდგენილ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ჩ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე