გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ ას-175-164-2017 15 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – მ. მ-ე, ზ. მ-ე, ბ. ვ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ფ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ. მ-ემ, მ. მ-ემ და ბ. ვ-ემ (შემდგომში „მოსარჩელეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ნ-ისა და თ. ფ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეებისათვის 13 347,65 აშშ დოლარის დაკისრება.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
2.1. მ. მ-ე, თ. ფ-ე და თ. დ-ე შეთანხმდნენ, ერთობლივი საქმიანობის დაწყების მიზნით შეეძინათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქ. ..., კ. დასახლებაში მდებარე 5 292 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 768,48 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რის გამოც, სს „ს. ბ.“ დამტკიცდა სესხი 100 000 აშშ დოლარი. სესხი გაფორმდა მ. მ-ის მამის - ზ. მ-ის (შემდგომში „მსესხებელი“) სახელზე და მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი, ქ. ..., ფ. ქ. #...-ში მდებარე სახლი, ასევე, მ. მ-ის სიძის - მ. კ-ის კუთვნილი ქონება, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული მესაკუთრის ვალდებულების გამო. აღებული სესხიდან 8 045 აშშ დოლარით გასტუმრებულ იქნა ამ უკანასკნელის ვალდებულება ბანკის წინაშე და ადრე რეგისტრირებული იპოთეკისაგან გათავისუფლდა ქონება. დამტკიცებული სესხიდან ჯამში ათვისებულ იქნა 80 063,8 აშშ დოლარი, რომლითაც მსესხებელმა 2007 წლის 23 ოქტომბერს აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება (ქ. ..., კ. დასახლებაში მდებარე 5 292 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 768,48 კვ.მ შენობა-ნაგებობა) და საკუთრების უფლებით აღირიცხა მის სახელზე;
2.2. 2008 წლის 29 მარტს გარდაიცვალა მსესხებელი და მისი სამკვიდრო იმავე წლის 6 ოქტომბერს მიიღო მისმა შვილმა, მ. მ-ემ (შემდგომში „მემკვიდრე“). 2008 წლის ნოემბრიდან იგი, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, გავიდა ერთობლივი საქმიანობიდან. შეთანხმების მიხედვით, მამკვიდრებლის მიერ ნასესხები თანხა უნდა დაეფარა თამაზ ფარტენაძეს, რომლის მოთხოვნითაც მემკვიდრემ აუქციონზე შეძენილი ქონება, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლის 25 სექტემბერს გადაუფორმა მოპასუხის, თ. ფ-ის ახლობელს, ნ. ბ-ეს, ხოლო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება 2008 წლის 25 დეკემბერს ჩუქების გზით მემკვიდრემ გადასცა საკუთარ შვილს, ზ. მ-ეს;
2.3. აუქციონზე შეძენილი ქონება ნ. ბ-ემ 2011 წლის 23 თებერვალს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მოპასუხე თ. ფ-ის სიმამრს, ნ. ნ-ეს, ხოლო ამ უკანასკნელმა კი, 2011 წლის 31 მაისს ჩუქების ხელშეკრულებით აღნიშნული ქონება გადასცა შვილს, მ. ნ-ეს (თ. ფ-ის მეუღლე). აუქციონზე ნაყიდი ქონების სხვადასხვა პირისათვის გადაცემა ხორციელდებოდა სასყიდლის გარეშე;
2.4. 2010 წლის დეკემბრამდე აწ გარდაცვლილი მსესხებლის მიერ აღებული ვალი იფარებოდა მისი სახელით, ხოლო 2010 წლის დეკემბრიდან ეს ვალდებულება სრულდებოდა ზ. მ-ის (მ. მ-ის შვილი) სახელით, რომელმაც მიიღო იპოთეკით დატვირთული ქონება და ბანკის მოთხოვნით, მის წინაშე არსებული ვალდებულების შესასრულებლად გააფორმა ახალი სესხის ხელშეკრულება;
2.5. მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აღებული სესხი იფარებოდა, როგორც მოსარჩელეების, ისე მოპასუხეების მიერ. საბოლოოდ, მოპასუხე მხარემ აღარ შეასრულა ფულადი ვალდებულება და დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 13 347,65 აშშ დოლარი;
2.6. მოსარჩელეებმა გადაიხადეს ბანკის წინაშე დარჩენილი დავალიანება, რითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ მოპასუხეები.
3. მოპასუხეებმა სარჩელზე წარადგინეს შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ, მართალია, მ. მ-ე ერთობლივი საქმიანობიდან გავიდა და მისი დავალიანების გადახდა დაეკისრა თ. ფ-ეს, ასევე, მხარეთა შეთანხმებით განხორციელდა აუქციონზე შეძენილი ქონების სხვა პირების საკუთრებაში გადასვლა, თუმცა მოსარჩელე ყურადღებას არ ამახვილებს იმაზე, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. თ. ფ-ეს ეკუთვნოდა ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სახლი, რომელიც სხვა პირის სახელზე იყო აღრიცხული საკუთრების უფლებით, მან ეს ქონება გაასხვისა მესამე პირზე 30 000 ლარად, რაც, იმ დროს არსებული ვალუტის კურსის შესაბამისად, შეადგენდა 18 181 აშშ დოლარს, აღნიშნულით კი სრულად გაისტუმრა დავალიანება.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ფ-ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 13 347 აშშ დოლარის გადახდა; მ. ნ-ის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზ. მ-ისა და ბ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ფ-ეს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 667 აშშ დოლარის გადახდა.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე საქმეზე წარდგენილ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1-2.3 პუნქტები). ამავე დროს, სასამართლოს სხდომებზე თავად მოპასუხე თ. ფ-ის არაერთი განმარტების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ვინაიდან მ. მ-ეს, თ. ფ-ესა და თ. დ-ეს შორის ერთობლივი საქმიანობა შეწყდა, მხარეთა ზეპირი შეთანხმების მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის საწარმოებლად ბანკიდან აღებული სესხის დაფარვის ვალდებულება 2008 წლის ნოემბრიდან მთლიანად მოპასუხე თ. ფ-ემ იკისრა, რის სანაცვლოდაც მან მიიღო აუქციონზე შეძენილი ქონება (ქ. ..., კ. დასახლებაში მდებარე 5 292 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 768,48 კვ.მ შენობა-ნაგებობა) და მისივე სურვილით აღრიცხა მეუღლის, მ. ნ-ის საკუთრებაში (აღნიშნული ქონება დღემდე მ. ნ-ის საკუთრებადაა რეგისტრირებული). ფულადი ვალდებულების შესრულება თ. ფ-ემ იკისრა არა უშუალოდ ბანკის, არამედ მ. მ-ის მიმართ, ვინაიდან მ. მ-ე წარმოადგენდა მსესხებლის, აწ გარდაცვლილი ზ. მ-ის მემკვიდრეს. სასამართლომ დაადგინა, რომ სესხის თანხის დაფარვა ხდებოდა სხვადასხვა პირთა მიერ (თავად მსესხებლის, მისი შვილის ან ახლობლების სახელით), ხოლო თანხის გამომგზავნი იყო თ. ფ-ე.
10. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარდგენილი ი/მ ც-ის აუდიტორული დასკვნით და საბანკო ამონაწერებით დაადგინა, რომ სესხის დაფარვის მიზნით ჯამში გადახდილი იქნა 139 442 აშშ დოლარი. ხოლო 2011 წლის დეკემბრისათვის ბანკის წინაშე დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 30 000 აშშ დოლარს. სასამართლომ ასევე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ვინაიდან 2011 წლის ბოლოდან თ. ფ-ე ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას (ვეღარ იხდიდა თანხებს), მან ხელვაჩაურის რაიონის სოფ. .... მდებარე, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი 30 000 ლარად გაყიდა, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას შეადგენდა 18 182 აშშ დოლარს (1 აშშ დოლარი = 1.65 ლარი). აღნიშნული თანხა გადაეცა მოსარჩელე მ. მ-ეს.
11. სასამართლომ შეაფასა მხარეთა პრეტენზიები - ერთის მხრივ, მოპასუხე თ. ფ-ის მითითება, რომ სოფ. ... არსებული უძრავი ქონების გასხვისებით და აღნიშნული თანხის მ. მ-ისათვის გადაცემით, მან სრულად შეასრულა მ. მ-ის წინაშე არსებული ვალდებულება და, მეორეს მხრივ, მოსარჩელეთა განცხადება, რომ მოპასუხის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას, 30 000 აშშ დოლარს გამოაკლდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის თანხა, 12 500 აშშ დოლარი და დამატებით, თ. ფ-ის მიერ გადახდილი 4 747 აშშ დოლარი.
12. აღნიშნული გარემოებების შესწავლის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მოცემულ საქმეზე პირველ ინსტანციაში მოწმის სახით დაკითხულ პირთა, ა. ბ-ისა (რომელმაც თ. ფ-ის დისშვილის, ლ. ჯ-ისაგან შეიძინა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. .. არსებული უძრავი ქონება) და ფ. ტ-ის (ა. ბ-ის მეუღლე) ჩვენებები. ა. ბ-ის განმარტებით, თანხის სესხებაზე იყო საუბარი, ბანკში შესატანი თანხის სესხებაზე მას თ. ფ-ესთან შეთანხმებით დაუკავშირდა მ. მ-ე, რომელმაც უთხრა, რომ გადასახდელი იყო თანხა ბანკში, მან ასესხა 12500 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც გადაუფორმეს სოფ. ... არსებული სახლი გარანტიის სახით. რადგან ეს თანხა ვეღარ დაუბრუნეს, .. სახლი დღემდე მის სახელზე რჩება. მ. მ-ე მისი თანდასწრებით სკაიპით ესაუბა თ. ფ-ეს, რომელმაც ითხოვა დახმარება. ამბობდა, რომ აქამდე პირი არ შეურცხვენია, თანხები პირნათლად შეჰქონდა ბანკში და ამ ვალსაც უპრობლემოდ გაისტუმრებდა, ჰქონდა გასაყიდი მიწის ნაკვეთი და შეჰპირდა, რომ ამ მიწის ნაკვეთის გაყიდვის შემდეგ გადაუხდიდა თანხას, თუ არადა სახლს (რომელიც სოფ. .. ჰქონდა) გადაუფორმებდა და ასეც მოხდა, სახლი გადაუფორმეს და მეორე დღესვე მ. მ-ეს მან მისცა ბანკში შესატანი თანხა, საერთო ჯამში 12 500 აშშ დოლარი. სახლი აღირიცხა მეუღლის, ფ. ტ-ის სახელზე.
13. მოწმის სახით დაკითხული ფ. ტ-ის განმარტებით, მის ქმარს მ. მ-ის სესხი შეჰქონდა ბანკში, სულ შეიტანა 12500 აშშ დოლარი, ნდობის სახით გადმოუფორმეს ... სახლი. ვინაიდან გადახდილი თანხა უკან ვერ დაუბრუნეს, სახლი დღემდე მის სახელზე ირიცხება.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, მოსარჩელეები მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სოფ. ... მდებარე უძრავი ქონება გაიყიდა 12 500 აშშ დოლარად, რომელიც უნდა გამოკლებოდა მ. მ-ის მიერ დასაფარი სესხის თანხას, თუმცა სასამართლომ საქმეში არსებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ვინაიდან ხელშეკრულებაში ქონების ნასყიდობის თანხად მითითებულია 30 000 ლარი, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 18 182 აშშ დოლარს, სწორედ აღნიშნული თანხით შემცირდა მ. მ-ის მიმართ თ. ფარტენაძის დავალიანება და შესაბამისად, მ. მ-ს დარჩენილმა ვალდებულებამ ბანკის წინაშე შეადგინა 11 818 აშშ დოლარი (30 000 აშშ დოლარს - 18 182 აშშ დოლარი = 11 818 აშშ დოლარს). ამასთან, სასამართლომ თავად მოსარჩელე მ. მ-ის განმარტების საფუძველზე დაადგინა, რომ სოფ. ... მდებარე სახლის გაყიდვის შემდგომ თ. ფ-ემ მ. მ-ეს გაუგზავნა 4 747 აშშ დოლარი, შესაბამისად, საერთო ჯამში მოპასუხის მიერ დასაფარი დავალიანება შესადგენდა 7 767 აშშ დოლარს (11818 აშშ დოლარს - 474 აშშ დოლარი = 7 667 აშშ დოლარს).
15. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 940-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ერთობლივი საქმიანობისათვის შეძენილი ქონების მესაკუთრე გახდა თ. ფ-ე, რომელსაც უნდა დაეფარა ამ ქონების მთლიანი ღირებულება (რა ოდენობის ვალიც მ. მ-ეს ბანკის მიმართ ჰქონდა), ხოლო თ. ფ-ემ ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სოფ. .. მდებარე უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული თანხით (მიუხედავად იმისა, თუ რა ფასად გასხვისდებოდა ქონება) იგი სრულად ფარავდა მ. მ-ის წინაშე არსებულ დავალიანებას (რაც მას რჩებოდა ბანკის მიმართ), მოპასუხეს მოსარჩელე მ. მ-ის მიმართ უნდა დაკისრებოდა 7 667 აშშ დოლარის გადახდა (30 000 აშშ დოლარს - 18 182 აშშ დოლარი - 4 747 აშშ დოლარი = 7 667 აშშ დოლარი).
16. რაც შეეხება მოსარჩელეებს, ბ. ვ-ეს და ზ. მ-ეს (მ. მ-ის შვილს), სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ისინი არ წარმოადგენდნენ ერთობლივი საქმიანობის მონაწილეებს, მათ წინაშე თ. ფ-ეს არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა, შესაბამისად, არ არსებობდა წარდგენილი სარჩელის მათ სასარგებლოდ დაკმაყოფილების საფუძველი.
17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
18. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
18.1. საპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოფ. ... მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან მოსარჩელეებმა მიიღეს 18 181 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც მოწმეთა ჩვენებები უტყუარად ადასტურებენ, რომ ქონება გაიყიდა არა 18 181, დოლარად, არამედ 12 500 აშშ დოლარად. სასამართლო არ ასაბუთებს, თუ რატომ არ გაიზიარა აღნიშნული ჩვენებები და მოსარჩელეთა განმარტებები ამ საკითხზე. ამასთან, სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოებაც, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის თანხა, 30 000 აშშ ლარი ჩაწერილი იქნა თავად თ. ფ-ის მითითებით.
18.2. სასამართლომ, მართალია, დაადგინა, რომ მოსარჩელეები ზ. მ-ე და ბ. ვ-ე წარმოადგენდნენ მ. მ-ის ოჯახის წევრებს, თუმცა თ. ფ-ე უსაფუძვლოდ არ მიიჩნია მათ მიმართ პასუხისმგებელ პირად მაშინ, როდესაც თ. ფ-ემ პასუხისმგებლობა აიღო არა მხოლოდ მურად მსახურაძის, არამედ ზ. მ-ისა და ბ. ვ-ის მიმართაც, მითუმეტეს, რომ ბოლოს დარჩენილი სესხის თანხა დაფარული აქვს მთლიანად ზ. მ-ესა და ბ. ვ-ეს;
18.3. სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა სახელმწიფო ბაჟის თანხა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ნაცვლად 1 198,19 ლარისა დააკისრა 599.34 ლარი. კერძოდ, მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ მოპასუხისათვის 13 347,65 ლარის დაკისრებას, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა ნაწილობრივ 57,44 %-ით - ნაცვლად მოთხოვნილი 13 347,65 აშშ დოლარისა მოპასუხეს დააკისრა 7667 აშშ დოლარის გადახდა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2086 ლარიდან მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 1 198,19 ლარის გადახდა;
18.4. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით მ. მ-ის, ზ. მ-ისა და ბ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც თ. ფ-ეს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 599.34 ლარის გადახდა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცნობილ იქნა დასაშვებად, ხოლო გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, სასამართლო ხარჯების მხარისათვის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ საკასაციო პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეხება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
23. მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
24. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ მოპასუხეთათვის თანხის, 13 347 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ფ-ეს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 667 აშშ დოლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ იმსჯელა მხარეთა შორის პროცესის ხარჯების განაწილების თაობაზეც და სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 599.34 ლარის გადახდა.
25. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა პროცესის ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი) და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა იმაზე ნაკლები თანხა, ვიდრე მას დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად ეკუთვნოდა.
26. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ - სარჩელით მოთხოვნილი თანხის, 13 347 აშშ დოლარის ნაცვლად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 7 667 აშშ დოლარი, ანუ სარჩელი დაკმაყოფილდა 57,44 %-ით.
27. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 824 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19), ხოლო სააპელაციო საჩივარზე 1262,38 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 149), საერთო ჯამში 2086,38 ლარი.
28. ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა 57,44 %-ით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის შესაბამისად სასამართლოს წაგებული მხარისათვის (მოპასუხისათვის) მოგებული მხარის (მოსარჩელის) სასარგებლოდ უნდა დაეკისრებინა მის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (57,44 %-ის გათვალისწინებით), რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 1 198,41 ლარს (2086,38-ის 57,44% = 1198,41). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ მოპასუხისათვის 599.34 ლარის დაკისრების თაობაზე გამოტანილია კანონის დარღვევით.
29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
30. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, რის გამოც, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც თ. ფ-ეს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 599.34 ლარის გადახდა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ და ახალი გადაწყვეტილებით თ. ფ-ეს მ. მ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 198.41 ლარის გადახდა მ. მ-ის, ზ. მ-ისა და ბ. ვ-ის მიერ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ. მ-ის, ზ. მ-ისა და ბ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც თ. ფ-ეს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 599.34 ლარის გადახდა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. ფ-ეს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1198.41 ლარის გადახდა მ. მ-ის, ზ. მ-ისა და ბ. ვ-ის მიერ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ;
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დანარჩენი პუნქტები დარჩეს ძალაში;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე