დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 31.07.2018
საქმის ნომერი
ას-730-730-2018
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-730-730-2018 31 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზურაბ გედენიძე (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ზ. გ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ხ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, დ. ჭ. ქ. N.../გ. ქ. N...-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდებით: 01.15.05.071.002.... და 01.15.05.071.002....) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

2.1. 2016 წლის 18 ნოემბერს მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ. თბილისში, დ. ჭ. ქ. N../გერგეთის ქ. N...-ში მდებარე ორი უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით 01.15.05.071.... და საკადასტრო კოდით 01.15.05.071.002...) (შემდგომში „სადავო უძრავი ქონება“);

2.2. ორივე ქონებას უკანონოდ ფლობს მოპასუხე და მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას, რის გამოც მოსარჩელე თავისი საკუთრებით ვერ სარგებლობს.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:

3.1. ის არ ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას;

3.2. მოსარჩელის საკუთრება მდებარეობს მოპასუხის ფართის ზემოთ - სხვენში. მოპასუხე შენობის მე-4 სართულზე ცხოვრობს და ქონების მხოლოდ ნაწილი აქვს რეგისტრირებული, ნაწილს კი ფაქტობრივად ფლობს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს.“ ჩაბმული იქნა საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს.“ თავმჯდომარეს სარჩელზე წერილობითი მოსაზრება არ წარუდგენია და სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. მან წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭა მოპასუხის წარმომადგენელს.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა ქ. თბილისში, დ. ჭ. ქ. N.../გ. ქ. N...-ში მდებარე 107 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (სხვენსართული) N27ა - (საკადასტრო კოდი: 01.15.05.071.002...) და 73 კვ.მ დამხმარე სათავსოს (სხვენი) - N27ბ (საკადასტრო კოდით 01.15.05.071.002...) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და აღნიშნული უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. ქ. თბილისში, დ. ჭ. ქ. N../გ. ქ. N...-ში მდებარე უძრავი ქონება - 73 კვ.მ დამხმარე სათავსო (სხვენი) საკადასტრო კოდით 01.15.05.071.002... და 107 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (სხვენსართული) საკადასტრო კოდით 01.15.05.071.002... რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად;

9.2. აღნიშნული უძრავი ნივთები ფაქტობრივად გამიჯნული არ არის და ერთიან ფართს წარმოადგენს;

9.3. მოპასუხე და ნ. გ-ე (შემდგომში - „მოპასუხის მეუღლე“) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან;

9.4. მოპასუხე ქ. თბილისში, დ. ჭ. ქ. N../გ. ქ. N..-ში სახლის მეოთხე სართულზე მდებარე ფართს მეუღლესთან ერთად ფლობს;

9.5. ქ. თბილისში, დ. ჭ. N.../გ. ქ. N...-ში მდებარე 18,17 კვ.მ (სამზარეულო) უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით 01.15.05.071.002...) მოპასუხის მეუღლის საკუთრებად არის რეგისტრირებული (სართული მითითებული არ არის);

9.6. მთაწმინდის რაიონის გამგეობასთან არსებული არასაცხოვრებელი ფართის გამანაწილებელი კომისიის 1995 წლის 16 მარტის დადგენილებით ქ. თბილისში, დ. ჭ. ქ. N..-ში მცხოვრებ მოპასუხის მეუღლეს ბინის თავზე არსებული 63 კვ.მ ფართის სხვენი დამხმარე სათავსოდ გადაეცა;

9.7. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2001 წლის 30 მაისის N64 §10 დადგენილებით მოპასუხის მეუღლეს ნება დაერთო იმავე მოცულობით შეეცვალა მის სახელზე პრივატიზებული სხვენი შემდგომში მასში მანსარდის მოსაწყობად;

9.8. არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის 2003 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის მეუღლეს ქ. თბილისში, დ. ჭ. N...-ში სხვენში მდებარე 107 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ გადაეცა;

9.9. საჯარო რეესტრის 2004 წლის 20 სექტემბრის ამონაწერის მიხედვით ქ. თბილისში, დ. ჭ. N...-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი/სხვენი წილობრივი მონაცემებით - 107 მოპასუხის მეუღლის სახელზეა აღრიცხული;

9.10. საჯარო რეესტრის 2005 წლის 10 ივნისის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, დ. ჭ. N..-ში მდებარე დამხმარე სათავსო/სხვენი, წილობრივი მონაცემებით - 73, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხის მეუღლის სახელზე;

9.11. სადავო მისამართზე მდებარე სახლი სამსართულიანია, მასზე დაშენებულია მე-4 სართული, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია როგორც სხვენსართული (სხვენი);

9.12. ქ. თბილისში, დ. ჭ. ქ. N.../გ. ქ. N...-ში მდებარე 107 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი/სხვენი 2009 წლის 29 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა. აღნიშნული უძრავი ქონება არაერთგზის დაიტვირთა იპოთეკით. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 8 აპრილის NA15070863 - 021/001 განკარგულებით კი იგი ქ. შ-ას საკუთრებად დარეგისტრირდა. ქ. შ-ასა და მოსარჩელეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება მოსარჩელემ მოიპოვა;

9.13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. შ-ას საკუთრებაში არსებულ (შემდგომში „მოსარჩელის საკუთრება“) უნომრო არასაცხოვრებელ ფართს სხვენზე (ს/კ 01.15.05.071.002...) მიენიჭა ნომერი 27ა;

9.14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უნომრო დამხმარე სათავსოს (სხვენი) (ს/კ 01.15.05.071.002....) მიენიჭა ნომერი 27ბ.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფართები, რომელთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემასაც ითხოვდა მოსარჩელე, იდენტური იყო მოპასუხის მიერ არამართლზომიერად დაკავებული ფართებისა. სასამართლომ მიუთითა 2000 წლის 31 ოქტომბრისა და 2003 წლის 10 დეკემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებებზე, რომელთა საფუძველზე, სადავო მისამართზე მდებარე 107 კვ.მ და 73 კვ.მ ფართები საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხის მეუღლის სახელზე. პრივატიზაციის ხელშეკრულებებში მიეთითა, რომ არასაცხოვრებელი ფართი არის მთლიანი საცხოვრებელი ფართის ნაწილი, რომელიც სამსართულიანი სახლის სხვენზე მდებარეობს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სადავო ბინა სამსართულიანი იყო და სხვენსართულად (სხვენად) სწორედ მასზე დაშენებული მე-4 სართული მოიაზრებოდა.

11. იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე და მოპასუხე იდენტურ უძრავ ქონებაზე დავობდნენ, ადასტურებდა 2009 წლის 29 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 107 კვ.მ ფართის მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირებაც. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 8 აპრილის განკარგულებით აღნიშნული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით - 01.15.05.071.002....) საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. შ-ას. საჯარო რეესტრის 2016 წლის 14 ივნისის ამონაწერში ქონების საკადასტრო კოდად მითითებულია ცვლილებების შემდგომი კოდი - 01.15.05.071.002..... ამასთან, ქ. შ-ასა და მოსარჩელეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მითითებულ ქონებაზე საკუთრების უფლება მოსარჩელემ მოიპოვა. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ქ. შ-ასაგან სწორედ წარსულში მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება შეიძინა. ამ მოსაზრებას ამყარებდა ისიც, რომ ორივე უძრავ ქონებაზე იდენტური იპოთეკის უფლებებია რეგისტრირებული (იპოთეკის ხელშეკრულების ნომრები: N150246.., N14111...).

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იპოთეკის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუძლებელია, თუ ქონება, რომელიც იპოთეკის უფლებით უნდა დაიტვირთოს, საჯარო რეესტრში აღრიცხული არ არის. შესაბამისად, მოპასუხე ვერ შეძლებდა საჯარო რეესტრში იპოთეკის უფლებით დაეტვირთა დაურეგისტრირებელი სხვენი, რომელიც მე-4 სართულის ზემოთ მდებარეობს. აღნიშნული გარემოება კი ამყარებდა იმ მოსაზრებას, რომ მოპასუხემ იპოთეკის უფლებით დატვირთა და შემდგომ მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოიპოვა სწორედ იმ უძრავ ქონებაზე, რომელსაც ამჟამად მოპასუხე ფლობს.

13. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ ამონაწერებზე ინტერნეტ-აუქციონიდან, სადაც მითითებულია შემდეგი: „სარეალიზაციო ქონება მდებარეობს მისამართზე ქ. თბილისი, ჭ. ქუჩა N.../გ. ქუჩა N... და წარმოადგენს სამსართულიან სახლზე არსებულ დაშენებას საცხოვრებელი ბინის შესასვლელი რკინის კარით. აღნიშნული ბინა საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს - სხვენს საერთო ფართით 107 კვ.მ, რომელიც გაერთიანებულია მომიჯნავე ფართთან და ფაქტობრივად გამიჯნული არ არის“. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ ვებ-გვერდზე არსებული უძრავი ქონების სურათები ემთხვევა მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილი სურათების ნაწილს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარეობს მე-4 სართულის ზემოთ სხვენში და არა მე-4 სართულზე. შესაბამისად, დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ გამოთხოვილი 107 კვ.მ უძრავი ქონება (ს/კ 01.15.05.071.002....) იდენტურია იმ ქონებისა, რომელიც მოპასუხეს აქვს დაკავებული.

15. რაც შეეხება სადავო მისამართზე მდებარე, მეორე - 73 კვ.მ ქონებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: 2015 წლის 29 ივლისის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის მიხედვით, მოპასუხის სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო მის სახელზე რიცხულ 73 კვ.მ (ს/კ 01.15.05.071.002..., ცვლილების შემდეგ ამ უძრავი ქონების საკადასტრო კოდად განისაზღვრა 01.15.05.071.002....) უძრავ ქონებას. 2016 წლის 18 აგვისტოს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით კი გადაწყდა დაყადაღებული ქონების რეალიზაცია და აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაიმართა ელექტრონული საჯარო აუქციონი. აუქციონზე მიეთითა შემდეგი: „სარეალიზაციო ფართზე რეგისტრირებულია გარდამავალი უფლება - იპოთეკა (2014 წლის 9 ოქტომბრის #141114... სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება). სარეალიზაციოდ წარმოდგენილია საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ. თბილისი, დ. ჭ. ქუჩა N.../გ. ქ. N..., ს/კ 01.15.05.071.002..... ფართი განთავსებულია ე.წ „იტალიურ ეზოში“ სამსართულიანი საცხოვრებელი შენობის მეოთხე დაშენებულ სართულზე... საჯარო რეესტრის ამონაწერში ფართი დარეგისტრირებულია, როგორც დამხმარე სათავსი (სხვენი), ხოლო რეალურად წარმოადგენს დაშენებულ, 73 კვ.მ საცხოვრებელ ფართს...“ აუქციონის მეშვეობით აღნიშნული ფართი შეიძინა მოსარჩელემ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იპოთეკის უფლება, რომელიც აქცესორულია და გადაჰყვა შეძენილ ქონებას, იდენტურია იმ სანივთო უფლებისა, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სარეალიზაციო ქონებაზე იყო მითითებული. კერძოდ, ორივე მათგანი N141114... იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზეა წარმოშობილი. ამასთანავე, აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოტანილი და სარეალიზაციოდ მიქცეული ქონების სურათები ემთხვევა თავად მოპასუხის მიერ წარდგენილი ფოტოსურათების ნაწილს. აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავდა მოპასუხის მოსაზრების მართებულობას, რომ სადავო ქონება მდებარეობს მე-4 სართულის ზემოთ, სხვენში.

16. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობასა და ხელშეშლაზე მიუთითებდა, მოპასუხეს ევალებოდა ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სარჩელში მითითებულ გარემოებებს გააქარწყლებდა. ამასთანავე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მის მიერვე მითითებული გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ქონება და მოპასუხის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ქონება სხვადასხვა იყო.

17. სააპელაციო პალატამ საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე დაადგინა, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც მის მიერ სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტს ან მოთხოვნილი ქონებისა და ფაქტობრივად დაკავებული ქონების იდენტურობას გამორიცხავდა. ამასთან, მხარეთა შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობაც, რომლითაც შეიძლებოდა შეზღუდულიყო მოსარჩელე (მესაკუთრე) მოპასუხესთან მიმართებაში.

18. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-ე და 168-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების პირველი ნაწილებით და დაასკვნა, რომ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი შემადგენლობა.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

20. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

19.1. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანების მეხუთე თავით განსაზღვრული წესით დადგენილი არ არის მოსარჩელის უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობა, უცნობია შესაბამის მისამართზე მდებარე 14 შენობა-ნაგებობიდან უშუალოდ რომელი შენობის ბოლო სართულის თავზეა განლაგებული მოსარჩელის სხვენები;

19.2. იმისათვის, რომ საჯარო რეესტრით დადგინდეს უძრავი ქონების ადგილმდებარეობა ე.წ. „იტალიურ ეზოში“, კანონმდებლობის თანახმად, პირველ ეტაპად, საჭიროა ბმა-ს ოქმი, სადაც მითითებული იქნება ამ უძრავი ქონების ზუსტი ადგილი. თავის მხრივ, ეს ოქმი უნდა ეფუძნებოდეს ადმინისტრაციული (ან კერძო სამართლის იურიდიული პირის) ორგანოს მიერ გამოცემულ/დამოწმებულ დოკუმენტ(ებ)ს. მაგალითად: აღსრულების ბიუროს მიერ შედგენილი ფაქტის კონსტატაციის ოქმი, საინჟინრო საწარმოს მიერ შედგენილი საკადასტრო/აზომვითი ნახაზი, ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ.;

19.3. ბმა-ს ოქმი არ არის საჭირო თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენის/ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება. მაგრამ ნებისმიერი ზემოთ მითითებული დოკუმენტი წარმოადგენს მხოლოდ საფუძველს უძრავი ქონების დასადგენად და მათ არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნიათ, ვიდრე რეგისტრაციაში არ გატარდებიან საჯარო რეესტრში, რადგან უძრავი ქონების ადგილმდებარეობა შეიძლება დადგინდეს მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით, მაგრამ მიუხედავად ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის არარსებობისა, მოსამართლემ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის სხვენების ადგილმდებარეობა;

19.4. კანონმდებლობით მკაცრად არის გაწერილი, რომ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია უფლება განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ მის კომპეტენციაში შემავალი საკითხის თაობაზე. კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია გაწერილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-147 მუხლში, სადაც არ წერია, რომ კერძო აღმასრულებლის კომპეტენციას განეკუთვნება უძრავი ქონების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა. ხსენებული მხოლოდ საჯარო რეესტრის კომპეტენციას განეკუთვნება. ხოლო თუ აღმასრულებელი, კანონის დარღვევით, კონკრეტული საქმის წარმოებისას, მაინც დადგენილად მიიჩნევს უძრავი ქონების ადგილმდებარეობის საკითხს, დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობის არსებობა გამორიცხულია, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება ეფუძნება კანონდარღვევას;

19.5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე არის არასაცხოვრებელი ფართების (სხვენების) მესაკუთრე; მოპასუხე არის მისი მეუღლის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი ფართის (ბინის) მფლობელი; საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელის უძრავი ქონების ფლობის ფაქტი; საჯარო რეესტრის 2016 წლის 9 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ სხვენი განლაგებულია მოპასუხის მფლობელობაში არსებული ფართის თავზე და არა თვით ამ ფართში;

19.6. სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მოსარჩელე, რომელიც სხვენების (არასაცხოვრებელი ფართის) მესაკუთრეა, ითხოვს მოპასუხის საცხოვრებელი ფართიდან (ბინიდან) გამოსახლებას. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ერთმანეთთან გაიგივებას კი გამორიცხავს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტები;

19.7. რადგან დავის საგანი იყო უკანონო მფლობელობის შეწყვეტა და არა ქონების ადგილმდებარეობის დადგენა, მოსამართლეს უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და არ უნდა ემსჯელა უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

25. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

26. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

27. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

28. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია ძირითადად ეფუძნება იმას, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოპასუხის მიერ დაკავებული და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ქონების იდენტურობის ფაქტი. კასატორის მოსაზრებით, სადავო ქონება მდებარეობს არა მის მფლობელობაში არსებულ ფართში, არამედ ამ ფართის თავზე.

29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმები იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს - როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს, საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი (შდრ. იხ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11 ნოემბერი, 2013 წელი).

30. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას, უპირველესად, მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტის დადასტურების ვალდებულება, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა და მოპასუხე მისი ნებართვის გარეშე ფლობს ქონებას. აღნიშნული გარემოებების დადგენის შემდეგ კი, მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეს გადაინაცვლებს, რომელმაც საპასუხოდ უნდა ამტკიცოს, რომ სადავო ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლება აქვს. ამგვარი მტკიცების ტვირთის რეალიზებისათვის მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე მითითება საკმარისი ვერ გახდება.

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაშია ქ. თბილისში, დ. ჭ. ქ. N.../გ... ქ. N6-ში მდებარე ორი უძრავი ქონება - 107 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (სხვენსართული) N27ა - (საკადასტრო კოდი: 01.15.05.071.002...) და 73 კვ.მ დამხმარე სათავსო (სხვენი) - N27ბ (საკადასტრო კოდით 01.15.05.071.002....), რაც დასტურდება შესაბამისი ამონაწერით საჯარო რეეტრიდან (რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა). სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მითითებულ ქონებას მოპასუხე უკანონოდ ფლობს. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს - ამონაწერებს საჯარო რეესტრიდან, სადავო ქონებაზე გაფორმებულ პრივატიზაციისა და ნასყიდობის, ასევე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებს (რომელთა უზრუნველსაყოფადაც დაიტვირთა იპოთეკით ეს ქონება), სადავო ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტებს, ამონაწერებს ინტერნეტ-აუქციონებიდან (სადაც დეტალურადაა მითითებული მოპასუხის მიერ დაკავებული ქონების ფაქტობრივი მახასიათებლები), სადავო ქონების ფოტოებს. სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოახდინა სასამართლომ სადავო ფართების იდენტიფიცირება და დაადგინა მათი მოსარჩელისათვის კუთვნილების ფაქტი. საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

33. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

34. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევა კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი არ ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართს და სადავო ფართი მის მიერ დაკავებული ფართის თავზე მდებარეობს. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორი მიუთითებს საქმეში არსებულ 2016 წლის 9 ნოემბრის დათვალიერების ოქმზე, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ოქმში ასახული ინფორმაცია ვერ ადასტურებს ზემოაღნიშნულ გარემოებას. კერძოდ, მასში მითითებულია, რომ დათვალიერების ობიექტია ქ. თბილისში, დ. ჭ. N.../გ. ქ. N...-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 01.15.05.071.002...., რომლის თავზე მდებარეობს სხვენი (იხ. ს.ფ 299). დადგენილია, რომ მითითებული საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (18.17 კვ.მ) მოპასუხის მეუღლის საკუთრებაშია და მოპასუხე ფაქტობრივადაც ფლობს მას (იხ. ს.ფ 42). ხოლო ის გარემოება, რომ ამ ქონების თავზე მდებარეობს სხვენი, ვერ აქარწყლებს აღნიშნული სხვენის (მოცემულ შემთხვევაში, სადავო ქონების) არამართლზომიერად დაკავების ფაქტს. წინამდებარე დავაში სწორედ სხვენისა და სხვენსართულის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გათავისუფლებას მოითხოვს მოსარჩელე.

35. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ ვინაიდან დავის საგანი არ იყო ქონების ადგილმდებარეობის დადგენა, სასამართლოს საერთოდ არ უნდა ემსჯელა მასზე და უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

36. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დავა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას ეხება, ამ სახის სარჩელის საფუძვლიანობის კვლევა შეუძლებელია სადავო ქონების მესაკუთრის დადგენისა და, ზოგადად, აღნიშნული ქონების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძველი გამოეცლებოდა ვინდიკაციური სარჩელის არსს.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია მოპასუხის მიერ არამართლზომიერად დაკავებული და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართების იდენტურობა, ხოლო კასატორმა სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, ვერ დაასაბუთა სადავო ფართების მართლზომიერად ფლობის ფაქტი, ასევე ის ფაქტი, რომ მის მიერ დაკავებული და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება სხვადასხვაა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს სადავო ქონებაზე მოპასუხის უკანონო მფლობელობის შეწყვეტა და აღნიშნული ქონების მოსარჩელისათვის გადაცემა.

38. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

39. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ნ. ხ-ს (პ/ნ: 0101702...) დაუბრუნდეს დ. ჩ-ის მიერ (პ/ნ: 010050...) 2018 წლის 21 მაისს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე