არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1185-2019 21 ნოემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ტ. ბოგდანიანის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩნებაზე, საქმეზე – მ. ბ-ის სარჩელის გამო, ბმა „ე.“, ტ. ბ-ის, მ. ხ-ის, ნ. ო-ისა და ზ. გ-ის მიმართ, კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
ტ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:
ტ. ბ-ი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. შუამდგომლობის საფუძლად მხარეს რაიმე გარემოებაზე არ მიუთითებია და არც ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ტატიანა ბოგდანიანის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების სარწმუნოდ განსაზღვრა და ღირებულების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. განჩინებით განემარტა კასატორს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მიზნებისათვის იგი ვალდებული იყო, სარწმუნოდ დაედასტურებინა თანხის გადახდის შეუძლებლობა ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. ამავე პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ტ.ბ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე ასევე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. კასატორს არც განცხადებით მომართვისას წარუდგენია ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი სარწმუნო მტკიცებულებები (საქმის მასალებით არ დგინდებოდა და ვერც მხარემ წარმოადგინა იმგვარი დოკუმენტაცია, რომელთა ანალიზით სასამართლო მივიდოდა დასკვნამდე, რომ მხარეს არ გააჩნდა რაიმე ქონება), შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის კონტექსტში მხარემ ასევე ვერ დაასაბუთა შუამდგომლობა. ამავე განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი საპროცესო ვადა დამატებით 7 დღით საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი მტკიცებულების, არსებობის შემთხვევაში, ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებების, ხოლო, ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენად და კვლავ განემარტა ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის საპროცესო შედეგების შესახებ.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ტ.ბ-მა, წარმოადგინა სახემწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და იშუამდგომლა დარჩენილი 200 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების თაობაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმ საფუძვლით, რომ არის პენსიონერი და აქვს რთული მატერიალური მდგომარეობა. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულებას, მხარემ ამ ნაწილში ხარვეზი არ გამოასწორა და განმარტა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დავა არაქონებრივად მიიჩნიეს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ხსენებულ შუამდგომლობას და კვლავ განუმარტავს მხარეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (სასამართლო ხელმისაწვდომობა) ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლი), თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლოს ხელმისაწვდომობა თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის გარანტირებულ უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპის შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად მიიჩნევიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
როგორც არაერთხელ ითქვა, ის ფაქტი, რომ პირი იღებს სახელმწიფო სუბსიდიას _ პენსიას, მისი ქონებრივი მდგომარეობის განსაზღვრისათვის არ შეიძლება იყოს საკმარისი, ამასთანავე, რომც გავიზიაროთ მხარის შუამდგომლობა, უდავოა, რომ მას საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების ნაწილში არ გამოუსწორებია ხარვეზი, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია როგორც პროცესის ხარჯის ოდენობის, ისე _ გადასავადებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის შესაძლებლობას. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით მხარეს განემარტა საკასაციო საჩივრის საგნის განსაზღვრის წინაპირობები, რომელსაც ვერ შეცვლის ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან გაკეთებული შეფასება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმოს შემაჯამაბელი გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების კანონიერება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ტ.ბ-ის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოსწორებულა სრულყოფილად და მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ხოლო ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
განსახილველ შემთხვევაში, ტ. ბ-ს (პ/#0101700...) უნდა დაუბრუნდეს 2019 წლის 11 ნოემბერს #0 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 48-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. ბ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ნაწილობრივ გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
2. ტ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩნებაზე დარჩეს განუხილველად.
3. ტ. ბ-ს (პ/#01017004...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაუბრუნდეს 2019 წლის 11 ნოემბერს #0 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი 100 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე