დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1058-978-2017 30 აპრილი, 2018 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.წ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ფ.ს–ა (მოსარჩელე), ა.კ–ი (თავდაპირველი მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2009 წლის 1 ოქტომბერს ფ.ს–ასა (შემდეგში - მოპასუხე, გამსესხებელი) და ა.კ–ს (შემდეგში - მსესხებელი, პირველი მოპასუხე) შორის 35000 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება დაიდო. სასესხო ურთიერთობის ვადა სამი თვით, ხოლო ყოველთვიურ სარგებელი სესხის თანხის - 5%-ით განისაზღვრა. ამავდროულად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზეც, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
2. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა სესხის ხელშეკრულების დადების დროს მსესხებლის საკუთრებაში რიცხული - თბილისში, .... მდებარე უძრავი ქონება (ბინა N41). იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მ.წ–ძე (შემდეგში - მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მესაკუთრე).
4. 2011 წლის 13 მაისს გამსესხებელმა მსესხებლის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის - 35 000 აშშ დოლარის, სარგებლის - 3500 აშშ დროლარისა და პირგასამტეხლოს 38500 აშშ დოლარის, 0.5%-ის გადახდა მოითხოვა. მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების მიზნით, მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების (რომელიც სესხის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა) იძულებით რეალიზაციაც მოითხოვა. მოსარჩელის მტკიცებით, მსესხებელმა მხოლოდ ერთი თვის სარგებელი გადაიხადა და ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ არც სესხის ძირითადი თანხა და არც საპროცენტო სარგებელი არ გადაუხდია.
5. პირველმა მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის მოთხოვნის ნაწილში ცნო.
6. განსახილველ დავაზე სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა მეორე მოპასუხემ და განმარტა, რომ მას, როგორც სადავო ქონების მესაკუთრეს, კუთვნილი უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე ნება არ გამოუვლენია. მოპასუხემ სადავოდ გახადა სარჩელის აღძვრის მიმართ მოსარჩელის წარმომადგენლის უფლებამოსილებაც.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხის, 35000 აშშ დოლარის, სარგებლის - 3500 აშშ დოლარისა და 2010 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით - 38500 აშშ დოლარის 0.01%-ის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა. გადაწყვეტილებით მითითებული დავალიანების გადახდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით განისაზღვრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 317-ე, 316-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე,მე-400, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 286-ე და 301-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
7.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული გარემოებები.
7.2. სასამართლომ საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი დაადგინა, რისი გათვალისწინებითაც სასამართლომ დაასკვნა, რომ, მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო დავალიანების გადახდევინება სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მოეთხოვა.
7.3. სასამართლომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და იგი 0.01 %-მდე შეამცირა.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება - პირველი მოპასუხის დავალიანების დაფარვის მიზნით მისი კუთვნილი ქონების რეალიზაციის ნაწილში მოითხოვა. აპელანტმა მისი კუთვნილი ქონების იძულებითი რეალიზაციის განსაზღვრის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება და ამ მოთხოვნის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებით არ უმსჯელია, მოსარჩელე იყო თუ არა კეთილსინდისიერი შემძენი. სასამართლო მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემებს დაეყრდნო და დავაზე არ დაუდგენია იპოთეკარის კეთილსინდისიერების ფაქტი. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე დადასტურდა, რომ მოსარჩელის მინდობილ პირს საერთოდ არ უნახავს იპოთეკის საგანი და თანხაც არ გადაუცია მსესხებლისთვის.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, სარჩელის შეტანაზე მოსარჩელის არაუფლებამოსილების შესახებ, ვინაიდან მის მიერ გაცემული რწმუნებულება, რომლითაც სარჩელის აღძვრისას მოქმედებდა მისი წარმომადგენელი, იყო ნაკლიანი. პალატის განმარტებით, მინდობილობის თანახმად, სარჩელის წარმომდგენ პირს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, სასამართლოში წარმოედგინა მოსარჩელე, თუმცა რწმუნებულება სასამართლოს წარედგინა ასლის სახით, რის გამოც დადგინდა ხარვეზი. მოგვიანებით მხარემ სასამართლოში წარადგინა მინდობილობების ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რის საფუძველზეც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, პალატის შეფასებით, მართებულად მიიჩნია ხარვეზი აღმოფხვრილად. პალატის განსჯით, საქმეში დაცული მინდობილობების შინაარსიდან ცალსახად გამომდინარეობდა მოსარჩელის ნება მისი სახელით სასამართლოში დავა ეწარმოებინათ რწმუნებულ პირებს, რის გათვალისწინებითაც აპელანტის პრეტენზია დაუსაბუთებელი იყო.
9.2. სააპელაციო პალატის შეფასებით, იპოთეკის ხელშეკრულება მიუხედავად მისი სასარჩელო წესით გასაჩივრებისა, ბათილად არ იქნა ცნობილი, რაც შეეხება იპოთეკარის არაკეთილსინდისიერების ფაქტს, იგი საქმის მასალებით არ დადასტურდა. პალატის განმარტებით, არც სააპელაციო საჩივარი შეიცავდა მითითებას, თუ რომელი მტკიცებულებების არასწორმა შეფასებამ გამოიწვია სასამართლოს მიერ არასწორი გარემოებების დადგენა.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კასატორმა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10.1. კასატორი სადავოდ ხდის სარჩელის უფლებამოსილი პირის მიერ აღძვრის ფაქტს. მისი მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლი. კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის განმარტებით, არც მოსარჩელეს და არც მის უფლებამოსილ წარმომადგენელს საქმე არ უწარმოებიათ სასამართლოში. მოსარჩელის წარმომადგენელზე გაცემული მინდობილობები იყო ხარვეზიანი, რომელიც მხოლოდ 2016 წლის 21 მარტის მინდობილობით გამოსწორდა, რაც, მისივე მოსაზრებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 2011 წელს სარჩელის აღძვრის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტად. კასატორის მტკიცებით, სარჩელი აღძრული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ და დავა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა არაუფლებამოსილი პირის სასარჩელო განცხადების საფუძველზე. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, ახალ რწმუნებულებას არ შეიძლება ჰქონდეს უკუქცევითი ძალა. კასატორის განმარტებით, საქმის მასალებში დაცული არცერთი დოკუმენტით არ იკვეთება მოსარჩელის დამოკიდებულება განსახილველი დავის მიმართ.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა, სახელდობრ:
16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
16.1. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს 35000 აშშ დოლარი ასესხა. სასესხო ურთიერთობის ვადად სამი თვე, ყოველთვიურ სარგებლად სესხის თანხის - 5%, ხოლო პირგასამტეხლო - 0.5%-ით განისაზღვრა. ამასთან, სესხის უზრუნველყოფის საშუალებად სესხის ხელშეკრულების დადების დროისთვის პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული ქონება დადგინდა.
16.2. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ პირველმა მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა, რაც მისი მხრიდან სესხის ძირითადი თანხისა და 2 თვის სარგებლის დაკისრების ნაწილში სარჩელის ცნობით დასტურდება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა ლეგიტიმური უფლება, საკუთარი კრედიტორული მოთხოვნა ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული, იპოთეკით დატვირთული ქონებით დაიკმაყოფილოს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ქონების რეალიზაციაზე მოსარჩელის უფლებას უპირისპირდება მეორე მოპასუხის - ქონების ამჟამინდელი მესაკუთრის შესაგებელი, რომელიც არც კრედიტორის მოთხოვნის მოვალეა და არც საკუთარი ქონების იპოთეკით დატვირთვის თაობაზე არ გამოუხატავს ნება. ამდენად, გამოსარკვევია უფლებათა ამგვარი კონკურენციის პირობებში, კანონმდებლობა ვის სამართლებრივ ინტერესს ანიჭებს უპირატესობას.
16.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული საკითხის შეფასებისას, არსებითი მნიშვნელობა აქვს იპოთეკარის სასარგებლოდ უძრავი ქონების დატვირთვის დროს საჯარო რეესტრის ჩანაწერს და თავად იპოთეკარის სუბიექტურ დამოკიდებულებას ჩანაწერის ნამდვილობასთან მიმართებით. შემძენის/იპოთეკარის კეთილსინდისიერების საკითხზე არსებობს მყარად დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილი კლასიკური გაგებით, უკავშირდება რეესტრის ჩანაწერის იმგვარ უზუსტობას, როდესაც შემძენი წინდახედულობის გონივრულ ფარგლებში გამსხვისებლის უფლებას ნამდვილად მიიჩნევს, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს ნორმა აწესრიგებს ქონებაზე რეგისტრირებულ ვალდებულებებსაც, ანუ ამ ნორმათა ანალიზით, შეიძლება, დავასკვნათ, რომ, როდესაც საქმე უძრავი ქონების უფლებრივ მდგომარეობაზეა, შემძენს/იპოთეკარს, თავისი უფლების დასამტკიცებლად, შეუძლია, დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც, სინამდვილეში, არასწორი იყოს რეესტრის მონაცემები, ამ ვითარებას არაარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის არცოდნაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ ელემენტებს და ნორმით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე – რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე დაყრდნობისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, არამედ უტყუარად უნდა ირკვეოდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლება, სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე“ (შდრ. სუსგ №ას-394-373-2013, 20.05.2014წ).
16.4. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს არ მიუთითებია რაიმე გარემოებაზე, რაც უფლების ხარვეზის შესახებ იპოთეკარის ინფორმირებულობას დაადასტურებდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლებრივად გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება მოსარჩელის პრეტენზიას, რომ მსესხებელი არ იყო უფლებამოსილი, განეკარგა ამჟამად კასატორის კუთვნილი სადავო ქონება, მეორე მოპასუხე არ წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეს და მას რაიმე სახის ვალდებულება კრედიტორების მიმართ არ გააჩნია, რადგანაც მოსარჩელე დაეყრდნო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (სუსგ 28.02.2018წ. №ას-1246-1166-2017). ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიაქციეს სადავო ქონება კრედიტორის სასარგებლოდ სარეალიზაციოდ.
17. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზიის არსი ისაა, რომ მოსარჩელე რომელიც მოცემულ დავაზე საქმის წარმოებას რწმუნებულის მეშვეობით ახორციელებდა, არ იყო უფლებამოსილი განსახილველი სარჩელის აღძვრაზე, ვინაიდან წარმომადგენელზე გაცემული მინდობილობა ამგვარ უფლებამოსილებას არ ითვალისწინებდა.
18. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, კასატორის ეს პრეტენზია საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების შემოწმებით შეაფასოს.
18.1. საქმის მასალებში (იხ. ტომი 1, გვ.43-53) დაცულია 2010 წლის 28 სექტემბრით დათარიღებული მინდობილობა, რომლითაც მოსარჩელემ მოქალაქე ი.შ–ს მიანიჭა არაერთი უფლებამოსილება, მათ შორის -საკუთარი ინტერესების სასამართლოში წარმოდგენისა და სარჩელის აღძვრის უფლება (იხ. მინდობილობის მე-7 პუნქტი). მინდობილობა გაცემულია სამი წლის ვადით, გადანდობის უფლებით. 2011 წლის 26 იანვარს ი.შ–მა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადანდობის უფლების ფარგლებში, ამ დავაზე მოსარჩელის წარმომადგენლებს მინდობილობით მიანიჭა მოსარჩელის ინტერესების დაცვა. უფლებამოსილების ამოწურვის ვადად 2013 წლის 28 სექტემბერი განისაზღვრა. მინდობილობები სასამართლოს ასლის სახით წარედგინა, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 მაისის განჩინებით, მოსარჩელეს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მინდობილობის დედნის წარმოდგენა დაევალა. 2011 წლის 13 ივნისს მოსარჩელემ სასამართლოში მინდობილობების სანოტარო წესით დამოწმებული ასლები წარადგინა. შესაბამისად, კასატორის მხრიდან სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის რწმუნებულთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ეჭვქვეშ დაყენება დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. საქმეში შემდგომში დაცულია 2014 წლის 7 ივლისსა და 2016 წლის 21 მარტს გაცემული მინდობილობებიც, რომლებიც ამ დავაზე მოსარჩელის წარმომადგენლებს სასამართლოში მოსარჩელის ინტერესების წარმოდგენის უფლებამოსილებას ანიჭებს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელთა უფლებამოსილების ფარგლები - სასამართლოში მოსარჩელის ინტერესების წარმოდგენასთან დაკავშირებით, სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ ყოფილა შეზღუდული.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ.იხ.სუსგ №ას-394-373-2013, 20.05.2014წ, სუსგ. №ას-736-688-2017, 15.09.2017წ).
20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 5407.15 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ჩ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5407.15 ლარის (საგადახდო დავალება #7, გადახდის თარიღი 26.10.2017) 70% – 3785,005 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.წ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ მ.წ–ძეს (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ჩ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5407.15 ლარის (საგადახდო დავალება #7, გადახდის თარიღი 26.10.2017) 70% – 3785,005 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი