საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-1047-2019
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1047-2019 20 დეკემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ქ.წ–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - უ.ქ–ა

მოწინააღმდეგე მხარეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, კს „შპს ს-პ.ც. და ზ.დ.“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

დავის საგანი - წილის მესაკუთრედ ცნობა, წილის მესაკუთრედ რეგისტრაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ქ.წ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და კს „შპს ს-პ. ც. და ზ.დ–ს“ მიმართ წილის მესაკუთრედ ცნობის და წილის მესაკუთრედ რეგისტრაციის თაობაზე.

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო, ხოლო კს „შპს ს-პ.ც. და ზ.დ–ს“ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე მოსამზადებელი ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2019 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა, უ.ქ–ამ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ აღარ გააჩნდა საკასაციო საჩივრის განხილვის ინტერესი, ვინაიდან მისი მარწმუნებელი (მოსარჩელე) მოპასუხე ორგანიზაციის, კს „შპს ს-პ.ც. და ზ.დ.ს“ 65%-იანი წილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნება.

2019 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოითხოვნა და უარი განაცხადა სარჩელზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და წინამდებარე საქმეზე შეწყდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის თაობაზე, სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

საქმის მასალებში განთავსებულია მოსარჩელის მიერ უ.ქ–ასათვის 2017 წლის 31 იანვარს სამი წლის ვადით გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმად უ.ქ–ას, როგორც ქ.წ–ის წარმომადგენელს უფლება აქვს ნაწილობრივ ან/და მთლიანად უარი თქვას სარჩელზე (იხ. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, ტ. 1, ს.ფ 107-108 ).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უ.ქ–ა უფლებამოსილია ქ.წ–ის სახელით მიმართოს სასამართლოს სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან. თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ.წ–ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ქ.წ–ის მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე სარჩელზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 5000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-273-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ.წ–ის წარმომადგენლის უ.ქ–ას შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე - ქ.წ–ის სარჩელის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და კს „შპს ს-პ. ც. და ზ.დ–ს“ მიმართ წილის მესაკუთრედ ცნობისა და წილის მესაკუთრედ რეგისტრაციის შესახებ;

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;

4. კასატორ ქ.წ–ს (პ/ნ: .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს უ.ქ–ას (პ/ნ: .....) მიერ 2019 წლის 31 ივლისს N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 5000 (ხუთი ათასი) ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე