დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1076-2019 22 ნოემბერი, 2019 წელი,ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "პ.დ–ა" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, სამინისტრო ან შემსყიდველი) და შპს „პ.დ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, სადაზღვევო კომპანია ან მიმწოდებელი (2015 წლის 18 დეკემბრის რეორგანიზაციის შედეგად სადაზღვევო კომპანიის სამართლებრივი ფორმაა სს, ს/ფ 118)) შორის, 2013 წლის 31 დეკემბერს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №467 ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის მიხედვით, დაზღვეული იქნა ხელშეკრულების №1, №2, №3 დანართებით განსაზღვრული სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს სახაზინო სამსახურის, სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ტრანსპორტი, მათ შორის C... სახელმწიფო ნომრით რეგისტრირებული SKODA OQTAVIA (დანართი №1-ით განსაზღვრული). ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 158 590,20 ლარით (ს. ფ. 16-26).
2. ხელშეკრულების მიხედვით, ერთ-ერთ სადაზღვევო რისკად განისაზღვრა ავტოსაგზაო შემთხვევით ავტოტრანსპორტის დაზიანება ან განადგურება. ხელშეკრულების მე-19 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2014 წლის პირველი იანვრიდან და მოქმედებდა 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ვერ მოესწრებოდა ზემოაღნიშნულ ვადაში, ხელშეკრულება იმოქმედებდა მანამ, სანამ არ შესრულდებოდა შესაბამისი ვალდებულებები.
3. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი აანაზღაურებდა რეალური ზარალის ადეკვატურ თანხას. ამ თანხას გამოაკლდებოდა უკვე ანაზღაურებული თანხები (თუ ასეთი არსებობდა და სადაზღვევო თანხა აღდგენილი არ იქნებოდა), ხოლო ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, მზღვეველის მიერ ანაზღაურებული თანხა არ გადააჭარბებდა ზარალის მომენტისათვის დაზღვეული ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულებას.
4. ხელშეკრულების 8.7 პუნქტის მიხედვით, ავტომობილის განადგურებად ჩაითვლებოდა ზიანი, რომლის დროსაც აღდგენითი შეკეთების ღირებულება, მისი საბაზრო ღირებულების 70%-ს ან მეტს შეადგენდა. სრული განადგურების შემთხვევაში მზღვეველი №1, №2, №3 დანართებით განსაზღვრულ სადაზღვევო ანაზღაურებას გასცემდა, დამზღვევის მიერ ავტოტრანსპორტის მზღვეველზე გადმოფორმების შემდეგ, რომელიც მიიმართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, იგივე ოდენობით, რა ოდენობითაც დადგენილია მისი ნარჩენი საბალანსო ღირებულება (მათ შორის არ იანგარიშება ყოველთვიური ცვეთა).
5. მძღოლმა გ.ლ–მა, 2014 წლის 09 ივნისს 00:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ..... ვერ უზრუნველჰყო ავტომანქანის უსაფრთხო გადაადგილება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წესით, რასაც მოჰყვა C... სახელმწიფო ნომრით რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების დაზიანება.
6. სადაზღვევო კომპანიის ოპერატორს, 2014 წლის 9 ივნისს, 09:42:00 საათზე, ეცნობა 2014 წლის 9 ივნისს მომხდარი შემთხვევისა და C.... სახელმწიფო ნომრით რეგისტრირებული დაზღვეული SKODA OQTAVIA ავტომანქანის დაზიანების შესახებ.
7. სამინისტროს, 2014 წლის 11 დეკემბერს, ეცნობა, რომ მიმწოდებელი უარს აცხადებდა ზიანის ანაზღაურებაზე, ვინაიდან სამინისტროს მხრიდან დაირღვა ხელშეკრულების 5.2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომელიც მხარეს ავალდებულებდა, შემთხვევის დადგომისთანავე, შეტყობინების მზღვეველის ცხელ ხაზზე დაფიქსირებას, რაც ამ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
8. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, დამზღვევი ვალდებულია, შემთხვევის დადგომისთანავე განაცხადოს (უფლებამოსილმა მძღოლმა) შემთხვევის ფაქტზე კომპეტენტურ ორგანოებში (შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახანძრო ინსპექცია და სხვა) და მზღვეველის ცხელ ხაზზე (2-185-333), ხოლო არა უგვიანეს 48 საათისა წარუდგინოს მზღვეველის მიერ დადგენილი ფორმით ინფორმაცია (გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც აღნიშნულის გაკეთება შეუძლებელია დამზღვევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ შემთხვევაში მზღვეველისათვის ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია განახორციელოს დამზღვევის წარმომადგენელმა).
9. ხელშეკრულების 15.1 პუნქტის მიხედვით, მზღვეველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში (ხელშეკრულების 5.1 პუნქტი), მზღვეველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ასეთ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,07%.
10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2015 წლის 11 მაისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანებული ავტომანქანის საბაზრო ღირებულება, 2014 წლის ივნისის მდგომარეობით, საორიენტაციოდ 27 900,00 ლარი იყო.
11. შპს „ა–ის“ 2014 წლის 8 ივლისის დეფექტური აქტის თანახმად, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაცვლელი დეტალებისა და შესასრულებელი სამუშაოს ხარჯები 55 385,8 ლარი იყო.
12. სასარჩელო მოთხოვნა
12.1. სამინისტრომ, 2015 წლის 8 ივნისს, სარჩელით მიმართა სასამართლოს და, მოსარჩელის სასარგებლოდ, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების - 55 353,8 ლარის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების ღირებულების 158 590 ლარის - 0,07%), ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა 2014 წლის 11 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ,12.2. სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-11 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს ეფუძნება.
13. მოპასუხის პოზიცია
13.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაზღვევო კომპანიას ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე შემთხვევის დადგომიდან 10 საათის დაგვიანებით ეცნობა, რის გამოც თანხის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.
13.2. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა ავტომობილის საბაზრო ღირებულება 27 900 ლარი და არა შეკეთების ხარჯი; მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაც შეუსაბამოდ მაღალია.
14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 27 900 ლარის ანაზღაურება -და პირგასამტეხლო - - 7 128.45 ლარი დაეკისრა.
14.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-ე, 418-ე, 420-ე, 799-ე, 814-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
15. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
15.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
16.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში ასახული გარემოებები, სსკ-ის 799-ე მუხლის პირველ ნაწილზე მიუთითა და განმარტა, რომ ხელშეკრულების 8.4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, მზღვეველის მიერ ანაზღაურებულმა თანხამ არ უნდა გადააჭარბოს ზარალის მომენტისათვის დაზღვეული ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულებას.
16.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხდარი ფაქტობრივი გარემოება, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი შეკეთების ღირებულება 55 385,8 ლარია, მაშინ როდესაც ამავე ავტომანქანის საბაზრო ღირებულება, 2014 წლის ივნისის მდგომარეობით, 27 900,00 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, დაზიანებული ავტომანქანის აღდგენითი შეკეთების ღირებულება მისი საბაზრო ღირებულების 70%-ზე მეტს შეადგენდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობა, ხელშეკრულების 8.4 და 8.7 პუნქტების შესაბამისად, სრულად გამორიცხავდა აპელანტის შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მიერ უნდა ანაზღაურდეს არა ავტომანქანის საბაზრო ღირებულება, არამედ მისი აღდგენითი შეკეთების ღირებულება (რომელიც ფაქტობრივად ორჯერ აღემატება ავტომანქანის დაზიანებამდე არსებულ საბაზრო ღირებულებას). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზიანის ოდენობა მართებულად განისაზღვრა დაზღვეული ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულებით - 27 900,00 ლარით და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობდა.
16.4. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე, მე-8.3 მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ კონკრეტული შემთხვევისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო (ხელშეკრულების ღირებულების - 158 590,00 ლარის 0,07% ყოველდღიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე) შეუსაბამოდ მაღალია და სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად განხორციელებაზე მიუთითებს. ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს დანიშნულება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, იქცევა მოვალის დასჯის მექანიზმად, რაც დაუშვებელია. შესაბამისად, პირგასამტეხლოს პრევენციული მიზნიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს გონივრული „სანქცია“, ვალდებულების დარღვევის სიმძიმის ადეკვატურად, რომლის ოდენობაც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად განსაზღვრა 27 900,00 ლარიდან 0,07%-ის ოდენობით, ერთი წლის განმავლობაში, რაც 7128,45 ლარს შეადგენს.
17. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
17.1. შემსყიდველმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
17.2. კასატორის განმარტებით, მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დაარღვია, არ შეაკეთა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ღირებულებაც სარჩელზე თანდართული დეფექტური აქტის მიხედვით 55 353.8 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრება მართებულია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
17.3. სამინისტროს განმარტებით, ქვემდგომმა სასამართლოებმა უსაფუძვლოდ შეამცირეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ აღემატება პირგასამტეხლოს აღნიშნული განაკვეთი გონივრულ სტანდარტებს.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
23. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები, ხოლო პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლი.
24. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ამ განჩინების 16.2-16.4 ქვეპუნქტებში ასახულ, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებულ თანხას არ უნდა გადაეჭარბებინა ზარალის მომენტისათვის დაზღვეული ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულებისათვის. აქედან გამომდინარე, მართებულია ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ავტომობილის საბაზრო ღირებულების - 27 900 ლარის გადახდა დაეკისრა (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი).
25. რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).
26. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.
28. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
30. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე