დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 04.03.2020
საქმის ნომერი
ას-100-2020
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № ას-100-2020 04 მარტი, 2020 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე,ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. გ-ძე (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს.“

გასაჩივრებული განჩინება - უსწორობის გასწორების შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2019წ. განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, უსწორობის გასწორების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ. გ-ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ხ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „განმცხადებელი“, კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, დ. ჭ. ქ. N.../გ. ქ. N...-ში მდებარე უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდებით: 01.15.05.071.002.... და 01.15.05.071.002.....) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.07.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, დ. ჭ. N.../გ.... N...-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (სხვენსართული) N27ა - 107 კვ.მ (საკადასტრო კოდი: 01.15.05.071.002....) და დამხმარე სათავსო (სხვენი) N27ბ - 73 კვ.მ. (საკადასტრო კოდით 01.15.05.071.002....); აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.04.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2018წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

5. მოპასუხემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 03.04.2018წ. განჩინების სამოტივაციო ნაწილში დაშვებული უსწორობების გასწორება. კერძოდ, განმცხადებელმა მოითხოვა, რომ განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სადავო მისამართზე მდებარე სახლი, თანახმად 10.12.2003 წლის 107 მ2 სხვენის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა, სამსართულიანია, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად, მოსარჩელის სხვენების ზუსტი ადგილმდებარეობა ამ მისამართზე არ დგინდება“; ასევე, მე-19 პუნქტის პირველი აბზაცის მე-4 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „107 მ2 სხვენის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი არის მთლიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი, რომელიც სამსართულიანი სახლის სხვენზე მდებარეობს“; ხოლო მე-20 პუნქტის პირველი აბზაცის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „73 მ2 სხვენის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის მითითებული ინფორმაცია ამ სხვენის ადგილმდებარეობის შესახებ“ (ტ.1, ს.ფ.494).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2019წ. განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.04.2018წ. განჩინების სამოტივაციო ნაწილში უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

6.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 260-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი შეიტანოს გადაწყვეტილებაში შესწორება, როდესაც ამავე გადაწყვეტილებაში უსწორობაა დაშვებული და ამასთან, მითითებული უსწორობა ტექნიკური და არა შინაარსობრივი ხასიათისაა. დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს გადაწყვეტილების შეცვლას. არ არის დაშვებული არც ტექნიკური და არც შინაარსობრივი ხასიათის უსწორობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ასახავს მის სამოტივაციო ნაწილში განვითარებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მსჯელობის შედეგს.

6.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი, ფაქტობრივად, ხელახლა ხდის სადავოს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ გარემოებებს. განცხადებაში მითითებული საკითხები არსებითი მსჯელობის საგანი იყო სააპელაციო წესით საქმის არსებითი განხილვისას, რა დროსაც სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრული და ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. თუკი სასამართლო განმცხადებლის მოსაზრებებს გაიზიარებს, ეს გამოიწვევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას და არა მის უცვლელად ძალაში დატოვებას. ის რაც სასამართლომ არსებითად მსჯელობის შედეგად გადაწყვიტა, მისი შეცვლა მხოლოდ გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გზით იყო შესაძლებელი, თუკი კასატორის მიერ მიეთითებოდა იმ სახის დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 31.07.2018წ. განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2019წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ:

7.1. სააპელაციო სასამართლოს 03.04.2018წ. განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-15, მე-19, მე-20 პუნქტები შეიცავს აშკარა უსწორობებს (ტყუილს) და მათი აღმოფხვრა ვერ შეცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 12.07.2017წ. გადაწყვეტილებას.

7.2. სასამართლო უძრავი ქონების ადგილმდებარეობის განსაზღვრისას არასწორად დაეყრდნო აღსრულების ბიუროს ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას. სასამართლო უფლებამოსილი იყო ქონების ადგილმდებარეობაზე ემსჯელა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით. ამგვარი მონაცემების არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს არ ჰქონდა მითითებულ საკითხზე მსჯელობის უფლება, ვინაიდან სსსკ-ის 248-ე მუხლი სასამართლოს უკრძალავს, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.02.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

10. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (სუსგ 24.06.2011, საქმეზე № ას-636-597-2011; სუსგ 31.01.2019წ. , საქმეზე № ას-1489-2018).

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა განჩინებაში უსწორობის გასწორების შესახებ. განმცხადებელი შუამდგომლობით ფაქტობრივად ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას, რაც საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს და არა განჩინებაში უსწორობის გასწორების წინაპირობას. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, ასახავს ამავე განჩინების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული ფაქტობრივი და სამართლებრივი მსჯელობის შედეგს. პალატა მიუთითებს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული რედაქციით განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-15, მე-19, მე-20 პუნქტებში ცვლილების შეტანა, განჩინების სამოტივაციო ნაწილის არსებითად შეცვლის ტოლფასია, ვინაიდან საფუძველს აცლის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებას მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ფაქტობრივად ფლობის თაობაზე, რაც ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო განმცხადებლის (აპელანტის) მოსაზრებებს გაიზიარებდა, ეს გამოიწვევდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას და არა მის უცვლელად დატოვებას. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელის საფუძვლიანობა შემოწმდა სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ და საბოლოოდ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 31.07.2018წ. განჩინების საფუძველზე, რომლითაც მოპასუხის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 03.04.2018წ. განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. სსსკ-ის 266-ე მუხლიდან გამომდინარე, დაუშვებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გადასინჯვა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს უსწორობის გასწორების საფუძველს, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას. შეცდომის გასწორების ფარგლებში ვერ მოხდება დავის ხელახლა განხილვა და ამის შედეგად დადგენილი იურიდიული შედეგის შეცვლა (სუსგ. 12.11.2015წ. საქმეზე № ას-828-779-2015).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა განჩინებაში უსწორობის გასწორების შესახებ. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს უსწორობის გასწორების შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2019წ. განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ზურაბ ძლიერიშვილი