დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 14.07.2017
საქმის ნომერი
ას-559-534-2016
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-559-534-2016 14 ივლისი, 2017 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – მ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – მ.რ–ძე, მ.ც–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენით მ.რ–ძე (შემდეგში:პირველი მოპასუხე) და მ.ც–ძე (იგივე ხ.ს–ი (შემდეგში - მეორე მოპასუხე) ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების (თაღლითობა) ჩადენისათვის და მიესაჯათ შესაბამისი სასჯელი, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურასა და მოპასუხეებს შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება აღიარებით ბრალსა და შეთანხმებით სასჯელზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის გამომძიებლის დადგენილებით (21.08.2010წ), მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იყო მ.გ–ძე (შემდეგში: დაზარალებული, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი).

2. განაჩენის მიხედვით, დანაშაული გამოიხატა შემდეგ ქმედებაში: პირველმა მოპასუხემ განიზრახა რა თაღლითურად დაუფლებოდა მოსარჩელის ქონებას, საკუთარი დანაშაულებრივი განზრახვა გაანდო მეორე მოპასუხეს. მათ ურთიერთმოლაპარაკების შემდეგ მოსარჩელეს შესთავაზეს 100 000 აშშ დოლარი სესხი 6 თვის ვადით, თვეში 5 პროცენტის გადახდით. მათ მოსარჩელეს, სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება მოსთხოვეს, რომელთა თანახმადაც მიწის ნაკვეთები აღირიცხებოდა ფიქტიური მყიდველის, მეორე მოპასუხის სახელზე. მოსარჩელე ვერ მიხვდა მოპასუხეთა დანაშაულებრივ ჩანაფიქრს, ენდო მათ და 2008 წლის 20 მაისს გააფორმა ორი ყალბი შინაარსის ნასყიდობის ხელშეკრულება. მეორე მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა 82 000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი ჩაუთვალა პროცენტის სახით გადახდილად.

ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში მოსარჩელე პირველ მოპასუხეს უბრუნებდა თანხას პროცენტთან ერთად - 124 000 აშშ დოლარს, მაგრამ ამ უკანასკნელმა მიწების უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა. შედეგად, მოპასუხეები თაღლითურად დაეუფლნენ 380 132 ლარის ქონებას, რითაც მოსარჩელეს მიაყენეს 235 132 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. 2015 წლის 10 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ დანაშაულით მიყენებული ზიანის - 235 132 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, განაჩენის შინაარსსა და მთლიანად სისხლის სამართლის საქმის მასალებს 2013 წლის დეკემბერში გაეცნო, როდესაც მისმა წარმომადგენელმა ისინი ჩაიბარა.

4. მოპასუხემ წარადგინა როგორც მოთხოვნის წარმოშობის, ისე მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ განაჩენი გამოტანილ იქნა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით და საბრალდებო დასკვნა და განაჩენი ემყარებოდა სახელმწიფო ბრალდების მხრიდან მოპასუხეთა მოტყუებას.

ამასთან, 2010 წლის 21 აგვისტოს, როდესაც მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად, გამომძიებელმა მას გააცნო დაზარალებულის უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის, სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლება ზიანის ანაზღაურებაზე. ამავე დღეს, მოწმის სახით დაკითხვისას, სამოქალაქო სარჩელის წარდგენაზე მან უარი განაცხადა. გარდა ამისა, დაზარალებულს 2010 წლის 28 აგვისტოს საბრალდებო დასკვნაც გაეგზავნა. 2010 წლის 23 დეკემბერს კი, მას ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე (რომელიც მისი იურიდიული მისამართიცაა) ჩაჰბარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. ამდენად, მოსარჩელის მტკიცება, რომ 2013 წლის დეკემბრამდე მისთვის უცნობი იყო სისხლის სამართლის საქმის შედეგი, სიცრუეა.

მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2008 წლის 20 მაისს უნდა დაიწყოს - ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დღეს.

გარდა ამისა, მოპასუხეთა მითითებით, მოსარჩელისათვის საკუთარი დარღვეული უფლების შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2009 წელს შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელემ მეორე მოპასუხის მიერ 2007 წლის 30 დეკემბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე თავის თავთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გააფორმა შეთანხმება ყიდვა – გაყიდვის გაუქმების შესახებ, რომლის თანახმადაც შეთანხმების საგანზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ–ი მდებარე 968 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაუქმდა მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის 2008 წლის 20 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, 2008 წლის 27 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში მოსარჩელესა და ტ.შ–ს (შემდეგში - მყიდველი, მესამე პირი) შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მეორე მოპასუხის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მესამე პირს შორის 2008 წლის 27 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება; ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრის მონაცემებში - გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შემძენზე განხორციელებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია; მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღირიცხა მეორე მოპასუხე. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

ამდენად, ამ სასარჩელო წარმოების დროსაც მოსარჩელემ იცოდა დარღვეული უფლების შესახებ.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 317-ე, 992-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 1008-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 30920.2 მუხლი და დაასკვნა:

5.1. ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის განაჩენით, რომლითაც დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, აღიარებით ბრალსა და შეთანხმებით სასჯელზე.

5.2 სარჩელი ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას. დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისათვის სასამართლოსთვის მიმართვის ვადა 3 წელია. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის ათვლა მართლსაწინააღმდეგო ქმედების კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურების ფაქტს კი არ უკავშირდება, არამედ პირის იდენტიფიკაციას და, შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხის განსაზღვრას, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი უცნობია. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, ჯერ კიდევ, 2008 წლიდან იყო ინფორმირებული, როგორც ზიანის, ასევე - მის წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩამდენი პირების შესახებ და მას ნებისმიერ დროს შეეძლო, მიემართა სასამართლოსათვის.

5.3. ასეც რომ არ იყოს, 2010 წლის აგვისტოს მოსარჩელე სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილია დაზარალებულად. სასამართლომ მიუთითა იმაზეც, რომ 2010 წლის 21 აგვისტოს დაკითხვის ოქმში, მოსარჩელე დაეთანხმა წინასწარი გამოძიებისათვის მანამდე მიცემულ ყველა ჩვენებას და დაადასტურა, რომ მოპასუხეთა მიერ ჩადენილი დანაშაულით მას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი, მაგრამ სამოქალაქო სარჩელს სისხლის სამართლის საქმეზე არ აყენებს, რის გამოც არ სურს ცნობილ იქნეს სამოქალაქო მოსარჩელედ. სასამართლომ ისიც განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობაზე უარის თქმა, დაზარალებულს არ ართმევდა უფლებას, ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში, დარღვეული უფლების აღსადგენად და საკუთარი ინტერესების დასაცავად ედავა ცალკე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მაგრამ მოსარჩელეს არც ეს უფლება არ გამოუყენებია. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს 2010 წლის აგვისტოშიც ჰქონდა, მაგრამ მან სასამართლოს მიმართა 2015 წლის 30 იანვარს, რის გამოც სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია.

5.4. სასამართლოს მითითებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტი მოსარჩელის სასარგებლოდ ვერ განიმარტებოდა შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2010 წლის 15 დეკემბრის სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ ეცნობა დაზარალებულს, რომელიც 2010 წლის 23 დეკემბერს გადასაცემად, მის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა მისი ოჯახის წევრს (დედამთილს). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის 2015 წლის 2 ივნისის წერილობითი მიმართვით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 28 აპრილს განაჩენით დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების შესახებ ეცნობა დაზარალებულს. ამ მტკიცებულებითა და იმ დროს მოქმედი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებასთან დაკავშირებული რეგულაციით, სასამართლომ დაასკვნა, რომ 2011 წლის 28 აპრილიდან, მაქსიმუმ 2011 წლის ბოლომდე (საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან 8 თვის პერიოდი) დაზარალებულისათვის ცნობილი იყო შემაჯამებელი განაჩენის შესახებ, რის გამოც მას სარჩელი უნდა აღეძრა 2015 წლამდე. სასამართლოს განმარტებით, დაზარალებულის ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის საქმის მასალების 2013 წლის 26 დეკემბერს გადაცემის ფაქტი არ ადასტურებს იმას, რომ დაზარალებული არ იყო ინფორმირებული სისხლის სამართლის საქმის შედეგზე და მან ამის შესახებ ადვოკატის მეშვეობით შეიტყო.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.

8. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება. მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა წარმოშობილი იყო, თუმცა ხანდაზმულობის გამო, განხორციელებადი არ იყო.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

9.1. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 128-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც საერთო ხანდაზმულობის ვადა ათი წელია და სსკ-ის 142.1 მუხლი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ათი წელია, მაშინაც კი, როდესაც მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. 2010 წლის 15 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით კი დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელეს მიაყენეს 235 132 ლარის ზიანი.

9.2. განაჩენი გამოტანილია ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, რომლის 3.5 მუხლის მიხედვით, დაზარალებული მხარედ არ ითვლებოდა, შესაბამისად, განაჩენი გადაეცათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება ჰქონდათ განაჩენზე.

9.3. ამასთან, მოპასუხეებმა გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივრეს სააპელაციო წესით იმ მოტივით, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ ბრალდების არცერთ პუნქტში, მათ შორის, არც მოსარჩელის დაზარალების ეპიზოდში. მოპასუხეთა აპელირება, თითქოს, მოსარჩელისათვის 2010 წლიდან, ანუ დაზარალებულად ცნობის დადგენილების გამოტანიდან, შეეძლო, შეეტანა სამოქალაქო სარჩელი, მცდარი პოზიციაა, რამდენადაც, კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის თანახმად, პირი დამნაშავედ მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მიიჩნევა. შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობამდე შეუძლებელია მის მიმართ წარადგინო რაიმე მოთხოვნა. შესაბამისად, სასამართლოს ხანდაზმულობისათვის არა სსკ-ის 1008-ე მუხლი, არამედ სსკ-ის 142-ე მუხლი უნდა გამოეყენებინა.

10. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.

14. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი).

15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელსაც დაურთო სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტები პრეიუდიციული მნიშვნელობისაა სსსკ-ის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილის (ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შესაბამისად. ნორმა პირდაპირ მიუთითებს, რომ დადგენილად მიიჩნევა ზიანის მიყენების ფაქტი, რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის ძირითადი ნორმის სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა.

განაჩენის მიხედვით, დგინდება, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელეს მიაყენეს 235 132 ლარის ზიანი. მოპასუხის შედავება, რომ განაჩენი გამოტანილ იქნა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით და საბრალდებო დასკვნა, ისევე, როგორც განაჩენი, ემყარებოდა სახელმწიფო ბრალდების მხრიდან მოპასუხეთა მოტყუებას, დაუსაბუთებელია. შესაბამისად, დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება წარმოშობილია.

16. მოპასუხემ შესაგებელში მოთხოვნის შემაფერხებელ გარემოებაზე - ხანდაზმულობაზე მიუთითა.

დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნაზე ვრცელდება სსკ-ის 1008-ე მუხლით (დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ) დადგენილი ხანდაზმულობის სპეციალური ვადა.

17. კასატორის პრეტენზია უკავშირდება როგორც ხანდაზმულობის ვადას, ისე - ვადის ათვლის დასაწყისს. მისი აზრით, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადგენილია, სამოქალაქო სარჩელის წარდგენის ვადა 142.1 მუხლით (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება) გათვალისწინებული ათი წელია.

18. სსკ-ის 142.1 მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება, გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ (შდრ. სუსგ №ას-205-198-2012, 6.04.2012 წელი).

ამდენად, მითითებული ათწლიანი ვადა უკავშირდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტი ზიანის არსებობის თაობაზე, მართალია, პრეიუდიციულია, თუმცა ეს განაჩენი, ზიანის ოდენობის დადგენის ნაწილში, არ არის აღსრულებადი დაზარალებულის სასარგებლოდ. ის აღსრულებადია მოპასუხეთა მიმართ მხოლოდ სისხლისამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით. ზიანის ანაზღაურების უფლების რეალიზაციისათვის კი, სამოქალაქო სარჩელის წარდგენა აუცილებელია. შესაბამისად, იმისათვის, რომ დაზარალებულს სსკ-ის 142.1 მუხლით დადგენილი 10-წლიანი უფლების იძულებითი დაცვით ესარგებლა, იმ დროს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე უნდა დაეყენებინა, რა დროსაც განაჩენით მოპასუხეებისათვის დაკისრებული ზიანი აღსრულებადი იქნებოდა 10 წლის განმავლობაში, სხვა შემთხვევაში, დაზარალებულს სამოქალაქო სარჩელი სსკ-ის 1008-ე მუხლით დადგენილ ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში უნდა წარედგინა.

ამდენად, „სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობაში“ იგულისხმება არა სარჩელის წარდგენის გზით უფლების რეალიზაცია, არამედ გადაწყვეტილებით უკვე მინიჭებული მოთხოვნის უფლების განხორციელება, აღსრულება, რის გამოც კასატორის აპელირება სსკ-ის 142.1 მუხლის გამოუყენებლობაზე გასაზიარებელი არ არის, შესაბამისად, მის მოთხოვნაზე სსკ-ის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელდეს.

19. სსკ-ის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან უნდა აითვალოს, ვინაიდან სსკ-ის 138-ე მუხლის (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები) თანახმად, დანაშაულით ზიანის მიყენების თაობაზე საგამოძიებო ორგანოებისათვის დაზარალებულის მიმართვით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, რაც ამავე კოდექსის 139.1 მუხლის (ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.) საფუძველზე გაგრძელდა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე (შდრ: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, პუნქტი 214).

20. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 28 აპრილს, რის თაობაზეც იმავე წელს ეცნობა დაზარალებულს. ამ ფაქტის წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ის სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულისათვის განაჩენის გაგზავნის ვალდებულებას არ ადგენს, შესაბამისად, დაზარალებულმა თავად უნდა მიმართოს სასამართლოს განაჩენის ასლის გადაცემის მოთხოვნით, თუკი მას ასეთი ინტერესი გააჩნია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუკი დაზარალებული აპირებს სამოქალაქო სარჩელის შეტანას დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, იგი ვალდებულია, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში მიიღოს განაჩენის ასლი და წარადგინოს სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულისათვის 2011 წელსვე იყო ცნობილი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე, მან სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2015 წელს, ანუ სსკ-ის 1008-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, რაც სსკ-ის 144.1 მუხლის (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე) მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრებს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

22. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის განჩინება;

3. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ე.გასიტაშვილი