კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-61-2020
25 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს თ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ლ.ქ–ა, დ.მ–ი, რ.გ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს თ.ბ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ქ–ას, დ.მ–ისა და რ.გ–ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სს თ.ბ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს თ.ბ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, დატოვებული იქნა განუხილველად. გასაჩივრებული განჩინება მოტივირებულია იმით, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 70-78-ე და 2591-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო აპელანტის წარმომადგენლისათვის. იგი ესწრებოდა 05.03.2019წ. სასამართლო სხდომას, როდესაც გადაიდო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება (იხ. სხდომის ოქმი ს.ფ.69). სსსკ-ს 2591 მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების ჩაბარების 30 დღიანი ვადა ამოიწურა 25.04.2019წ., აპელანტის წარმომადგენელმა დ.გ–ძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩაიბარა 30-ე დღეს, 25.04.2019წ. (ს.ფ.89). შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 26.04.2019წ.-დან, საიდანაც აპელაციის წესით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა ამოიწურა 09.05.2019წ.-ს. ხოლო, სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია დაგვიანებით, კერძოდ, 10.05.2019წ.
პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან დარღვეულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა და შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „თ.ბ–მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
კერძოს საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია. გასაჩივრების ვადის ათვლის დროს სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 9 მაისი სშკ-ის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის შესაბამისად არის უქმე დღეს. შესაბამისად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა ამოიწურა მომდევნო დღეს 10 მაისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, რომლის შესაბამისად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. უფლების სასამართლო წესით დაცვა განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება). ევროსასამართლო ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ, კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, ,,სამართლიანი სასამართლოს’’ მოთხოვნები იყოს დაცული (იხ. Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27 ოქტომბერი 1993, § 33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტური“ (იხ. Bellet v. France, 4 დეკემბერი 1995, §38). კონვენცია მიზნად ისახავს უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ არის პრაქტიკული და ეფექტიანი. აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (იხ. Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §231). (იხ. სუსგ. №ას-1469-1389-2017(b) 21.06.2018წ)
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა დ.გ–ძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩაიბარა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 25.04.2019 წელს (ს.ფ 89) შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 26.04.2019წ.-დან და ამოიწურა 2019 წლის 9 მაისს.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლი განსაზღვრავს უქმე დღეების ჩამონათვალს, კერძოდ აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის თანახმად, უქმე დღეა - 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დინება იწურებოდა 2019 წლის 9 მაისს, თუმცა, ვინაიდან ეს დღე იყო უქმე დღე, ხოლო მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე კი - 10 მაისი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დამთავრების დღედ სწორედ 10 მაისი მიიჩნევა. აღნიშნული კი, უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ აპელანტს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნა.
შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სს „თ.ბ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე