დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-351-2020 29 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
მირანდა ერემაძე (მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – პ.გ–ი, გ.მ–ძე, სს "თ.ბ–ი" (სს „ბ.რ–ას“უფლებამონაცვლე) (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება აქციების ღირებულების კომპენსაციის სახით და ასევე მიუღებელი შემოსავლის თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2005 წლის 27 თებერვალს გარდაცვლილი ო.მ–ძის სამკვიდრო ქონება, 2005 წლის 27 მაისს სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით მიიღო პირველი რიგის მემკვიდრემ, მეუღლემ მ.მ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი);
2. 2004 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოსარჩელის მეუღლე წარმოადგენდა სს ,,ბ.რ–ას’’ (შემდეგში: მესამე მოპასუხე) რეზიდენტ აქციონერს.
3. 2005 წლის 15 თებერვლის №32 განკარგულების მიხედვით, მოსარჩელის მამკვიდრებელმა კუთვნილი 4988 აქცია ნასყიდობის საფუძველზე გადასცა პ.გ–ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე) (ნომილარული ღირებულება 100 ლარი, მთლიანი ღირებულება 498 800 ლარი);
4. 2005 წლის 15 თებერვლის №31 განკარგულების თანახმად, მოსარჩელის მამკვიდრებელმა კუთვნილი 3192 აქცია ნასყიდობის საფუძველზე გადასცა გ.მ–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე) (ნომილარული ღირებულება 100 ლარი, მთლიანი ღირებულება 319 200 ლარი);
5. 2005 წლის 15 თებერვლის №30 განკარგულების თანახმად, მოსარჩელის მამკვიდრებელმა კუთვნილი 424 აქცია შემოწირულობის საფუძველზე გადასცა წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტერს (ნომილარული ღირებულება 100 ლარი, მთლიანი ღირებულება 42400 ლარი);
6. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა უკანონოდ და ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე მიითვისეს მისი მეუღლის კუთვნილი აქციები.
7. სასარჩელო მოთხოვნა
7.1. მოსარჩელემ 2014 წლის 5 ნოემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა პირველი და მესამე მოპასუხისათვის აქციათა ღირებულების კომპენსაციის სახით - 14 424,30 ლარის, მიუღებელი შემოსავლის (დივიდენდის) სახით - 92 722,80 ლარის და გაუნაწილებელი მოგებიდან წილის სახით - 5 025 152.7 ლარის სოლიდარულად დაკისრება, ხოლო მეორე და მესამე მოპასუხისათვის აქციათა ღირებულების სახით - 9 225.381.60 ლარის, მიუღებელი შემოსავლის (დივიდენდის) სახით - 59 551.50 ლარის და გაუნაწილებელი მოგებიდან წილის სახით - 3 213 842.4 ლარის სოლიდარულად დაკისრება.
8. მოპასუხის პოზიცია
8.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ამასთან, პირველმა და მეორე მოპასუხემ წარადგინდეს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობის) შესაგებელი.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
10.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
10.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
10.3 სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
10.4 საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
10.5 საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისს განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და დადგინდა საქმის ზეპირი განხილვა.
10.6. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
11.2. სააპელაციო სასამართლომ საკასაციო პალატის მითითების საფუძველზე, ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში არსებული სადავო დოკუმენტების ასლებისათვის სსსკ-ის 135-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭების თაობაზე.
11.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე. მათ შორის, საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინების საფუძველზე, შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოდან წარდგენილ მასალებზე, სადაც გამომძიებელი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გაეგზავნა 2014 წლის 23 ოქტომბერს ამოღებული 3 ცალი ჟურნალი დედნების სახით, ბანკის მიმართვები და განკარგულებები გადასაცემი აქციების გასხვისების შესახებ 32 ფურცლად დედნის სახით.
11.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებაზეც, რომლის მიხედვით სასამართლოს დეტექტივების სამმართველოდან წარედგინა დოკუმენტები დედნის სახით. წარმოდგენილი დოკუმენტები ასლის სახით დაერთო საქმეს და მათი მოთხოვნისამებრ დედნები დაუბრუნდა სამმართველოს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 135-ე მუხლის საფუძველზე საქმეში არსებული დოკუმენტების ასლები მიჩნეული იქნა მტკიცებულებად.
11.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დედანი დოკუმენტების არსებობის ფაქტი დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2015 წლის 8 აპრილის მიმართვითაც.
11.6. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლის მესამე ნაწილის, 103-ე და 135-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო იყო მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ აქციების გასხვისების შესახებ ნების გამოხატვა. აღნიშნულის დამადასტურებელ გარემოებად მოსარჩელე უთითებდა, მოპასუხეთა მიერ აქციათა გადასაცემი განკარგულების დედნების და აქციათა სერტიფიკატების დედნების სასამართლოში წარმოუდგენლობაზე.
11.7. სააპელაციო პალატამ N32 განკარგულებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მასზე დატანილია მოსარჩელის მამკვიდრებლის ხელმოწერა, მითითებულია მისი პირადი ნომერი და პირადობის მოწმობის ნომერი, განკარგულება დამოწმებულია სს ,,ბ.რ–ა’’-ს რეგისტრატორის ლ. ნ–ას მიერ და განკარგულებაში მითითებულია, რომ იგი რეგისტრირებულია 2005 წლის 15 თებერვალს ნომრით 51. საქმეშია ლ. ნ–ას მიერ წამოებული ფორმა N2 - შემოსული დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალი (რომელიც სასამართლოს მიეწოდა დედნის სახით), რომლის თანახმად 2005 წლის 15 თებერვლის ნომრით 51 რეგისტრირებულია აქციათა გადაცემის განკარგულება N32. პირველი მოპასუხის აქციათა მფლობელობას ადასტურებს სერტიფიკატი, რომელიც ხელმოწერილია მისი გამცემის მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ 2005 წლის 15 თებერვალს, მიმღების - პირველი მოპასუხის, რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის ლ. ნ–ას და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის გ. კ–ას მიერ. საქმის მასალებშია ბანკის რეგიტრატორის ლ. ნ–ას მიერ წარმოებული პიროვნული ანგარიშის ფორმა - ჟურნალი, (რომელიც სასამართლოს მიეწოდა დედნის სახით), სადაც 2005 წლის 18 თებერვლის თარიღით რეგისტირებულია პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელის მამკვიდრებლისგან აქციების შეძენის ფაქტი. ლ. ნ–ას მიერ წარმოებული ფორმა N3-ის - აქციების გადაცემის რეგისტრაციის ჟურნალის მიხედვით (რომელიც სასამართლოს მიეწოდა დედნის სახით) მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ 4988 აქცია გადაცემულია პირველ მოპასუხეზე.
11.8. სააპელაციო სასამართლომ N31 განკარგულებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მასზე დატანილია მოსარჩელის მამკვიდრებლის ხელმოწერა, მითითებულია მისი პირადი ნომერი და პირადობის მოწმობის ნომერი, განკარგულება დამოწმებულია სს ,,ბ.რ–ა’’-ს რეგისტრატორის ლ. ნ–ას მიერ და განკარგულებაში მითითებულია, რომ იგი რეგისტრირებულია 2005 წლის 15 თებერვალს ნომრით 50. საქმეშია ლ. ნ–ას მიერ წამოებული ფორმა N2 - შემოსული დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალი (რომელიც სასამართლოს მიეწოდა დედნის სახით), რომლის თანახმად 2005 წლის 15 თებერვლის ნომრით 50 რეგისტრირებულია აქციათა გადაცემის განკარგულება N31. მეორე მოპასუხის აქციათა მფლობელობას ადასტურებს სერტიფიკატი, რომელიც ხელმოწერილია მისი გამცემის მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ 2005 წლის 15 თებერვალს, მიმღების - მეორე მოპასუხის, რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის ლ. ნ–ას და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის გ. კ–ას მიერ. საქმის მასალებშია ბანკის რეგიტრატორის ლ. ნ–ას მიერ წარმოებული პიროვნული ანგარიშის ფორმა - ჟურნალი, (რომელიც სასამართლოს მიეწოდა დედნის სახით), სადაც 2005 წლის 18 თებერვლის თარიღით რეგისტირებულია მეორე მოპასუხის მიერ მოსარჩელის მამკვიდრებლისგან აქციების შეძენის ფაქტი. ლ. ნ–ას მიერ წარმოებული ფორმა N3-ის - აქციების გადაცემის რეგისტრაციის ჟურნალის მიხედვით (რომელიც სასამართლოს მიეწოდა დედნის სახით) მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ 3192 აქცია გადაცემულია მეორე მოპასუხეზე.
11.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა გ. კ–ამ და ლ. ნ–ამ დაადასტურეს სერტიფიკატებსა და გადასაცემ განკარგულებებზე თავიანთი ხელმოწერა. ლ. ნ–ას განმატებით მოსარჩელის მამკვიდრებელმა განკარგულებაზე ხელი მოაწერა მისი თანდასწრებით.
11.10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სს „ბ.რ–ას“ სამეთვალყურეო საბჭოს 2004 წლის 10 დეკემბრის სხდომაზეც, სადაც ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა აქციათა გასხვისება. საბჭოს მიერ აღნიშნულ საკითზე მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება. დადგინდა სხვა აქციონერებთან ერთად, მოსარჩელის მამკვიდრებლის კუთვნილი აქციების გასხვისების საკითხი ბანკის აქციონერებზე. კრების ჩატარება და მოსარჩელის მამკვიდრებლის მონაწილეობა დაადასტურეს ბანკის აქციონერმა ბ. კ–ძემ, საბჭოს თავმჯდომარემ ლ. პ–მა, ბანკის ფინანსურმა დირექტორმა ა. მ–მა და გ. კ–ამ. მათვე განმარტეს, რომ აქციების გასხვისება ხდებოდა სამ მსხვილ აქციონერზე, რაც დაკავშირებული იყო ბანკში ინვესტორის შემოსვლასთან.
11.11. სააპელაციო პალატამ სადავო პერიოდში მოქმედი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით (ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არც ერთ პირს არ აქვს უფლება, შეიძინოს და გაასხვისოს კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილი. ეროვნული ბანკის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობა უნდა გაიცეს კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე წერილობითი განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი შეესაბამება კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა მიმართ ამ კანონით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. თუ ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე პირის მფლობელობაში აღმოჩნდა კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილი, ასეთ გარიგებას არ აქვს იურიდიული ძალა და იგი ბათილია. ამასთან, თუ კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, იგი კარგავს ხმის უფლებას და წილის სხვა პირისათვის სამართავად გადაცემის უფლებას) ყურადღება გაამახვილა ბანკის 2004 წლის 25 დეკემბრის წერილზე, სადაც კომპანიამ საქართველოს ეროვნულ ბანკს აცნობა, რომ პირველი მოპასუხე 2004 წლის ივლისიდან არის ბანკის აქციონერი და ფლობს აქციათა 7.4%-ს. მას სურვილი აქვს დამატებით შეიძინოს აქციათა გარკევული რაოდენობა, რის შედეგადაც შესაძლოა გახდეს საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილის, 10%-ზე მეტის მფლობელი. 2004 წლის 31 დეკემბრის წერილის შესაბამისად, ეროვნული ბანკი წინააღმდეგი არ იყო პირველი მოპასუხე გამხდარიყო მესამე მოპასუხის აქციების მნიშვნელოვანი წილის მფლობელი.
11.12. მოწმის სახით დაკითხულმა ლ. პ–მა განმარტა, რომ ვინაიდან, მოსარჩელის მამკვიდრებელმა კუთვნილი აქციები დაყო სამ ნაწილად, რომელიც არ აჭარბებდა 10%-ს და არ ითვლებოდა მნიშვნელოვან წილად, ბანკმა ჩათვალა რომ საჭირო არ იყო თანხმობა მიეღო ეროვნული ბანკისგან, თუმცა, მას შემდგომ რაც ეროვნულმა ბანკმა წერილით მიმართა ბანკს შეკითხვით რატომ აღარ ფიგურირებდა მოსარჩელის მამკვიდრებელი 2005 წლის 1 მარტიდან აქციონერთა სიაში, ბანკმა დაუყოვნებლივ აცნობა აქციათა გასხვისების შესახებ.
11.13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მამკვიდრებლის მნიშვნელოვანი წილის გასხვისებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო მოსარჩელის საკასაციო საჩივარზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სადაც აღნიშნულია, რომ „იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააპელაციო პალატა დოკუმენტების ნამდვილობას გამორიცხავს მათი დედნების არარსებობის გამო, სასამართლომ უნდა შეამოწმოს ხელშეკრულების არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმება (გარიგების საგანი), რადგანაც სპეციალური კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი აქციათა გასხვისების იურიდიულ ძალმოსილებას უკავშირებს მნიშვნელოვანი წილის გასხვისებას, კერძოდ, ნორმის პირველი წინადადების თანახმად, წინასწარი თანხმობის გარეშე არ შეიძლება მნიშვნელოვანი წილის შეძენა და გასხვისება, ანუ გარიგების საგანი, როგორც შემძენის, ისე _ გამსხვისებლისათვის უნდა იყოს კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 10%-ისა. სადავო განკარგვის შედეგად, მართალია, ო. მ–ძემ ჯამში მნიშვნელოვანი წილი გაასხვისა, თუმცა ეს განკარგვა განხორციელებულია სამი დამოუკიდებელი სუბიექტის მიმართ და არც ერთი გარიგების საგანს არ წარმოადგენდა მნიშვნელოვანი წილი“.
11.14. 2005 წლის 16 თებერვალს ნოტარიალურად დამოწმებული მიმდინარე ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2005 წლის 15 თებერვალს სს ,,ბ.რ–ში’’ განხორციელდა აქციათა კონტროლთან დაკავშირებული ცვილელებები, კერძოდ, ბანკის აქციონერმა მოსარჩელის მამკვიდრებელმა განახორციელა თავისი კუთვნილი აქციების გასხვისება ბანკის არსებულ აქციონერებზე. აქციათა 4,56% შეიძინა მეორე მოპასუხემ, 7,13% პირველმა მოპასუხემ, ხოლო 0,60% შემოწირულობის სახით გადაეცა ბოდბის დედათა მონასტერს.
11.15. საქმის მასალებშია 2005 წლის 15 თებერვალს მოსარჩელის მამკვიდრებლის და პირველი მოპასუხის მიერ შევსებული და ხელმოწერით დადასტურებული შეტყობინებები, რომელის მიხედვით მოსარჩელის მამკვიდრებლის მერ მოხდა აქციების გასხვისება სრულად, ხოლო პირველი მოპასუხის აქციებმა შეძენის შემდეგ შეადგინა 17.87%.
11.16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გარდა ზემო აღნიშნულისა აქციათა გასხვიებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მემორიალური ორდერები, რომელთა მიხედვით, 2005 წლის 22 თებერვალს პირველ მოპასუხეზე გადაცემულია 498 800 ლარის ღირებულების, მეორე მოპასუხეზე 319 200 ლარის ღირებულების საწესდებო კაპიტალი. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებები განსაკუთრებით საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ასახავენ საბანკო ოპერაციის გზით კაპიტალის გადარიცხვას, სამივე მათგანი განხორციელებულია მოსარჩელის მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და მათში სწორედ ეს უკანასკნელია ,,გადამხდელად’’ მითითებული.
11.17. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ასლის სახით წარმოდგენილ აქციათა გადასაცემი განკარგულებები და აქციების მფლობელობაზე სერტიფიკატები, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში განხილვით ადასტურებს, რომ მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ გამოხატული იყო ნამდვილი ნება გაესხვისებინა მისი კუთვნილი აქციები.
11.18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების ასლებს (აქციათა გადასაცემი განკარგულებები და აქციების მფლობელობაზე სერტიფიკატები), აქვთ მტკიცებულებითი ძალა და სწორად ჩათვალა ისინი პირველი ინსტანციის სასამართლომ, როგორც უტყუარი და სარწმუნო.
11.19. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი და არც სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი აქციების ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის არ ითვალისწინებდა სავალდებულო წერილობით ფორმას. პალატამ აღნიშნა, რომ აქციების გადაცემის განკარგულებას ხელს აწერენ აქციათა რეგისტრირებული მფლობელი და მისი მიმღები, განკარგულებაზე დატანილია შეთანხმების მონაწილე მხარეთა პირადი ნომერი და პირადობის მოწმობის ნომერი, განკარგულებაში მითითებულია აქციის ნომინალური ღირებულება და მთლიანი ღირებულება. განკარგულება დამოწმებულია ბანკის რეგისტრატორის მიერ წარმოებული ფორმა N2- შემოსული დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალში. აქციათა გადაცემა ასევე რეგისტრირებულია პიროვნული ანგარიშის ფორმაში (მათ შორის მოსარჩელის მამკვიდრებლის პიროვნული ანგარიშის ფორმაში) აქციების გადაცემის რეგისტრაციის ჟურნალში და გაცემულია მესამე მოპასუხის აქციების ახალ მფლობელობაზე სერტიფიკატი.
11.20. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 50-ე, 68-ე, 69-ე და 327-ე მუხლებზე მითითებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ აქციების გადაცემის განკარგულებაზე ხელმოწერით დადასტურებულია მხარეთა ნება. შესაბამისად, არ არსებობდა სადავო განკარგულების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
11.21. სააპელაციო სასამართლომ საკასაციო პალატის მითითების საფუძველზე შეაფასა მოდავე მხარეებს შორის არსებული სამართალურთიერთობა და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სახელშეკრულებო სამართალში უნდა ყოფილიყო მოძიებული (სსკ-ის 477-ე მუხლი).
11.22. მხარეთა შორის სადავო იყო ხანდაზმულობის საკითხიც. სააპელაციო სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ აღნიშნულიც უნდა გადაწყვეტილიყო ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე.
11.23. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საგაზეთო სტატიებზე, სადაც მოსარჩელე ადასტურებდა, რომ მისთვის ცნობილი იყო მამკვიდრებლის მიერ აქციათა გასხვისების თაობაზე. მოწმე ლ. პ–ის ჩვენებით, 2005 წლის ბოლოს იგი პირადად შეხვდა მოსარჩელეს სადაც მათი საუბარი შეეხებოდა აქციათა გასხვისებას. 2005 წელს აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის დოკუმენტებს გაეცნო მოსარჩელის წარმომადგენელიც (იურისტი), თუმცა, გასხვისების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.
11.24. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 129-ე, 130-ე და 144-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა ნასყიდობის ფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე დაიწყო ხელშეკრულების დადების დღიდან. გამყიდველს, მის მიერ ვალდებულების შესრულების მომენტიდან - 2005 წლის 15 თებერვლიდან წარმოეშვა ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. მოსარჩელის მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2005 წლის 27 თებერვალს. მოსარჩელისთვის 2005 წელს ცნობილი იყო აქციების გასხვისების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია 2014 წლის 5 ნოემბერს, ანუ კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
11.25. სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის მოთხოვნაზე მიუღებელი შემოსავლის (დივიდენდის) ანაზღაურების თაობაზეც და განმარტა, რომ დივიდენდის მიღების უფლება განუყრელადაა დაკავშირებული აქციონერად ყოფნასთან და მისი სხვა პირისთვის გადაცემა დამოუკიდებლად დაუშვებელია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელმა 2005 წელს სრულად გაასხვისა კუთვნილი აქციები, დაკარგა დივიდენდზე მოთხოვნის უფლება, რაც დაუსაბუთებელს ხდიდა სასარჩელო მოთხოვნას.
12. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
12.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არსებითად მცდარი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს და სამართლებრივ საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი დაფუძნებულია უსაფუძლო გამდიდრების ნორმებზე (სსკ-ის 976-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) სასამართლომ იმსჯელა აქციათა ნასყიდობის გარიგებაზე, როგოც შემდგარ ფაქტზე და მსჯელობაში დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების ასლებს, რომელთა ნამდვილობა მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი, ხოლო დედნები მოპასუხეთა მიერ ვერ (არ) იყო წარმოდგენილი. განკარგულების დედნები არ არსებობს არც საქმეში და არც ხელმისაწვდომ სხვა წყაროსთან.
12.3. მხარეებს შორის არ დადებულა გარიგება. მოსარჩელის მამკვიდრებელს არ გამოუვლენია ნება აქციათა გასხვისებასთან დაკავშირებით და ისინი უსაფუძვლოდ აღმოჩნდა მოპასუხეთა საკუთრებაში.
12.4. რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, მისი ათვლა რომც იწყებოდეს 2005 წლიდან სარჩელი არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულად, რადგან უსაფუძვლოდ გამდიდრების შემთხვევაში სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 10 წელს და ეს ვადა მოსარჩელის მიერ დაცულია.
12.5. მესამე მოპასუხე, როგორც რეგისტრატორი პირველ და მეორე მოპასუხესთან ერთად სრულად იყო ჩართული დოკუმენტების გაყალბებაში, სარეგისტრაციო პროცედურების იგნორირებაში, ეროვნული ბანკის შეცდომაში შეყვანაში. მოპასუხეების უსაფუძვლო გამდიდრება გამოიწვია მათმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებებმა. მოსარჩელის მამკვიდრებლის აქციები 2005 წლის 15 თებერვალს უკანონოდ დარეგისტრირდა სხვა პირთა საკუთრებაში.
12.6. კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, მოსარჩელის მამკვიდრებელს არ ჰქონდა უფლება ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე გაესხვისებინა საკუთრებაში არსებული კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილი (12.29%). აქციათა რეესტრში ცვლილებათა განხორციელება, ვერ გამოდგება იმის დასტურად, რომ მან ნება გამოავლინა მათი გასხვისების თაობაზე. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ეროვნულ ბანკს არ წარდგენია მნიშვნელოვანი წილის მფლობელის აქციონერის წილის გასხვისებასთან დაკავშირებული აუცილებელი დოკუმენტაცია, რაც წინ უნდა უსწრებდეს აქციების გასხვისებას და არც ეროვნულ ბანკს არ გაუცია თანხმობა აქციათა გასხვისებაზე, რაც ნებისმიერ გარიგებას ბათილად აქცევს. (იმ დროისთვის მოქმედი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი)
12.7. მოსარჩელის მამკვიდრებლის კუთვნილი აქციების უკანონო მითვისება/გაფორმება მოპასუხეთა მიერ განხორციელდა მისი გარდაცვალების შემდგომ, მთელი რიგი დოკუმენტების გაყალბების გზით, რაშიც მესამე მოპასუხის მონაწილეობა აშკარაა. არასარწმუნო და უარსაყოფია სამეთვალყურეო საბჭოს ოქმი აქციათა გასხვისების ნაწილში, გადასაცემი განკარგულებები, აქციათა სერტიფიკატები, რეგისტრატორის ჟურნალი, საბანკო ბრუნვის ჟურნალი, მოწმეთა ჩვენებები.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია.
17. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
20. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს აქციათა ღირებულების, მიუღებელი შემოსავლის (დივიდენდის) და გაუნაწილებელი მოგებიდან წილის მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრება.
21. მოსარჩელე სამართლებრივი შედეგის მიღწევას ითხოვს უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე.
22. კასატორის განმარტებით, საქმის გადაწყვეტისას არ უნდა იქნეს გამოყენებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, რადგან მხარეებს შორის არ დადებულა გარიგება. მოსარჩელის მამკვიდრებელს არ გამოუვლენია ნება აქციათა გასხვისებასთან დაკავშირებით.
23. პირველ რიგში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ №ას-1163-2018, 08.02.2019წ; №ას-495-2020, 23 ოქტომბერი, 2020).
24. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ. სუსგ №ას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი; №ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017 წელი).
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირებულია ე.წ. „შესრულების კონდიქცია“ და ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სამართლებრივი სიკეთის გადაცემის ფაქტზე, ასევე მხარეთა შორის ვალდებულების არარსებობაზე (იხ. სუსგ №ას-653-621-2013, 2015 წლის 27 აპრილი). ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის, გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან (იხ. სუსგ №ას-1249-1269-2011, 2012 წლის 4 აპრილი).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენის ნამდვილობაზე საუბრისას, ყურადღება უნდა გამახვილდეს სამ კომპონენტზე: ნება, მისი გამოვლენა და მათი ურთიერთშესაბამისობა. ამ სამი ელემენტიდან ერთ-ერთის ხარვეზი განაპირობებს ნების გამოვლენის არარსებობას ან არანამდვილობას ნამდვილობის შემაფერხებელი გარემოებების გამო. ასეთია ის გარემოება, რომელიც ნების გამოვლენის გარეგნული გამოხატულების, მისი შემადგენლობის არსებითი ელემენტების არსებობის მიუხედავად, გავლენას ახდენს გარიგების ნამდვილობაზე. სამართლებრივი შედეგის გამოწვევა შეიძლება მიუღებელი იყოს გარიგების შინაარსის დაუშვებლობის, მისი დადების გარემოებების, ნების გამოვლენის ფორმის, ნების ნაკლის გამო.
27. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1301-1221-2015, 11 მარტი, 2016 წელი).
28. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის შეფასებისთვის, მისი სადავოობისას, გადამწყვეტია ამ სუბიექტთა ნამდვილი ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, ნების წერილობით გამოვლენისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე (დოკუმენტზე) ხელის მოწერის გზით. დოკუმენტზე მხარეთა ხელის მოწერა კი წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო მის შინაარსს და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით თუ შეცდომით, თუმცა მოტყუებისა და შეცდომის ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით და სათანადო გარემოებებზე მითითებით(იხ. სუსგ საქმე №ას- 427-410-2016, 28 მარტი, 2017 წელი).
29. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებული ნორმის მართებულობასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ გამოხატული იყო ნამდვილი ნება გაესხვისებინა მისი კუთვნილი აქციები. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ აქციების გადაცემის განკარგულებაზე ხელმოწერით დადასტურებულია მხარეთა ნება ერთის მხრივ მოსარჩელის მამკვიდრებელს გაეყიდა კუთვნილი აქციები, ხოლო, მეორეს მხრივ პირველ მოპასუხეს და მეორე მოპასუხეს შეეძინათ ისინი.
30. კასატორი სადავოდ ხდის აქციათა გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების ნამდვილობას იმაზე მითითებით, რომ ისინი დედნის სახით არ ყოფილა წარდგენილი.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 135-ე მუხლის თანახმად, დოკუმენტის ასლისთვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭება სასამართლოს პრეროგატივაა. იმ პირობებში, როდესაც საქმეში დაცული მტკიცებულებებით დგინდება საქმის განხილვის დროს საგამოძიებო უწყებიდან სადავო დოკუმენტების დედნების სასამართლოსთვის წარდგენისა და მათი საქმიდან ამოღება/დაბრუნების ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ ასლებს მიენიჭათ მტკიცებულებითი მნიშვნელობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული დოკუმენტები სრულფასოვანი მტკიცებულებებია და სხვა მტკიცებულებებთან ერთად სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა ისინი საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას.
32. კასატორის საკასაციო პრეტენზია ასევე აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა.
34. სასარჩელო მოთხოვნის ინდივიდუალიზაციის შემდეგ სასამართლო შეუდგება შესაგებლის შესწავლას, რომელიც თავისი შინაარსით შეიძლება იყოს მოთხოვნის გამომრიცხველი, შემაფერხებელი ან შემწყვეტი. შესაგებელი, რომელშიც მითითებულია ხანდაზმულობაზე, სასარჩელო მოთხოვნის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. იგი გულისხმობს მითითებას იმგვარ ვითარებაზე, როცა გასულია რა მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, კრედიტორს აღარ შეუძლია იძულებით, სასამართლოს მეშვეობით, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, თუკი მოვალე შესაგებელში სასარჩელო ხანდაზმულობაზე მიუთითებს და ამგვარად შეეცდება მოთხოვნის სასამართლო წესით რეალიზების შეფერხებას. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს. რაც შეეხება ხანდაზმულობის შეჩერებისა და შეწყვეტის წინაპირობებს, მისი შესწავლა, შესაბამისი შედავების არარსებობის პირობებშიც კი, სასამართლოს ვალდებულებაა. (იხ. სუსგ საქმე №ას-1764-2018, 13 აპრილი, 2020 წელი)
35. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანია შეამოწმოს მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის დასაბუთებულობა - ხანდაზმულობა, რომელსაც მოსარჩელე და მოპასუხეები სხვადასხვა სამართალურთიერთობას უკავშირებენ:მოპასუხეები ხანდაზმულობას სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევისთვის დადგენილ სამწლიან ვადას უკავშირებენ (სსკ-ის 129.1. მუხლი), ხოლო მოსარჩელე ამ მოსაზრების გაბათილებას იმაზე მითითებით ცდილობს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმა (სსკ-ის 976-ე მუხლი) წარმოადგენს.
36. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი. სამართალში დამკვიდრებულია პრინციპი _ „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს.
37. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა; ხოლო 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
38. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - „უნდა შეეტყო“, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.
39. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე, ვინაიდან მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ აქციათა გასხვისება მოხდა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნულ მოთხოვნაზე სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება და არ იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების (კონდიქციის) მარეგულირებელი ნორმების გამოყენების წინაპირობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოის მსჯელობას, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2005 წელს დაიწყო. მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა 2014 წელს, სამ წელზე მეტი დროის გასვლის შემდგომ. შესაბამისად, მოპასუხეებს სსკ-ის 144-ე მუხლის საფუძველზე, უარი თქვან მოსარჩელის მოთხოვნის შესრულებაზე ხანდაზმულობაზე მითითებით.
40. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის 6 000 ლარის, 70% – 4 200 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. მ.მ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ნ. ფ–ს (ლ–სი) (.....) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 000 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 13 აგვისტო), 70% – 4 200 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ვ. კაკაბაძე