დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 09.07.2021
საქმის ნომერი
ას-1143-1063-2017
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.07.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1143-1063-2017 9 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.ჯ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ბ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ე.ბ–ამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ჯ–ას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება დანაშაულებრივი გზით, კერძოდ, გაყალბებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაიტვირთა იპოთეკით. დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თავად კი ცნობილ იქნა დაზარალებულად. შესაბამისად, სადავოა მითითებული ნივთის გაყიდვის საკითხი, ვინაიდან იპოთეკის საგნის მესაკუთრე არ იყო სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალე. ამასთან, უფლების დამდგენი ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება აღირიცხა მოსარჩელის სახელზე, სადავოდ არის გამხდარი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების არაკანონიერებას აპელანტი ძირითადად ასაბუთებდა სხვა საქმის (ადმინისტრაციული დავის) წარმოების დასრულებამდე მოცემული დავის შეუჩერებლობით. სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების არაკანონიერებაზე მითითებით, მოითხოვდა აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების შეჩერებას, მის მიერ აღძრული ადმინისტრაციული სარჩელის გამო, დავის დასრულებამდე. ადმინისტრაციულ დავაში, რომლის დასრულებამდეც აპელანტმა მოცემული საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა, მისივე განმარტებით, უნდა გაირკვეს აუქციონის შედეგების კანონიერება, ასევე, იმ განკარგულების (განკარგულება A12026640-039/001, დამოწმების თარიღი: 23/03/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურო) კანონიერება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. შესაბამისად, აუქციონის შედეგების და, აგრთევე, დასახელებული განკარგულების გაბათილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას გამოეცლება საფუძველი, რის გამოც აპელანტი მიზანშეწონილად და აუცილებლად მიიჩნევს წარმოების შეჩერებას სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე. ასევე, აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრებით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდეც (რომელშიც სავარაუდოდ უნდა გაირკვეს მოპასუხის მიმართ მისი ქონების თაღლითური გზით დაუფლებასთან დაკავშირებით სხვა მონაწილე პირებიც) გონივრულია მოცემული საქმეზე წარმოების შეჩერება.

6. უპირველესად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს, სისხლის სამართლის საქმის გამო, სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას. რაც შეეხება, ადმინისტრაციული საქმის გამო, მოცემული საქმის წარმოების შეჩერებას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კავშირი შესაძლოა არსებობდეს განსახილველ დავასა და ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავას შორის (სადაც სადავოდაა გახდილი აპელანტის მიერ იმ აქუციონის შედეგები და აღმასრულებლის ის განკარგულება, რომლის საფუძველზეც მოწინააღმდეგე მხარემ საკუთრების უფლება დაირეგისტრირა სადავო ბინაზე), საპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკმარისი არ არის სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული შეჩერების პროცესუალური საფუძვლის გამოყენებისათვის, ვინაიდან არ დგინდება დასახელებული ნორმის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი წინაპირობა.

7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სხვა საქმის წარმოების დასრულებამდე განსახილველი საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, თუკი განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის მნიშნელოვანი გარემოებების დადგენა განსახილველ დავაში შეუძლებელია და რომელთა გამორკვევა-დადგენაც უნდა განხორციელდეს სხვა დავაში. შესაბამისად, სხვა, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის დასრულებამდე შეუძლებელი უნდა ხდებოდეს მოცემული სამოქალაქო დავის წარმოება აუცილებელი გარემოებების დადგენის შეუძლებლობის გამო.

8. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მსგავსი ვითარება არ შექმნილა და მოცემული დავის (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა) გადაწყვეტისათვის მნიშნელოვანი გარემოებების დადგენის შეუძლებლობა არ გამოკვეთილა. არის თუ არა მოპასუხის მიერ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი და არსებობს თუ არა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვის სამართლებრივი საფუძველი, აღნიშნულის შეფასება შესაბამის გარემოებებზე დაყრდნობით, არ საჭიროებს აუქიონის შედეგების (ასევე განკარგულების) კანონიერების შესახებ მიმდინარე ადმინისტრაციული დავის განხილვის დასრულების დალოდებას, რამდენადაც განსახილველ დავის ფარგლებში შესაძლებელია ყველა იმ გარემოების დადგენა, რაც საჭირო და საკმარისია მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის.

9. ამდენად, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 ნოემბრის საოქმო განჩინების არაკანონიერებასთნ დაკავშირებით აპელანტის პრეტენზიას არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერებაზე.

10. საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 23 მარტს დამოწმებული №A12026640-039/001 განკარგულება.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის მფლობელაში ყოფნას თავად ეს უკანასკნელიც ადასტურებს, თუმცა აპელანტის მტკიცებით, მისი მხრიდან მფლობელობა ხორციელდება კეთილსინდისიერად, ვინაიდან დასახელებული ბინა დანაშაულებრივი გზით (გაყალბებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე) დაიტვირთა იპოთეკით და მისი ნების საწინააღმდეგოდ დაკარგა საკუთრების უფლება დასახელებულ ბინაზე.

12. სააპელაციო პალატის შეფასებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხემ მისი ნების საწინააღმდეგოდ (ჩადენილი დანაშაულის შედეგად) დაკარგა დასახელებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, არ შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი გარემოება დაყენებული ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, ვინაიდან მოსარჩელის, როგორც ამ ბინის მესაკუთრის და ამ ბინის შემძენის კეთილსინდისიერება მოპასუხის მხრიდან რაიმე არგუმენტირებული მტკიცებით არ გაქარწყლებულა. ამასთან, უდავოა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან რაიმე უფლება დასახელებულ ბინასთან მიმართებით მინიჭებული არ ჰქონია.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის, 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება, იგი არ არის შეზღუდული მოპასუხე მხარისაგან ამ ნივთის მართლზომიერი ფლობის უფლებით, რადგანაც მოპასუხე მხარე არ წარმოადგენს ამავე კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს – მართლზომიერ მფლობელს, ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე მხარის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, რის გამოც არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების, ასევე, ამავე სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

15. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და არ იხელმძღვანელა იმ დანაწესით, რომელიც სადავო ურთიერთობას აწესრიგებდა. შედეგად მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი განჩინება, რომლის საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

16. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას უნდა გაეზიარებინა აპელანტის მითითება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მოსარჩელემ უკანონოდ მოიპოვა. საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი უკანონოა, რის გამოც იგი გასაჩივრებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით. სადავო ქონება დანაშაულებრივი გზით, კერძოდ, გაყალბებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაიტვირთა იპოთეკით. დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თავად კი ცნობილ იქნა დაზარალებულად. სადავო ქონების მესაკუთრე მანამდე კასატორი იყო და მან საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაკარგა საკუთრება ბინაზე. ამდენად, სასამართლოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგების, მათ შორის, საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობის შემთხვევაში ამჟამინდელი მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულ საფუძველს დაკარგავს.

17. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ადმინისტრაციული დავის არსებობა საკმარისი არ არის სსსკ-ის 297-ე მუხლის გამოყენებისათვის.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

19. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე წარმოება შეჩერდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიმდინარე საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან მოპასუხემ ადმინისტრაციული სარჩელი აღძრა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს №3850 იმ ბრძანების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდება 2012 წლის 21 ივნისის №33921 შეტანილი საჩივარი სააღსრულებო მოქმედებების შეჩერების თაობაზე. ასევე, წარდგენილ იქნა ამავე სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განჩინება მოპასუხის სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, რომლითაც მხარემ მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2015 წლის 21 ოქტომბრის №A12026640-024/001 გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების უკანონოდ ცნობა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2015 წლის 16 დეკემბრის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის უკანონოდ ცნობა, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2016 წლის 25 იანვრის №6305 შეფასების შესახებ დასკვნის უკანონოდ ცნობა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 25 თებერვლის, 2016 წლის 22 მარტის პირველი საჯარო აუქციონის, პირველი განმეორებითი საჯარო აუქციონის და იძულებითი საჯარო აუქციონის დანიშვნისა და გამოცხადების შესახებ და აღნიშნულის საფუძველზე გაცემული შეტყობინებების იძულებითი აუქციონის შესახებ აქტების/ განკარგულებების უკანონოდ ცნობა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 22 მარტს გამოცემული იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ ოქმის ბათილად ცნობა მისი ძალაში შესვლის დღიდან, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 23 მარტს №A12026640-039-001 განკარგულების ბათილად ცნობა მისი ძალაში შესვლის დღიდან, აღსრულების ეროვნული ბიუროს და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოებული №A12026640 სააღსრულებო საქმის უკანონოდ ცნობა და აღნიშნული სააღსრულებო საქმის წარმოების შედეგად აუქციონის შედეგების სრულად ბათილად ცნობა.

20. საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა, ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დასრულდა იმ საქმეების განხილვა, რომელთა გამო წინამდებარე საქმის წარმოება იყო შეჩერებული, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მ.ჯ–ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

23. საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 23 მარტს დამოწმებული №A12026640-039/001 განკარგულება.

24. სადავო უძრავი ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელაში, რასაც ეს უკანასკნელიც ადასტურებს.

25. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ მისი მხრიდან მფლობელობა ხორციელდება კეთილსინდისიერად, ვინაიდან დასახელებული ბინა დანაშაულებრივი გზით (გაყალბებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე) დაიტვირთა იპოთეკით და მისი ნების საწინააღმდეგოდ დაკარგა საკუთრების უფლება დასახელებულ ბინაზე.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012)

29. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

30. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

32. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

33. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

34. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

35. მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა იმის გამო, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული სარჩელი აღძრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 2015 წლის 4 სექტემბრის №3850 ბრძანების ბათილად ცნობა. მოპასუხისათვის მოსარჩელის 2012 წლის 21 ივნისის საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

36. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, რის შედეგადაც კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

37. ამდენად, კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინა იმ გარემოების გასაქარწყლებლად, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე იყო მოსარჩელე და მოპასუხე არამართლზომიერად ფლობდა ქონებას, შესაბამისად, არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა.

38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

39. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

41. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 5 ოქტომბრის №11 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ჯ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ.ჯ–ას (პირადი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 5 ოქტომბრის №11 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ნ. ბაქაქური