არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1110-1263-08 12 ოქტომბერი, 2021 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი,მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ი.ს–ძე
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 14.05.2009 წლის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 14.05.2009 წლის განჩინებით დამტკიცდა მორიგება რ.დ–ძესა და ბინის მესაკუთრეთა №46 ამხანაგობას შორის შემდეგი პირობებით: „1. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის №46 ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა თანახმაა, მის საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, ....... მდებარე №16 ბინა თანასაკუთრების უფლებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში თანაბარწილად აღირიცხოს 1/2 - ზ.ს–ძისა და 1/2 - ი.ს–ძის სახელზე; 2. თანაბარწილად ზ.ს–ძისა და ი.ს–ძის სახელზე აღრიცხვის შემდგომ აღნიშნული ფართი ერთი წლის მანძილზე გასხვისდეს და მიღებული თანხა გადაეცეს თანაბრად ზ.ს–ძესა და ი.ს–ძეს წილის შესაბამისად; 3. ი.ს–ძისათვის გადაცემული თანხით (რომელიც ჩაირიცხება მის პირად ანგარიშზე) 6 თვის ვადაში მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმა, მშობლებმა შეიძინონ ბინა ი.ს–ძის სახელზე; 4. ბინის გაუსხვისებლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულებისათვის სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცელი წარდგენილ უნდა იქნეს ზ.ს–ძისა და ი.ს–ძის მიერ არანაკლებ სამი თვის განმავლობაში ერთწლიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან“. შეწყდა საქმის წარმოება რ.დ–ძის სარჩელის გამო ბინის მესაკუთრეთა №46 ამხანაგობის მიმართ კოოპერატივის წევრად ცნობისა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ. მოცემულ საქმეზე გაუქმდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (ს.ფ.278-287).
2. 08.06.2021 წელს ი.ს–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „განმცხადებელი“) განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 14.05.2009 წლის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. განმცხადებლის მითითებით, მორიგების პირობების შესაბამისად, უძრავი ქონება (მდებარე: ქ. ბათუმში, ........, ბინა №16) საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ.ს–ძისა და განმცხადებლის სახელზე, რა დროსაც ეს უკანასკნელი იყო არასრულწლოვანი, 12 წლის. მისი კანონიერი წარმომადგენელი, დედა, ო.ს–ძე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ვალდებული იყო განმცხადებლისთვის შეეძინა ბინა. ბინის გასხვისების შემდეგ, ბინის ღირებულებიდან განმცხადებლის წილის შესაბამისი თანხით ო.ს–ძემ თავის სახელზე შეიძინა ბინა (მდებარე: ქ. ბათუმი, ......, ბინა №42). ამჟამად განმცხადებელი დედასთან უკვე აღარ ცხოვრობს და არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი. მისთვის ცნობილი გახდა სასამართლოს განჩინების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მორიგებით სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრება წარმოადგენს მხარეთა უფლებასა და დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლენას. დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო სამართალწარმოებაში - ესაა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული მხარეთა შესაძლებლობა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სამოქალაქო საქმის წარმოების მორიგებით დამთავრება პროცესის მონაწილე მხარეთათვის კანონით მინიჭებული დისპოზიციური უფლებამოსილებაა, რომელიც მათი ნების თავისუფალი გამოვლინებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გარიგების სახით მიიღება და სასამართლოს მხრიდან კანონიერების კონტროლის საფუძველზე მტკიცდება (სუსგ №ას-1058-2020, 09.02.2021წ.).
4. მატერიალური ნიშნით მორიგება გარიგებაა. გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების ყველაზე გავრცელებული სახე ხელშეკრულებაა, რომელიც ორ ან მეტ სუბიექტს შორის სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს, ცვლის ან წყვეტს. მორიგების ხელშეკრულებად მიჩნევას ორი ძირითადი და არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მორიგება ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენის ფაქტია. თუმცა, მორიგება გარკვეულწილად განსხვავდება სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებისაგან. კერძოდ, გარიგებისაგან განსხვავებით, მორიგება არ შეიძლება იყოს ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგი. მორიგებაში ცალმხრივი ნების გამოვლენა შეუძლებელია. ცალმხრივი ნება, სამოქალაქო საპროცესო ურთიერთობებში შესაძლოა გამოიხატოს სარჩელის ცნობით (აღიარებით) ან სარჩელზე უარის თქმით, რაც მორიგებას არ წარმოადგენს, თუმცა მაინც იძლევა შედეგს სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის სახით. მორიგება წარმოადგენს მხარეების მიერ ახალ გარემოებებზე შეთანხმებას. მხარეთა მორიგების შემთხვევაში წყდება სამართალწარმოება, უქმდება საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და მტკიცდება მორიგება. ასეთი მორიგება უკვე მხარეთა შორის გამოხატული ახალი ნებაა, რაც ახალი გარიგების დადებას გულისხმობს (სუსგ №ას-1117-2020, 25.03.2021წ.; №ას-1504-2020, 22.04.2021წ.).
5. მოსამართლე საკუთარი ინიციატივით არ არკვევს მორიგების აქტში მითითებულ, მხარეთა შორის შეთანხმებულ, მორიგების პირობის შინაარსობრივ ასპექტებს. მორიგების პირობებში ასახვას ჰპოვებს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, ისე, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი მხარეებს განუსაზღვროს მორიგების კონკრეტული პირობა. სასამართლო შეზღუდულია მხარეთა ნებით და იგი მათ მიერ გამოვლენილი ნების განმარტებას არ ახდენს. სასამართლოს ევალება მორიგების აქტის კანონიერების კონტროლი. მორიგების თაობაზე მხარეთა შეთანხმების შემდეგ, მათი უფლებები და მოვალეობები სწორედ მორიგებაში განსაზღვრული პირობების მიხედვით განისაზღვრება და არა მორიგებამდე არსებული ვალდებულების მიხედვით (სუსგ №ას-1504-2020, 22.04.2021წ.).
6. საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 14.05.2009 წლის განჩინებით რ.დ–ძესა და ბინის მესაკუთრეთა №46 ამხანაგობას შორის დამტკიცდა მორიგება (იხ. ს.ფ. 278-287).
7. მოსარჩელის - რ.დ–ძის მოთხოვნის საფუძველზე მორიგების დამტკიცების თაობაზე განჩინებაზე გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ.296-305).
8. მორიგებით მხარეებმა დადეს ახალი გარიგება (ხელშეკრულება), რომლითაც შეთანხმდნენ ახალ გარემოებებზე. როგორც მისი შინაარსიდან ირკვევა, მხარეებმა განსაზღვრეს შეთანხმებული პირობების კონკრეტულ ვადებში შესრულების ვალდებულება. წინამდებარე განცხადების სასამართლოში წარმოდგენის დროისათვის გასულია ყველა ვადა, რომელსაც მხარეებმა მორიგების პირობების შესრულება დაუკავშირეს, უფრო მეტიც, გასულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ. (სუსგ №ას-205-198-2012, 06.04.2012წ.; №ას-7-7-2017, 13.04.2017წ.; №ას-559-534-2016, 14.07.2017წ.). ამ ვადის გასვლის გამო, გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა ეკარგება (სუსგ №ას-205-198-2012, 06.04.2012წ.).
9. ამასთან, საკასაციო სასამართლო ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ როგორც თავად განმცხადებელი ადასტურებს, მორიგების პირობები, ფაქტობრივად, აღსრულებულია, მხოლოდ ბოლო პირობა აღსრულდა განსხვავებული სახით/განმცხადებლის უფლების დარღვევით: სადავო ბინა საკუთრების უფლებით თანაბარწილად აღირიცხა ზ.ს–ძის და განმცხადებლის სახელზე; გასხვისდა; ამონაგები თანხა განაწილდა წილთა შესაბამისად; თუმცა, განმცხადებლის კუთვნილი თანხით მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა - დედამ (მორიგების პირობების საფუძველზე განმცხადებლის კანონიერ წარმომადგენლებს, მშობლებს (და არა მხოლოდ დედას) უნდა შეეძინათ ბინა განმცხადებლის სახელზე) შეძენილი ბინა აღრიცხა თავის სახელზე. საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ არსებულ მორიგების პირობებზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა ვერ უზრუნველყოფს განმცხადებლის მიერ მითითებული პრობლემის აღმოფხვრას. აღნიშნული, შესაძლოა, გახდეს საერთო სასარჩელო წარმოების ფარგლებში ცალკე განხილვის ობიექტი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 14.05.2009 წლის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ს–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 14.05.2009 წლის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე