დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 15.10.2021
საქმის ნომერი
ას-367-2021
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.10.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-367-2021 15 ოქტომბერი, 2021 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ნ–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ნ–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ.ნ–ვის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა და სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა:

2.1. მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ს/კ: N ..... საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად დადგინდა აუცილებელი გზა მ.ნ–ვის (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) 175 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ს/კ: ......, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 2020 წლის 13 თებერვლის N001001220 დასკვნის პირველი ვარიანტისა და ი/მ თ.ე–ის მიერ შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

2.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული პროცესის ხაჯის - 140 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით 60 ლარის გადახდა დაეკისრა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ N......საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, ხოლო მის მომიჯნავედ N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრება.

3.2. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 09 აგვისტოს N5005020718 დასკვნის შესაბამისად, საჯარო გზიდან მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისვლა ორი გზითაა შესაძლებელი: 1) ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებული საავტომობილო მოხრეშილი გზით, რომელიც გადის მოპასუხის საკუთრებაში არსებულ N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში (მისასვლელი გზა სრულად მოქცეულია ხსენებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შიგნით) და 2) აღმოსავლეთ ნაწილიდან, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით დაურეგისტრირებელი სივრცის გავლით. მეორე ვარიანტით მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებულ იქნება ადგილზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის, კონფიგურაციის და საგნის ზუსტ განსაზღვრას). ასევე საჭირო იქნება სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება (მისასვლელი გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, სადაც დღეის მდგომარეობით გზა არ არის მოწყობილი). აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შედგენილ იქნას შესაძლო გზის მოწყობის პროექტი და მიღებულ იქნას ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურიდან.

4. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საერთო სარგებლობის გზა, რომელზეც საუბარია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში საჯარო რეესტრში მესამე პირის - ე.შ–ვის საკუთრებაშია აღრიცხული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი ახალი ფაქტობრივი გარემოება და მისი დამადასტურებელი მტკიცებულება, ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობას ქმნიდა. კერძოდ, ექსპერტიზას უნდა დაედგინა დღეს არსებული მდგომარეობით გააჩნდა თუ არა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქმეზე საინჟინრო ექსპერტიზა დაინიშნა და ექსპერტს შემდეგი კითხვა დაესვა: გააჩნდა თუ არა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს (ს/კ # .....) ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი (მათ შორის საავტომობილო) საჯარო გზასთან; წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლებოდა მოსარჩელისთვის მის კუთვნილ უძრავ ქონებასთან საჯარო კავშირის უზრუნველსაყოფად საავტომობილო გზის მოწყობა ყველა ალტერნატიული ვარიანტის გათვალისწინებით.

6. N001001220 ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით, ასევე ფაქტობრივი მდგომარეობით, არ გააჩნია დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან. დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის დაკავშირება საჯარო გზასთან შესაძლოა ოთხი ვარიანტით განხორციელდეს: ა) პირველი ვარიანტის მიხედვით, გზის მოწყობა ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლითაა შესაძლებელი, სადაც მოხრეშილი საავტომობილო გზა უკვე არსებობს; ბ) მეორე ვარიანტის თანახმად, საავტომობილო გზა ტექნიკურად ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის გავლით შესაძლოა მოეწყოს, რომელიც შემოღობილია და სხვა პირის ფაქტობრივ მფლობელობაშია; გ) მესამე ვარიანტის შესაბამისად, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელად საავტომობილო გზის მოწყობა აღმოსავლეთის მხრიდან, N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის გავლითაა შესაძლებელი, რომლის ნაწილზეც უკვე არსებობს გრუნტის გზა, ხოლო დ) მეოთხე ვარიანტი საავტომობილო გზის მოწყობას მოიაზრებს ასევე აღმოსავლეთის ნაწილიდან, N ..... მიწის ნაკვეთის გავლით. ამავე დასკვნის მიხედვით, მეორე, მესამე და მეოთხე ვარიანტებით მისასვლელი გზის მოწყობის შემთვევაში საჭიროა შედგეს შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებული იქნება ადგილზე (პროექტი მოიცავს გზის ფართს, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას). ასევე, საჭირო იქნება სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება, კერძოდ, იმ ნაწილში, სადაც არსებული მდგომარეობით მისასვლელი გზა არ არის მოწყობილი.

7. სააპელაციო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით, ასევე ფაქტობრივი მდგომარეობით, დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან არ გააჩნია.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მტკიცებულებებისა და ექსპერტიზის დასკვნების ურთიერთშეჯერებით იკვეთებოდა ისეთი გარემოება, როდესაც მიწის ნაკვეთი, რომლის მეშვეობითაც მოსარჩელე მოითხოვს აუცილებელი გზის დადგენას, მართალია, არ წარმოადგენს ერთადერთ და უალტერნატივო საშუალებას, რათა მოსარჩელემ შეძლოს აუცილებელი საავტომობილო გზით სარგებლობა, თუმცა N .....

საკადასტრო კოდის ქვეშ რეგისტრირებული უძრავი ქონება ექსპერტიზის დასკვნით შეთავაზებული პირველი ვარიანტის მიხედვით ყველაზე ოპტიმალურ გამოსავალს წარმოადგენს აუცილებელი გზის მოწყობის თვალსაზრისით. ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც აპელანტი (მოსარჩელე) წლების მანძილზე სარგებლობდა და მასზე საავტომობილო მოხრეშილი გზა უკვე არსებობს. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ფოტოილუსტრაციის მიხედვით, დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი ფაქტობრივი მდგომარეობით შემოღობილია და სხვის მფლობელობაშია. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის N1 დანართით, რომლის მიხედვით, ნაკვეთი შემოღობილია და მასზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება არა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, არამედ სხვა პირის უფლება, რომელიც საჯარო რეესტრის სააგენტოში ამ დროისათვის არ არის ასახული. გასათვალისწინებელია ექსპერტის დასკვნა იმის შესახებ, რომ რომ მეორე, მესამე და მეოთხე ვარიანტებით მისასვლელი გზის მოწყობის შემთვევაში საჭირო იქნება სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება (მისასვლელი გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება). კერძოდ, იმ ნაწილში სადაც არსებული მდგომარეობით მისასვლელი გზა არ არის მოწყობილი.

9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მოთხოვნისას დაუშვებელია მხოლოდ მომჩივანი მხარის ინტერესების გათვალისწინებით მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს და დადგინდეს ყველა გონივრული და შესაძლო საშუალება, რომლითაც შესაძლოა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა. აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენისას უნდა შემოწმდეს ყველა მესაკუთრის ინტერესი და მხოლოდ მათი ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.

10. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმეზე დადგენილი გარემოებები, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის, კერძოდ, წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი, მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვა კი მართალია არა ერთადერთი და გარდაუვალი აუცილებლობა, თუმცა ყველაზე ხელსაყრელ და ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც შეიძლება მოსარჩელემ ისარგებლოს საკუთარ სახლთან მისასვლელად (აღსანიშნავია ისიც, რომ ეს უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე სარგებლობდა სწორედ ამ გზით და წარდგენილი აქვს გეგმვითი/აზომვითი ნახაზი, თუ როგორ და მიწის ნაკვეთის რა ნაწილის გამოყენებით უნდა განხორციელდეს გზით სარგებლობა).

11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აუცილებელი გზის დადგენის გარდაუვალობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზე იყო, რომელმაც სათანადო, სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით უზრუნველყო საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთის გავლით აუცილებელი გზის დადგენა მოსარჩელის მიწის ნაკვეთით ჯეროვანი სარგებლობის ყველაზე ოპტიმალური შესაძლებლობა იყო.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

17. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს აუცილებელი გზის უფლების დადგენას, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 180-ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად) წარმოადგენს.

18. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: „სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. (სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს Nას-965-2019, 10.04.2020წ; Nას-1513-2018, 08.02.2019წ; Nას-848-848-2018, 11.12.2020წ; Nას-45-2021, 22.04.2021წ; Nას-832-2020, 21.04.2021წ).

19. ამასთან, აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ საქმე N ას-1869-2018, 25.10.2019წ).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის გამოყენებისათვის საჭიროა ობიექტური გარემოებების არსებობა, რაც წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. ეს კი ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გულისხმობს, ანუ - თუ არსებობს ობიექტური გარემოება, როგორიცაა - სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება. ამასთან, ვინაიდან აუცილებელი გზის დადგენა მეზობელი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მნიშვნელოვან ჩარევას იწვევს, აუცილებელი კავშირი მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს (იხ. სუსგ Nას-1901-2018, 22.11.2019წ).

21. კასატორის (მოპასუხის) მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან დაკავშირება მხოლოდ მოპასუხის საკუთრების გამოყენებითაა შესაძლებელი. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, პირველ ვარიანტშიც იგივე სამუშაოებია განსახორციელებელი, რაც ბოლო სამ ვარიანტში; კასატორის განმარტებით, საქმის განხილვისას სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელეს დაევალა შესაბამისი პროექტის წარდგენა პირველ ვარიანტზე, რაც არ შესრულდა (წარადგინა მხოლოდ ადგილზე მიუსვლელად კომპიუტერიდან გაკეთებული ნახაზი) და სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება; სასამართლომ არ დაადგინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთამდე აღმოსავლეთით გრუნტიანი გზა მდებარეობს, რომელიც დავის პროცესში მისივე ნებართვით მეზობელმა დაირეგისტრირა; სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არსებითაც იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. დასაბუთების გარეშე დაადგინა ისეთი გარემოებები, რაც არ არსებობდა, ამასთან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

22. საქმეზე უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ მარნეულის რაიონში, სოფელ ........ მდებარე N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით, ასევე ფაქტობრივი მდგომარეობით, დამოუკიდებელი კავშირი საჯარო გზასთან არ გააჩნია. თუმცა დავას იწვევს ის საკითხი მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენება მოსარჩელის ქონებით სარგებლობის ერთადერთ და საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს თუ არა.

23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N001001220 დასკვნას, რომელიც N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დასაკავშირებლად ოთხ ვარიანტს გვთავაზობს, საიდანაც პირველ შემთხვევაში მოხრეშილი საავტომობილო გზა უკვე არსებობს, ხოლო ბოლო სამ შემთხვევაში მისასვლელი გზის მოწყობად საჭიროა სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება (მისასვლელი გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება), რაც ბუნებრივია გარკვეულ ხარჯებთანაა დაკაშვირებული.

24. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოპასუხის (კასატორის) უძრავ ქონებაზე გავლით მართებულად მიენიჭა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა ის ფაქტორი, რომ მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვა, მართალია, არ იყო ერთადერთი და გარდაუვალი აუცილებლობა, თუმცა ყველაზე ხელსაყრელ და ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენდა. ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე სარგებლობდა სწორედ ამ გზით და წარდგენილი ჰქონდა გეგმვითი/აზომვითი ნახაზი, თუ როგორ და მიწის ნაკვეთის რა ნაწილის გამოყენებით უნდა განხორციელდეს გზით სარგებლობა.

25. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში ასახული მსჯელობა) ჩამოყალიბებულ დასკვნას, რომ მოსარჩელის ნაკვეთით ჯეროვანი სარგებლობის ყველაზე ოპტიმალურ შესაძლებლობად მოპასუხის ნაკვეთზე აუცილებელი გზის მოწყობის დადგენა წარმოადგენდა

26. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საკუთრებასთან მისასვლელ ერთადერთ და აუცილებელ გზას არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მისი მოწყობა შესაძლებელია ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეთავაზებული მეოთხე ვარიანტის განხორციელების შედეგად. საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე შემოწმებისას, საკასაციო სასამართლომ ასევე მოისმინა სააპელაციო სასამართლოს 09.12 2020წ. და 27.01.2021წ. სხდომების ოქმები. კასატორის შედავება, რომ მოწინააღმდეგეს არ წარუდგენია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებული პირველი ვარიანტის მიხედვით გზის მოსაწყობად შესაბამისი პროექტი, არ არის გაზიარებული, რადგან სააპელაციო სასამართლოს დავალებით მოსარჩელემ (აპელანტმა) წარადგინა პროექტი, რაც საქმის მასალებშია (იხ. ს.ფ. 276-279). სააპელაციო სასამართლომ 09.12.2020წ. სხდომაზე დეტალურად გამოიკვლია საქმეში არსებული სადავო მტკიცებულებები და მოისმინა მხარეთა განმარტებები. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე იმ დასაბუთებით უარყო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში პირველი ვარიანტის მიხედვით აუცილებელი გზის მოწყობა, რომ მისი ეზოს გავლით, სადაც ბავშვები თამაშობენ, მოუწევს მოსარჩელეს თავის ნაკვეთში შესვლა და თანხმობა განაცხადა აუცილებელი გზის მეოთხე ვარიანტის მიხედვით მოწყობაზე, რაშიც თვითონაც (მოპასუხე) გაუწევდა დახმარებას მოსარჩელეს. გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, მოპასუხის განმარტება, რომ ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით თანახმაა მოეწყოს აუცილებელი გზა, დამატებით ადასტურებს, რომ მოსარჩელეს არ აქვს აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელისათვის აუცილებელი გზის მოსაწყობად ოპტიმალურია ექსპერტიზის დასკვნის პირველი ვარიანტისა და ი/მ ე–ის მიერ შედგენილი პროექტის გამოყენება. კასატორს საკუთარი განმარტების გარდა არ წარუდგენია სასამართლოსათვის სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს. კასატორის არც ის არგუმენტია დასაბუთებული, რომ მოსარჩელემ თვითნებური მოქმედებით, რაც მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის უფლების რეგისტრაციისათვის გაცხადებულ თანხმობაში გამოიხატება, გააუქმა კავშირი საჯარო გზასთან, რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნის მეოთხე ვარიანტს, ამ მიმართებითაც უსაფუძვლოა საკასაციო შედავება, რადგან, საჭირო იქნება სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება, რაც არ წარმოადგენს ოპტიმალურ ვარიანტს.

27. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

28. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება შესაბამისი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა. „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს“. (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი) -იხ. სუსგ Nას-45-2021, 22.04.2021წ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების საპროცესო ვალდებულებას წარმატებით გაართვა თავი, მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ, მოპასუხის მხარეზე გადაინაცვლა. შესაბამისად, დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას, მოპასუხეს შეეძლო, საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად თვითონაც წარმოედგინა შესატყვისი სამართლებრივი წონადობის მტკიცებულება (სხვა საექსპერტო დასკვნა). დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს: „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრება არ იგულისხმება. ექსპერტიზის, თუნდაც სავარაუდო დასკვნა, აბათილებს მოპასუხის მარტოოდენ ზეპირ განმარტებას, რადგან სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მოსაზრებას სადავო ურთიერთობის ფაქტობრივ სამართლებრივი დასაბუთებისას, უთუოდ ენიჭება გარკვეული უპირატესობა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ვერ აბათილებს ობიექტური მტკიცებულებებით სადავო გარემოებებს. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 117-121. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი)“ - შეად. სუსგ-ას Nას-45-2021, 22.04.2021წ.

29. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე (მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ მე-4 მუხლი)), რომლის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ სათანადოდ დაძლია თავისი წილი მტკიცების ტვირთი და დაადასტურა სხვისი საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის სსკ-ის 180-ე მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობა, ხოლო მოპასუხეს არ წარუდგენია მითითებული პირობების გამაბათილებელი რაიმე სახის მტკიცებულება, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, მოპასუხის პრეტენზიის უარყოფის თაობაზე.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

31. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

33. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ნ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ნ–ვს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, გ. ხ–ის (პ/ნ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 6 მაისი), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური