კერძო საჩივარი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-303-2022 28 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ. ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „ჯ. ჯ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1., 1.2., 1.3., და 1.4. პუნქტები.
3. მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე წარადგინა კერძო საჩივარი.
4. 2022 წლის 2 თებერვალს მოპასუხემ წარადგინა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების პროცესის შეჩერების შესახებ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება. მოპასუხის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების თაობაზე, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების მე-3 პუნქტის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნას საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
9. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.
10. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
11. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების შესახებ.
12. სსსკ-ის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლით გადაწყვეტილი საკითხზე კერძო საჩივრის წესით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით მიუთითებს სსსკ-ის 270-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ამავე სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ გასაჩივრებულია კერძო საჩივრით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე გამოტანილი განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა გამოყენებული აქვს, რამდენადაც კერძო საჩივრის ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების კანონიერებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა. ამასთან, ზემოაღნიშნული საკითხზე განჩინება სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მიიღო. გამომდინარე აქედან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 4 თებერვალს მიღებული განჩინება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო (იხ. სუსგ №ას-340-340-2018, 19 მარტი, 2018; საქმე №ას-260-248-2016, 20 მაისი, 2016 წელი).
14. ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კერძო საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების საფუძველი. შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი ბაჟი - 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ჯ. ჯ–ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ჯ. ჯ–ს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ.ო–ძის (პ/ნ .....) მიერ 2022 წლის 4 მარტს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე