გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.04.2022
საქმის ნომერი
ას-661-2021
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-661-2021 20 აპრილი, 2022 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს.კ.ე.ჯ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან დამზღვევი კომპანია) სარჩელი სს „ს.კ.ე.ჯ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან სადაზღვევო კომპანია) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 33 242.92 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა შემდეგი სამართლებრივი საკითხები:

3.1. მოსარჩელესა და სს „ს.კ.ა.ჯ–ს“ (მზღვეველი, მისი უფლებამონაცვლეა მოპასუხე) შორის, 2013 წლის 1 მარტს, ერთი წლის ვადით დაიდო დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება და შესაბამისი პოლისი გაიცა;

3.2. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის პირობებზე, რაც გულისხმობდა დამზღვევი კომპანიის, მზღვეველის მიერ, განსაზღვრული სამოქალაქო/დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობების ფარგლებში დაზღვევას (1.1 პუნქტი). ხელშეკრულების საფუძველზე, დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის სპეციფიკური პირობები განისაზღვრა ამ ხელშეკრულების დანართებით N1, N2 და სადაზღვევო პოლისით, რაც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია (1.3 პუნქტი);

3.3. სადაზღვევო პოლისის თანახმად, დაზღვეულ ინტერესს წარმოადგენდა დამზღვევის საქმიანობის შედეგად მესამე მხარეთათვის/დაქირავებული მუშაკისათვის მიყენებული სხეულის და/ან ქონების ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომელიც დამზღვევს წარმოეშობოდა კანონის თანახმად;

3.4. ზოგადი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობების თანახმად, მზღვეველი დამზღვევს აუნაზღაურებს:

- ნებისმიერ ისეთ თანხას, რომლის გადახდაზეც სამართლებრივად პასუხისმგებელია დამზღვევი წინამდებარე დაზღვევით დაფარული სადაზღვევო შემთხვევიდან წარმოშობილი ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც:

ა) მოხდა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში;

ბ) დადგა დაფარულ ტერიტორიაზე;

გ) მოხდა პოლისში მითითებული დამზღვევის საქმიანობის მიმდინარეობის დროს;

დ) დამზღვევის წინააღმდეგ აღძრულია ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელი მესამე მხარის მიერ.

- ზემოთქმულთან დაკავშირებით მოსარჩელის ხარჯებსა და დანახარჯებზე სამართლებრივად დაკისრებულ პასუხისმგებლობას;

- ნებისმიერ სხვა ისეთ ხარჯებსა და დანახარჯებს, გაწეულს მზღვეველთან წინასწარი წერილობითი თანხმობით, რომელიც შესაძლოა გახდეს სარჩელის ან სამართალწარმოების საგანი წინამდებარე სადაზღვევო პირობების საფუძველზე;

- დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები (მათ შორის ექსპერტიზის ხარჯები); ამასთან, მზღვეველი პასუხისმგებელია სადაზღვევო შემთხვევიდან წარმოქმნილი ზარალის მხოლოდ იმ ოდენობაზე და მოსარჩელეთა იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რომელიც აღემატება ფრანშიზას;

3.5. ზოგადი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობების ზოგადი პირობების თანახმად, სადაზღვევო პოლისის მფლობელმა უნდა გასწიოს სათანადო მზრუნველობა ნებისმიერი ზიანის ან ზარალის ან დაზიანების თავიდან აცილების, აგრეთვე შენობა- ნაგებობის, ქარხნის და ყველა სხვა კორპორაციული ქონების კარგ მდგომარეობაში შენახვისა და კანონით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებისა და წესის შესრულების მიზნით. ამასთან, სადაზღვევო პოლისის მფლობელმა საჭიროებისამებრ უნდა გამოასწოროს ნებისმიერი ხარვეზი ან აღმოფხვრას ნებისმიერი საფრთხე და მიიღოს დამატებითი სიფრთხილის ზომები დაუყოვნებლივ, როგორც კი ამგვარი ხარვეზი ან საფრთხე თავს იჩენს;

3.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, გ.ლ–ძის სარჩელი დამზღვევი კომპანიის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდა. კომპანიას გ.ლ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სანაცვლოდ 67 543,06 ლარის, სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 2 142 ლარის, ადვოკატის მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ 200 ლარისა და ექსპერტიზისთვის გაწეული მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ 3 650 (3150+500) ლარის გადახდა. სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დამზღვევი კომპანიის მხრიდან სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 2 701,72 ლარი, ხოლო საკასაციო წესით განხილვისას - 3 377,15 ლარი, საიდანაც კასატორს დაუბრუნდა 2 364,005 ლარი. სახელმწიფო ბაჟის ოდენობასთან დაკავშირებით სადაზღვევო კომპანიას შედავება არ განუხორციელებია;

3.7. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თბილისში, ....... მდებარე, გ.ლ–ძის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება გამოწვეულია დამზღვევი კომპანიის კუთვნილი, 100 მმ დიამეტრის დაზიანებული მილიდან გამომავალი წყლის უშუალო ზემოქმედებით, რასაც მოჰყვა შენობის საძირკვლის გრუნტების წყალგაჯერება და საბოლოოდ, შენობის ჯდენითი დეფორმაცია. დაზიანებული მილი შეფასდა მომეტებული საფრთხის წყაროდ და განიმარტა, რომ მომეტებული საფრთხიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობისას კანონი არ ითვალისწინებდა მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრის ბრალის არსებობის აუცილებლობას და მას ბრალის გარეშეც აკისრებდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუ მისი ქმედება ან უმოქმედობა მართლსაწინააღმდეგოა და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, დამზღვევი კომპანიის ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო, გამოხატული უმოქმედობაში, ვინაიდან იგი ვალდებული იყო, დროულად გამოეცვალა დაზიანებული მილი;

3.8. დამზღვევმა კომპანიამ გ.ლ–ძეს სრულად აუნაზღაურა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა - 73 535,06 ლარი. თანხის ოდენობასთან დაკავშირებით სადაზღვევო კომპანიას შედავება არ განუხორციელებია;

3.9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაა სადაზღვევო კომპანიისათვის დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, დამზღვევის საქმიანობის შედეგად მესამე მხარეთათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის - 33 242,92 ლარის ანაზღაურება;

3.10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 799-ე მუხლია, რომლის თანახმად: 1) დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება; 2) დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია), ასევე, სსკ-ის 839-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო;

3.11. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომლითაც თავისი პოზიცია დააფუძნა მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ზოგადი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობებით ნაკისრი სათანადო ზრუნვის ვალდებულებების მოსარჩელის მიერ შეუსრულებლობას (სადაზღვევო პოლისის მფლობელმა უნდა გასწიოს სათანადო მზრუნველობა ნებისმიერი ზიანის ან ზარალის ან დაზიანების თავიდან აცილების, აგრეთვე შენობა-ნაგებობის, ქარხნის და ყველა სხვა კორპორაციული ქონების კარგ მდგომარეობაში შენახვისა და კანონით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებისა და წესის შესრულების მიზნით. ამასთან, სადაზღვევო პოლისის მფლობელმა საჭიროებისამებრ უნდა გამოასწოროს ნებისმიერი ხარვეზი ან აღმოფხვრას ნებისმიერი საფრთხე და მიიღოს დამატებითი სიფრთხილის ზომები დაუყოვნებლივ, როგორც კი ამგვარი ხარვეზი ან საფრთხე თავს იჩენს) და იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ, თავისი უმოქმედობით გამოიწვია აღნიშნული შედეგი (ზიანი), რაც სსკ-ის 829-ე (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით;) და ამავე კოდექსის 842-ე (მზღვეველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დამზღვევმა შეგნებულად გამოიწვია იმ გარემოების წარმოშობა, რისთვისაც მას ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე) მუხლების თანახმად, პასუხისმგებლობისაგან მისი გათავისუფლების საფუძველია;

3.12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოდავე მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად, დამზღვევის ვალდებულებას წარმოადგენდა სადაზღვევო პრემიის შეტანა, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. ხოლო მზღვეველი მოვალე იყო აენაზღაურებინა დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელით, მოსარჩელე ითხოვდა იმ თანხის ანაზღაურებას, რაც მას მესამე პირის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გადასახდელად დაეკისრა;

3.13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მესამე პირის მიმართ ზიანის დადგომისას დამზღვევი კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობას, შესაბამისად, სახეზე არ არის სსკ-ის 829-ე ან 842-ე მუხლებით გათვალისწინებული, სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოებები;

3.14. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ ზარალის დადგომის თაობაზე მოსარჩელეს წინასწარ უნდა სცოდნოდა, ვინაიდან კონკრეტულ უბანზე სასმელი წყლის მილი დაზიანებული იყო და ამავდროულად ეს შედეგი მოსარჩელის მიერ იყო დაშვებული, კერძოდ, მოსარჩელემ იცოდა მილის დაზიანების შესახებ და მისი შეცვლა ან შეკეთება დროულად არ მოუხდენია;

3.15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელისათვის, როგორც ლიცენზიანტისთვის, განგრძობადი ხასიათი ჰქონოდა დაზიანებას, წყალმომარაგების ქსელის გადაცემისას გადაეცა ძველი, ზოგ შემთხვევაში დაზიანებული მილი, შესაძლოა, თბილისში, ...... გასწვრივ გამავალი სასმელი წყლის მილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო დაზიანებული. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მხარეებს შორის დადებულია დაზღვევის ხელშეკრულება, რაც თავისი შინაარსით სპეციფიურია და დამახასიათებელი დამზღვევი კომპანიის საქმიანობისათვის, შესაბამისად, სადაზღვევო ორგანიზაციას, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე უნდა სცოდნოდა წყალსადენი ქსელის მდგომარეობა, ასევე ის გარემოება, რომ მილების აღდგენა/გამოცვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს;

3.16. საყურადღებოა მოსარჩელის პოზიცია, რომ კონკრეტულ უბანზე მილის გამოცვლა კომპანიის მხრიდან 2014 წელს ისედაც იყო დაგეგმილი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საუბარია მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანზე, რა დროსაც მომეტებული საფრთხიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობისას კანონი არ ითვალისწინებდა მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრის ბრალის არსებობის აუცილებლობას და მას ბრალის გარეშეც აკისრებდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუ მისი ქმედება ან უმოქმედობა მართლსაწინააღმდეგოა და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი;

3.17. რაც შეეხება მილის მრავალჯერადად დაზიანების ფაქტს, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გ.ლ–ძის განცხადებაზე კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მყისიერ რეაგირებას, მოხდა სასმელი წყლის მილის გადაკეტვა და შემდგომში მისი გამოცვლა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით მოხდა არა სადაზღვევო შემთხვევით შეთანხმებული ზიანის ანაზღაურება, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დამდგარი ზიანის დაკისრება;

3.18. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის კავშირი, ხოლო მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი ხელშეკრულების შეთანხმების საგანს არ წარმოადგენს ან არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისი, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ ვერ შეძლო ამ მტკიცების ტვირთის რეალიზება. შესაბამისად, წარმოიშვა მზღვეველის ვალდებულება, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სადაზღვევო კომპანიამ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

4.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ ნაწილობრივ შეაფასა და ისინი ერთობლივად არ გაანალიზა. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან სადაზღვევო კომპანიისათვის ცნობილი იყო დამზღვევი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, მისთვის (მოპასუხისათვის) ავტომატურად დაზღვევის ობიექტზე არსებული ხარვეზების შესახებაც უნდა ყოფილიყო ცნობილი;

4.2. კასატორმა მხარეთა შორის გაფორმებულ დაზღვევის ხელშეკრულების პირობებზე მიუთითა და განმარტა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ე.წ. „სათანადო ზრუნვის“ წესები, რაც გულისხმობდა იმას, რომ სადაზღვევო პოლისის მფლობელს უნდა გაეწია სათანადო მზრუნველობა ნებისმიერი ზიანის ან ზარალის ან დაზიანების თავიდან აცილების, აგრეთვე შენობა-ნაგებობების, ქარხნის და ყველა სხვა კორპორაციული ქონების კარგ მდგომარეობაში შენახვისა და კანონით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებისა და წესის შესრულების მიზნით. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შენობას აზიანებდა შეცვლილი გარე სისტემის დაზიანებული მილიდან გამომავალი წყლები. ამასთან კასატორმა მიუთითა იმ გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებაზე, რომლითაც დამზღვევ კომპანიას ფიზიკური პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, რომ კომპანიის ქმედება მართლსაწინააღმდეგო იყო და არ იყო დაცული ტექნიკური უსაფრთხოების დადგენილი ნორმები (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.6-3.8 ქვეპუნქტები);

4.3. კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია სსკ-ის 842-ე მუხლით დადგენილი მზღვეველის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების გარემოებები, ვინაიდან მიუხედავად აბონენტის არაერთი თხოვნისა და გაფრთხილებისა, მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუღია გონივრული ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია უხეში გაუფრთხილებლობით;

4.4. კასატორმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო სამართალში მოქმედ კეთილსინდისიერების პრინციპზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების, მოპასუხის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი, ამასთან, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისათვის, არ ქმნის საქმის ხელახლა განსახილველად (ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ან სხვა მტკიცებულებების ხელახლა გამოსაკვლევად) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცეუალურ საფუძველს და, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებათა სამართლებრივი შეფასების გზით, შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე.

6. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

7. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

8. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

9. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ.).

10. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოპასუხემ (სადაზღვევო კომპანიამ) წინამდებარე გადაწყვეტილების 3.6-3.8 ქვეპუნქტებში ასახულ გარემოებებზე დაყრდნობით, მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა და თავისი მტკიცება დააფუძნა მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ზოგადი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობებით ნაკისრი სათანადო ზრუნვის ვალდებულებების მოსარჩელის (დამზღვევი კომპანიის) მიერ შეუსრულებლობას; მოპასუხემ სადაზღვევო პოლისის მფლობელის, რომელიც ამ შემთხვევაში დამზღვევი მოსარჩელე კომპანიაა, სათანადო მზრუნველობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც გულისხმობს ნებისმიერი ზიანის ან ზარალის ან დაზიანების თავიდან აცილების, აგრეთვე შენობა-ნაგებობის, ქარხნის და ყველა სხვა კორპორაციული ქონების კარგ მდგომარეობაში შენახვას, კანონით გათვალისწინებული ყველა ვალდებულებისა და წესის შესრულებას. ამასთან, სადაზღვევო პოლისის მფლობელმა საჭიროებისამებრ უნდა გამოასწოროს ნებისმიერი ხარვეზი ან აღმოფხვრას ნებისმიერი საფრთხე და მიიღოს დამატებითი სიფრთხილის ზომები დაუყოვნებლივ, როგორც კი ამგვარი ხარვეზი ან საფრთხე თავს იჩენს. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ, თავისი უმოქმედობით გამოიწვია აღნიშნული შედეგი (ზიანი), რაც სსკ-ის 829-ე „მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით; და ამავე კოდექსის 842-ე „მზღვეველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დამზღვევმა შეგნებულად გამოიწვია იმ გარემოების წარმოშობა, რისთვისაც მას ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე“ მუხლების თანახმად, პასუხისმგებლობისაგან მისი გათავისუფლების საფუძველია (იხ. შესაგებელი- ს.ფ.83-84);

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის შედავებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამზღვევმა კომპანიამ (რომელიც ამ დავაში მოსარჩელეა), როგორც მოვალემ, მოთხოვნის კრედიტორს- გ. ლ–ძეს აუნაზღაურა არა სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანი, არამედ მისი, როგორც მოვალის მართლსაწინაააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი, რაც სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობას გამორიცხავს (იხ. შესაგებელი- ს.ფ. 84; სააპელაციო საჩივარი - ს.ფ. 224). სწორედ ეს შედავება არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, თუმცა, მიუთითა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე.

12. საქმის მასალებშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ თბილისში, ...... მდებარე, გ.ლ–ძის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება გამოწვეულია დამზღვევი კომპანიის (რომელიც წინამდებარე დავაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს) კუთვნილი, 100 მმ დიამეტრის დაზიანებული მილიდან გამომავალი წყლის უშუალო ზემოქმედებით, რასაც მოჰყვა შენობის საძირკვლის გრუნტების წყალგაჯერება და საბოლოოდ, შენობის ჯდენითი დეფორმაცია. დაზიანებული მილი შეფასდა მომეტებული საფრთხის წყაროდ და განიმარტა, რომ მომეტებული საფრთხიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობისას კანონი არ ითვალისწინებდა მომეტებული საფრთხის წყაროს მესაკუთრის ბრალის არსებობის აუცილებლობას და მას ბრალის გარეშეც აკისრებდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუ მისი ქმედება ან უმოქმედობა მართლსაწინააღმდეგოა და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ დამზღვევი კომპანიის ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო, გამოხატული უმოქმედობაში, ვინაიდან იგი ვალდებული იყო, დროულად გამოეცვალა დაზიანებული მილი და სწორედ დამზღვევი კომპანიის, ანუ მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მოსარჩელის კუთვნილ ქონებას მიადგა ზიანი (იხ. სუსგ N ას-646-617-2016; 30.09.2016წ.).

13. სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი აღარ უნდა დამტკიცდეს ხელახლა სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, რომელშიც იგივე მხარეები მონაწილეობენ. იგივე მხარეებში იგულისხმებიან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეში მონაწილე პირები, მიუხედავად იმისა, რა სტატუსით მონაწილეობენ ისინი სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, მაგალითად, ახალ დავაში მოსარჩელე შეიძლება მოპასუხე იყოს, ან პირიქით. მთავარია, რომ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე სუბიექტები მონაწილეობდნენ (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020, გვ. 994). სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას (იხ. ქეთევან მესხიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 106, თბილისი, GIZ, 2020, გვერდი 574.). პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (სსსკ-ის 106-ე მუხლის განმარტების თაობაზე იხილეთ: სუსგ-ები N ას-547-510-2017, 04.05.2018. პ.3.4; N ას-827-791-2014, 13.11.2015; N ას-58-56-2016, 26.02.2016წ.). მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (იხ.პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020, გვ. 998). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს. „გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი“ (შეად. სუსგ N ას-710-2011-09, 07.09.2009წ.). ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ), არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება) - იხ. სუსგN ას-827-791-2014, 13.11.2015წ. კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, ასაბუთებენ, ამართლებენ სარეზოლუციო ნაწილს. ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), გამოტანილი იმავე მხარეების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში), არამედ მატერიალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებსაც (გადაწყვეტილებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების შინაარსს, რომელი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება) - იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, GIZ, 2020, გვ. 999. აქედან გამომდინარე, პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს. მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, პრეიუდიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს ფაქტს, თუკი, სწორედ მას დაეყრდნო გადაწყვეტილების იურიდიული შედეგი (სარეზოლუციო ნაწილი). პრაქტიკულად, ეს უნდა იყოს იურიდიული შედეგის განმაპირობებელი აუცილებელი ფაქტი. მატერიალური ასპექტი ნათლად წარმოაჩენს, რომ სასამართლომ უპირობოდ არ უნდა მიიღოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიჩნეული ფაქტები, როგორც პრეიუდიციული ძალის მქონე. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მისი მატერიალური მხარე და გამოარკვიოს ნამდვილად ამ ფაქტს ეყრდნობა თუ არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება). შემოწმება უნდა განხორციელდეს როგორც პროცესუალური (პროცესუალური წინაპირობებია: (1) კანონიერ ძალაშია თუ არა შესული სასამართლო გადაწყვეტილება (განჩინება); (2) გამოტანილია თუ არა იგი სამოქალაქო საქმეზე; (3) იგივე მხარეები მონაწილეობენ თუ არა განსახილველ საქმეშიც, რომელთა მიმართ გამოტანილია გადაწყვეტილება (განჩინება)), ასევე, მატრიალური კომპონენტების კუთხით (ესაა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსი (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ე.ი. რაც გახდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველი). მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მხარის მიერ მითითებული ფაქტი პრეიუდიციულად შეფასდეს და მტკიცების საგნიდან ამოირიცხოს. შესაბამისად, ფაქტის პრეიუდიციულად მიჩნევა სასამართლოს უფლებაა. სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სწორედ ამ ფაქტს ეფუძნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი არ წარმოადგენს პრეიუდიციულ ფაქტს და ჩვეულებრივ ექვემდებარება მტკიცებას ისევე, როგორც მხარეთა მიერ შედავებული დანარჩენი ფაქტები. ასეთი მიდგომა ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისას მიღებული სასამართლო აქტის სავალდებულო ძალის, ასევე, ამ აქტისადმი სანდოობის პრინციპის შენარჩუნებას და რაც მთავარია, განსაზღვრულობის პრინციპს. ივარაუდება, რომ იმ სასამართლომ, რომელმაც ერთხელ უკვე იმსჯელა მხარეებს შორის არსებულ სამართალურთიერთობაზე და დაადგინა გარკვეული ფაქტები, სასამართლოს დასკვნები ამ ფაქტებთან მიმართებაში ემყარება მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შემოწმების შედეგს. შესაბამისად, თუ იგივე ფაქტები მათი შეფასება-დადგენის კუთხით კვლავ გახდებოდა სხვა სასამართლოს მიერ სხვა სამართალწარმოების პროცესში მსჯელობის საგანი, ამით სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა, როგორც დასახელებული პრინციპების დაცვას, ასევე, ზოგადად მართლმსაჯულების სტაბილურობას (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 193-196. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვნტალიანი; აგრეთვე შეად. სუსგ-ები №ას-455-769-09, 03. 12.2009 წ; №ას-146-140-2012, 12.07. 2012 წ.; №ას-74-68-2015, 27.02. 2015 წ; N ას-1190-2018, 12.04.2019წ; N ას-578-2019, 28.06.2019წ; N ას-879-2018, 23.07.2019წ; N ას-1705-2019, 27.11.2020წ: N ას-1181-2018, 18.02.2021წ; N ას-1198-2019, 25.06.2021წ: N ას-1198-2019, 25.06.2021წ; N ას-1416-2020, 23.07.2021წ.).

14. ზემოხსენებულიდან გამომდინარე სავსებით ცხადია, რომ მოცემული სამოქალაქო საქმისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონედ არ შეიძლება იქნეს განხილული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, განსახილველი დავისადმი, რადგან არ აკმაყოფილებს პრეიუდიციულად მიჩნევის კრიტერიუმებს (იხ. სუსგ-ები: N ას-1416-2020, 23.07.2021წ; N ას-1122-2019, 23.07.2021წ; N ას-1198-2019, 25.06.2021წ.), თუმცა, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად დაძლევა, სხვა მტკიცებულებებთან შედარებით, უფრო რთულია (შეად. სუსგ-ებს: N ას-136-466-09, 28.07.2009წ; N ას-788-842-2011, 03.11.2011წ; Nას1341-1359-2011, 23.02.2012წ; N ას-600-566-2012, 21.05.2012წ; N ას-1452-1370-2012, 03.12.2012წ; N ას-648-615-2014, 27.04.2015წ; N ას-251-239, 2016. 14.06.2016წ; N ას-526-502-2016, 01.03.2017წ; N ას-535-501-2017, 30.06.2017წ; N ას-1158-1078-2017, 24.11.2017წ; N ას-114-1034-2017, 16.01.2018წ; N ას-1168-1123-2016, 26.03.2018წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-1433-2019, 06.08.2021წ.).

15. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გამოვლენილია სსკ-ის 829-ე და 842-ე მუხლების (ნორმათა დეფინიცია იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი) წინაპირობები, რაც სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ამასთან, როგორც ეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არის დადგენილი, ბრალის ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან სსკ-ის მე-1000 მუხლით მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობაა დადგენილი და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან, წყალმომარაგების მილის მფლობელს, ბრალის მიუხედავად, უდგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას (იხ. სუსგ N ას-646-617-2016, 30.09.2016წ; 1.2.4-1.5 ქვეპუნქტები).

16. საკასაციო სასამართლომ მოპასუხის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების გზით, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, არ დააკმაყოფილა დამზღვევი კომპანიის სარჩელი მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ.

17. სსსკ-ის 53.3-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ იხ. სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს "ს.კ.ე.ჯ–ა"-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს "ჯ.უ.ე.ფ–ი"-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს "ჯ.უ.ე.ფ–ი"-ს, სს "ს.კ.ე.ჯ–ა"-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2993 ლარის გადახდა;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური