დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-727-2022 15 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. მ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ-მ ფ-დ“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „პ-მ ფ-მა“ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ის (შემდგომში – „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 78 061,22 ლარის გადახდა.
4. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და მისი word-ის ფაილში შესრულებული ელექტრონული ვერსიის წარდგენა, CD დისკის ფორმით; ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 3 122, 44 ლარის გადახდა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღის ვადა. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2022 წლის 31 იანვარს.
6. 2022 წლის 08 თებერვალს მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იყო დიდი.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 07 დღით. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენელს 2022 წლის 28 აპრილს.
8. 2022 წლის 05 მაისს მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ნაწილობრივ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. კერძოდ, განცხადებას დაურთო დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, მისი ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იყო დიდი.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტს არაერთხელ მიეცა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების შესაძლებლობა, მისი სააპელაციო საჩივარი 4 თვეზე მეტია იმყოფება დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს და ამავე დროს ლახავს მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაუსაბუთებლად და მიზანშეუწონლად მიიჩნია ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება. სასამართლოს განმარტებით, აპელანტს ხარვეზის შესავსებად საკმაო დრო ჰქონდა.
11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეავსო, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
13. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
13.1.აპელანტი არის უმუშევარი და ყავს სამი შვილი. სწორედ ამ მიზეზით ვერ შეძლო მან სახელმწიფო ბაჟის დროულად გადახდა. აღნიშნული არ ემსახურებოდა პროცესის გაჭიანურებას.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.
18. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ არის უმუშევარი და ჰყავს სამი შვილი, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.
20. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
22. მითითებული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (იხ. სუსგ საქმე №ას-237-225-2017, 16 მარტი, 2017 წელი). ამასთან, ობიექტური გარემოებების არსებობის დადასტურება თავად მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
23. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარდგენა, ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 3 122,44 ლარის გადახდა. მას ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღის ვადა; დადგენილია, ასევე, რომ აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, იმავე სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით მას ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა დამატებით 07 დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2022 წლის 28 აპრილს; 2022 წლის 05 მაისს აპელანტმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ხარვეზის ნაწილობრივ შევსების მიზნით, დაურთო დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, მისი ელექტრონული ვერსია, CD დისკის სახით და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება სახელმწიფო ბაჟის დიდი ოდენობიდან გამომდინარე, თუმცა მას არ მიუთითებია კონკრეტულ გარემოებებზე, რის საფუძველზეც მოკლებული იყო შესაძლებლობას შეევსო დადგენილი ხარვეზი და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ შეიძლება გახდეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების საფუძველი, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც აპელანტს ერთხელ უკვე ჰქონდა გაგრძელებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა. ამასთან, მოპასუხე კერძო საჩივარში ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ არის უმუშევარი და ჰყავს სამი შვილი, თუმცა მას არ წარმოუდგენია ამ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
24. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, მას სააპელაციო სასამართლოს 18.02.2022წ. განჩინებით ერთხელ უკვე გადაუვადდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა. ამასთან, აპელანტს აღნიშნული განჩინება ჩაბარდა 2022 წლის 28 აპრილს, თითქმის ოთხი თვის გასვლის შემდეგ და, შესაბამისად, მას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად საკმაო დრო ჰქონდა. საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლების გამოყენება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ აღნიშნულმა არ გამოიწვიოს საქმის განხილვის ვადის უსაფუძვლოდ გაჭიანურება და მეორე მხარის ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაგდენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დაახლოებით 4 თვე ჰქონდა, ვადის დამატებით გაგრძელება, ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს და ლახავს მოწინააღმდეგე მხარის უფლებასა და ინტერესს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაუსაბუთებელია და სააპელაციო სასამართლომ ის მართებულად არ დააკმაყოფილა.
26. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, შესაბამისად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს; კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი