დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 20.04.2022
საქმის ნომერი
ას-1324-2021
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № ას-1324-2021 20 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ჩ---ს რ---ის ---ე ბ---ოს ჯ---ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. გ-ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ----- მდებარე 765.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი (შენობა N--- საცხოვრებელი, საკადასტრო კოდი - ----) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე შ. გ-ის სახელზე.

2. ს---ს რ---ს მ---იის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სარკინიგზო მე-- გვირაბის მშენებლობა, რის გამოც მოპასუხე სოფელ --- აწარმოებდა აფეთქებით სამუშაოებს (იხ. ტ.1, ს.ფ. 16, საქმის მასალები).

3. სასარჩელო მოთხოვნა

შპს „ჩ---ს რ---ის --- ბ---ოს ჯ---ს“ დაეკისროს შ. გ-ის სასარგებლოდ 22 709. 78 ლარის გადახდა.

4.მოსარჩელის პოზიცია

მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ---, სადაც მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---ის რ---ის --ე ბ---ოს ჯ---ი'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა აფეთქებებმა გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 22 709. 78 ლარი.

5. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---ის რ---ის ----ე ბ---ს ჯ---ი'' სარჩელს არ ცნობს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით: - მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია;

6. ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ---ის რ---ის ----ე ბ---ს ჯ---ს" დაეკისრა შ. გ-ის სასარგებლოდ 15 ლარის გადახდა.

7. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა

7.1.ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

7.2.აღნიშნული განჩინება ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

8.2.სააპელაციო პალატამ მხარეებს მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არსებულ მტკიცების ტვირთსა და მისი გადანაწილების სტანდარტზე, აღნიშნა, რომ საქმეზე ორივე მხარის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნები, კერძოდ, „ე----ს“ დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს, აღნიშნული ცალსახად არ გამორიცხავს ასეთი აფეთქებების შედეგად დაზიანების დაშვების ალბათობას, რაც თავის მხრივ ასევე შესაძლოა დამოკიდებული იყოს კონკრეტული შენობის ხარისხსა და მდგრადობაზე, რომლის შესახებაც დასახელებულ დასკვნაში მითითებული არ არის. განსახილველ შემთხვევაში კი, ასეთი დაზიანების არსებობას ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელშიც ცალსახად არის აღნიშნული, რომ კონკრეტულ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების სპეციფიკური ხასიათისაა. შეიძლება დავასკვნათ, რომ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება (თუ ასეთი დაზიანებები არსებობდა N- სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე) გამოწვეულია N- სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად.

8.3.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მითითებული როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო კვლევების შედეგების გათვალისწინებით, შ. გ-ის კუთვნილი შენობის დაზიანებები, გამოწვეულია მოპასუხის მიერ წარმოებული სარკინიგზო გვირაბის მშენებლობით - აფეთქებითი სამუშაოების შედეგად. არსებულ დაზიანებებზე მიუთითებს ასევე თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „ა…..ტ- ს….ს-ც….ს“ 2020 წლის 9 ივნისის დასკვნაც, რომლის თანახმად, ვიზუალური დათვალიერებით, როგორც გარე პერიმეტრზე, ასევე შიდა პერიმეტრზე კედლებზე შეინიშნება დახრილი ბზარები. უკანა კედელზე არის ვერტიკალური გამჭოლი ბზარი. აივნის რკ/ბეტონის ფილა დახრილია, კედელთან ჰორიზონტალურად გადაბმის ნაწილში ჩანს ღრეჩო.

8.4.ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ინდ. მეწარმე ზ. გ-ძის მიერ 2019 წლის 26 მაისს შედგენილი დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის გამაგრება-შეკეთების სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯთაღრიცხვის ჯამი შეადგენს 22 709,78 ლარს.

8.5.სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-შეკეთების სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით არ დგინდება, რომ მასში გათვალისწინებული ყველა სამუშაოს შესრულების აუცილებლობა განაპირობა მოპასუხის ბრალეულმა ქმედებამ (აფეთქებითმა სამუშაოებმა). ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება არსებობდა თუ არა საცხოვრებელ სახლზე რამე დაზიანებები N- სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყო 2019 წლის 26 მაისს შედგენილი დასკვნით განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვის გაზრდას. შესაბამისად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის ოდენობა სააპელაციო პალატის შეფასებით, სწორად იქნა განსაზღვრული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 15 000 ლარით. ამ მხრივ მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს რამე არგუმენტირებულ დასაბუთებას და შესაბამისად, პალატის მიერ გაზიარებული არ ყოფილა.

8.6.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ საბოლოოდ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიიჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

9. კასატორის მოთხოვნა

9.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9.2.კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია რა სსსკ-ის 115-ე მუხლი, არასწორად და არასრულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც შესაბამისად გამოიწვია არასწორი პოზიციის ჩამოყალიბება.

9.3.კასატორის მოსაზრებით, არასწორად იქნა ,,ე----ს“ დასკვნა გამოკვლეული, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ აფეთქებებს არანაირი კავშირი ჰქონდა საცხოვრებელი სახლის დაზიანებასთან, რადგან როგორც სეისმოგრაფებმა აჩვენა, სახლის ტერიტორიაზე არ შეიმჩნეოდა ბიძგების დაუშვებელი ხარისხი, ასევე, სახლი მდებარეობდა საშიში ზონის გარეთ.

9.4.საჩივრის ავტორი მიუთითებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზეც, რომ აღნიშნული ექსპერტიზით არ იქნა გათვალისწინებული მეწყრული მოვლენები, შენობის ასაკობრივი ცვეთა, ტექნიკური მოუვლელობა და სხვაგვარი ნიშნები, დასკვნა კი უსაფუძვლოდ მიუთითებს, რომ ბზარების გაჩენა გამოიწვია აფეთქებების ფონზე არსებულმა დინამიურმა დატვირთვებმა, ამიტომ აღნიშნული დასკვნა კასატორის მოსაზრებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. ასევე მიუღებელია მოცემულ დასკვნაში განვითარებული მსჯელობა, რომ თითქოს რადგან 2012-2015 წლებში მიწისძვრა არ მომხდარა საქართელოში, შესაბამისად, ვერ მიიღებდა სახლი ბზარებს, ამიტომ ბზარების გაჩენის მიზეზი სახლის გვერდით არსებული სამშენებლო სამუშაოები იყო. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტი არასწორად ინტერპრეტირებს და განზრახ არასწორ დასკვნებს აკეთებს, შესაბამისად, კასატორს ეჭვი შეაქვს ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნის სისწორეში. ასევე, კასატორის მითითებით, მოცემული სამუშაოები რამდენიმე კილომეტრით იყო გაცდენილი მოდავე მხარის საცხოვრებელს, შესაბამისად, აზრსმოკლებულია მისი მოთხოვნა.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 202 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14.საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17.საკასაციო სასამართლო წინასწარ აღნიშნავს, რომ ის არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, ის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში აფასებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავს საპროცესო ნორმების დარღვევებს, რომელთაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, უფლებამოსილია, გააუქმოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს სააპელაციო სასამართლოს სავალდებულო სამართლებრივი შეფასებით (სსსკ-ის 412-ე მუხლი).

18. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დაფუძნებულია სააპელაციო სასამართლოს არა მატერიალურ-სამართლებრივი სუბსუმირების კრიტიკაზე, არამედ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების შედავებაზე. კასატორი მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ მოსარჩელის მტკიცებულებებს დაეყრდნო, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასათანადო შეფასება-გამოკვლევა და შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

20. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია თუ კასატორი დაასაბუთებს რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ამავდროულად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილი).

21. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი იმპლიციტურად სწორედ აღნიშნული ნორმის საფუძველზე აყენებს ეჭვქვეშ სააპელაციო პალატის განჩინებას, რადგან მისი მოსაზრებით, ფაქტობრივი გარემოებების არასწორმა შეფასებამ გამოიწვია არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომა. კერძოდ, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და პირიქით, გაიზიარა მოსარჩელის.

22. არსებული დავის მატერიალური გადაწყვეტის საფუძველია სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც თავის მხრივ ადგენს იმ მოთხოვნათა კუმულაციური დაკმაყოფილების ვალდებულებას, რაც საბოლოოდ სარჩელის წარმატებულობის წინაპირობაა. აღნიშნული კუმულაციის ნიშნებია 1. ქმედება, 2.ზიანის არსებობის ფაქტი; 3.მიზეზობრივი კავშირი; 4. მართლწინააღმდეგობა; 5.ბრალი. აღნიშნული ნიშნების ერთობლიობა წარმოადგენს სავალდებულო პირობას დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქმედება დროში წინ უნდა უსწრებდეს შედეგს და შესაბამისად, პირველი უნდა წარმოშობდეს მეორეს, ხოლო პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იქნება პირდაპირი (არა ირიბი) და გარდაუვალი (არა შემთხვევითი) შედეგი ზიანის მიმყენებლის მოქმედების ან უმოქმედობის. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა აღნიშნულ ნიშანთა ყველა პირობა.

23. პირობათა დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 ნოემბრის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა მოპასუხესა და ზიანს შორის არსებული მიზეზობრივი კავშირი, ასევე მართლწინააღმდეგობა და ბრალი. დასკვნაში აღინიშნა, რომ სარგინიგზო სამუშაოები გახდა შენობის დაზიანებების გამომწვევი მიზეზი. დამატებით აღინიშნა, რომ წინარე პერიოდში (2012-2015 წლებში) არ მომხმდარა ისეთი სახის მიწისძვრა, რაც გამოიწვევდა შენობის მნიშვნელოვან დაზიანებას. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მოსარჩელემ წარმოადგინა იმ. ზ. გ-ის 2019 წლის 26 მაისის დასკვნა, რომლის საფუძველზეც, შენობის აღდგენის ღირებულება განისაზღვრა 22 709,78 ლარით. შესაბამისად, მოსარჩელემ შეძლო დაესაბუთებინა სსკ-ის 992-ე მუხლის ყველა კუმულაციური წინაპირობა, რაც ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა სწორად შეაფასეს.

24. მოსარჩელის პარალელურად, მოპასუხე ასევე ვალდებული იყო წარმოედგინა შეგებებული დასაბუთებული პოზიცია, რომლებიც გააქარწყლებდა მოსარჩელის მტკიცებას რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მოპასუხემ წარმოადგინა შპს ,,ე-----ს“ 2017 წლის 20 ივლისის დასკვნა, რომლითაც ასაბუთებდა, რომ შენობა საშიში ზონის გარეთ მდებარეობს და აფეთქებები დასაშვები ნორმის ფარგლებში ხორციელდებოდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შესაგებელს სწორი პასუხი გაეცა სააპელაციო პალატის მიერ, მოპასუხე ვალდებული იყო ფაქტების კონსტატაციის მიზნებისთვის სამუშაოების დაწყებამდე წინასწარ შეეფასებინა მიმდებარე ტერიტორიის შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, რაც მისი პოზიციის მტკიცების ხარისხს დამაჯერებელს გახდიდა. ასეთი მტკიცებულების გარეშე მოპასუხეს გაუჭირდება სხვა სახის მტკიცებულებით იგივე გარემოების დადასტურება, რაც ამ შემთხვევაშიც ვერ განხორცილედა.

25. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულია, რომ მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის დამდგარ შედეგში, თუმცა აღნიშნული დასკვნის დასაბუთებად მითითებულია შემდეგი: სახლი საშიში ზონის გარეთ მდებარეობს და სეისმოგრაფების ციფრული მონაცემებით აფეთქებები ნორმის ფარგლებში ხდებოდა, მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დასკვნა ვერ აკმაყოფილებს ზიანის ანაზღაურების გაქარწყლების მტკიცების სტანდარტს, რადგან ამ შემთხვევაში მოპასუხე ვალდებული იყო პასუხისმგებლობისაგან დაზღვევისთვის თუნდაც წინასწარ მოეხდინა მდგომარეობის შესწავლა და შეფასება. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზაში არ არის მითითება მეწყრული მოვლენების, ასაკობრივი ცვეთისა თუ ტექნიკური მოუვლელობის შესახებ, რაც თითქოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის სისწორეს ეჭვქვეშ აყენებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მიზეზების არსებობის დადასტურების მტკიცების ტვირთი სწორედ მოპასუხე მხარეზეა გადაკისრებული და არა მოსარჩელეზე, სწორედ მოპასუხეს უნდა დაესაბუთებინა, რომ სახლის დაზიანება გამოწვეული იყო არა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე მითითებული გარემოებებით, არამედ მაგალითად იმ მიზეზებით, რაც კასატორმა მიუთითა საჩივარში, აღნიშნულის მითითების ვალდებულება მოსარჩელეს არც აქვს და არც მის ინტერესში შედის, რადგან ასეთი სახის გარემოებების კვლევა მისი სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთების საწინააღმდეგო იქნებოდა, შესაბამისად, კასატორის აღნიშნული პრეტენზია ვერ იქნება გაზიარებული, რადგან კასატორი ცდილობს საკუთარი მტკიცების ფარგლებში არსებული ვალდებულებები გადააკისროს მოსარჩელეს, ამიტომ, საკასაციო პალატა ამ მოსაზრებასაც ვერ გაიზიარებს.

26. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციების მსჯელობას, რომლის მიხედვითაც, მოპასუხე მხარეს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 ელის 24 მარტის ნ57-ე დადგენილების 34-35-ე მუხლების საფუძველზე უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ ან საერთოდ გამოიწვია თუ არა ის. მოცემულ შემთხვევაში კი აშკარაა, რომ ასეთი სახის ვალდებულება მოპასუხის მიერ არ შესრულებულა, შესაბამისად, მოპასუხემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დაასაბუთებდა შენობის მდგომარეობის სახეცვლილების არარსებობის ფაქტს.

27. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება ქვედა ინსტანციის მსჯელობას ზიანის ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით, რომ ზიანის ოდენობაზე მსჯელობისას, სასამართლომ შეადარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებულ დაზიანებებს და მიიჩნია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა, რაც მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს, უნდა შემცირდეს 15 000 ლარამდე. ასევე, პალატის შეფასებით, მითითებული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-შეკეთების სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით არ დგინდება, რომ მასში გათვალისწინებული ყველა სამუშაოს შესრულების აუცილებლობა განაპირობა მოპასუხის ბრალეულმა ქმედებამ (აფეთქებითმა სამუშაოებმა). ამასთან საქმის მასალებით არ დგინდება არსებობდა თუ არა საცხოვრებელ სახლზე რაიმე დაზიანებები N- სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყო 2019 წლის 26 მაისს შედგენილი დასკვნით განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვის გაზრდას. შესაბამისად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის ოდენობა სწორად განისაზღვრა 15 000 ლარით. ამ მხრივ მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს რაიმე არგუმენტირებულ დასაბუთებას და შესაბამისად, პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

28. საბოლოოდ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად შეაფასა აღნიშნული დავის ფარგლებში განსასაზღვრი ზიანის არსებობის ფაქტი, მართლსაწინააღდეგო ქმედება, ასევე მიზეზობრივი კავშირი და ბრალი.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად შეაფასადა დაასაბუთა საკუთარი გადაწყვეტილება, რასაც ასევე იზიარებს საკასაციო ინსტანციის სასამართლო და მიიჩნევს, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

29. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ მსჯელობებსა და სამართლებრივ პოზიციას, ასევე აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება.

30. ყოველივე ზემოაღნიშნული კრიტერიუმებიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მასალების მიხედვით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სამართლებრივად სწორად დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჩ-----ს რ----ის ----ე ბ---ს ჯ----ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ჩ----ის რ-----ის ---ე ბ---ს ჯ---ს“ (----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №---, გადახდის თარიღი 2022 წლის 20 იანვარი), 750 ლარის 70% - 525 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე