დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 30.09.2022
საქმის ნომერი
ას-917-2022
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.09.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-917-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს „თ.ზ.ჰ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ჩ–ძე

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი: მ.ჩ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „თ.ზ.ჰ–ის“ მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ჩ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „თ.ზ.ჰ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 14140 ლარის (დაბეგრილი) და სახელფასო დავალიანების ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით შპს „თ.ზ.ჰ–ის“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და სასამართლო სხდომის დაწყებამდე სასამართლოსთვის არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იშუამდგომლა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება შპს „თ.ზ.ჰ–მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომის თარიღი კომპანიის მიერ წარმოებულ პროგრამაში არასწორად ჰქონდათ მონიშნული, კერძოდ, 25 მაისის ნაცვლად, სხდომის თარიღად 28 მაისი იყო მითითებული. ამდენად, კერძო საჩივრის მიხედვით, აპელანტი სასამართლო სხდომაზე ტექნიკური შეცდომის გამო ვერ გამოცხადდა და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. დასახელებული საკანონმდებლო აქტის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე, კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული აპელანტის გამოუცხადებლობა, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას ქმნის.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტს - შპს „თ.ზ.ჰ–ს“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის დაცვით, 2022 წლის 28 აპრილს ჩაბარდა სასამართლო უწყება და ეცნობა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომა გაიმართებოდა 2022 წლის 25 მაისს, თუმცა აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. ამასთან, აპელანტს სასამართლო სხდომის დაწყებამდე სასამართლოსთვის არ უცნობებია სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზები. ამავე სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა. შედეგად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამდენად, სადავო განჩინება გამოიცა კანონმდებლობის ფორმალური მოთხოვნების დაცვით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმდეს, თუ დადასტურდება, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო სასამართლოსთვის დროულად ეცნობებინა. იმავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამასთან, საგულისხმოა, რომ „იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის №ას-1037-991-2013 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად ასახელებს კომპანიის მიერვე წარმოებულ პროგრამაში სხდომის თარიღის არასწორად მითითებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომპანიის პროგრამაში სხდომის თარიღის არასწორად დაფიქსირება არ იყო გამოწვეული სასამართლო შეტყობინებაში სხდომის თარიღის არასწორად მითითებით. იმ პირობებში, როდესაც მხარეს წერილობით ჩაბარდა შეტყობინება და ეცნობა სხდომის ჩატარების თარიღი, თავად აპელანტის მიერ სასამართლო შეტყობინებაში დაფიქსირებული თარიღის არასწორად მონიშვნა ვერ იქნება განხილული სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის ობიექტურ, აპელანტისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვეულ გარემოებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი. ამრიგად, არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თ.ზ.ჰ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე