დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-277-2022 29 ნოემბერი, 2022 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.თ–ძე, ო.ყ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.12.2021 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.02.2021 წლის გადაწყვეტილებით მ.თ–ძის და ო.ყ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე", „მეორე მოსარჩელე“, ერთად - „მოსარჩელეები“, „დასაქმებულები“) სარჩელი სს ,,თ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „კომპანია“, „კასატორი“) მიმართ ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის (შემდეგში „დანამატი“ ან „იმდ“) ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა დანამატის გადახდა 2018 წლის იანვრიდან სარჩელის აღძვრამდე (2020 წლის დეკემბერი) პერიოდში (36 თვე), პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის 2182 ლარის 25%-ის - 545.5 ლარის, საერთო ჯამში დარიცხული სახით 19 638 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის 2300 ლარის 25%-ის - 575 ლარის, საერთო ჯამში დარიცხული სახით 20 700 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. პირველი მოსარჩელე 2002 წლიდან დასაქმებულია კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 08.08.2012 წელს იგი გათავისუფლდა კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის სამგორის აბონენტთა მომსახურების ცენტრის აბონენტთა ელექტროენერგიის შეზღუდვის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
1.2. მეორე მოსარჩელე 1999 წლიდან დასაქმებულია კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. იგი 12.07.2012 წელს გათავისუფლდა კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ,,დ–ის“ ბიზნესცენტრი აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის - ბიზნესცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ენერგოგასაღების დარგში, თანამდებობიდან.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.11.2013 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები, პირველი მოსარჩელე აღდგენილ იქნა პირვანდელ, ხოლო მეორე მოსარჩელე - გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე.
1.4. 25.12.2014 წელს პირველი მოსარჩელე აღდგენილ იქნა კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის სამგორის აბონენტთა მომსახურების ცენტრის აბონენტთა ელექტროენერგიის შეზღუდვის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მხარეთა შორის 22.12.2014 წელს გაფორმდა უვადო შრომითი ხელშეკრულება. 01.11.2017 წლიდან პირველი მოსარჩელის დარიცხული ხელფასი შეადგენს 2 182 ლარს.
1.5. 22.12.2014 წლიდან მეორე მოსარჩელე აღდგენილ იქნა კორპორაციული განვითარებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. მხარეთა შორის 16.12.2014 წელს გაფორმდა უვადო შრომითი ხელშეკრულება. მეორე მოსარჩელის დარიცხული ხელფასი შეადგენს 2300 ლარს.
1.6. მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენის შემდეგ მათზე დანამატი არ გაცემულა.
1.7. მოსარჩელეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის მიმართ, სხვადასხვა მოთხოვნებით, მათ შორის 2014 წლის დეკემბრიდან 24 თვის დანამატის გაცემის მოთხოვნით. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელეები მიუთითებდნენ დამსაქმებლის მხრიდან შრომის ანაზღაურების გაცემისას დისკრიმინაციულ მოპყრობაზე.
1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.04.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა დანამატის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 25.12.2014 წლიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის 1200 ლარის 25 % - დარიცხული 300 ლარი, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ კი 2014 წლის 22 დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის 2300 ლარის 25 %, დარიცხული 575 ლარი. გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.
1.9. მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების 3.4. პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დაიცვას ამ ხელშეკრულებით, შინაგანაწესით, კოლექტიური შეთანხმებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები.
1.10. მოპასუხის შინაგანაწესის 3.2.1. პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი მოვალეა დაიცვას შრომის ხელშეკრულება და სხვა ნორმატიული სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეიცავს შრომის სამართლის ნორმებს, ლოკალური ნორმატიული აქტები, კოლექტიური ხელშეკრულების, შეთანხმებებისა და შრომის ხელშეკრულების პირობები. 4.1.17. პუნქტის თანახმად, მუშაკს უფლება აქვს დაიცვას თავისი შრომითი უფლებები და თავისუფლებები, კანონიერი ინტერესები ყველა იმ საშუალებით, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.
1.11. მოპასუხის 01.08.2014 წლის ბრძანებით დამტკიცდა მუშაკთა შრომის ანაზღაურების და მატერიალური სტიმულირების შესახებ დებულება (შემდეგში „დებულება“), რომლითაც:
1.11.1. დანამატი (იმდ) განმარტებულია, როგორც მასტიმულირებელი ხასიათის გადახდა, რომელიც მუშაკისათვის დგინდება განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში თავისი შრომის შედეგებში დაინტერესების და პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით, შრომის ანაზღაურების დიფერენციაცია შესასრულებელი სამუშაოს შედეგებიდან და ინდივიდუალური პროფესიული მომზადებიდან გამომდინარე;
1.11.2. დებულების 3.1. მუხლში გაწერილია შრომის ანაზღაურების სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც მუშაკების შრომის ანაზღაურების სტრუქტურა შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: თანამდებობრივი სარგო; ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი; ყოველთვიური პრემია (კატეგორიისათვის „მუშები“) და სხვა;
1.11.3. დანამატის სიდიდე დამოკიდებულია თანამდებობის გრეიდზე, მუშაკის შედეგიანობასა და პროფესიულ კომპეტენტურობაზე (3.2. მუხლი). თითოეული გრეიდისათვის დგინდება თანამდებობრივი სარგო, დანამატის მნიშვნელობათა დიაპაზონი და წლიური პრემიის მიზნობრივი პროცენტი. შრომის ანაზღაურების სტრუქტურა, დაფიქსირებულია საზოგადოების ლოკალურ ნორმატიული აქტებით, ხოლო თითოეული მუშაკის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დადგენილი უნდა იქნას მათთან დადებული შრომის ანაზღაურების პირობებით (3.3. მუხლი);
1.11.4. 5.2. მუხლის თანახმად, შესაძლებელია დანამატის გადასინჯვა ყოველწლიურად საზოგადოების მუშაკთა შეფასების შესახებ დებულების შესაბამისად და გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცება. გენერალური დირექტორის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით მუშაკისათვის შეიძლება დადგინდეს იმდ, რომელიც განსხვავდება დანართში N2 მოცემულისგან.
1.11.5. 5.3. მუხლის მიხედვით, იმდ დარიცხული უნდა იქნას ნამუშევარი დროის პროპორციულად. იმდ არ ერიცხება მუშაკს: თუ ის იმყოფება შვებულებაში (ძირითადში და დამატებითში, ანაზღაურებადში და ანაზღაურების გარეშე, დეკრეტულში და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით) (5.3.1); დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში (5.3.2); იძულებითი მოცდენის პერიოდში (5.3.3); ანაზღაურებადი სასწავლო შვებულების პერიოდში და სამუშაოდან თავისუფალ დღეებში, სამუშაოსა და სასწავლო დაწესებულებაში სწავლის შეთავსების შემთხვევაში (5.3.4); კოლექტიურ მოლაპარაკებაში, კოლექტიური მოლაპარაკებების პროექტების მომზადებაში (შეთანხმება) მონაწილეობის დროს (5.3.5);
1.11.6. 5.5 მუხლის თანახმად, დანამატი შეიძლება დადგენილი იქნას შეფასების შესაბამისად განსაზღვრულ დონეზე დაბლა კადრების კომიტეტის რეკომენდაციით საზოგადოების გენერალური დირექტორის ან უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, შემდეგ შემთხვევებში: დოკუმენტების შესრულების მიმართ წაყენებული მოთხოვნების და ხელმძღვანელობის დავალებების შესრულების მრავალჯერადი დარღვევა (5.5.1); დოკუმენტების და ხელმძღვანელობის დავალებების შესრულების ვადების დარღვევა (5.5.2); შრომის დისციპლინის დარღვევა (5.5.3); გრეიდის ცვლილება (5.5.4); მუშაკის მიერ საზოგადოების ნორმატიულ დოკუმენტებში მითითებული თანამდებობრივი მოვალეობების არასათანადო შესრულება (5.5.5).
1.11.7. 5.6 მუხლით მუშაკებისათვის დანამატის დადგენის წესი შემდეგია: პერსონალთან მუშაობის სამსახური (შემდეგში „პმს“) ყოველწლიურად ახორციელებს დანამატის გადასინჯვის პროცესის ინიცირებას, საზოგადოების მუშაკების შეფასების შესახებ დებულების შესაბამისად მუშაკების ჩატარებული შეფასების საფუძველზე (5.6.1); სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, საზოგადოების მუშაკების შეფასების შესახებ დებულების შესაბამისად, ახორციელებს თავის დაქვემდებარებულთა საექსპერტო შეფასებას საანგარიშო პერიოდში კვალიფიკაციის, სამუშაოს რაოდენობის და ხარისხის მიხედვით (5.6.2); ხელმძღვანელი პმს-ს უგზავნის დაქვემდებარებულ მუშაკთა შეფასების შედეგებს (5.6.3); პმს აკონტროლებს ხელმძღვანელის მიერ საზოგადოების მუშაკთა შეფასების შესახებ დებულების დაცვას და ახორციელებს იმდ-ს გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების პროცესის ორგანიზებას (5.6.4).
1.11.8. დებულების დანართში N2 აღწერილია თანამდებობრივი სარგოს სახეობები და ოდენობები, მათ შორის, 1) მაქსიმალური, თანამდებობრივი სარგოს 50%, 2) ექსპერტი/მნიშვნელოვანი შედეგები 37,5%, 3) სტანდარტი - 25%, (აღნიშნული ერიცხება მუშაკებს, რომლებიც სრულიად შეესაბამებიან თანამდებობის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს და მუდმივად ავითარებენ თავიანთ პროფესიულ კომპეტენციას მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად), მუშაობის რეზულტატურობის თვალსაზრისით, ამგვარი მუშაკები შეიძლება დახასიათებულ იქნენ, როგორც მუშაკები, რომლებიც სტაბილურად აღწევენ გეგმიურ/მიზნობრივ შედეგებს, 4) განვითარება/ორგანიზაციაში შემოსვლის სახეობა - 12,5% და 5) ზღვრული, ნულოვანი, რომელიც უდგინდება მუშაკებს, რომლებიც არ ფლობენ თანამდებობრივი მოთხოვნების შესაბამის ცოდნას და უნარ-ჩვევებს, საჭიროებენ თანამდებობის მიხედვით არსებული ამოცანების შესასრულებლად საჭირო სწავლებას.
1.12. 03.10.2019 წელს კომპანიაში ამოქმედდა მუშაკთა ანაზღაურებისა და სტიმულირების შესახებ მეთოდიკა (მუშაკთა ანაზღაურებისა და სტიმულირების შესახებ დებულება) (შემდეგში „მეთოდიკა“).
1.12.1. მეთოდიკის 6.3 მუხლის მიხედვით დანამატი დარიცხული უნდა იქნეს ნამუშევარი დროის პროპორციულად.
1.12.2. 6.4 მუხლით, დანამატი არ ერიცხება მუშაკს: შვებულებაში ყოფნის პერიოდში (ძირითადში და დამატებითში, ანაზღაურებადში და ანაზღაურების გარეშე დეკრეტულში და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით) (6.4.1); დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში (6.4.2); იძულებითი მოცდენის პერიოდში (6.4.3); ანაზღაურებადი სასწავლო შვებულების პერიოდში და სამუშაოდან თავისუფალ დღეებში. სამუშაოსა და სასწავლო დაწესებულებაში სწავლის შეთავსების შემთხვევაში (6.4.4); საქართველოს კანონდებლობის ფარგლებში საზოგადოების წინააღმდეგ შრომის დავების წარმოების შემთხვევაში (6.4.5).
1.12.3. მეთოდიკის 6.6. მუხლი დებულების 5.5. მუხლის შინაარსის ანალოგიურია.
1.13. სადავო პერიოდში, 2018 წლის იანვრიდან 2020 წლის დეკემბრამდე (36 თვე), მოსარჩელეებზე არ გაცემულა დანამატი. 2018-2020 წლებში მოსარჩელეთა საქმიანობის შეფასების შესახებ წერილობითი ინფორმაცია საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამგვარი შეფასება დამსაქმებელს მოსარჩელეების მიმართ არ განუხორციელებია.
1.14. მოპასუხის ადმინისტრაციასა და საქართველოს მომსახურების სფეროს, ადგილობრივი და კომუნალური მეურნეობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს შორის 2008 წელს გაფორმებულია კოლექტიური შეთანხმება („შემდეგში „კოლექტიური შეთანხმება“), რომლის 1.1.2 პუნქტის თანახმად, თითოეულ მუშაკს უფლება აქვს მოითხოვოს მუშაობის თანაბარი პირობებისას - თანაბარი ანაზღაურება, შრომის რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. 4.1. პუნქტის თანახმად, მუშაკთა შრომის ნორმები, შრომის ანაზღაურების სისტემები, მატერიალური წახალისების ფორმები მტკიცდება პროფკავშირთან შეთანხმებით.
1.15. დამსაქმებლის მიერ დადგენილი მუშაკის შრომის ანაზღაურების სისტემა მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და დანამატს, ასევე წლიურ პრემიასა და სხვა წამახალისებელ ერთჯერად პრემიას. დანამატი შრომის ანაზღაურების სისტემის ნაწილია და მისი სიდიდე დამოკიდებულია თანამდებობის გრეიდზე, მუშაკის შედეგიანობასა და პროფესიულ კომპეტენტურობაზე (3.2. მუხლი). შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ დანამატის დადგენა არ არის შრომის ანაზღაურების სახე და მისი დადგენასთან მიმართებით, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, კომპანიას არ აქვს აქტით განსაზღვრული ვალდებულება.
1.16. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების მიმართ დებულებით/მეთოდიკით გათვალისწინებული დანამატის დადგენის და გაცემის გამომრიცხავი რომელიმე წინაპირობის არსებობა არ იკვეთება. სადავო პერიოდში არ მომხდარა არც მოსარჩელეთა საქმიანობის შეფასება. ასეთი შეფასების შედეგებისა და ნულოვანი დონის დადგენის შესახებ რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, დასაქმებულები უფლებამოსილი არიან დაიცვან შრომითი უფლებები და მოითხოვონ დანამატის ანაზღაურება.
1.17. სასამართლომ არამართლზომიერად მიიჩნია მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება პირველი მოსარჩელის მიმართ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით დანამატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის 2018-2020 წლებში მოსარჩელის საქმიანობის შეფასების შესახებ წერილობითი ინფორმაცია. მოპასუხის განმარტებით, პირველი მოსარჩელის შეფასება არ მომხდარა. კომპანიაში მოქმედი შიდა ლოკალური ნორმატიული აქტები შესაძლებლად მიიჩნევს დანამატის განსაზღვრულ დონეზე დაბლა დადგენას, მათ შორის შრომის დისციპლინის დარღვევის შემთხვევაშიც, თუმცა მუშაკის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება უპირობოდ არ გამორიცხავს დანამატის ანაზღაურებას. ამასთან, დაბალი დონე დადგენილი უნდა იქნეს შეფასების შესაბამისად, კადრების კომიტეტის რეკომენდაციით და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საქმიანობის შეფასება სადავო პერიოდში არ მომხდარა, ასეთი შეფასების შედეგებისა და დანამატის განსაზღვრულ დონეზე დაბლა დადგენის შესახებ რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, რის გამოც არ დასტურდება 36 თვიან პერიოდზე პირველი მოსარჩელის მხრიდან შრომითი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების არსებობა კი არ წარმოადგენს ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო დანამატის დადგენასა და ანაზღაურებაზე უარის თქმის მართლზომიერ საფუძველს.
1.18. რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს, მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა, საქმის მასალებით არ დასტურდება დებულებით/მეთოდიკით განსაზღვრული რომელიმე ისეთი გარემოების არსებობა, რაც დამსაქმებელს უფლებას მისცემდა მითითებულ პერიოდში მოსარჩელეებზე არ გაეცა დანამატი. მოსარჩელეებს წლების განმავლობაში კომპანიაში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს კვალიფიკაციის არსებობასა და შრომითი უნარ-ჩვევებზე. საფუძვლიანია სარჩელი სადავო პერიოდში დანამატის ანაზღაურების თაობაზე.
1.19. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ დასაქმებულების მხრიდან საზოგადოების წინააღმდეგ დავის წარმოება დანამატის დადგენის გამომრიცხავი წინაპირობაა და განმარტა შემდეგი:
1.19.1. დანამატის გაცემის წესის მარეგულირებელი აქტებიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 01.08.2014 წლის ბრძანებით დამტკიცებული დებულება, ხოლო შემდგომ პერიოდზე - 03.10.2019 წლიდან ამოქმედებული მეთოდიკა. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სხვა დებულების მოქმედებას. შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში არსებული ორი აქტით, მათი მოქმედების ვადების გათვალისწინებით.
1.19.2. დებულება, საზოგადოების წინააღმდეგ დავის წარმოებას, დანამატის დადგენის გამომრიცხავ კრიტერიუმად არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება, 03.10.2019 წელს ამოქმედებული მეთოდიკას, მისი 6.4.5. პუნქტი ადგენს საქართველოს კანონდებლობის ფარგლებში საზოგადოების წინააღმდეგ შრომის დავების წარმოებას, დანამატის გაცემის გამომრიცხავ წინაპირობად.
1.19.3. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
1.19.4. კოლექტიური შეთანხმების 1.1.2 პუნქტის თანახმად, თითოეულ მუშაკს უფლება აქვს მოითხოვოს მუშაობის თანაბარი პირობებისას - თანაბარი ანაზღაურება, შრომის რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
1.19.5. უდავოდაა დადგენილი, რომ მეორე მოსარჩელე - 1999 წლიდან, ხოლო პირველი მოსარჩელე 2002 წლიდან დასაქმებულია კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე. 2012 წელს მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.1.2013 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები და მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ თანამდებობებზე, თუმცა აღდგენის შემდეგ, 2014 წლის დეკემბრიდან, მათზე დანამატი არ გაცემულა. მოსარჩელეებმა მიმართეს სასამართლოს მოპასუხის მიმართ, სხვადასხვა მოთხოვნებით, მათ შორის 2014 წლის დეკემბრიდან 24 თვის დანამატის გაცემის მოთხოვნით. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელეები მიუთითებდნენ შრომის ანაზღაურების გაცემისას დისკრიმინაციულ მოპყრობაზე დამსაქმებლის მხრიდან.
1.19.6. სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილით, აკრძალულია დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ან/და მის მიმართ ნებისმიერი სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ დასაქმებულმა დისკრიმინაციისაგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან (ვიქტიმიზაცია). ანალოგიური შინაარსის მქონეა 29.09.2020 წლის ცვლილებებით ამოქმედებული სშკ-ის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილი. დასახელებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი ბერკეტი წარმოადგენს მნიშვნელოვან დამცავ მექანიზმს და უკრძალავს დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ან/და ნებისმიერ უარყოფით მოპყრობას, მარტოოდენ იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მან უფლებების დაცვის კუთხით მიმართა შესაბამის ორგანოს.
1.19.7. მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით, მეთოდიკის 6.4.5. პუნქტი (იმდ არ ერიცხება მუშაკს საქართველოს კანონდებლობის ფარგლებში საზოგადოების წინააღმდეგ შრომის დავების წარმოების შემთხვევაში), რომლითაც იხელმძღვანელა დამსაქმებელმა დანამატის დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მოიაზრებს დასაქმებულის მიერ დამსაქმებლის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს ნებისმიერ დავაზე, ნებისმიერ დროს, რაც დასაქმებულის არალოიალური დამოკიდებულების მაჩვენებელია კომპანიის მიმართ. ფაქტს იმის შესახებ, რომ სწორედ ამ ნიშნით არ გაიცა მოსარჩელეებზე სადავო პერიოდში დანამატი, თავად მოპასუხეც აღიარებს.
1.19.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ დანამატის დადგენისას დამსაქმებლის ნება და მეთოდიკის 6.4.5 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, წინააღმდეგობაში მოდის სსკ-ის 115-ე მუხლით განსაზღვრულ უფლების მართლზომიერად განხორციელების პრინციპთან, ასევე, სშკ-ის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილთან, რომლის უპირველესი მიზანია უზრუნველყოს პირთა მიერ სამართლებრივი დაცვის საშუალებების გარანტირებულად გამოყენება, მოხდეს პირთა ვიქტიმიზაციისგან დაცვა. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად კი, ნების გამოვლენა, რომელიც კანონით დადგენილ წესს ეწინააღმდეგება, ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.
1.19.9. დასაქმებულს, ისევე როგორც ნებისმიერ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ დაირღვა მისი უფლება თუ კანონით გათვალისწინებული ინტერესი, უფლება აქვს დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულს განამტკიცებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია საქართველოს კონსტიტუცია. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული მოტივი ვერ მიიჩნევა დანამატის გაცემაზე უარის თქმის მართლზომიერ საფუძვლად. მოპასუხის არგუმენტს, - სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში განსაზღვრულ ზოგად პოლიტიკას არალოიალურად განწყობილი თანამშრომლების მიმართ, სასამართლო ვერ მიიჩნევს დასაქმებულის შრომის ანაზღაურების უფლების შეზღუდვის საპირწონე, საკმარის საფუძვლად.
1.20. სასამართლომ მიიჩნია, რომ დანამატის ანაზღაურების ნაწილში არსებობდა მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელეები აკმაყოფილებენ როგორც დებულებით, ასევე, მეთოდიკით დანამატის გაცემისათვის განსაზღვრულ სტანდარტულ სახეობას (აღნიშნული ერიცხება მუშაკებს, რომლებიც სრულიად შეესაბამებიან თანამდებობის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს და მუდმივად ავითარებენ თავიანთ პროფესიულ კომპეტენციას მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად. მუშაობის რეზულტატურობის თვალსაზრისით, ამგვარი მუშაკები შეიძლება დახასიათებულ იქნან, როგორც მუშაკები, რომლებიც სტაბილურად აღწევენ გეგმიურ/მიზნობრივ შედეგებს). აღნიშნულის საწინააღმდეგო, სათანადო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.12.2021 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო პალატა მსჯელობს დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობას, რომელიც შეეხება 2018 წლის იანვრიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით (36 თვე) პერიოდზე მოსარჩელეთათვის დანამატის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა/არარსებობის საკითხს.
9. ევროპის სოციალური ქარტიით, (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 01.07.2005 წლის დადგენილებით; საქართველოსთან მიმართებით ძალაშია 01.10.2005 წლიდან) შრომის უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ დაიცვან მუშაკის უფლება, გამოიმუშაოს საარსებო სახსრები მის მიერ თავისუფლად არჩეული საქმიანობით (II ნაწილი, პირველი მუხლის მე-2 პუნქტი); მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც (შდრ. სუსგ Nას-597-2020, 10.12.2020წ.). სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (შდრ. სუსგ №ას-368-2019, 31.07.2019წ.). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (შდრ. სუსგ №ას-1350-2019, 27.11.2019წ.).
11. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ დამსაქმებელ კომპანიაში მუშაკის შრომის ანაზღაურების სისტემა მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და დანამატს, ასევე, წლიურ პრემიასა და სხვა წამახალისებელ ერთჯერად პრემიას. უდავოა, რომ სადავო პერიოდში კომპანიას მოსარჩელეებზე დანამატი არ გაუცია. დანამატის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძვლად კასატორი მიუთითებს შემდეგ გარემოებებს: დასაქმებულების მუშაობის შეფასების შედეგებს, პირველი მოსარჩელის შემთხვევაში დამატებით დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების ფაქტს (იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.185-198; იხ. დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, ტ.2, ს.ფ.107-115). ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებელი ძირითადად დაფუძნებული იყო მასზე, რომ კომპანია არ იყო უფლებამოსილი გაეცა დანამატი იმ მუშაკებზე, რომლებიც აწარმოებდნენ მასთან შრომით დავებს (იხ. შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.185-198).
12. მოპასუხის დასაბუთებული შედავების არარსებობის პირობებში საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზე, რომ დამსაქმებელ კომპანიაში მოქმედი დებულებით და მეთოდიკით მოსარჩელეებზე დანამატის გაცემის გამომრიცხველი რაიმე გარემოება არ დადასტურდა. კერძოდ, სავალდებულოა დასაქმებულების ყოველწლიური შეფასება. დანამატი შეიძლება დადგენილ იქნას შეფასების შესაბამისად, განსაზღვრულ დონეზე დაბლა, კადრების კომიტეტის რეკომენდაციით საზოგადოების გენერალური დირექტორის ან უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე დებულებით/მეთოდიკით განსაზღვრულ შემთხვევებში (ჩამოთვლილ შემთხვევებს შორისაა შრომის დისციპლინის დარღვევა (იხ. დებულების 5.5. და მეთოდიკის 6.6. მუხლები)) (ტ.1, ს.ფ.144-177, 199-232). ამდენად, შესაძლებელია დანამატის განსაზღვრულ დონეზე დაბლა დადგენა, თუმცა, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება უპირობოდ არ გამორიცხავს დანამატის ანაზღაურებას. ამასთან, დონე დადგენილ უნდა იქნეს შეფასების შესაბამისად, კადრების კომიტეტის რეკომენდაციით. მოცემულ შემთხვევაში, 2018-2020 წლებში არც პირველი და არც მეორე მოსარჩელის საქმიანობის შეფასება არ მომხდარა.
13. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელეები დამსაქმებლის წინააღმდეგ ასევე აწარმოებდნენ დავას დანამატის გაცემასთან დაკავშირებით 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, რა დროსაც დამსაქმებლის უარი დანამატის გაცემაზე ეფუძნებოდა ანალოგიურ საფუძვლებს, თუმცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი დანამატის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა (ტ,1, ს.ფ. 25-65).
14. რაც შეეხება დამსაქმებლის წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო დავებს, რაც კომპანიაში მოქმედი მეთოდიკის 6.4.5 მუხლის შესაბამისად წარმოადგენს დანამატის გაცემაზე უარის საფუძველს (ტ.1, ს.ფ. 199-222), საკასაციო პალატა იზიარებს მსჯელობას, რომ კომპანიის პოლიტიკა არალოიალურად განწყობილი თანამშრომლების მიმართ, დასაქმებულის შრომის ანაზღაურების უფლების შეზღუდვის საპირწონე და მართლზომიერ საფუძვლად ვერ მიიჩნევა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია ყველა ადამიანის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. შესაბამისად, დასაქმებულის მხრიდან უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენების და სასამართლოსათვის მიმართვის ნეგატიურად შეფასება დაუშვებელია, ეწინააღმდეგება არსებულ მართლწესრიგს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილია (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) და ვერ მიიჩნევა დამსაქმებლის მიერ დანამატის გაცემაზე უარის მართლზომიერ საფუძვლად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებელს, როგორც მეწარმე სუბიექტს, უფლება აქვს სამეწარმეო მიზნების შესაბამისად წარმართოს თავისი საქმიანობა, თუმცა, როდესაც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უპირისპირდება დასაქმებულის და მესამე პირთა ინტერესებს, უგულებელყოფილი არ უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით და სშკ-ით გარანტირებული უფლებები.
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი 2016,90 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 1411.83 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სს „თ–ს“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2016,90 ლარის (საგადახდო დავალება №145066, გადახდის თარიღი 13.04.2022წ.) 70% – 1411.83 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
ლაშა ქოჩიაშვილი