დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-482-2023 13 ივლისი, 2023 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.მ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები – მ.ვ–ია, ი.ვ–ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სს ,,ლ.ბ–ის" სასარჩელო მოთხოვნა მ.მ–ძის, მ.ვ–იასა და ი.ვ–იას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: მ.მ–ძეს, მ.ვ–იას და ი.ვ–იას 2017 წლის 24 აპრილის საბანკო საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სს „ლ.ბ–ი“-ს (ს/ნ ......) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ თანხის გადახდა 4 592.78 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3 492.78 ლარი, პროცენტი - 800 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი (იხ: გადაწყვეტილება, ს.ფ.219-226).
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება მ.მ–ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივრით მ.მ–ძე ითხოვდა მხოლოდ სესხის ძირი თანხის - 3 492.78 ლარის დაკისრებას, ხოლო დაკისრებული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.02.2023წ. განჩინებით, მ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. მ.მ–ძემ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა (იხ: განჩინება, ს.ფ. 240-241).
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
4. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გაუქმდეს დაკისრებული პროცენტი და პირგასამტეხლო.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 365-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
6. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 თებერვლის განჩინებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ თანხის გადახდა 4 592.78 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3 492.78 ლარი, პროცენტი - 800 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი. სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვდა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას, მისთვის 1100 ლარის დაკისრების ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას (პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში). შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 1100 ლარი, რაც ვერ აკმაყოფილებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების კუთხით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს და სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი არის სააპელაციო საჩივრის ფასი. თუ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობაზე მითითება გავლენას ვერ მოახდენს საჩივრის დასაშვებობაზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი). ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).
8. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2000 ლარზე ნაკლები იყო, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-673-2022, 21.10.2022; №ას-1648-2018, 16.11.2018; №ას-978-2018, 04.09.2018; №ას-317-2023, 27.04.2023).
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.02.2023 წლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი