გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 18.07.2023
საქმის ნომერი
ას-327-2020
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-327-2020 18 ივლისი, 2023 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჩ.რ.? ბ.ჯ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ჯ.პ.ჰ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.12.2019 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ჩ.რ.? ბ.ჯ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „დამზღვევი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ჯ.პ.ჰ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მზღვეველი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.10.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.12.2019 წლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 05.10.2010 წლის სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულება #GA 020/10. ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე და მოქმედებდა 05.10.2013 წლამდე.

4.2. სასამართლომ მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. სსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო ემოქმედა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაშია, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

4.3. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული. მან პირველად თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა 05.11.2015 წელს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 140-ე მუხლზე (სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან) და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ განმეორებითი სარჩელით 6 თვის ვადაში სასამართლოსთვის მიმართვა.

4.4. სადაზღვევო შემთხვევები მოხდა 13.06.2011 წლიდან 25.03.2013 წლის ჩათვლით (სულ 17 შემთხვევა), ბოლო შემთხვევა - 25.03.2013 წელს, შესაბამისად, 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 26.03.2013 წლიდან და შესაბამისად, ამოწურულად უნდა ჩაითვალოს 26.03.2016 წელს.

4.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან გამოვლინდა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი გარემოება, აღარ იმსჯელებდა აპელანტი მხარის სხვა პრეტენზიებზე (ტ.7, ს.ფ.110-122).

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის განმარტებით, მან პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელით მიმართა ჯერ კიდევ 05.11.2015 წელს, რაც მიუთითებს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა სარჩელის შეტანით (სსკ-ის 138-ე, 139-ე მუხლები).

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 11.07.2023 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

8. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დამზღვევის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

9. სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს პიროვნება ან ქონება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით.

10. საკასაციო სასამართლო უპირველესად იმ გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომ მოპასუხე მზღვეველს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი ჰქონდა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი - ხანდაზმულობის შესაგებელი. როდესაც მოპასუხე ასეთი სახის შესაგებელს წარადგენს, სასამართლო იწყებს კვლევას, თუ როდის წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, რათა შესაბამისად ათვალოს ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის შესაგებელი წარუმატებლად აქცევს სარჩელს, მიუხედავად იმისა, მოთხოვნა საფუძვლიანია თუ არა.

11. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი).

12. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (სუსგ №ას-1191-2019, 04.12.2019წ.). ამასთან, ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. სუბიექტურ ფაქტორზე - „უნდა შეეტყო“, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა (იხ.სუსგ №ას-782-2019, 18.02.2022 წელი, პ. 23).

13. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; სუსგ №ას-986-2019, 16.10.2019წ., პ.42).

14. ყოველი კონკრეტული მოთხოვნის განხორციელებადობის შემოწმებისას უნდა დაზუსტდეს, თუ ხანდაზმულობის რომელი ვადა გამოიყენება და რომელი კანონიდან გამომდინარეობს ეს ვადა (ჭანტურია ლ. სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი (სახელმძღვანელო), გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი 2011, გვ.123). სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ დამზღვევის სარჩელის მიმართ მოქმედებს სწორედ აღნიშნული ვადა (იხ. სუსგ №ას-782-2019, 18.02.2022 წელი, პ. 22,24).

15. როგორც უკვე აღინიშნა, მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს, რაც შეეხება ხანდაზმულობის შეჩერებისა და შეწყვეტის წინაპირობებს, მისი შესწავლა, შესაბამისი შედავების არარსებობის პირობებშიც კი, სასამართლოს ვალდებულებაა (იხ. სუსგ №ას-1764-2018, 13.04.2020წ., პ.17.1).

16. გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ - ვინაიდან გამოვლინდა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი გარემოება, სააპელაციო პალატა აღარ იმსჯელებდა აპელანტი მხარის სხვა პრეტენზიებზე (ტ.7, ს.ფ.121). სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების დასაბუთება ეფუძნება სასამართლოს მსჯელობას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ. კერძოდ, სასამართლომ 05.10.2010 წლის სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად და განმარტა, რომ სადავო სადაზღვევო შემთხვევები მოხდა 13.06.2011 წლიდან 25.03.2013 წლის ჩათვლით პერიოდში (სულ 17 შემთხვევა), ბოლო შემთხვევა - 25.03.2013 წელს, 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 26.03.2013 წლიდან და, შესაბამისად, ვადა ამოწურულად უნდა ჩაითვალოს 26.03.2016 წელს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება 05.11.2015 წელს სარჩელის შეტანით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის შესახებ და განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ განმეორებითი სარჩელის 6 თვის ვადაში წარდგენის ფაქტი.

17. სსკ-ის 138-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად, გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისას, შეჩერებისაგან განსხვავებით, შეწყვეტამდე გასული დრო მხედველობაში არ მიიღება და ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება. ხანდაზმულობის შეწყვეტა არ ნიშნავს მოთხოვნის შეწყვეტას. პირიქით, ამ დროს არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც უფლებამოსილი პირის მდგომარეობას კიდევ უფრო ამყარებს და უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადის ათვლას თავიდან იწყებს (ჭანტურია ლ. სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი (სახელმძღვანელო), გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი 2011, გვ.126). სსკ-ის 138-ე მუხლი განსაზღვრავს იმ კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმებს/საშუალებებს, რომელთა უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ფორმით გამოყენების შემთხვევაშიც წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, კერძოდ, აღნიშნული საშუალებებია: სარჩელის შეტანა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად (სარჩელის შეტანა ყოველთვის არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას (იხ. სსკ-ის 140-ე მუხლი)); განცხადებით მიმართვა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში მოთხოვნის არსებობის შესახებ; აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს აღნიშნული სამართლებრივი საშუალებების უფლებამოსილი პირის მიერ გამოყენება (სვანაძე გ. „სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი I, რედ. ჭანტურია ლ. მუხ.138, ველი 1).

18. სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან. მითითებული ნორმის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენას არ შეწყვეტს მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ნებაყოფლობით უარს განაცხადებს სარჩელზე ან სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს კანონში მითითებული წინაპირობების დაცვით, რაც შევა კანონიერ ძალაში. კანონის აღნიშნული დანაწესი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას უკავშირებს ისეთ გარემოებას, როდესაც მოსარჩელე განმეორებით სარჩელს წარადგენს სასამართლოში პირველი სარჩელის შეტანიდან ექვს თვეში. მითითებული ექვსთვიანი ვადის ათვლა იწყება თავდაპირველი სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შეტანის მომენტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ განუხილველად დატოვებული სარჩელი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენაზე გავლენას ვერ იქონიებს (სუსგ Nას-1759-2018 , 15.02.2019წ.).

19. კასატორი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას უკავშირებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.11.2015 წლის განჩინებას, რომლითაც დამზღვევის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე მზღვეველის სარჩელი არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში (ტ.6, ს.ფ. 239-241). ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ წინამდებარე საქმეში თავდაპირველი სარჩელი სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის 05.10.2010 წლის სადაზღვევო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს წარედგინა 07.04.2016 წელს (ტ.1, ს.ფ.1-15). მითითებული გარემოებები სასამართლოს მიერ შეფასებული არ არის, სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა, სადაც სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს სარჩელის წარდგენით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ფაქტს. პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღწერილი სამართლებრივი მსჯელობის გათვალისწინებით და საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების სსსკ-ის 105-ე მუხლის (სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში) მოთხოვნათა დაცვით გამოკვლევის შედეგად უნდა გაირკვეს - თითოეული სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ანაზღაურების უფლების დარღვევის მომენტი, ასევე, ხომ არ შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა. პალატა აქვე განმარტავს, რომ წინამდებარე საქმის განხილვის პროცესში მოსარჩელემ რამდენჯერმე წარადგინა ე.წ. დაზუსტებული სარჩელი (11.01.2018 წლის დაზუსტებული სარჩელი (ტ.3, ს.ფ.39; მიღებული იქნა განსახილველად, რის თაობაზეც ეცნობა მოსარჩელეს 16.01.2018 წელს, ტ.3, ს.ფ.106); 19.06.2018 წლის დაზუტებული სარჩელი (ტ.4, ს.ფ. 1-23; მიღებული იქნა განსახილველად, რის თაობაზეც ეცნობა მოსარჩელეს 20.06.2018 წელს, ტ.6, ს.ფ.247), რის შემდეგაც, საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.06.2018 წლის საოქმო განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული წინა სარჩელები (ტ.6, ს.ფ. 260, 261). სააპელაციო პალატამ უნდა გამოარკვიოს - დაზუსტებული სარჩელები ხომ არ იყო შინაარსობრივად ახალი სარჩელები ახალი მოთხოვნებით. ამ შემთხვევაში, თითოეული მოთხოვნის მიმართ ცალკე უნდა შემოწმდეს ხანდაზმულობის საკითხი. ხოლო თუ ასეთს არ ჰქონია ადგილი, აღნიშნული არ წარმოადგენს იმგვარ ფაქტორს, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სასარჩელო ხანდაზმულობაზე, რამეთუ სარჩელების წარდგენა ხდებოდა ერთი საქმის განხილვის ფარგლებში განხილვის პროცესის უწყვეტობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას სამართლებრივად რელევანტური იქნება 07.04.2016 წელს სარჩელის წარდგენის ფაქტის შეფასება.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება სამართლებრივად რელევანტური გარემოებები. ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს.

21. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჩ.რ.? ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.12.2019 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია