დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.11.2023
საქმის ნომერი
ას-805-2023
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.11.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-805-2023 1 ნოემბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - კ.გ–ძე ((მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების საკუთრებად აღრიცხვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. კ.გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც კასატორის მიერ მ.გ–ძის (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. კასატორის განმარტებით გასაჩივრებული განჩინებაში მითითებულია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე თ.გ–ძის შვილები არიან, თუმცა არ განუმარტავს, რომ სადავო გარემოება არა გარდაცვლილი პირის სამკვიდრო ქონება, არამედ კომლის ქონებაა.

3. კასატორმა სასამართლოს მსჯელობაზე გაამახვილა ასევე ყურადღება, რომლის მიხედვითაც მოდავე მხარეები საჯარო რეესტრში შესაბამისი ქონების მესაკუთრედ იყვნენ რეგისტრირებული და სწორედ აღნიშნული რეგისტრაცია იყო სადავო.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

8.1. N...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი - მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი და ბოსელი (სადავო ქონება) ეკუთვნოდა თ.გ–ძეს.

8.2. მხარეები არიან გარდაცვლილი თ.გ–ძის შვილები, ეს უკანასკნელი გარდაიცვლა 2020 წლის 22 იანვარს.

8.3. 2014 წლის 31 მარტს თ.გ–ძემ სადავო სახლის მე-2 სართული 5 000 ლარად მიჰყიდა მოპასუხეს, 2017 წლის 14 თებერვალს კი სახლის პირველი სართული და ბოსელი აჩუქა აპელანტს.

8.4. დავის განხილვისას, მხარეები სადავო ქონების თანამესაკუთრეები არიან.

8.5. დადგენილია, რომ გარიგების დადების დროს თ.გ–ძის საკუთრებად ირიცხებოდა სადავო ქონება, ამდენად, ივარაუდება, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი იყო სწორი, ხოლო, მისი უსწორობის ტვირთი ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს.

9. საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით-საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არცერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა, 125-ე მუხლით კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის - არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.09.1992 წლის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონება და ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრება იყო, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის კომლის წევრების საერთო საკუთრება თანაბარი წილით. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება სსკ-ით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1063-983-2017, 17.10.2017წ; №ას-1430-1350-2017, 30.04.2018წ.; სუსგ №ას-7-2019, 11.06.2020წ.). ამდენად, ის ფაქტი, რომ პირი საკოლმეურნეო კომლის გაუქმების მომენტისათვის იყო კომლის წევრი, წარმოადგენდა დანარჩენი წევრების თანაბრად კომლის ქონებაზე მისი მესაკუთრედ ცნობის საფუძველს.

10. ამდენად, 1993 წლამდე სასოფლო-სამეურნეო ურთიერთობებს ახასიათებდა კომლის წევრის შრომითი მონაწილეობა საკოლმეურნეო წარმოებაში/სახელმწიფო მეურნეობაში და ასევე - დამხმარე მეურნეობაში, რომელსაც აწარმოებდა კომლად არსებული ოჯახი, რაც შემოსავლის დამატებით წყარო იყო. საკოლმეურნეო კომლის ქონება წარმოადგენდა მისი წევრების თანასაკუთრებას და რეგულირდებოდა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 122-ე მუხლით. უნდა აღინიშნოს, რომ საკოლმეურნეო კომლის მოსპობის შემდეგ იქმნებოდა მუშა-მოსამსახურის ოჯახი და მათ მიერ საკოლმეურნეო კომლის ქონება გაიყო სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის საფუძველზე. საკოლმეურნეო კომლის მოსპობის მომენტიდან დამხმარე მეურნეობაში მომუშავე მუშა-მოსამსახურის ოჯახს შორის ურთიერთობები წესრიგდებოდა საოჯახო კანონმდებლობით, ხოლო დამხმარე მეურნეობის სხვა მონაწილეთა შორის ურთიერთობები საერთო საკუთრების მომწესრიგებელი ნორმებით რეგულირდებოდა (საქმე №ას-1687-2019, 12.01.2023წ.).

11. განსახილველ შემთხვევაში (საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით), მხარეებს არ მიუთითებიათ და არც საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ.გ–ძე და მისი ოჯახის წევრები საკოლმეურნეო კომლის წევრები იყვნენ. ამასთან, არც საქმის მასალებით დასტურდება, მეურნეობის ფორმა. მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო ქონება თ.გ–ძემ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღო, მხარეთა თანაბარ უფლებებს არ გულისხმობდა სადავო ქონებაზე.

12. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს თ.გ–ძის რეგისტრირებული უფლების ბათილად ცნობა არ მოუთხოვია, მეტიც ამავე ქონებაზე მესაკუთრე სწორედ იმ უფლების საფუძველზე გახდა, რომელსაც მეორეს მხრივ სადავოდ ხდის.

13. აღსანიშნავია ისიც, რომ აპელანტის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც, თ.გ–ძეს სადავო ქონების 1/2 წილზე უფლება მაინც ექნებოდა. სადავო ხელშეკრულებით კი თ.გ–ძემ მოპასუხეს სახლის მე-2 სართული, ე.ი. სადავო ქონების 1/2 წილზე ნაკლები მიჰყიდა; სახლის დანარჩენი ნაწილი და ცალკე მდგომი ნაგებობა კი მან სწორედ კასატორს აჩუქა და კასატორი ამ გარიგებას დაეთანხმა. ამრიგად, კომლის ფორმასთან დაკავშირებით პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი დადგინდებოდა, რომ სადავო ხელშეკრულებით თ.გ–ძემ არა აპელანტის კუთვნილი, არამედ საკუთარი ქონება განკარგა. ამ ვითარებაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, თ.გ–ძის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილი იყო და მისი ბათილად აღიარების საფუძვლები არ არსებობდა.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. კ.გ–ძეს (.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 24/07/2023), 150 ლარის 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე