დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-729-2022 22 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.დ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ.დ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე”, „დასაქმებული” ან „კასატორი”) 2016 წლის დეკემბრიდან მუშაობა დაიწყო შპს „ს–ში“ მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე, რომელიც ახორციელებდა პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებების რეალიზაციას სავაჭრო მარკის - „ვულე-ვუს“ ქვეშ და განთავსებული იყო ქ. ბათუმში, ......... ქ. N8-ში.
2. 2018 წლის 05 დეკემბრიდან შპს „ს–მა“ შეწყვიტა სავაჭრო მარკა „ვულე-ვუს“ მეშვეობით პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებების რეალიზაცია და აღნიშნული საქმიანობა ბათუმში, ......... ქ. N8-ში მდებარე ფართში, სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, 2018 წლის 20 ნოემბრიდან დაიწყო შპს „ს–მა“ (შემდგომში - „მოპასუხე”, „კომპანია” ან „დამსაქმებელი”).
3. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 20 ნოემბერს მასსა და კომპანიას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე დაინიშნა მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე. ხელშეკრულება ძალაში იყო 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
4. კომპანიის დირექტორის 10.12.2018წ. N18/507ა ბრძანებით მოსარჩელე, მისივე განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 10 დეკემბრიდან გადაყვანილ იქნა აღრიცხვის მენეჯერის თანამდებობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 45-46).
5. კომპანიის დირექტორის 24.04.2019წ. ბრძანებით დამტკიცებულ შინაგანაწესში (რომელსაც იმავე დღეს გაეცნო მოსარჩელე და დაადასტურა ხელმოწერით) გაწერილია სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებულ თანამშრომელთა, მათ შორის, აღრიცხვის მენეჯერის ვალდებულებები. ეს ვალდებულებები გამოიხატება შემდეგში:
- 58-ე პუნქტი: აღრიცხვის მენეჯერი ვალდებულია შეასწავლოს მოლარე-კონსულტანტებს ელექტრონული ფოსტით სარგებლობა (წერილების მიღება და გაგზავნა, ფაილის ატვირთვა-ჩამოტვირთვა). ყოველდღიურად უნდა მოხდეს ელექტრონული ფოსტის შემოწმება (სამუშაო დღის განმავლობაში საათში ერთხელ), რათა მუდმივად კონტროლდებოდეს ახალი წერილების მიღება, ასევე, სავალდებულოა ოფისიდან მიღებულ წერილზე პასუხის სახით დასტურის წერილის გაგზავნა. მენეჯერი ვალდებულია პროგრამა სრულყოფილად შეასწავლოს მოლარე-კონსულტანტებს. ინფორმაცია, რომელიც ელექტრონული ფოსტით იგზავნება მაღაზიიდან ოფისში, აკრეფილი უნდა იყოს ცალკე ფაილში (WORD ან EXCEL) და ფაილის სახით გადაიგზავნოს ოფისში;
- 77-ე პუნქტი: აღრიცხვის მენეჯერები და მოლარე-კონსულტანტები ვალდებულნი არიან პრეტენზიების გამოხატვის გარეშე შეასრულონ ოფისიდან მიღებული დავალება.
6. კომპანიის დირექტორის 02.08.2019წ. N19/253 ბრძანებით მოსარჩელე 2019 წლის 02 აგვისტოდან, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა კომპანიაში დაკავებული თანამდებობიდან. საფუძველი: 01.08.2019წ. ახსნა-განმარტებითი ბარათები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 47). თუმცა, ბრძანებაში აღნიშნული განცხადება/ახსნა-განმარტებითი ბარათები საქმეში წარდგენილი არ არის.
7. კომპანიის დირექტორის 02.08.2019წ. N19/254 ბრძანებით მოსარჩელე 2019 წლის 02 აგვისტოდან დროებით დაინიშნა მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე. საფუძველი: პირადი განცხადება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 48). თუმცა, ბრძანებაში აღნიშნული მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადება საქმეში წარდგენილი არ არის.
8. კომპანიის დირექტორის 03.08.2019წ. N19/257 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა N19/253 ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებების გამო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 58).
9. კომპანიის დირექტორის 03.08.2019წ. N19/258 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა N19/254 ბრძანება მოსარჩელის მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებების გამო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 59).
10. კომპანიის დირექტორის 05.08.2019წ. N19/260 ბრძანებით ბათუმის ფილიალის აღრიცხვის მენეჯერი - მოსარჩელე 2019 წლის 09 აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 60).
11. 05.08.2019 წელს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა კომპანიის დირექტორს და მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების წერილობითი დასაბუთება მოითხოვა, ვინაიდან მისთვის გაუგებარი იყო დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების საფუძველი. მოსარჩელის განმარტებით, მიმდინარე წლის 02 აგვისტოს 19:00 საათსა და 19:30 საათს შორის პერიოდში მის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა თანამშრომელი თ. ნ–ძე, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია გათავისუფლების შესახებ და ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნა შესაბამისი ბრძანება. ასევე, მოაწოდა ინფორმაცია 02.08.2019წ. N19/254 ბრძანების შესახებ 02 აგვისტოდან მისი დროებით მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 55).
12. კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული წერილობითი დასაბუთების თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი იყო დაკავებული თანამდებობისათვის საჭირო ორგანიზაციული უნარ-ჩვევების არქონა და თანამშრომლების შედეგიანი მუშაობის უზრუნველყოფის შეუძლებლობა, რაც უარყოფითად აისახა ობიექტის მუშაობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 61).
13. 2019 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე სს „თ.ბ–ში“ კომპანიის მიერ ჩაირიცხა 1 792,93 ლარი შემდეგი დანიშნულებით: 2019 წლის 1-8 აგვისტოს ხელფასი, ივლისის თვის ბონუსი და 2 თვის ხელფასის კომპენსაცია N19/260 ბრძანების თანახმად. მოსარჩელეს არ გააჩნდა ყოველთვიური სტაბილური ანაზღაურება, მას დამატებით ბონუსებიც ეძლეოდა. კერძოდ: 2019 წლის მაისში მოსარჩელემ ხელფასისა და ბონუსის სახით მიიღო - 725,2 ლარი, ივნისში - 791,84 ლარი, ხოლო ივლისში - 1 033,90 ლარი.
14. კომპანიის თანამშრომლის, ნ.მ–ის 01.04.2019წ. მოხსენებითი ბარათის თანახმად: 2019 წლის 29-31 მარტს მათი ქსელის წამყვან ვიზაჟისტ ნ.ხ–თან ერთად მივლინებაში იყო მაღაზია „ვულე-ვუს“ ბათუმის ფილიალში, სადაც ევალებოდათ ზოგადი მდგომარეობის შეფასება. შეფასებისას აღმოჩნდა, რომ მაღაზიაში პროდუქციის მარაგი არ იყო საკმარისი და თაროებზე შეინიშნებოდა სიცარიელე; ფასმაჩვენებლები არ იყო უკლებლივ ყველა პროდუქციაზე; არ იყო დაცული ბრენდის მიერ მიწოდებული პლანოგრამები; თაროებზე აღინიშნებოდა მტვერი; ტესტერსტენდებზე აღინიშნებოდა მტვერი; მენეჯერი ცარიელ მარაგს არ ავსებდა, ხოლო მტვერს იმით ხსნიდა, რომ ვერ იმორჩილებდა თანამშრომლებს; რამდენიმე თანამშრომელი იყო ბეიჯის გარეშე, მათ შორის, მენეჯერიც; 30-31 მარტს დანიშნული იყო წინასწარ დაანონსებული ღონისძიება - ბრენდ „Dior“-ის კლიენტის დღე, რომლის ორგანიზება ევალდებოდა მენეჯერს თანამშრომლებთან ერთად. ამ დღეების შესახებ ბრენდ მენეჯერმა მენეჯერს 28 მარტს წერილობით ეცნობა; მას ევალებოდა კლიენტების ჩაწერა მაკიაჟისა და მოვლის პროცედურაზე, რაც ვერ შეძლო. აღნიშნულის გამოც კომპანიას მოუწია თანამშრომლების გამოყენება და კლიენტების მოსაზიდად დიდი დატვირთვით მუშაობა. ამ ყველაფრის გამო მან სიტყვიერი გაფრთხილება მისცა მაღაზიის მენეჯერს - მოსარჩელეს თანამშრომლების თანდასწრებით და გააფრთხილა, რომ ეს მას კარგ შედეგებამდე არ მიიყვანდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 145-146).
15. კომპანიის თანამშრომლის, ნ.მ–ის 29.07.2019წ. მოხსენებითი ბარათის თანახმად: 2019 წლის 25-26 ივლისს მივლინებით იმყოფებოდა „ვულე-ვუს“ ბათუმის ფილიალში წამყვან ვიზაჟისტ ნ.ხ–თან ერთად კომპანია „ლორეალის“ დღეების ჩასატარებლად. ამ ღონისძიების შესახებ ბრენდ მენეჯერმა თ. ცაგარეიშვილმა 19 ივლისს წინასწარ, წერილობით აცნობა მაღაზიას და ამ დღეების ორგანიზება სთხოვა. კერძოდ, ამ ორი დღის განმავლობაში კლიენტების ჩაწერა 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე, ნახევარი საათის ინტერვალით. მენეჯერს 24 ივლისს 14:00 საათამდე უნდა ეცნობებინა კლიენტთა რაოდენობის შესახებ, რაც მან არ გააკეთა. უკვე ადგილზე ჩასულებს ჩაწერილი დახვდათ მხოლოდ ერთი კლიენტი 13:00 საათზე. მათ აქაც მოუწიათ მათი რესურსებისა და ნაცნობების გამოყენება და შესულ კლიენტებზე მუშაობა მაღაზიის დაკეტვამდე. ვინაიდან, ისევ არ შესრულდა სამსახურის მოთხოვნა (როგორც მარტში „Dior“-ის დღეებში), მან კიდევ ერთხელ მისცა სიტყვიერ გაფრთხილება მოსარჩელეს და აცნობა ამ უპასუხისმგებლო საქციელზე შესაძლო გართულების შესახებ. გარდა ამისა, მაღაზია ისევ არ გამოიყურებოდა სათანადოდ: უწესრიგობა თაროებზე, გამოცარიელებული თაროები, მტვერი, სუნამოს ტესტერები ფერშეცვლილი, უსიამოვნო სუნით. აღნიშნული გარემოებები ასევე დაადასტურა ნ.ხ–მა მის 30.07.2019წ. მოხსენებით ბარათში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 148, 150).
16. 07.07.2021წ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კომპანიის აღრიცხვის მენეჯერის, ნ.მ–ის ჩვენების თანახმად: მას კომპანია აგზავნიდა გადამოწმებებზე, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მოსარჩელე მის ფილიალში, რომლის მენეჯერიც იყო, არ ავსებდა მარაგებს თაროებზე, შემდეგ კი მას უწევდა ამ საქმის გაკეთება. ის ყველანაირად ეხმარებოდა მას; მოსარჩელე ვერ იმორჩილებდა კოლექტივს, რაც მისი დიდი პრობლემა იყო; ფილიალი არამიზნობრივად გასცემდა საჩუქრებს, თვითონ თანამშრომლებიც იღებდნენ საჩუქრებს; სამსახურის მიზნებისათვის მოსარჩელე ზედმეტად თავს არ იტვირთავდა; საბაზო ტრენინგი იყო ქ. თბილისში, სადაც მოსარჩელე არ ჩავიდა; მიუხედავად ამისა, ევალებოდა თუ არ ევალებოდა, ის ყველანაირად ედგა მხარში მოსარჩელეს და მის გასაკეთებელს აკეთებდა; კონსულტანტებიც უკმაყოფილოები იყვნენ მოსარჩელის მუშაობით, ხოლო ეს უკანასკნელი მათი მუშაობით; მაღაზიაში ბრენდების წარწერები იყო ჩამოცვენილი და მტვერი იდო თაროებზე; მარაგებს ის უვსებდა, არასდროს მოსარჩელეს მარაგები არ შეუვსია. ის თვეში ერთხელ თვითონ უვსებდა მარაგებს. მოწმემ დაადასტურა, რომ საქმეში წარდგენილი ახსნა-განმარტებები მისი დაწერილია (იხ. მოწმის ჩვენება, ტ. 1, ს.ფ. 263, 14:05-15:12სთ).
17. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: მისი გათავისუფლების შესახებ კომპანიის 05.08.2019წ. N19/260 ბრძანების ბათილად ცნობა; პირვანდელ სამუშაო ადგილზე - კომპანიის ბათუმის ფილიალის აღრიცხვის მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელზე ასაღები თანხის - 850 ლარის ოდენობით, გათავისუფლების დღიდან, 09.08.2019წ.-დან პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დღემდე. მოსარჩელის მტკიცებით, მისი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. მის მიმართ დამსაქმებელს რაიმე სახის დისციპლინური სახდელი არ გამოუყენებია, უფრო მეტიც, წარმატებული შრომისთვის ყოველ თვე ბონუსებს აძლევდა, რითაც უდავოდ დასტურდება მოსარჩელის კვალიფიკაციის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობა.
18. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
19. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის დირექტორის 05.08.2019წ. N19/260 ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან - აღრიცხვის მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 10 000 ლარის ოდენობით; მოსარჩელეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე.
20. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ხოლო, მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
22. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-16 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
23. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელის პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/ შესასრულებელ სამუშაოსთან. დამსაქმებლის მტკიცებით, მოსარჩელე სათანადოდ ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც გამოიხატა შემდეგში: მტვერი იდო მაღაზიის თაროებსა და სტენდებზე; ზოგიერთი ტესტერი თაროზე იდო არომატ და ფერშეცვლილი (გაფუჭებული); თანამშრომლები აგვიანებდნენ სამსახურში, რის გამოც გახსნისას მაღაზია არ იყო სათანადოდ მზად მუშაობისთვის და დამლაგებელს მუშა მაღაზიის დალაგება უწევდა, რაც გარკვეულწილად დისკომფორტს უქმნიდა მომხმარებელს; მენეჯერი არასოდეს არ ატარებდა ბეიჯს, კონსულტანტებსაც სჭირდებოდათ მითითება, რომ ბეიჯი გაეკეთებინათ; მენეჯერი არ უთითებდა თანამშრომლებს გრძელი თმის შეკვრაზე, შესაბამისად, რამდენიმე თანამშრომელი დადიოდა გაშლილი თმით; მობილურით სარგებლობდა სავაჭრო დარბაზში უკლებლივ ყველა თანამშრომელი; მოსარჩელე უყურადღებო იყო, რაც აისახებოდა მაღაზიის ნავაჭრზეც; ვერ აკეთებდა პროდუქციის მარაგების დროულ და სწორ შევსებას; თანამშრომლები მუდმივად შეჯგუფულები იყვნენ მეორე დარბაზში, სალაროს გარშემო, ეს კი ტოვებდა დაკეტილი მაღაზიის შთაბეჭდილებას, ვინაიდან პირველი დარბაზი იყო ცარიელი; პროდუქციის მიღება დაკავშირებული იყო ქაოსთან მაღაზიაში, პროდუქციას იღებდნენ და მარკავდნენ თანამშრომლები, მენეჯერი თითქმის არ მონაწილეობდა ამ პროცესში; მენეჯერს საწყობი ჩაკეტილი ჰქონდა და გასაღებს მუდმივად თან ატარებდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებელი პირი მისი არყოფნისას საწყობით ვერ ისარგებლებდა, მაგალითად, პარასკევ საღამოს მიღებული პროდუქცია ორშაბათამდე (მენეჯერის დასვენების დღეებია შაბათი და კვირა) თაროზე უტესტეროდ იდო, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა ამ პროდუქციის გაყიდვას, ე.ი. მენეჯერი შეგნებულად აფერხებდა მაღაზიის სრულყოფილ მუშაობას, რაც აისახებოდა პროდუქციის რეალიზაციებზე; ახალი კლიენტების მოზიდვა, კლიენტებთან ხარისხიანი კომუნიკაცია; მიუხედავად წინასწარი გაფრთხილებისა, გარკვეული ბრენდების დღეებში კლიენტების ვერმოზიდვა; ელექტრონული ფოსტის არშემოწმება; მაღაზიაში აღწერის ჩაუტარებლობა, რის შედეგადაც აღმოჩნდა დანაკლისი, ასევე, მეტობა; დამლაგებელს მშრალ და მზიან ამინდში აიძულებდა მეორედ მისულიყო სამსახურში დღის მეორე ნახევარში, რაც მას არ ევალებოდა; მაღაზიის მთლიანი სტოკი გადაგზავნილი ჰქონდა მეუღლის, ე. მოწყობილის პირად მეილზე (01.04.2019), ასევე, 01.08.2019 წელს მეუღლის პირად მეილზე გადაგზავნილი ჰქონდა საქართველოს ბანკის ამერიკან ექსპრესის ქულებით შეძენილი „ვულე-ვუს“ სასაჩუქრე ვაუჩერები, რომლებიც მომხმარებლებმა გაანაღდეს „ვულე-ვუში“; მენეჯერი არ აკონტროლებდა მაღაზიაში წარდგენილი პროდუქციის გაყიდვას მაღაზიის კოდის (მიღების თარიღისა და ვადების) მიხედვით; არასერიოზული მიდგომა ჰქონდა სწავლებისადმი, რომელიც ტარდებოდა თბილისში ბრენდების მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე; მენეჯერი ვერ უზრუნველყოფდა კონსულტანტების დასწრებას დროულად და ხარისხიანად.
24. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ აღრიცხვის მენეჯერის სამსახურებრივი ფუნქციები დეტალურადაა გაწერილი კომპანიის დირექტორის 24.04.2019წ. ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 54-ე პუნქტში. სასამართლოს მოსაზრებით, ის დარღვევები და ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც მოხდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება, არ არის თანხვედრაში შინაგანაწესით აღრიცხვის მენეჯერისათვის გათვალისწინებულ ვალდებულებებთან. ასეთ პირობებში კი, აღრიცხვის მენეჯერისათვის ფილიალში არსებული ნებისმიერი დარღვევის გამო პასუხისმგებლობის დაკისრება არაგონივრული და არასამართლიანია.
25. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული დავის ფარგლებში დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელე სათანადოდ არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც დამსაქმებელმა შესაბამისი და უტყუარი მტკიცებულებებით სათანადოდ ვერ დაადასტურა. ამ გარემოებების დასადასტურებლად მოპასუხემ წარადგინა მასთან დასაქმებული პირის მოხსენებითი ბარათი და მისი შემდგენი პირის ჩვენება, რაც სხვა რაიმე სახის მტკიცებულებით გამყარებული არ ყოფილა. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ მოიცავს ყველა იმ დარღვევას, რასაც დამსაქმებელი მოსარჩელეს ედავება.
26. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ მითითებული დარღვევების ჩადენის დადასტურების შემთხვევაშიც კი, დამსაქმებლის მიერ არ არის დასაბუთებული, რომ სამსახურიდან გათავისუფლება ჩადენილი დარღვევების ადეკვატურ ღონისძიებას წარმოადგენდა და არ შეიძლებოდა უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიმართ გათავისუფლებამდე არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება ან თუნდაც წერილობითი შენიშვნა/მითითება, ხოლო დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო სტაბილური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე თანამდებობრივად დაწინაურდა კიდეც.
27. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ დამსაქმებლის პოზიციას მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, არ გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი და დასახული მიზნის არაპროპორციულია, რაც გასაჩივრებული ბრძანების კანონიერებას გამორიცხავს.
28. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით და მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის ყველაზე ადეკვატურ ზომად მისთვის კომპენსაციის გადახდა მიიჩნია. ამასთან, დასაქმებულის კომპანიაში მუშაობის პერიოდისა და მისი შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა - 10 000 ლარი, გონივრულ და პროპორციულ ოდენობად ჩათვალა.
29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
30. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; მოსარჩელის ვალდებულებები შინაგანაწესით იყო გაწერილი და ეს არ იყო მხოლოდ შინაგანაწესის 54-ე მუხლი. მოსარჩელემ შინაგანაწესის არაერთი მუხლი დაარღვია.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
32. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
36. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
37. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მართლზომიერება.
38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).
39. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი (კანონის დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) დაედო. აღნიშნული მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა.
40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (იხ. სუსგ საქმე Nას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; Nას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი; Nას-361-2022, 10 ივნისი, 2022 წელი).
41. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე Nას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; Nას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).
42. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომ მოსარჩელის კვალიფიკაცია ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები მის მიერ კომპანიაში დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამებოდა. საქმეში წარდგენილი შინაგანაწესის (იხ. ტ. 1, ს.ფ. 132-144) დებულებების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხის/დამსაქმებლის მიერ მითითებული მოსარჩელის გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძვლები სრულად არ შეესაბამება შინაგანაწესით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, შინაგანაწესიდან ნათლად არ ირკვევა, რომ დამსაქმებლის მიერ მითითებული დარღვევები მოსარჩელის უშუალო მოვალეობებს წარმოადგენდა. ხოლო, დასაქმებულისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ქმედებათა გამო, რომელიც მის შრომით მოვალეობებს არ მიეკუთვნება, დაუშვებელია.
43. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებას და კომპანიაში დასაქმებული პირის მოხსენებით ბარათებს (ასევე, აღნიშნული პირის ჩვენებას) მოსარჩელის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შესაფასებელ საკმარის მტკიცებულებებად ვერ მიიჩნევს.
44. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტისას, შესაძლებელია კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერად ჩაითვალოს, როდესაც დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ გაცემული აქვს შესაბამისი მითითება, წერილობითი გაფრთხილება და დასაქმებული განაგრძობს მოვალეობების არადამაკმაყოფილებლად შესრულებას მას შემდეგ, რაც გასულია შესრულების გასაუმჯობესებლად განსაზღვრული გონივრული ვადა. არასაკმარისი პროფესიული ჩვევა იმთავითვე არ წარმოშობს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების იურიდიულ შედეგს, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს რა უკიდურეს ღონისძიებას, უპირველეს ყოვლისა, მიზანშეწონილია დასაქმებული ადამიანური რესურსის შენარჩუნების მიზნით, დამსაქმებელმა მიმართოს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების ღონისძიებებს, ან დასაქმებულს შესთავაზოს მისი პოტენციალის შესატყვისი ალტერნატიული სამსახური. სამსახურიდან დათხოვნა გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელს არ აქვს ობიექტურად სხვა ალტერნატიული სამსახურის შეთავაზების შესაძლებლობა ან სხვა უფრო მსუბუქი ზომის გამოუყენებლობა მკაფიოდ და საკმარისად არგუმენტირებული და დასაბუთებულია (იხ. სუსგ საქმე Nას-1173-1093-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი).
45. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება დამსაქმებლის მხრიდან შესაბამისი ზომების მიღება დასაქმებულის პროფესიული უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად ან/და დასაქმებულის მიმართ თანამდებობიდან გათავისუფლებამდე წინმსწრებად უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელის გამოყენება. ასეთად ვერ მიიჩნევა კომპანიის თანამშრომლის, ნ.მ–ის მიერ კომპანიის ფილიალის (სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე) შემოწმების შედეგად დასაქმებულის სიტყვიერი გაფრთხილება. ამასთან, დასაბუთებული არ არის დამსაქმებლის მიერ სხვა, უფრო მსუბუქი ზომის გამოყენების შეუძლებლობა.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კომპანიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
47. კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფციური, დაუსაბუთებელი და არ შეიცავს კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს დასაშვებობის წინაპირობების არსებობაზე.
48. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. კასატორმა იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
50. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.
51. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.
52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა მისი ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
53. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის 70% – 350 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. შპს „ს–ს“ (ს.კ. ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 04 ივლისს №1656921930 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500 (ხუთასი) ლარის 70% – 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი