დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 08.04.2022
საქმის ნომერი
ას-1471-2020
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1471-2020 8 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.კ–ვი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

მოპასუხეები (ძირითად სარჩელში) - შპს „ბ–ა“, დ.ბ–ი, ს.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გ.კ–ვის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება (რომლითაც სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ბანკი“ ან „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“) სარჩელი შპს „ბ–ას“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“), დ.ბ–ის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“), ს.მ–ის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) და პირველი მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2012 წლის 09 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის - 18323,93 აშშ დოლარის, პროცენტის - 4427,40 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 1317,53 აშშ დოლარის გადახდა; თითოეული თავდების - მესამე და მეოთხე მოპასუხეების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 56 000 აშშ დოლარი; დადგინდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისში, ......... N1, ბ. N35, ს/კ N..........და ქ. თბილისში, .......... (ნაკვეთი ..), ს/კ N........; მოსარჩელის მოთხოვნა - აღსრულების მიქცევა მოპასუხეთა სხვა ქონებაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი ბანკის მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა) გასაჩივრებულ ნაწილში და ამავე კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინება.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2012 წლის 02 ნოემბერს ბანკსა და მოპასუხე კომპანიას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება N002263, რომლითაც მსესხებელზე გამოიყო საკრედიტო ლიმიტი 150 000 აშშ დოლარის ან ლარში/ევროში მისი ეკვივალენტის ოდენობით. ხელშეკრულების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 02 ნოემბერი, ხაზის მოქმედების ვადად (დროის ლიმიტი) - 120 თვე, წლიურ საპროცენტო განაკვეთად - 0,5%-დან 48%-მდე. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ ბანკისა და მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლები;

2.2. საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2012 წლის 02 ნოემბერს გაფორმდა N002263-ა და N002263-ბ იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლებითაც იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის კუთვნილი შემდეგი უძრავი ნივთები, მდებარე ქ.თბილისში, ....... კორპ. N1, ბ. N35, ს/კ N........ და ქ.თბილისში, ........ (ნაკვეთი..), ს/კ N........... იპოთეკის ხელშეკრულებების 15.5 პუნქტის მიხედვით, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად მესაკუთრე უფლებამოსილია იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის დასრულებამდე ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს უზრუნველყოფილი მოთხოვნები (მათ შორის, დაკმაყოფილებამდე ბანკის მიერ გაწეული ხარჯები) და ამით შეწყვიტოს იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევა;

2.3. 2012 წლის 09 ნოემბერს ზემოღნიშნული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N1304537, რომლითაც მოპასუხე კომპანიაზე გაიცა კრედიტი 28 000 აშშ დოლარის ოდენობით, 30 თვის ვადით, წლიური 16%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით;

2.4. 2013 წლის 19 მარტს ხსენებულ საკრედიტო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 15%-ით, კრედიტის ვადა გაიზარდა 6 თვით და სესხის დასრულების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 08 ნოემბერი. კრედიტის დარჩენილ ძირსა და პროცენტზე დაწესდა საშეღავათო პერიოდი 6 თვის ვადით, 2013 წლის 14 სექტემბრამდე. საშეღავათო პერიოდში დარიცხული საპროცენტო სარგებელი გადანაწილდა მთელ ვადაზე. მოხდა ვალდებულების კორექტირება 28.29 აშშ დოლარის მოცულობით;

2.5. 2013 წლის 26 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 15%-ით. კრედიტის ვადა გაიზარდა 8 თვით და სესხის დასრულების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 08 ივლისი. კრედიტის დარჩენილ ძირსა და პროცენტზე დაწესდა საშეღავათო პერიოდი 6 თვის ვადით, 2014 წლის 14 მარტამდე. საშეღავათო პერიოდში დარიცხული საპროცენტო სარგებელი გადანაწილდა მთელ ვადაზე. მოხდა ვალდებულების კორექტირება 60.86 აშშ დოლარის მოცულობით;

2.6. 2014 წლის 13 მარტს საკრედიტო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მსესხებელზე - მოპასუხე კომპანიაზე განმეორებით მოხდა დარჩენილი დავალიანების გადანაწილება, კრედიტის ვადა გაიზარდა 33 თვით - 2019 წლის 04 აპრილამდე. შეთანხმების 2.1.2 პუნქტის თანახმად, 3.2.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით: კრედიტის დარჩენილ ძირსა და პროცენტზე დაწესდეს საშეღავათო პერიოდი 2 თვის ვადით, 2014 წლის 14 მაისამდე. საშეღავათო პერიოდში დარიცხული საპროცენტო სარგებელი გადანაწილდეს მთელ ვადაზე;

2.7. 2015 წლის 23 თებერვალს საკრედიტო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე კრედიტის ვადა გაიზარდა 34 თვით და კრედიტის დასრულების თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 16 თებერვალი. კრედიტის პირველი გადახდის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 16 მარტი, ხოლო ბოლო გადახდის თარიღად - 2022 წლის 16 თებერვალი. დარიცხული საპროცენტო სარგებელი გადანაწილდა კრედიტის მთლიან ვადაზე. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 12%-ით. კრედიტზე მოხდა კორექტირება 62.53 აშშ დოლარის ოდენობით;

2.8. 2012 წლის 09 ნოემბერს N3255186 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა N1304537-ბ და N1304537-ა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, ერთი მხრივ, ბანკსა და, მეორე მხრივ, მესამე მოპასუხეს, ასევე ბანკსა და მეოთხე მოპასუხეს შორის, რომლის თანახმადაც, თავდებები იღებდნენ ვალდებულებას, სოლიდარული თავდებობით უზრუნველეყოთ ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 56 000 აშშ დოლარით;

2.9. საქმეზე წარდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ პირველი მოპასუხე ასრულებდა მოპასუხე კომპანიის ანგარიშზე სესხის გადახდებს, კერძოდ, 2016 წლის 18 იანვარს მან გადაიხადა 468 აშშ დოლარი, 2016 წლის 16 თებერვალს - 468 აშშ დოლარი, 2016 წლის 16 მარტს - 468 აშშ დოლარი, 2016 წლის 15 აპრილს - 470 აშშ დოლარი, 2016 წლის 16 მაისს - 470 აშშ დოლარი, 2016 წლის 16 აგვისტოს - 470 აშშ დოლარი;

2.10. ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ბანკის წინაშე 2017 წლის 04 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 24,068.86 აშშ დოლარს, საიდანაც: ძირითადი თანხაა 18,323.93 აშშ დოლარი, პროცენტი - 4,427.40 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1,317.53 აშშ დოლარი.

3. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივარი არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ პირველი მოპასუხე სათანადოდ ვერ ფლობს ქართულ ენას. კერძოდ, ქართულ ენაზე საუბარს იგებს, თუმცა ვერ კითხულობს, რის გამოც ხელშეკრულების ზოგიერთი არსებითი მნიშვნელობის პირობა (როგორიცაა ხელშეკრულების ვადა, საკრედიტო ხაზის არსებობა, თანხის ოდენობა და ა.შ) მისთვის უცნობი დარჩა, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმებისას არ იყო უზრუნველყოფილი თარჯიმნის მომსახურება. სააპელაციო საჩივრით ასევე სადავოდ არის გამხდარი სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევების შესახებ იპოთეკის საგნის მესაკუთრის ინფორმირებულობა.

4. სააპელაციო პალატის დასკვნით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ პირველ მოპასუხეს ნების ფორმირების დროს არ ჰქონდა სადავო ხელშეკრულების შინაარსის მისთვის გასაგებ ენაზე გაცნობის შესაძლებლობა და რომ მას არ ესმოდა ხელშეკრულებაში ასახული ნების თანმდევი სამართლებრივი შედეგები.

5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 72-ე და 73-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სადავო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის აგვისტომდე (რვა თვის მანძილზე) სესხის გადახდებს სწორედ პირველი მოპასუხე ახორციელებდა. აღნიშნული ფაქტი კი ქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ მისთვის, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრისთვის, როგორც მინიმუმ, მითითებული პერიოდიდან (2016 წლის იანვარი) ცნობილი იყო სადავოდ გამხდარ გარიგებებში მის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები, თუმცა მას იპოთეკის ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნება საცილოდ არ გაუხდია სსკ-ის 79.1. მუხლით განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში (შეგებებული სარჩელი აღძრულია 2018 წლის მაისში).

6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი მოპასუხე არ უარყოფს ქართული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნის ფაქტს, თუმცა აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ქართული წერა-კითხვა არ იცის, ბანკის თანამშრომელმა კი მომსახურება განახორციელა თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე, რის გამოც მან ვერ გაიგო ხელშეკრულების ნამდვილი შინაარსი. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ორივე სადავო ხელშეკრულებას პირველი მოპასუხე გამართული ქართულით აწერს ხელს. მისი ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულია სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომლის უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის პირველ მოპასუხეს არ უცნობებია, რომ საჭიროებდა თარჯიმანს ქართული ენის არცოდნის გამო.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტზე [რომლის თანახმად, ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისთვის გარიგება წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. დოკუმენტში ტექსტი დატანილ უნდა იქნეს ქაღალდის მატარებელზე ქართული მხედრული დამწერლობის გრაფიკული ნიშნების გამოყენებით], ასევე ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე [რომლის თანახმად, გარიგების ერთ-ერთი ან ორივე მხარის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, უცხო ენაზე შედგენილ გარიგებასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს თანდართული სახელმწიფო ენაზე თარგმნილი გარიგების ერთი ეგზემპლარი. იგივე წესი ვრცელდება ბრაილის შრიფტის გამოყენებით შედგენილი გარიგებების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის მიერ თავდაპირველად ხორციელდება თარგმანზე თარჯიმნის/უსინათლოს წარმომადგენლის ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება, ხოლო შემდგომ გარიგების მხარეთა მიერ გარიგებაზე ხელმოწერის დადასტურება] და 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე [რომლის შესაბამისად, უფლებამოსილი პირის (სარეგისტრაციო განცხადების მიღების) თანდასწრებით გარიგებაზე ხელმოწერის დროს უფლებამოსილი პირის მიერ ხდება მხოლოდ გარიგებაზე ხელმომწერი პირის იდენტიფიკაცია და ამ უკანასკნელის მიერ ხელმოწერის ფაქტის დადასტურება]. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველ მოპასუხეს რაიმე განცხადება ქართული ენის არცოდნისა და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებისას თარჯიმნის საჭიროების შესახებ ბანკისა და მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლებისთვის არ განუცხადებია. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა ის გარემოებაც, რომ პირველი მოპასუხის მითითებით (იხ. შეგებებული სარჩელი), მას სადავო იპოთეკის ხელშეკრულებების დადებამდე იმავე მოპასუხე კომპანიის მიერ სს „ტ.ბ–იდან“ აღებული კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით დადებული ჰქონდა იპოთეკის ხელშეკრულებები, თუმცა, პირველ მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ხსენებული ხელშეკრულებები მას თარჯიმნის მონაწილეობით ჰქონდა გაფორმებული. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი შვილების დაბადების მოწმობები, ქორწინების მოწმობა, ოჯახის წევრების პირადობის მოწმობები, ასევე, ოჯახის წევრების საზღვარგარეთ ცხოვრებისა და შვილების საზღვარგარეთ დაბადების ფაქტი არარელევანტური მტკიცებულებებია იმ გარემოების დასადგენად, რომ პირველმა მოპასუხემ სათანადოდ არ იცის ქართული ენა და არ შეეძლო გაეგო და გაეცნობიერებინა, თუ რა სახის ხელშეკრულებებს აწერდა ხელს.

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გაზიარების შემთხვევაშიც, რომ პირველმა მოპასუხემ იპოთეკის ხელშეკრულებებს მათი შინაარსის გაცნობის გარეშე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს საკუთარი უფლების იმგვარად გამოყენებას, რომლითაც დაუშვებლად იზღუდება მესამე პირის უფლება, რომელიც წინდაუხედავად გამოვლენილ ნებას დაეყრდნო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება იძულების, მოტყუების ან შეცდომის საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო, რაც გამოიხატება ნების გამომვლენის მიერ დოკუმენტის ხელმოწერაში, მისი შინაარსის გაცნობის გარეშე. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ნების იმგვარი წინდაუხედავი გამოვლენა, როდესაც პირი ისე აწერს ხელს გარიგებას, რომ არ ეცნობა მის შინაარსს, შეცილების უფლებას გამორიცხავს. უფრო მეტიც, ნების ამგვარი გამოვლენა არ იმსახურებს სამართლებრივ დაცვას.

9. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და მის ფარგლებში გაფორმებული ყველა საკრედიტო ხელშეკრულება. იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი პირდაპირ არის დაკავშირებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ვადასთან, რომელიც 120 თვეს შეადგენს. პალატამ აღნიშნა, რომ საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება იდება ბანკსა და მოვალეს შორის და აღნიშნულ ხელშეკრულებაზე სხვა, მათ შორის, სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებისა თუ იპოთეკის ხელშეკრულების მონაწილე პირთა ხელმოწერა არ ხდება. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია პირველი მოპასუხის პრეტენზია, რომ მას მითითებულ ხელშეკრულებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი და მისი პირობები იპოთეკის საგანზე არ უნდა გავრცელებულიყო.

10. რაც შეეხება 2012 წლის 09 ნოემბერს გაფორმებულ შემადგენელ N1304537 საკრედიტო ხელშეკრულებაში რამდენჯერმე ცვლილების შეტანას, პალატამ აღნიშნა, რომ ამ ხელშეკრულებაში მხარეთა (კრედიტორი და მისი პირადი მოვალე) შეთანხმებით შეტანილი ცვლილებებით არ მომხდარა იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების იმგვარი გაზრდა ან იპოთეკის საგნების მესაკუთრის - პირველი მოპასუხის მდგომარეობის სხვაგვარი გაუარესება, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა იპოთეკის ხელშეკრულებების პირობებთან.

11. სააპელაციო პალატამ იმსჯელა ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა პირველი მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა ბანკიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. პალატამ აღნიშნა, რომ 2019 წლის 23 აპრილს წარდგენილი შუამდგომლობით პირველი მოპასუხე ითხოვდა მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელე ბანკისა და სს „ტ.ბ–ის“ წინაშე 2012 წლამდე არსებული სასესხო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას, რა გარემოება უნდა დაედასტურებინა მხარეს მოთხოვნილი ინფორმაციით, რასაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა საბოლოო გადაწყვეტილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მითითებულ ნაწილში სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია, რის გამოც არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

17. საკასაციო საჩივრის თანახმად:

17.1. სასამართლოს რომ დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა სს „ტ.ბ–სა“ და სს „ს.ბ–ში“ მოპასუხე კომპანიის 2012 წლამდე არსებული სესხების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ნათელი გახდებოდა, რომ მოპასუხე კომპანიას ორივე ბანკში ჰქონდა ცუდი ისტორია, იგი იყო პრობლემური გადამხდელი, ფაქტობრივად გადახდისუუნარო. პრობლემური გადამხდელი იყო ასევე პირადად მესამე მოპასუხე. პირველი მოპასუხის ქონებით სესხის უზრუნველყოფით ბანკმა ფაქტობრივად სესხი კი არ გასცა, არამედ პრობლემური სესხი აქცია უზრუნველყოფილ სესხად, რითაც ბოროტად გამოიყენა თავისი უფლება და წინასწარი განზრახვით, მოტყუებით დააყენა რისკის ქვეშ პირველი მოპასუხის ქონება. კასატორს არ განუმარტეს, რას ნიშნავდა იპოთეკის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების ნეგატიური პირობები. იპოთეკის ხელშეკრულება კასატორს არ წაუკითხავს და ვერც წაიკითხავდა, რაც სარწმუნო გახდა სასამართლო პროცესზე მოსამართლისათვის, შესაბამისად, ამ შუამდგომლობების დაკმაყოფილებას დავის სამართლიანად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და რითაც დაარღვია პირველი მოპასუხის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები;

17.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პირველი მოპასუხე არ ფლობს ქართულ ენას, მას საბავშვო ბაღი, საშუალო სკოლა დამთავრებული აქვს რუსულ ენაზე, მეუღლე ჰყავს უკრაინელი და ოჯახში საუბრობენ რუსულ ენაზე. იგი პასიურად ფლობს ქართულ ენას, საუბარი ესმის, მაგრამ ვერ კითხულობს ქართულ ენაზე. აღნიშნული გარემოება დადასტურდა სასამართლო პროცესზე. მოსამართლემ სასამართლო პროცესზე არ მიიწვია თარჯიმანი. პალატა აღნიშნავს, რომ ორივე ხელშეკრულებაზე პირველი მოპასუხე გამართული ქართულით აწერს ხელს, რაც შეუძლებელია გახდეს იმის მტკიცებულება, რომ პირველი მოპასუხე ფლობს ქართულ ენას. ხელმოწერა პიროვნებამ შესაძლოა ყველა ენაზე ისწავლოს. სადავო ხელშეკრულებათა შინაარსის გაგება პირველი მოპასუხისთვის შეუძლებელია, რადგან ის არ ფლობს ქართულ ენას;

17.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პირველი მოპასუხე დაავადებულია ფსორიაზით, იგი არის შშმ პირი, მას დანიშნული აქვს ყოველთვიური დახმარება, ოჯახი განიცდის მძიმე ფინანსურ კრიზისს, ოჯახშია ორი არასრულწლოვანი, მათ გააჩნიათ მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლი;

17.4. პირველი მოპასუხისთვის უცნობი იყო, რომ მოპასუხე კომპანია სესხს ფარავდა პრობლემურად. ბანკს პირველი მოპასუხისთვის დროულად რომ ეცნობებინა ამის შესახებ, მისთვის ცნობილი გახდებოდა, რომ მისი უძრავი ქონება იდგა რისკის ქვეშ და იგი იმოქმედებდა შესაბამისად. სესხის მოქმედების პერიოდში მესამე მოპასუხის მეუღლემ - მეოთხე მოპასუხემ მიიღო უძრავი ქონება, როგორც დევნილმა და გაყიდა. პირველი მოპასუხისთვის სესხის პრობლემურად გადახდის შესახებ ცნობილი რომ ყოფილიყო, იგი მოითხოვდა თავისი ქონების მეოთხე მოპასუხის ქონებით ჩანაცვლებას;

17.5. ბანკმა მოპასუხე კომპანიას სამჯერ გაუგრძელა სესხის ხელშეკრულების ვადა, ცვლილებები შეიტანა სესხის ხელშეკრულებაში პირველი მოპასუხის ხელმოწერისა და თანხმობის გარეშე, ისე რომ ამის შესახებ არ აცნობა პირველ მოპასუხეს. ამასთან, პირველი მოპასუხისთვის სესხის შესახებ ცნობილი იყო, თუმცა მას არ განუმარტეს იპოთეკის შინაარსი ხელშეკრულების გაფორმების დროს.

18. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესამოწმებელია პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება. პირველი მოპასუხე სადავო იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ იგი არასათანადოდ ფლობს ქართულ ენას, ბანკმა შეცდომაში შეიყვანა, არ აცნობა სესხის ოდენობის შესახებ, არ განუმარტა იპოთეკის არსი, ასევე არ აცნობა, რომ მოპასუხე კომპანია სესხს ფარავდა პრობლემურად.

19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, შეგებებულ სარჩელში ასახული ფაქტობრივი გარემოებები ქმნის მოტყუებით დადებული გარიგების შემადგენლობას [სსკ-ის 59.2 მუხლი: საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ; სსკ-ის 81-ე მუხლი: თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად]. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი).

20. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო (იხ. სუსგ საქმე №ას-620-592-2016, 6 მარტი, 2017 წელი).

21. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნისას სასამართლო, უპირველესად, ამოწმებს მოსარჩელის მიერ შეცილების კანონით დადგენილ ვადაში განხორციელების ფაქტს.

22. შეცილების კანონით დადგენილ ვადაში განხორციელება სასამართლოს მხრიდან სავალდებულო შემოწმებას დაქვემდებარებული საკითხია. იგი სამართლის თეორიაში ე.წ. სასამართლო შესაგებლის სახელით არის ცნობილი. შეცილების სამართლებრივი ბუნება კარგად ჩანს მისი ხანდაზმულობის სამართლებრივ ინსტიტუტთან შედარებისას. შეცილება და ხანდაზმულობა განსხვავებული სამართლებრივი ინსტიტუტებია, სხვადასხვა სამართლებრივი შედეგებით. ხანდაზმულობა სამართალში ფაქტის საკითხია და მასზე მითითება მოპასუხის ვალდებულებაა, განსხვავებით შეცილების ინსტიტუტისგან. საცილო გარიგებებში, შეცილების ვადა სარჩელის მატერიალური დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების წინაპირობაა, რომლის შეცილების განხორციელება ვადაში მუხლის ნორმატიული შემადგენლობის კომპონენტია. არ აქვს მნიშვნელობა, მოპასუხე უთითებს თუ არა მოსარჩელის მიერ გამოყენებულ გარიგების შეცილების ვადაზე, მოსამართლემ თავად უნდა გამოარკვიოს, თუ როდის და რა მეთოდით გახადა საცილო მოსარჩელემ სადავო გარიგება. თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ არ გამოიყენა შეცილების ვადა, იმისდა მიუხედავად, მოპასუხე უთითებს თუ არა ამ გარემოებაზე, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, განსხვავებით ხანდაზმულობის ინსტიტუტისგან, როცა ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაც არის შესაძლებელი, თუკი მოპასუხე არ უთითებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ ფაქტებზე (იხ. სუსგ საქმე №ას-15-15-2016, 01 მარტი, 2016 წელი; სუსგ საქმე №ას-548-511-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).

23. მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ [სსკ-ის 84-ე მუხლი].

24. დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის აგვისტომდე (რვა თვის მანძილზე) სესხის გადახდებს სწორედ პირველი მოპასუხე ახორციელებდა. შესაბამისად, მისთვის, როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრისთვის, როგორც მინიმუმ, მითითებული პერიოდიდან (2016 წლის იანვარი) ცნობილი იყო სადავოდ გამხდარ გარიგებებში მის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები, თუმცა მას იპოთეკის ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნება საცილოდ არ გაუხდია სსკ-ის 84-ე მუხლით განსაზღვრულ ერთწლიან ვადაში. შეგებებული სარჩელი იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულია 2018 წლის 14 მაისს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 143).

25. თუმცა, შეცილების ვადის დაცვის შემთხვევაშიც კი, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ პირველ მოპასუხეს ნების ფორმირების დროს არ ჰქონდა სადავო ხელშეკრულებების შინაარსის მისთვის გასაგებ ენაზე გაცნობის შესაძლებლობა და რომ მას არ ესმოდა ხელშეკრულებაში ასახული ნების თანმდევი სამართლებრივი შედეგები.

26. საკასაციო პალატის განმარტებით, გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.

27. განსახილველ შემთხვევაში პირველ მოპასუხეს რაიმე განცხადება ქართული ენის არცოდნისა და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებისას თარჯიმნის საჭიროების შესახებ ბანკისა და მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლებისთვის არ განუცხადებია. რაც შეეხება მის მითითებას იმ გარემოებებზე, რომ მას საბავშვო ბაღი, საშუალო სკოლა დამთავრებული აქვს რუსულ ენაზე, მეუღლე ჰყავს უკრაინელი და ოჯახში საუბრობენ რუსულ ენაზე, არ გამორიცხავს მის მიერ ქართული ენის ცოდნის გარემოებას.

28. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ ბანკმა მოპასუხე კომპანიას სამჯერ გაუგრძელა სესხის ხელშეკრულების ვადა, ცვლილებები შეიტანა სესხის ხელშეკრულებაში პირველი მოპასუხის ხელმოწერისა და თანხმობის გარეშე, ისე რომ ამის შესახებ არ აცნობა პირველ მოპასუხეს, საკასაციო პალატა მიუთითებს წინამდებარე განჩინების 2.4.-2.7. ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საკრედიტო ხელშეკრულებაში კრედიტორისა და პირადი მოვალის შეთანხმებით შეტანილი ცვლილებებით არ მომხდარა იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების იმგვარი გაზრდა ან იპოთეკის საგნების მესაკუთრის მდგომარეობის სხვაგვარი გაუარესება, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა იპოთეკის ხელშეკრულებების პირობებთან.

29. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 102.1. მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კასატორის მხოლოდ მითითება, რომ მან არ იცის ქართული ენა და ამის გამო მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებები ბათილად უნდა იქნას ცნობილი, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება, არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს ბანკის მიერ ხელშეკრულების გაფორმებისას მისი მოტყუების, შეცდომაში შეყვანის ფაქტს.

30. რაც შეეხება ბანკიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე და ამ მხრივ არც საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებას იმ გარემოებაზე, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

31. ამდენად, ზემოაღნიშნული დასაბუთებით მართებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

32. გამომდინარე აქედან, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.კ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი