დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 11.04.2024
საქმის ნომერი
ას-233-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.04.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-233-2024 11 აპრილი, 2024 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.12.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.10.2022 წლის გადაწყვეტილებით სს „ლ.ბ––ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი ა.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „მსესხებელი“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 30.01.2012 წელს გაფორმებული №211182897044000 საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 3238.20 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 2497.81 ლარი, სარგებელი - 711.39 ლარი და ჯარიმა - 29 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 21.08.2018 წლის სწრაფი სესხის №25814365 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა ძირი თანხის - 418.40 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 30.01.2012 წელს გაფორმდა №211182897044000 (მეჯიქ ქარდის ტიპის) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 2000 ლარის ოდენობით. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად სარგებელი შეადგენდა 28%-ს, პირგასამტეხლო გათვალისწინებულ იქნა 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

1.2. 21.08.2018 წელს სწრაფი სესხის №25814365 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხის სახელზე გასცა სესხი - 400 ლარი.

1.3. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით, 30.01.2012 წელს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება დაირღვა 25.02.2020 წელს, რის შემდეგაც აღარ მომხდარა თანხის ბანკში შეტანა ვალდებულების დასაფარად. ადგილი ჰქონდა 21.08.2018 წლის სწრაფი სესხის №25814365 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევასაც.

1.4. მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერიცხება დავალიანება 3499.02 ლარი, საიდანაც სესხის ძირია 2497.81 ლარი, სარგებელი - 711.39 ლარი და ჯარიმა - 289.82 ლარი. მოპასუხემ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელის წინაშე ვალდებულება არ შეასრულა და დარიცხული დავალიანება არ დაფარა. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა 10.09.2021 წელს.

1.5. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 129-ე, 130-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 115-ე, 420-ე, 623-625-ე მუხლებით. სასამართლოს მითითებით, სარჩელი ხანდაზმული არ იყო; მოპასუხე არ უარყოფდა დავალიანების არსებობას, მან დაარღვია სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა და, შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ სრულად უნდა დაკისრებოდა სესხის ძირისა და სარგებლის ანაზღაურება, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო 10-ჯერ.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.12.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით მიუთითა:

3.1. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ ხდის როგორც ხანდაზმულობის ვადის ათვლის საკითხს, ასევე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხების ავტომატურად, მისი თანხმობის გარეშე, ჩამოჭრას.

3.2. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა მოთხოვნების მიმართ მოქმედებს სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. აპელანტი სადავოდ ხდის აღნიშნული ვადის ათვლის საწყის თარიღს. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელს თან ერთვის სესხებზე არსებული გადახდის გრაფიკები, ასევე, ცნობები დავალიანების შესახებ, საიდაინაც ირკვევა, რომ 30.01.2012 წლის N211182897044000 მეჯიქ ქარდის ტიპის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება მოპასუხეს დარღვეული აქვს 25.06.2020 წლიდან, ხოლო 21.08.2018 წლის სწრაფი სესხის N25814365 ხელშეკრულება - 21.09.2020 წლიდან. მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მიმართა 10.09.2021 წელს, შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.

3.3. რაც შეეხება აპელანტის მეორე პრეტენზიას, რომელიც ეხებოდა გრაფიკით გათვალისწინებული თანხების ავტომატურად, მისი თანხმობის გარეშე ჩამოჭრის ფაქტს, სააპელაციო პალატამ მიუთითა მხარეთა შორის 30.01.2012 წლის მეჯიქ ქარდის ტიპის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ „კრედიტის თანხის მიღებისას/ათვისებისას, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულებით (მათ შორის განაცხადით) განსაზღვრული მოცულობით და პერიოდულობით, ათვისებული კრედიტის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული გადასახდელების დაფარვის მიზნით, კრედიტის მომსახურე ანგარიშზე განათავსოს საკმარისი თანხა, რომელსაც ბანკი უაქცეპტოდ ჩამოჭრის და მიმართავს ბანკის წინაშე არსებული მსესხებლის დავალიანების დასაფარად/შესამცირებლად“. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხი მხარეებმა მოაწესრიგეს სახელშეკრულებო თავისუფლების მოქმედების ფარგლებში. ხელშეკრულებების თანახმად, მსესხებელმა იმთავითვე გამოხატა ნება კრედიტის დაფარვის მიზნით ბანკის მიერ მისი ანგარიშიდან თანხის უაქცეპტოდ ჩამოჭრის შესახებ. აღნიშნული გადახდა და ბანკის მიერ თანხის უაქცეპტო წესით ანგარიშიდან ჩამოჭრა მიჩნეულ უნდა იქნეს მოვალის მხრიდან სსკ-ის 137-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების არსებობის „სხვაგვარ აღიარებად“.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე ბანკის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868.1 (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი (23.12.2017 წლის №1901 ცვლილებამდე მოქმედი რედაქცია)/მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი (მითითებული ცვლილების შემდგომი რედაქცია)), 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლები.

9. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.

10. დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც მსესხებლის მიერ დაირღვა. შესაბამისად, იგი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი. პალატა მიუთითებს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (შდრ. სუსგ №ას-681-652-2016, 17.02.2017წ; №ას-226-2019, 24.04.2020წ.). სასამართლომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო, სსკ-ის 417-418-ე მუხლების საფუძველზე, მართებულად დააკისრა მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდაც (შდრ. სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ; №ას-1056-2021, 17.12.2021წ.).

11. გაზიარებული ვერ იქნება კასატორის პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის თაობაზე. დადგენილია, რომ 30.01.2012 წლის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება მოპასუხეს დარღვეული აქვს 25.06.2020 წლიდან, ხოლო 21.08.2018 წლის სწრაფი სესხის ხელშეკრულება - 21.09.2020 წლიდან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ ბანკის მიერ მსესხებლის მიმართ 10.09.2021 წელს აღძრული სარჩელი, სსკ-ის 129-130-ე მუხლების თანახმად, ხანდაზმული არ არის.

12. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია მისი ანგარიშიდან გრაფიკით გათვალისწინებული თანხების ავტომატურად ჩამოჭრის შესახებ. დადგენილია და არც საკასაციო საჩივრითაა შედავებული, რომ აღნიშნულზე, ხელშეკრულებების თანახმად, მსესხებელს ნება გამოხატული ჰქონდა (იხ. წინამდებარე განჩინების 3.3 პუნქტი). შესაბამისად, მსესხებელი თავად დაფარავდა ვადამოსულ მოთხოვნას, თუ მის ანგარიშზე არსებულ თანხას ბანკი მიაქცევდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სადავო საკითხის შესაფასებლად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. აღნიშნული გადახდა და ბანკის მიერ თანხის უაქცეპტო წესით ანგარიშიდან ჩამოჭრა მიჩნეულ უნდა იქნეს მოვალის მხრიდან სსკ-ის 137-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულების „სხვაგვარ აღიარებად“ (შდრ. სუსგ №ას-386-2019, 02.04.2021წ. პ.34,35; №ას-1461-2022, 29.05.2023წ.).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ა.გ–ძეს (პირადი ნომერი: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 14.03.2024წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია