დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 05.02.2025
საქმის ნომერი
ას-1486-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.02.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1486-2024 05 თებერვალი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ჯ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება, თმენის კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ–ის“ (შემდგომში - მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს ,,ვ–ის“ (შემდგომში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეიცვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 80 197.42 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ქ.რუსთავში, ........ მდებარე №....... საიდენტიფიკაციო კოდზე რეგისტრირებული 4800კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები მოსარჩელის საკუთრებაშია. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მოსარჩელის საწარმო, კერძოდ, შენობა-ნაგებობა №1 (ადმინისტრაციული შენობა) - ფართით 204.93კვ.მ; შენობა-ნაგებობა №2 - ფართით 295.77კვ.მ; შენობა-ნაგებობა №3 (სასადილო) – ფართით 59.36კვ.მ; შენობა-ნაგებობა №4 (სასილოსე, საწყობები) – ფართით 78.46კვ.მ; შენობა-ნაგებობა №5 (ქვესადგური) – ფართით 14.96კვ.მ; შენობა №6 არასაცხოვრებელი - ფართი 35.1კვ.მ.

2.2. მოპასუხემ თავისივე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი ელექტრო გადამცემი ხაზი დაამონტაჟა, თუმცა, ხაზობრივი ნაგებობა ნაწილობრივ კვეთს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის სიმძლავრეა 110კვ.

2.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ე- ქ.შ.კ–ის“ 31.10.2020წ.-ის №79 საექსპერტო დასკვნის შესაბამისად ქ.რუსთავში, .......... მდებარე 4800კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობა №1 (ადმინისტრაციული შენობა) - ფართით 204.93კვ.მ; შენობა-ნაგებობა №2 - ფართით 295.77კვ.მ; შენობა-ნაგებობა №3 (სასადილო) – ფართით 59.36კვ.მ; შენობა-ნაგებობა №4 (სასილოსე, საწყობები) - ფართით 78.46კვ.მ; შენობა-ნაგებობა №5 (ქვესადგური) ფართით 14.96 კვ.მ. შენობა-ნაგებობა №6 არასაცხოვრებელი ფართი 35.1 კვ.მ. ყოველთვიური საბაზრო საიჯარო ქირის ღირებულება 2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს ოთხიათას ორასორმოცდაათ ლარს. ექსპერტმა მოიძია მსგავსი შესადარისი ობიექტები ქ.რუსთავში. დაკორექტირდა სხვადასხვა შედარების ელემენტებზე და მიღებული იქნა საბოლოო საორიენტაციო თვიური საბაზრო საიჯარო ქირის ღირებულება შეფასების პერიოდისათვის. შენობა-ნაგებობა №1-ის ადმინისტრაციული შენობა (204.93კვ.მ.) საბაზრო საიჯარო თვიური ქირა საორიენტაციოდ შეადგენს 1000 ლარს (დღგ-ს გარეშე). შენობა-ნაგებობა №3-ის სასადილო (სახაჭაპურე) საბაზრო საიჯარო თვიური ქირა საორიენტაციოდ შეადგენს 1000 ლარს (დღგ-ს გარეშე). დაახლოებით 4500კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობები: №2, №4; №5; №6) საბაზრო საიჯარო თვიური ქირა საორიენტაციოდ შეადგენს 2250 ლარს (დღგ-ს გარეშე) (1კვ.მ.-ის ფასი - 0.5 ლარი) (ტ.1. ს.ფ. 120-124).

2.4. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ტექნიკური ექსპერტიზა დანიშნა, შემდეგ კითხვებზე პასუხის გასაცემად: ა) ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზომების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილების (შემდეგში - N366 დადგენილება) მე-3 მუხლის მიხედვით, მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის რა ფართს მოიცავს; ბ) დაცულია თუ არა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური მანძილი, საქმეში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებსა და მოსარჩელის კუთვნილ ქონებაზე განთავსებულ შენობის სახურავს შორის; დადებითი პასუხის შემთხვევაში, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის შეზღუდვა და რა საქმიანობის განხორციელებაა შეუძლებელი ასეთი ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ. სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნის თანახმად: ა) ქ.რუსთავში, .......... ქუჩაზე 110კვ.-იანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის 20მ.-იან დაცვის ზონაში მოქცეულია №......... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი ფართით 847 კვ.მ.; ბ) ქ.რუსთავში, .......... ქუჩა №4ე, №....... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების (სატვირთო ავტონაწილებისა და საკვები პროდუქტების მაღაზია) შენობების ზემოთ გამავალ 110კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციის პირობებში დარღვეულია ელექტროდანადგართა მოწყობის წესები (пуэ 7), თავი 2.5, პუნქტი 2.5.215 მოთხოვნა, ვინაიდან 110კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის სადენები გადადის შენობა-ნაგებობის ზემოთ, რაც არაა ნებადართული (№3 და №6 შენობის სახურავიდან 110კვ-იანი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზამდე მანძილი იცვლება 7.73მ.-დან 10.50მ.-მდე). ელექტროდანადგართა მოწყობის წესები (пуэ 7), თავი 2.5, პუნქტი 2.5.215 მოთხოვნის თანახმად საჰაერო ხაზების გაყვანა შენობებისა და ნაგებობის ზემოთ როგორც წესი არ არის ნებადართული.

2.5. შპს ,,ო.გ“-ის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის თანახმად მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი........ საკადასტრო კოდის ერთეულის ფარგლებში არსებული ობიექტებიდან ეგხ-ს დაშორება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნებს შეესაბამება. ამასთან, არსებული შენობის სახურავი არ არის დამიწებული, რაც ნორმის (пуэ პუნქტი 2.5.215) მიხედვით აუცილებელია.

2.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოწვეულ იქნენ სპეციალისტები: კ.წ–ი, რომლის მიერაც დამოწმებულია შპს ,,ო.გ“-ის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიში და სსიპ ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი უ.ხ–ი.

2.7. სპეციალისტ კ.წ–ის განმარტებით 110კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი არ შეიძლება გადავიდეს შენობის სახურავზე, იმ გამონაკლისით, რომ მისი გადატარება დასაშვებია სამრეწველო ობიექტის სახურავზე. მის ხელთ არსებული დოკუმენტაციით, ამ უძრავ ნივთზე განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა საცხობი (მიღებული ექსპლუატაციაში), რაც სამრეწველო ობიექტია და მასზე დასაშვებია მაღალი ძაბვის ხაზის გადატარება.

2.8. ექსპერტ უ.ხ–ის განმარტებით ელექტროდანადგართა მოწყობის წესების თანახმად, შენობის სახურავზე 110კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გადატარება დაუშვებელია. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საწარმო დანიშნულების შენობა-ნაგებობა, რაც ამ უძრავ ნივთზე არ არის განთავსებული. იქ განლაგებულია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები.

3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზომების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.12.2013წ. N366 დადგენილებით (შემდეგში - N366 დადგენილება) გათვალისწინებული შეზღუდვები.

4. პალატამ გაიზიარა სსიპ ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების (სატვირთო ავტონაწილებისა და საკვები პროდუქტების მაღაზია) შენობების ზემოთ გამავალ 110კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციის პირობებში დარღვეულია ელექტროდანადგართა მოწყობის წესები (пуэ 7), თავი 2.5, პუნქტი 2.5.215 მოთხოვნა, ვინაიდან 110კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის სადენები გადადის საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობის ზემოთ, რაც არაა ნებადართული.

5. დადგენილია, რომ მოპასუხის კუთვნილი მაღალი სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ანუ მოპასუხე მოსარჩელის მიწის ნაკვეთს იყენებს ამ ნაკვეთზე გატარებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებით საკუთარი ობიექტის ელექტროენერგიის მისაწოდებლად. ამ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 5.1 მუხლის (კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია) საფუძველზე ამავე კოდექსის 180-ე მუხლი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს) მიიჩნია, რომელიც ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს ითმინოს აუცილებელი გზა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ, რომელსაც არა აქვს კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც ამგვარად ვერ უკავშირდება საჯარო გზებს, მოიპოვებს მეზობელი ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე.

6. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგენილია, რომ ქ.რუსთავში, .......... ქუჩაზე 110კვ.-იანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის 20მ.-იან დაცვის ზონაში მოქცეულია №...... ს.კ-ზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი ფართით 847კვ.მ. დასკვნაზე დართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად, დაცვის ზონაში მოქცეულია: შენობა №6 (არასაცხოვრებელი ფართი 35.1 კვ.მ.); შენობა- ნაგებობა №3 (სასადილო, ფართით 59.36 კვ.მ); შენობა-ნაგებობა №1-ის ნაწილი (ადმინისტრაციული შენობა ფართით 204.93 კვ.მ); შენობა-ნაგებობა №2 -ის ნაწილი (ფართით 295.77 კვ.მ); შენობა-ნაგებობა №4-ის ნაწილი (სასილოსე, საწყობები, ფართით 78.46 კვ.მ). მოსარჩელის საკუთრებას ნაწილობრივ ფაქტობრივად დაკარგული აქვს მნიშვნელობა და მისი დანიშნულების შესაბამისად გამოყენება შეზღუდულია საკანონმდებლო დანაწესით (N366 დადგენილების მე-4 მუხლი მე-17 პუნქტი)(იხ., სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პ. 11.; ტ.2. ს.ფ. 124, 125)

7. მოსარჩელე სადავოდ ხდის საკუთრების უფლების ხელყოფას და აცხადებს, რომ მის საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების არსებობის გამო, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ხდება გამოუყენებელი და აღნიშნული გარემოება 153 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრების საფუძველი უნდა გახდეს, კერძოდ, სარჩელით მთხოვნლია 2016 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე (35 თვე) 153 000 ლარის ოდენობით კომპენსაცია.

8. კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაცვის ზონაში მოქცეულია: ა)შენობა-ნაგებობა №1-ის ნაწილი (ადმინისტრაციული შენობა ფართით 204.93 კვ.მ), საბაზრო საიჯარო თვიური ქირა საორიენტაციოდ შეადგენს 1000 ლარს (დღგ-ს გარეშე); ბ) შენობა-ნაგებობა №3 (სასადილო, ფართით 59.36 კვ.მ), რომლის საბაზრო საიჯარო თვიური ქირა საორიენტაციოდ შეადგენს 1000 ლარს (დღგ-ს გარეშე); გ) შენობა-ნაგებობა №2 -ის ნაწილი (ფართით 295.77 კვ.მ); შენობა-ნაგებობა №4-ის ნაწილი (სასილოსე, საწყობები, ფართით 78.46 კვ.მ), შენობა-ნაგებობა №6 (არასაცხოვრებელი ფართი 35.1 კვ.მ.), რომლის საბაზრო საიჯარო თვიური ქირა საორიენტაციოდ შეადგენს 1კვ.მ. 0.5 ლარს (დღგ-ს გარეშე) (იხ., სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პ.12). შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს შენობა-ნაგებობა №1-ისა და №3-ის საბაზრო საიჯარო თვიური ქირა, რაც შეადგენს 70 000 ლარს (1000+1000X35).

9. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შენობა-ნაგებობა №1-ის მხოლოდ ნაწილი (მიახლოებით 2/3) ექცევა ე.წ. დაცვის ზონაში, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მთლიანი შენობის საბაზრო საიჯარო ქირა, რადგან შენობის დარჩენილი ნაწილი კარგავს შინარსობრივ დატვირთვას. დადგენილია, რომ შენობა-ნაგებობა №1-ისა და №3-ის სრული ფართი შეადგენს 264.29 კვ.მ.-ს (204.93+59.36). დადგენილია, რომ დაცვის ზონაში მოქცეულია მიწის ნაკვეთის ნაწილი ფართით 847კვ.მ.. დარჩენილი 582.71 კვ.მ. ფართის (847-264.29) საიჯარო საბაზრო თვიური ქირა უნდა განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად 1კვ.მ ფართი 0.5 ლარის ოდენობით (დღგ-ს გარეშე), რაც თვეში შეადგენს 291.355 ლარს, ხოლო 35 თვეზე - 10 197.42 ლარს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე (35 თვე) თმენის საკომპენსაციო თანხა 80 197.42 ლარის ოდენობით (70 000+10 197.42).

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოპასუხე) შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორი მოითხოვს, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

12. საკასაციო განაცხადში მითითებულია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მაღალი ძაბვის ელ. ხაზების დემონტაჟს და 2016 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 150 000 ლარის ოდენობით, სასამართლომ კი, მოსარჩელეს თანხა მიაკუთვნა სხვა სამართლებრივი საფუძვლით. სასამართლომ, ანალოგიის წესით იხელმძღვანელა სსკ-ის 180-ე მუხლით, თუმცა ანალოგიურად არ უნდა გადაეწყვიტა კომპენსაციის განსაზღვრის - მისი ოდენობის საკითხი. მხედველობაში იყო მისაღები ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი მოსარჩელის მფლობელობაშია, მესაკუთრეს მიწის ნაკვეთით სარგებლობა არ ეზღუდება და შეუძლია გამოიყენოს მიწის ნაკვეთი იმ დანიშნულებით რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. რაც შეეხება შენობა-ნაგებობს რომლებიც ასეთი ხაზების ქვეშ მდებარეობს, ასეთ ნაგებობებში დასაშვებია სამრეწველო საქმიანობა. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 4800კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ექვსი შენობა, რომელიც მესაკუთრეს შეუძლია გამოიყენოს სამრეწველო დანიშნულებით. ეს შენობები წარმოადგენს სამრეწველო და არა სავაჭრო ობიექტს. სამრეწვლო დანიშნულების ნაგებობის ზემოთ შესაძლებელია გატარდეს 110 კვ.ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი. შესაბამისად, სასამართლოს კომპენსაციის ოდენობა საიჯარო ქირის ოდენობის მიხედვით არ უნდა განესაზღვრა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. დასაშვებობის შესამოწმებლად საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 25 დეკემბერს ჩატარდა ზეპირი მოსმენა. მხარეებს 2025 წლის 15 იანვრამდე მიეცათ დრო მორიგების მისაღწევად. მხარეებმა მორიგებას ვერ მიაღწიეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სასამართლომ შეცვალა მოთხოვნის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვევთზე განთავსებული მაღალი ძაბვის ელ. ხაზების დემონტაჟს და 2016 წლის ივნისიდან 2019 წლის მაისამდე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, სასამართლომ მოსარჩელეს თანხა მიაკუთვნა სხვა სამართლებრივი საფუძვლით.

18. კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას.

19. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

20. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში. სამართალში დამკვიდრებულია „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი) პრინციპი, რომლის შესაბამისად, მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს.

21. მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38, 42).

22. მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.

23. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა), განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელი წინაპირობები, თუმცა ეს გარემოება, მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელი კონკრეტული ფაქტების და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებების გათვალისწინებით, არ გამორიცხავდა სსკ-ის 180-ე მუხლის შესაბამისად საკუთრების უფლების შეზღუდვის საკომპენსაციოდ თანხის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (სუსგ-ები №ას-172-2021, 30.03.2022წ.; Nას-1306-1226-2017, 30.01.2018წ.; Nას-965-2019, 10.04.2020წ.).

25. დადგენილია, რომ მოპასუხის კუთვნილი მაღალი სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ანუ, მოპასუხე მოსარჩელის მიწის ნაკვეთს იყენებს ამ ნაკვეთზე გატარებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებით საკუთარი ობიექტის ელექტროენერგიის მისაწოდებლად. ამ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 180-ე მუხლი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს), რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, კანონის ანალოგიით უნდა გამოვიყენოთ (სსკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი) (სუსგ-ები №ას-172-2021, 30.03.2022წ. პ.11.; Nას-965-2019, 10.04.2020წ. პ.1.4.).

26. სსკ-ის 180-ე მუხლის მიზანია, მიწის ნაკვეთის მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად, ნორმა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს აუცილებელი გზა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ, რომელსაც არა აქვს კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ნორმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც ამგვარად ვერ უკავშირდება საჯარო გზებს, მოიპოვებს მეზობელი ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე (შდრ.: სუსგ N1306-1226-2017, 30.01.2018წ. პ.25).

27. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის წინაპირობები სახეზეა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრების თაობაზე გასაზიარებელია.

28. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას რაც შეეხება, ამ კუთხით კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, კასატორის მითითება, რომ რომ მიწის ნაკვეთი მოსარჩელის მფლობელობაშია, მესაკუთრეს მიწის ნაკვეთით სარგებლობა არ ეზღუდება, დაუსაბუთებელია.

29. კასატორის პოზიციის საპირისპოროდ დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებას ნაწილობრივ ფაქტობრივად დაკარგული აქვს მნიშვნელობა და მისი დანიშნულების შესაბამისად გამოყენება შეზღუდულია საკანონმდებლო დანაწესით. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება კომპენსაციის ოდენობის დასადგენად, რომლის საპირისპირო დასკვნა მოპასუხეს სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების საფუძველზე არ წარმოუდგენია (შდრ.: სუსგ №ას-172-2021, 30 მარტი, 2022წ.).

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი. კომპენსაციის ოდენობას კანონი არ განსაზღვრავს, იგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად: საკუთრების შეზღუდვის ინტენსივობა, უფლების გამოყენების ხარისხი და სხვა, რომლებიც გავლენას ახდენს თავად კომპენსაციის ოდენობაზე (შდრ. სუსგ-ები Nას-803-762-2013, 10.10.2014წ.; Nას-58-2019, 22.03.2021წ.).

31. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებშია ლეგიტიმური. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს (შდრ.: სუსგ-ები Nას-568-2021, 26.11.2021წ.; Nას-1762-2019, 05.10.2020წ.).

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ჯ–ს“ (ს.კ: ......) დაუბრუნდეს 13.11.2024წ.-ს №174 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4009.87 ლარის 70% – 2,806.90 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე