შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-317-შ-7-2023 24 ივლისი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ს.უ.ს.მ–სი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ლ–ძე“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (საქმე №A40-21080/20-39-127)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №A40-21080/20-39-127), მოპასუხე შპს „თ.ლ–ძეს“ მოსარჩელე მ.ს.უ.ს.მ–სის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანება - 56 725 რუბლი, პირგასამტეხლო - 172 479.82 რუბლი და საპროცესო ხარჯები - 7 585 რუბლი.
2. მ.ს.უ.ს.მ–სმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების (საქმე №A40-21080/20-39-127) ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
4. ზემოაღნიშნული განჩინება, შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარის - შპს „თ.ლ–ძის“ დირექტორსა (ხ.წ–იას) და 100% წილის მესაკუთრეს (თ.ლ–ძეს) ჩაბარდათ პოლიციის მეშვეობით 2025 წლის 10 ივნისს.
5. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური საქმიანობის საკითხებზე მართლმსაჯულებას რუსეთის ფედერაციაში ახორციელებენ საარბიტრაჟო სასამართლოები. სწორედ ასეთი სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხზე მსჯელობს პალატა.
8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №A40-21080/20-39-127), მოპასუხე შპს „თ.ლ–ძე“ მოსარჩელე მ.ს.უ.ს.მ–სის სასარგებლოდ დაეკისრა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 56 725 რუბლი, პირგასამტეხლო - 172 479.82 რუბლი და საპროცესო ხარჯები - 7 585 რუბლი.
9. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებიდან ირკვევა, რომ ამავე სასამართლოს მიერ 2020 წლის 25 მაისს მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 29 ივნისს და ექვემდებარება აღსრულებას. ამასთან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იგი არ აღსრულებულა. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო სასამართლო განხილვის შესახებ.
10. მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.
11. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
13. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
14. „მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
15. „მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ფულადი დავალიანების გადახდის დაკისრებას შეეხება.
17. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
18. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (საქმე №A40-21080/20-39-127) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ს.უ.ს.მ–სის შუამდგომლობა რუსეთის ფერედარციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფერედარციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (საქმე №A40-21080/20-39-127), რომლითაც შპს „თ.ლ–ძეს“ (ს/კ ........) მ.ს.უ.ს.მ–სის სასარგებლოდ დაეკისრა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 56 725 რუბლი, პირგასამტეხლო - 172 479.82 რუბლი და საპროცესო ხარჯები - 7 585 რუბლი.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა