დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-6944-შ-162-2025
16 იანვარი, 2026 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შ.ჯ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - რკ–ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოსნაბრუქის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საქმე N 71 F162/23 S
დავის საგანი – განქორწინება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოსნაბრუქის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით, საქმე N 71 F162/23 S, 2019 წლის 29 ივლისს საქართველოში, თბილისში, სამოქალაქო რეესტრის სამსახურში (საქორწინო ჩანაწერი N01193301228) დარეგისტრირებული ქორწინება მხარეებს შორის განქორწინებულად გამოცხადდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 25 მაისს.
შ.ჯ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოსნაბრუქის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების საქმე N 71 F162/23 S, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, შ.ჯ–ძის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
შ.ჯ–ძემ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოსნაბრუქის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების საქმე N 71 F162/23 S საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოსნაბრუქის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით საქმე N 71 F162/23 S, 2019 წლის 29 ივლისს საქართველოში, თბილისში, სამოქალაქო რეესტრის სამსახურში (საქორწინო ჩანაწერი N01193301228) დარეგისტრირებული ქორწინება მხარეებს შორის განქორწინებულად გამოცხადდა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოსნაბრუქის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საქმე N 71 F162/23 S კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 25 მაისს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოსნაბრუქის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით საქმე N 71 F162/23 S დგინდება, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი - შ.ჯ–ძე საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს „revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოსნაბრუქის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საქმე N 71 F162/23 S, შ.ჯ–ძისა და რკ–ეს განქორწინების თაობაზე, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.ჯ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოსნაბრუქის საოლქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საქმე N 71 F162/23 S, რომლითაც 2019 წლის 29 ივლისს საქართველოში, თბილისში, სამოქალაქო რეესტრის სამსახურში (საქორწინო ჩანაწერი N01193301228) დარეგისტრირებული ქორწინება მხარეებს შორის განქორწინებულად გამოცხადდა, შ.ჯ–ძისა და რკ–ეს განქორწინების ნაწილში.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი