გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გადაწყვეტილების ტექსტი
20 იანვარი, 2026 წელი №ას-1543-2025 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი _ ა.მ.პ.კ–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ჯ.ც.ლ.“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2025 წლის 24 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობით მიმართა საარბიტრაჟო მოსარჩელე ა.მ.პ.კ–მა და მოითხოვა, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საარბიტრაჟო გადაწვეტილების აღსრულებამდე, ყადაღა დადებოდა მოპასუხე შ.პ.ს. „ჯ.ც.ლ“-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებს, მდებარე: 1) ქალაქი კასპი, საკადასტრო კოდი: .......; ფართობი: 26187.00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17; 2) შიდა ქართლი, ქალაქი კასპი; საკადასტრო კოდი ........; ობიექტის ტიპი: რკინიგზა; ობიექტის აღწერა: რკინიგზის ჩიხი, გრძივი ზომა 360 მ.. ამავე შუამდგომლობით, განმცხადებელმა მოითხოვა შ.პ.ს. „ჯ.ც.ლ“-ის საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადებაც, 66 304 აშშ დოლარის ფარგლებში.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ა.მ.პ.კ–ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შ.პ.ს. „ჯ.ც.ლ“-ის აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი კასპი, საკადასტრო კოდი: .......; ფართობი: 26187.00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17, გასხვისება.
3. 2025 წლის 10 ნოემბერს ა.მ.პ.კ–მა საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილება. საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.1. შ.პ.ს. „ჯ.ც.ლ–“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ამონაწერით იკვეთება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი კასპი, საკადასტრო კოდი: ...........; ფართობი: 26187.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17 - დატვირთულია იპოთეკით, ამასთან, ადევს სააღსრულებო ყადაღაც. საჩივრის ავტორის განმარტებით, სახელშეკრულებო პრეტენზიის მაღალინტენსიური და მსხვილი, კომპლექსური მასშტაბიდან გამომდინარე, უძრავ აქტივებზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის სახით მარტოოდენ გასხვისების აკრძალვის გავრცელება არ წარმოადგენს თვითკმარ და ხელშესახებ საპროცესო იძულების ღონისძიებას, რომელიც მოახდენს საარბიტრაჟო მოსარჩელის ინტერესისა და დეკლარირებული პროცესუალური მიზნის ქმედით რეალიზაციას, რაც შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ეფექტიანობას.
3.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორმა კვლავ მოითხოვა მოითხოვა, რომ ყადაღა დადებოდა შ.პ.ს. „ჯ.ც.ლ–“-ის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს სასარჩელო მოთხოვნის, 66 304 აშშ დოლარის, ფარგლებში; ყადაღა დადებოდა მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებულ უძრავ აქტივებს, მდებარე:
- 1. ქალაქი კასპი, საკადასტრო კოდი: ........; ფართობი: 26187.00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17;
- 2. შიდა ქართლი, ქალაქი კასპი; საკადასტრო კოდი: ......; ობიექტის ტიპი: რკინიგზა; ობიექტის აღწერა: რკინიგზის ჩიხი; გრძივი ზომა: 360 მ..
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი ამავე სასამართლოს 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაზე. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება მოტივირებულია შემდეგნაირად:
4.1. დადგენილია, რომ 2025 წლის 24 მარტს ა.მ.პ.კ–სა და შ.პ.ს. „ჯ.ც.ლ“-ის შორის გაფორმდა ხელშეკრულება დავალიანებული თანხის გადახდის თაობაზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შ.პ.ს. „ჯ.ც.ლ“-ის მიერ ა.მ.პ.კ–ისთვის 56 000 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდა არაუგვიანეს 2025 წლის 31 მარტისა. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო იმ შემთხვევისათვის, თუკი მოვალე დავალიანების თანხას კრედიტორს არ გადაუხდიდა არაუგვიანეს 2025 წლის 31 მარტისა. პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე. სარჩელის აღძვრის მომენტისთვის დავალიანების ოდენობამ მიაღწია 66 304 აშშ დოლარს.
4.2. დადგენილია, რომ 2025 წლის 02 ოქტომბერს ა.მ.პ.კ–მა საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა საქართველოში მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შ.პ.ს. „დ.გ.ც–ს“ შ.პ.ს. „ჯ.ც.ლ“-ის მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
4.3. პალატამ მიუთითა, რომ იურიდიული პირის ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების ღონისძიება სარჩელის უზრუნველყოფის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს. ეს იმითაა განპირობებული, რომ იურიდიული პირის ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები მიზნობრივად განკუთვნილია თავად იურიდიული პირის საქმიანობის რეალიზებისთვის, ხოლო ამ ანგარიშზე ყადაღის დადება გამოიწვევს პირის ეკონომიკურ კრიზისს, რაც მას გადახდისუუნარობამდე მიიყვანს. ამ ღონისძიების გამოყენება სასამართლოს მიერ უკიდურეს შემთხვევაში ხორციელდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის ღონისძიებათაგან ნაკლებად მბოჭავი ფორმები არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებებს და, ამავდროულად, მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება. პარალელურ რეჟიმში უძრავი ქონებისა და ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება არაპროპორციულ და შეუსაბამო მოთხოვნად ჩაითვალა სარჩელის საგანთან მიმართებით, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე მხარის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონებები.
4.4. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის (66 304 აშშ დოლარი) მიმართებას იმ ქონებების ტიპთან და ფართობთან, რომელთა დაყადაღებასაც ითხოვდა მხარე, უფრო კონკრეტულად, ერთ-ერთი უძრავი ქონება არის 26187.00 კვ.მ.-ის ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია 17 შენობა-ნაგებობა, ხოლო მეორე უძრავი ქონება წარმოადგენს რკინიგზას, რომელიც უკავშირდება მოცემულ მიწის ნაკვეთს. პალატამ შენიშნა, რომ უძრავი ქონება მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და, ამავდროულად, უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება სტაბილურად მზარდია. ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ მიწის ნაკვეთი მასზე აგებული შენობა-ნაგებობებითა და რკინიგზით, წარმოადგენს კერძო სამართლის კომერციულ (სამეწარმეო) იურიდიულ პირს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა არსებობდეს ის ინვენტარი, რაც საქმიანობის შესრულებას უზრუნველყოფს და რაც მოცემული მიწის ნაკვეთის ღირებულებას საგრძნობლად ზრდის.
4.5. უზრუნველყოფის ფორმად ერთი მიწის მიწის-ნაკვეთზე (თავის შენობა- ნაგებობებიანად) გასხვისების უფლების აკრძალვის დაწესება პალატამ პროპორციულ და ადეკვატურ ფორმად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მისი იძულებითი რეალიზაციის შემთხვევაში. აღნიშნულის საპირწონედ, მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიებების კუმულატიურად გამოყენების თანმდევ რისკად დასახელდა იურიდიული პირის საქმიანობის შეაფერხება, რაც მას ხელს შეუშლის ნებაყოფლობით თუ შემდგომში იძულებითი აღსრულების გზით ვალდებულების შესრულებაში.
4.6. აკრძალვას დაქვემდებარებულ ქონებაზე იპოთეკისა და ყადაღის არსებობის არგუმენტის გასაქარწყლებლად პალატამ მიუთითა, რომ მას არ გააჩნდა კონკრეტული ინფორმაცია იმ იპოთეკისა და სააღსრულებო ყადაღის მოცულობაზე, შესაბამისად, ჰიპოთეზის გაკეთება, რომ შესაძლებელია იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების ოდენობა და სააღსრულებო ყადაღის მოცულობა აღემატებოდეს აწ უკვე უზრუნველყოფილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას (იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფართობის უძრავი ქონების საბაზრო ფასი მეტად მაღალია), და ამ დაშვებების საფუძველზე გარკვეული სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება, მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს მოჭარბებულად დააზიანებდა. ამიტომაც, უფრო მკაცრი უზრუნველყოფის ზომის გამოსაყენების საჭიროება კონკრეტული არგუმენტაციითა და გარემოებებით უნდა დამტკიცებულიყო, რაც წარმოდგენილი შუამდგომლობისა და საჩივრის შინაარსიდან, პალატამ განხორციელებულად არ მიიჩნია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საქმე საჩივრის განსახილველად გადმოეგზავნა 2025 წლის 15 დეკემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35618 მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. სსსკ 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ 412.2 მუხლის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
10.1. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსსა და გამოყენების მიზანს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
10.2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს, ვინაიდან საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ასევე ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც და ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შ.პ.ს. „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“).
10.3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა სავალდებულოდ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებიდან. ამგვარი შეფასებისას დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზანს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს ყოველთვის უნდა შეაფასოს, აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (იხ. სუსგ. №ას-449-431-2016, 07.07.2016წ.).
10.4. პალატა განმარტავს, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. სუსგ. №ას-1586-2018, 26.10.2018წ.).
10.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სარჩელი. რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, დასახელებული ნორმა განსაზღვრავს, რომ მხარემ უნდა მიუთითოს იმ სავარაუდო და მოსალოდნელ გარემოებაზე, რაც რეალურად გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებისა თუ შეუძლებლობის წინაპირობა გახდება. ამასთან, აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა, სწორედ უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტაა.
10.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ჩამონათვალს, მათ შორის არის ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან („ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები). მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა; ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახეც. ამავე კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.
10.7. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი თანხების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებულ იურიდიულ პირს, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული აქტივების დაყადაღებისას ეზღუდება ისეთი ქმედებები, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების დაყადაღებით, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელის შემშლელი გარემოებაა (იხ. სუსგ. საქმე №ას-956-921-2016, 02.11.2016წ.). მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში. ამდენად, იურიდიული პირის საბანკო ანგარიშებზე არსებული აქტივები უნდა დაყადაღდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც გამოვლენილია ორი პირობა: 1) არსებობს უზრუნველსაყოფი მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარაუდი და 2) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების გარეშე, გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან/და შეუძლებელი გახდება.
10.8. განსახილველ შემთხვევაში, ნათელია, რომ საარბიტრაჟო მოპასუხისათვის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები არ წარმოადგენს ერთადერთ აქტივს; საქმის მასალებით, აგრეთვე წარმოდგენილი შუამდგომლობისა და საჩივრის შინაარსით, ნათელია, რომ მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება ორი ერთეული უძრავი ნივთი, რის გამოც, საბანკო ანგარიშზე განთავსებული აქტივი შუამდგომლობის აღმძვრელი მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების უალტერნატივო საშუალებად არ განიხილება. ამ პირობებში კი, სწორედ განმცხადებლის მტკიცების საგანშია იმ გარემოების დადასტურება, რომ უძრავი ნივთები, მათი არსებობის მიუხედავად, ვერ დაფარავენ სავარაუდო კრედიტორის მოთხოვნებს, ვინაიდან მათი ღირებულება, ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებათა გამო, ჩამორჩება მოსარჩელის მოთხოვნის მოცულობას. შესაძლოა, ამგვარი მტკიცება სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების წარდგენისას, უზრუნველყოფის მყისიერი და გადაუდებელი ბუნებიდან გამომდინარე, შუამდგომლობის აღძვრის ეტაპზე მხარემ ვერ უზრუნველყოს, თუმცა საჩივრის ფორმატში მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას, საპროცესო ვადების ნაკლებად მჭიდრო ხასიათის გათვალისწინებით, საჩივრის წარმდგენმა სასამართლო მტკიცებულების წარდგენის გზით უნდა დაარწმუნოს იმ გარემოებაში, რომ მოპასუხის უძრავ-მოძრავი აქტივი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სრული მოცულობით ვერ მოემსახურება და, მაშასასადამე, არგუმენტირებულად დაადასტუროს მოპასუხის ფულად სახსრებზე ყადაღის გავრცელების გარდაუვალობა. ამ თვალსაზრისით, რელევანტურ მტკიცებულებას კი, მოპასუხის ქონების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრის მიზნით სპეციალიზებული დაწესებულების მიერ შედგენილი შეფასების დოკუმენტი წარმოადგენს. ამგვარი მტკიცებულება არც შუამდგომლობისა და არც საჩივრის განხილვის პროცესში საარბიტრაჟო მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამდენად, პალატის განსჯით, შუამდგომლობა საარბიტრაჟო მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების დაყადაღების ნაწილში დაუსაბუთებელია, რის გამოც საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში საჩივარს არ აკმაყოფილებს.
11.1. რაც შეეხება საარბიტრაჟო მოპასუხის კუთვნილი ორი ერთეული უძრავი ნივთის მიმართ ყადაღის დადების მოთხოვნას, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ მსჯელობას ამ ნაწილში არ იზიარებს და მოიშველიებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში რეგლამენტირებულ განმარტებას, რომლის თანახმადაც, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას. უძრავ ნივთზე პროცესუალური ყადაღის დადება მიზნად ისახავს ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის status quo შენარჩუნებას, ვიდრე საბოლოოდ არ გადაწყდება მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობა.
11.2. საკასაციო პალატა შენიშნავს მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელის ბუნებასაც. თუკი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დასადგომად მოვალე ნებაყოფლობით არ არ გადაიხდის დაკისრებულ თანხას, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული გახდება იძულებით აღსრულებაზე.
11.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი № 40765/02). 28.11.2006წ). ევროსასამართლოს განმარტების თანახმად, სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე Hornsby v. Grèece, (საჩივარი № 18357/91) 19.03.1997).
11.4. იძულებითი აღსრულება კი, ხასიათდება რიგი სპეციფიური თვისებებით - „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ბრძანება №21-ის დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს.
11.5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება აღსრულების ხარჯი, ხოლო შემდეგ − საფასური და აღსასრულებელი მოთხოვნა ამოღებული თანხის პროპორციულად.
11.6. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი კასპი, საკადასტრო კოდი: .........; ფართობი: 26187.00 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15, №16, №17, რომელზედაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაწესებულია გასხვისების აკრძალვა, ხასიათდება უფლებრივი ნაკლით, სახელდობრ, დატვირთულია იპოთეკით ს.ს. „თიბისი ბანკი“-ს წინაშე არსებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ამავე ქონებაზე რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობაც (ს.ფ. 59-60). საზოგადოდ ცნობილია, რომ ნივთზე არსებული უფლებრივი ნაკლი ამცირებს მის ღირებულებას, შესაბამისად, უზრუნველყოფის საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სამართლებრივი დასკვნით, რომ სარბიტრაჟო სარჩელის მოსარჩელის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს და სანივთო უფლებით უზრუნველყოფილ კრედიტორს ქონების აუქციონზე გატანის შემთხვევაში, მიენიჭებათ პრივილეგია მოთხოვნის დაკმაყოფილების თვალსაზრისით და შესაძლოა, ხსენებული ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები საკმარისი არც აღმოჩნდეს საჩივრის ავტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სხვა უძრავი ნივთის მიმართ უზრუნველყოფის გამოუყენებლობისას კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მეხუთე ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრეს უფლება ექნება გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს უზრუნველყოფის ღონისძიების მიღმა დარჩენილი უძრავი ქონება (ს/კ ..........) რაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, არსებითად გაართულებს ამავე გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას. ამრიგად, საკასაციო პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საჩივრის ხელახლა განხილვისას შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გავრცელდეს შუამდგომლობით მოთხოვნილ ორივე უძრავ ნივთზე. (1. ს.კ ........; 2. ს.კ ........).
11.7. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ უზრუნველყოფის მომთხოვნი მხარისათვის იმ გარემოების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება, თუ რა ღირებულების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად არის ურავ ნივთზე (ს/კ .......) რეგისტრირებული იპოთეკა და საგადასახადო გირავნობა, და, მაშასადამე, რა ღირებულებით ამცირებს უფლებრივი ნაკლი ნივთის საბაზრო ღირებულებას, წარმოადგენს არაგონივრულად მძიმე ტვირთს მხარისათვის, ვინაიდან, შუამდგომლობის ავტორი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სამართალურთიერთობების მონაწილე სუბიექტი არ არის, შეუსრულებელი ვალდებულებების მოცულობის შესახებ ცნობები კი, საჯარო ინფორმაციის კატეგორიას არ განეკუთვნება. ამდენად, პირის ქონებაზე უფლებრივი ნაკლის იდენტიფიცირებისას, სასამართლომ, სწორედაც, იმ პრეზუმფციით უნდა იხელმძღვანელოს, რომ ნაკლიანი ქონება, შესაძლოა, ვერ მოემსახუროს სოლიდური ფულადი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამ გარემოების გაქარწყლება კი, უნდა უზრუნველყოს მოპასუხემ, საჩივრის წარდგენის გზით, რომელსაც დაურთავს ნივთზე უფლებრივი ნაკლის დამდგენი ვალდებულებების მოცულობის შესახებ სარწმუნო მტკიცებულებებს და დაშვებული პრეზუმფციის საწინააღმდეგოდ, დაამტკიცებს, რომ ნივთზე რეგისტრირებულ ვალდებულებებსა და სანივთო უფლებებს არ შესწევთ ნივთის ღირებულების არსებითად შემცირების უნარი.
11.8. როგორც ყადაღის ცნებიდან ვლინდება, გასხვისების აკრძალვა ყადაღის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი ელემენტია. მიკუთვნებით დავებში, სადაც უძრავ ნივთზე აკრძალვების დაწესებას არამარტო ქონების ფიზიკურად, არამედ მისი ღირებულების შენარჩუნების დანიშნულებაც გააჩნია, სააპელაციო პალატამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მარტოოდენ გასხვისების აკრძალვის პირობებში, მოვალის ხელში ნარჩუნდება ბერკეტი, რომ უძრავი ნივთის მესამე პირთა სასარგებლოდ უფლებრივად დატვირთვის გზით, ქონებას ღირებულება დაუკარგოს მისი გასხვისების გარეშეც. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საკასაციო პალატის შეფასება, რომ უძრავი ქონების მარტოოდენ გასხვისების აკრძალვის დაწესება სარჩელის უზრუნველყოფის მიზანს, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯეროვნად ვერ მოემსახურება. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხზე წარმოდგენილი საჩივრის გარშემო ხელახალი მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ ორივე უძრავ ნივთთან (1. ს.კ .......; 2. ს.კ .........) მიმართებით უნდა შეაფასოს, ყადაღის ცნებაში დასახელებული ცალკეული სანივთო თუ ვალდებულებით-სამართლებრივი უფლების (იპოთეკა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, აღნაგობა, თხოვება, ქირავნობა იჯარა) წარმოშობას ნივთზე რა მასშტაბით შესწევს მისი ღირებულების შემცირების უნარი, შესაბამისად, უძრავ ნივთებზე შეზღუდვის დაწესების მასშტაბიც უნდა განსაზღვროს დასახელებული საკითხის განსჯის შედეგად.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს უძრავ ნივთებზე ყადაღის დადების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სააპელაციო სასამართლომ, წინამდებარე განჩინებაში ასახული მითითებების შესაბამისად, ა.მ.პ.კ–ის საჩივარი ხელახლა უნდა გადაწყვიტოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 191-ე, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე, 284-ე, 285-ე, 35618-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ა.მ.პ.კ–ის საჩივარი;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა შ.პ.ს. „ჯ.ც.ლ“-ის უძრავ ნივთებზე ყადაღის შესახებ და მოცემულ ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. არ დაკმაყოფილდეს საჩივარი შ.პ.ს. „ჯ.ც.ლ“-ის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების ნაწილში;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი