დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 23.02.2026
საქმის ნომერი
ა-6245-შ-143-2025
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
23.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-6245-შ-143-2025

23 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.ბ.

მოწინააღმდეგე მხარე - ი.დ–ი

გადაწყვეტილება და განკარგულება, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს კინგსის ოლქის 2025 წლის 21 აპრილის ბრძანება საქმეზე N G-21295; ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს კინგსის ოლქის 2025 წლის 21 აპრილის განკარგულება

დავის საგანი – მეურვეობის დადგენა

პალატამ გამოარკვია:

ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს კინგსის ოლქის 2025 წლის 21 აპრილის ბრძანებით საქმეზე N G-21295 დადგინდა, რომ ს.ბ–ი, ოფიციალური ფიცის დადებისა და კანონით მოთხოვნილი დანიშვნის წარდგენის შემდეგ უნდა დაინიშნოს დ.დ–ის მეურვედ და მეურვეობის შესახებ შეტყობინება შესაბამისად უნდა გაიცეს მეურვეზე. დადგინდა, რომ თუ სასამართლო არ შეწყვეტს, დანიშვნა გაგრძელდეს სუბიექტის 18 წლის იუბილემდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სასამართლო დაამტკიცებს დანიშვნის გაგრძელების განაცხადს 21 წლამდე, სუბიექტის თანხმობით, თუ სუბიექტის ასაკი აღემატება 18 წელს.

ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს კინგსის ოლქის 2025 წლის 21 აპრილის განკარგულებით განისაზღვრა, რომ ს.ბ., ოფიციალური ფიცის დადებისა და კანონით მოთხოვნილი დანიშვნის წარდგენის შემდეგ დაინიშნოს დ.დ–ის მეურვედ/მზრუნველად და, რომ მეურვეს/მზრუნველს გადაეცა შესაბამისი დოკუმენტი. განისაზღვრა, რომ თუ სასამართლო არ შეწყვეტს მეურვეობას, დანიშვნა გაგრძელდეს სუბიექტის 18 წლის ასაკამდე, სანამ სასამართლო არ დაამტკიცებს შუამდგომლობას სუბიექტის თანხმობით, მეურვეობის 21 წლის ასაკამდე გაგრძელების შესახებ თუ სუბიექტი 18 წელზე მეტი ასაკისაა.

2025 წლის 14 ნოემბერს, ს.ბ–ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს კინგსის ოლქის 2025 წლის 21 აპრილის ბრძანების საქმეზე N G-21295 და ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს კინგსის ოლქის 2025 წლის 21 აპრილის განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ს.ბ.ს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა ცნობა ავსტრიის რესპუბლიკის ლინცის საოლქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის N 4Cg M1/17m ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე და ცნობა იმის შესახებ, რომ მოპასუხე ი.დ–ი უწყების ჩაბარების გზით იქნა გაფრთხილებული სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, შუამდგომლობა განუხილველი დარჩებოდა.

აღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს დ.ხ–ს ჩაბარდა 2025 წლის 19 დეკემბერს. (იხ. ს.ფ. 78).

2026 წლის 22 იანვარს, (ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის თარიღია 21.01.2026) შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და ხარვეზის შევსების მიზნით მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება 20 დღით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ს.ბ.ის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირები, სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები, ხოლო 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლო ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განიხილავს(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინება №ა-3928-შ-98-2025 25.11.2025).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინება, შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე - თბილისი, .........., დ.ხ–ზე გადასაცემად ჩაბარდა - ნ.ხ–ს 2025 წლის 19 დეკემბერს. (იხ. ჩაბარების დასტური ს.ფ.78), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 30 დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 20 დეკემბერს და ამოიწურა 2026 წლის 20 იანვარს, უქმე დღეების გათვალისწინებით.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით 2026 წლის 22 იანვარს (ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის თარიღია 21.01.2026) წარმოადგინა, ე.ი სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, ს.ბ–ის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე და 2026 წლის 22 იანვარს წარმოდგენილი განცხადება (რეგ. Nა-256-26) განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო სასამართლო დამატებით განუმარტავს მხარეს, რომ სსსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად (იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით), შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ბ–ის შუამდგომლობა, ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს კინგსის ოლქის 2025 წლის 21 აპრილის ბრძანების საქმეზე N G-21295 და ნიუ-იორკის შტატის საოჯახო სასამართლოს კინგსის ოლქის 2025 წლის 21 აპრილის განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, დარჩეს განუხილველი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი