დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-130-2026 30 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
კერძო საჩივრის ავტორი – თ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის, ხელფასებს შორის სხვაობის, წელთა ნამსახურებისა (სამუშაო სტაჟისათვის) და საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.გ–ძემ (შემდეგში - განმცხადებელი, მოსარჩელე), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „თ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის, ხელფასებს შორის სხვაობის, წელთა ნამსახურებისა (სამუშაო სტაჟისათვის) და საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, თ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სს „თ–ს“ მოსარჩელე თ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად მისთვის დარიცხულ ხელფასსა და ანალოგიურ თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასებს შორის სხვაობის გადახდა, ყოველთვიურად 1174 ლარის ოდენობით (დარიცხული), 2017 წლის 04 აგვისტოდან - 2020 წლის 04 აგვისტომდე; მოპასუხე სს „თ–ს“ მოსარჩელე თ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ინდივიდუალური მასტიმულირებული დანამატის გადახდა 3475 ლარის 25%-ის ოდენობით, ყოველთვიურად 868,75 ლარი (დარიცხული), 2017 წლის 04 აგვისტოდან - 2020 წლის 04 აგვისტომდე; მოსარჩელე თ.გ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე წელთა ნამსახურებისა (სამუშაო სტაჟისათვის) და საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, მოსარჩელე თ.გ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხე სს „თ–მა“ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით, თ.გ–ძისა და სს „თ–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ორივე მხარემ წარადგინა. პირველმა კასატორმა/თ.გ–ძემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მეორე კასატორმა/სს „თ–მა“ - სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თ.გ–ძისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სს „თ–ს“, მოსარჩელე თ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ინდივიდუალური მასტიმულირებული დანამატის გადახდა ყოველთვიურად 2400 ლარის 25%-ის ოდენობით (დარიცხული), ნამუშევარი დროის პროპორციულად, 2016 წლის 26 ივლისიდან - 2019 წლის 26 ივლისამდე; 25.12.2014 წლიდან - 25.07.2016 წლამდე ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება; მოსარჩელე თ.გ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მისთვის დარიცხულ ხელფასსა და „ტოლფას“ თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასებს შორის სხვაობის, წელთა ნამსახურების (სამუშაო სტაჟისათვის), საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში; სს „თ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟიდან (3000 ლარი) - 648 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელე თ.გ–ძეს სს „თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (980.52 ლარიდან) - 116,52 ლარის ანაზღაურება, ხოლო, სს „თ–ის“ მიერ გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი (864 ლარი), ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად; მოსარჩელე თ.გ–ძეს სს „თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (3676.23 ლარიდან) - 2596,23 ლარის ანაზღაურება, ხოლო, „თ–ის“ მიერ გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი (1080 ლარი), ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. 2025 წლის 26 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა თ.გ–ძის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინების (მოსამართლის აცილების შესახებ), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინების (საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესახებ), ამავე სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების (საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ), 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინების (უსწორობის გასწორების ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ) და 2025 წლის 30 იანვრის განჩინების (ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ) გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, თ.გ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინების, ამავე სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების, 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებისა და 2025 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
10. 2026 წლის 29 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მომართა თ.გ–ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
14. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, თ.გ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინების, ამავე სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების, 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებისა და 2025 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინებით განმცხადებელს განემარტა, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, შესაბამისად კერძო საჩივარს იხილავს არა გასაჩივრებული განჩინების მიმღები, არამედ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო. საქართველოს საერთო სასამართლოებია რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი სასამართლო („საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 2.1 მუხ.), საიდანაც საქართველოს უზენაესი სასამართლო არის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლო (14.1 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინებები მიღებულია საბოლოო ინსტანციის - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, ხოლო საკასაციო ინსტანციის განჩინებები საბოლოობის და მისი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს არარსებობის გამო კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში ადგენს კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას.
16. საქართველოს კონსტიტუციის 62.1 მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 4.1 მუხლის, სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის ადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის წესს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. ამავე კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავოდ გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სუსგ 28.04.2020წ. №ას-1574-2019). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოიაზრება. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი (Brumarescu v. Romania GC, §61). აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინებაა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების უცვლელობა და საბოლოო ხასიათი. სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ, ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს („ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, 27.05.2010წ., §53). სამართლებრივი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია: ერთი მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულებით, რომლის საბოლოო მიზანი არის სწორი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება საქმეზე; მეორე მხრივ, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებისადმი სანდოობით, რომელიც ვლინდება სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტაში და ამით სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობაში. სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მე-19, 25-ე პ.). განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარი წარმოდგენილია საკასაციო სასამართლოს განჩინებაზე, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თ.გ–ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.გ–ძის კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი