დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 26.01.2026
საქმის ნომერი
ას-1554-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.01.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1554-2024 26 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“, ჯ.კ–ნი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა, არაქონებრივი ზიანის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ნოემბრის განჩინებით ა.მ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „მოპასუხე მედია“) და ჯ.კ–ნის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „ჟურნალისტი“) მიმართ (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) გავრცელებული ინფორმაციის უარყოფისა და არაქონებრივი ზიანის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2019 წლიდან მოსარჩელე მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის პოზიციაზე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 1-16);

2.2. უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მიერ განხორციელდა 01.01.2020წ.-01.01.2021წ. პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმება, რაზედაც შედგა 2020 წლის შემაჯამებელი წლიური შიდა აუდიტორული ანგარიში. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული 23 სხვადასხვა მოდელისა და დასახელების ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გამართულ მდგომარეობაში იყო 7 ერთეული, მათ შორის: 2011-წლიანი ტოიოტა კოროლა (სედანი), სახ.ნომრით ....., ღირებულებით 19 500 ლარი; 2007-წლიანი ტოიოტა პრადო (ჯიპი), სახ.ნომრით ......., ღირებულებით 42 000 ლარი. 2020 წლის საანგარიშო წლის პერიოდში, აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის ხარჯმა შეადგინა: ტოიოტა კოროლა - 159 ლიტრი; ტოიოტა პრადო - 2301 ლიტრი. ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა: ტოიოტა კოროლა - 18 207 ლარი (16623 - სათადარიგო ნაწილები, 1584 ლარი - მომსახურება), ტოიოტა პრადო - 5 742 ლარი (5103 - სათადარიგო ნაწილები, 639 ლარი - მომსახურება). ანგარიშში მოცემულია ამ და სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე ცხრილები ამავე მონაცემებით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 16-72);

2.3. 2021 წლის 1 ივნისს მოპასუხე მედიის ეთერით, 20:00-საათიან საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გავიდა ჟურნალისტის სიუჟეტი, სადაც გაჟღერებული იყო შემდეგი:

2.3.1. საინფორმაციო გამოშვების წამყვანის მიერ 0:01წთ-დან 0:33 წთ.-მდე გაკეთებულია კომენტარი: „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც მოიცავს აუდიტის დასკვნას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი თანამდებობის პირის დანახარჯებზე. ბსუ-ს კანცლერს შიდა აუდიტის დასკვნის შესაბამისად, პანდემიის პერიოდში 2 ტონამდე საწვავი აქვს დახარჯული. ამასთან, კონკრეტულ ავტომობილზე, რომლითაც ა.მ–ი სარგებლობდა, სარემონტო სამუშაოებისათვის დახარჯულია ავტომობილის თვითღირებულების ოდენობა - საუბარია 19 000 ლარამდე თანხაზე“, მაშინ როდესაც უნივერსიტეტმა პანდემიის გამო საგანმანათლებლო პროცესები შეაჩერა, მეტიც, სტიპენდიებიც არ გაუცია“;

2.3.2. ჟურნალისტის მიერ 0:56 წთ.-დან 1:32 წთ.-მდე გაკეთებულია კომენტარი: „შიდა აუდიტის დასკვნაში, რომელიც მე ხელთ ექსკლუზიურად ჩამივარდა, იმ შესაძლო დარღვევებზეა საუბარი, რომელსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირამდე - კანცლერამდე მივყავართ. შიდა აუდიტის დასკვნაში წერია, რომ პანდემიის პერიოდში, როცა ფაქტიურად უნივერსიტეტს არც კი უმუშავია და დისტანციურ სწავლებაზე იყო დაწესებულება, მის ბალანსზე რიცხულ ავტომობილებს ჩაუტარდა 60 000 ლარის ტექ.მომსახურება და ა.მ–ის სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე დაიხარჯა 2.5 ტონა საწვავი";

2.3.3. სიუჟეტში 1:32 წთ.-დან 2:31. წთ.-მდე გაჟღერებულია ჟურნალისტის კომენტარი: „ვნახოთ რა წერია აუდიტის დასკვნაში: პანდემიის პერიოდში, როცა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიზნით, უნივერსიტეტმა შეაჩერა არაერთი სამეცნიერო პროექტი და პროგრამა, 2020 წელს უნივერსიტეტმა 59 000 ლარზე მეტი დახარჯა ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისათვის. მათ შორის, მხოლოდ ტოიოტა კოროლა სედანისათვის დაიხარჯა 18 207 ლარი, მაშინ როდესაც, ამ მანქანის საბალანსო ღირებულება შეადგენდა 19500 ლარს“; საყურადღებოა განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ნამდვილობა. ჩვენი ინფორმაციით, ტოიოტა კოროლაზე დაზიანებული იყო ძრავა, თუმცა არცერთ წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის საუბარი ძრავის შეცვლა-შეკეთებაზე. ასევე კითხვის ნიშნებს ბადებს, 2021 წელს ავტოტრანსპორტის შეკეთების მომსახურების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში კვლავ გაიმარჯვა შპს „პ.ი–მა“ ისე, რომ ბსუ-ს მიერ მოხდა ხუთი კომპანიის დისკვალიფიკაცია, რომელთა მიერ შეთავაზებული მომსახურების ღირებულება, ხშირ შემთხვევაში, ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე შპს „პ.ი–ის“ შემოთავაზება“;

2.3.4. სიუჟეტში 2:32 წთ.-დან 3:21 წთ.-მდე გაკეთებულია კომენტარი, სადაც ჟურნალისტი ამბობს: „კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც მაქვს ხელთ, არის რექტორის მიერ მიწერილი წერილი ა.მ–ის მისამართით, სადაც წერია, რომ ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის შიდა აუდიტის 2020 წლის შემაჯამებელი წლიური ანგარიშის მონაცემების საფუძველზე, მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების სამსახურეობრივი დანიშნულებით სარგებლობისთვის საწვავის ხარჯის ყოველთვიური ლიმიტის დაწესების შესახებ. ამ დასკვნაში არსებული დარღვევების შესახებ პასუხის მოსმენა ბუნებრივია ადრესატისგან გვსურდა, თუმცა ა.მ–ი სამუშაო საათებში მის კაბინეტში არ დახვდა და სატელეფონო საუბრისას დასმულმა შეკითხვებმა ის გააღიზიანა და მობილური ტელეფონი გამოთიშა“;

2.4. 2021 წლის 1 ივნისს მოპასუხე მედიის ეთერით, 20:00-საათიან საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გასულ, ჟურნალისტის სიუჟეტში 03:24წთ.-დან 04:51წთ-მდე გავიდა 17:05 სთ-ზე ჟურნალისტის სატელეფონო ზართან დაკავშირებით მოსარჩელის პასუხები, კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, რომლითაც იგი ითხოვდა კომენტარის გაკეთებას პანდემიის პერიოდში საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებულ საკითხებზე და ამ მიზნით შეხვედრას, მოსარჩელემ უპასუხა: „პანდემიის პერიოდში ყოველ დღე ვმუშაობდი... თუ თქვენ არ იცით რას ვაკეთებდი, რატომ მირეკავთ.., მე სხვას ვაკონტროლებ და თქვენ მე მაკონტროლებთ, თუ რა ხდება...; შიდა აუდიტის დასკვნა მშვენივრად ვიცი და მანდ არაფერი არ წერია მაგგვარი..., მომიტანეთ და მაჩვენეთ დასკვნა“. ჟურნალისტის მითითებაზე, რომ იგი იმყოფებოდა მის სამუშაო კაბინეტთან და რესპოდენტის სურვილის შემთხვევაში, მას ჰქონდა მზაობა ამ საკითხზე შეხვედროდა და ესაუბრათ, მოსარჩელე პასუხობს: „ჩემი სამუშაო დღე 5 საათზე დასრულდა და გამოვედი სამსახურიდან. არ მაქვს საშუალება, ბავშვს უნდა მივაკითხო სკოლაში. რა გავაკეთო, ჩემი დღის განრიგი მოგახსენოთ თუ რა...“; ჟურნალისტის მითითებაზე, რომ კორექტულად ესაუბრა, მოსარჩელემ უპასუხა: „ძალიან კორექტულად ვსაუბრობ და ვიდრე...“ (აქ ჟურნალისტს ტელეფონი გაუთიშა) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 104-105; ვიდეო დისკი ს.ფ. 217);

2.5. 2021 წლის 4 ივნისს მოსარჩელემ საჩივრით მიმართა ტელევიზიას და ამავე ეთერით ბოდიშის მოხდა მოითხოვა;

2.6. მოპასუხე მედიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით შექმნილმა თვითრეგულირების კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 17-31, 106-107);

2.7. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2024 წლის 23 სექტემბერს მოსარჩელის ადვოკატის მიმართ გაგზავნილი წერილითა და მოსარჩელის, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ 2020 წლის 13 მარტს გამოცემული N01-10/37 ბრძანებით ირკვევა, რომ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 1 ივნისის პერიოდში ბსუ-ში არ გაცემულა საფაკულტეტო სახელობითი და საუნივერსიტეტო სტიპენდიები. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ბსუ-ში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საორგანიზაციო ღონისძიებების შესახებ გამოიცა ბრძანებები, მათ შორის, კორონავირუსული ინფექციების შესაძლო აღკვეთის მიზნით, ბსუ-ს პერსონალის სამუშაო დრო 2020 წლის 13 მარტიდან 2020 წლის 21 აპრილამდე განისაზღვრა დილის 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ამასთან, მითითებულ პერიოდში, ბსუ-ს ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს, დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებსა და ფაკულტეტების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს სამუშაო უნდა შეესრულებინათ დისტანციურად. 2020 წლის 22 აპრილიდან კი ბსუ-ს პერსონალის სამუშაოზე გამოცხადება დაექვემდებარა ჩვეულ რიტმს, რასაც ითვალისწინებდა ბსუ-ს შინაგანაწესი (09:00 საათიდან 18:00 საათამდე სამუშაო განრიგი).

3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე დავის არსი შეეხება 2021 წლის 1 ივნისს მოპასუხე მედიის ეთერით, 20:00-საათიან საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გადაცემულ, ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მიერ მომზადებულ ანგარიშზე მითითებით ავრცელებს ინფორმაციას ამავე უნივერსიტეტის ყოფილი კანცლერის - მოსარჩელის მხრიდან შესაძლო დარღვევების თაობაზე.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 18.2 მუხლით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სიუჟეტში გასული სადავოდ გამხდარი ინფორმაცია არის ფაქტები, რომელიც რეალურად არსებობდა, ამათგან ნაწილი მითითებულია ბსუ-ს შიდა აუდიტის ანგარიშში, ხოლო ნაწილი ასახულია ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში, კერძოდ:

4.1. 01.01.2020წ.-01.01.2021წ., მათ შორის, პანდემიის პერიოდში, უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული 2011-წლიანი „ტოიოტა კოროლა“ (სედანი), სახ. ნომრით ........, და 2007-წლიანი „ტოიოტა პრადო“ (ჯიპი), სახ. ნომრით ....., იმყოფებოდა მოსარჩელის სარგებლობაში. მითითებულ პერიოდში აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე მთლიანობაში გახარჯულია 2460 ლიტრი საწვავი;

4.2. 2011-წლიანი „ტოიოტა კოროლას“ (სედანი), სახ. ნომრით ......, ღირებულება შეადგენდა 19 500 ლარს, ხოლო 01.01.2020წ.-01.01.2021წ. პერიოდში აღნიშნული ავტომანქანის ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 18 207 ლარი (16623 - სათადარიგო ნაწილები, 1584 ლარი - მომსახურება);

4.3. პანდემიის პერიოდში, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 1 ივნისამდე, ბსუ-ში არ გაცემულა საფაკულტეტო სახელობითი და საუნივერსიტეტო სტიპენდიები, ხოლო ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს სამუშაო უნდა შეესრულებინათ დისტანციურად;

4.4. ბსუ-ს შიდა აუდიტის ანგარიშში 01.01.2020წ.-01.01.2021წ. პერიოდის საწვავის ხარჯთან და ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულ ხარჯთან დაკავშირებით, 2021 წლის 1 ივნისს შეხვედრისა და თავისი მოსაზრების დაფიქსირების მიზნით უნივერსიტეტში, სამუშაო საათებში მისულ ჟურნალისტს ადგილზე არ დახვდა ამავე უნივერსიტეტის კანცლერი - მოსარჩელე, ხოლო სატელეფონო საუბარზე უარი განუცხადა და ზარი გაუთიშა.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ტელევიზიის ეთერით 2021 წლის 1 ივნისს, 20:00 საათზე, საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გასული რეპორტაჟი არ შეიცავდა მცდარ ფაქტებს, არ იყო დამახინჯებული და სიუჟეტის მიზანი არ იყო მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება და მისი სახელის გამტეხი განცხადებების გავრცელება. პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ სიუჟეტის განმავლობაში კადრში ჩნდებოდა მხოლოდ ერთი ავტომანქანა - „ტოიოტა კოროლა“, ვერ გახდებოდა საწინააღმდეგოს დადგენის საფუძველი, რადგან სიუჟეტში არსად არ გაჟღერებულა, რომ მხოლოდ ამ მანქანის საწვავის ხარჯს გულისხმობდა ჟურნალისტი. სიუჟეტში საუბარია მოსარჩელის სარგებლობაში, მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, რაც არის დადგენილი აუდიტის დასკვნით. ამდენად, სიუჟეტში გაკეთებული განცხადებები არ იყო ცილისწამება, ობიექტური მაყურებლისათვის გაჟღერებული ინფორმაცია (ფაქტი) ვერ გახდებოდა მხოლოდ ერთ მანქანაზე საწვავის ხარჯვის ასოცირების საფუძველი და ვერ გამოიწვევდა გამავრცელებელი პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

6. სააპელაციო პალატამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის პოზიცია, რომ სიუჟეტში არსებითად არასწორად იქნა გადმოცემული მოსარჩელის მიერ სამუშაო საათებში (17:05 წთ) კაბინეტში არყოფნის ფაქტი. სასამართლომ მიუთითა, რომ გადაცემაში მკაფიოდ ისმის მოსარჩელის კომენტარი აღნიშნულ საკითხზე და იმ გარემოებაზე, რომ მან სამუშაო კაბინეტი დატოვა „სამუშაო საათების შემდეგ“, თუმცა იმ დროისათვის სამუშაო განრიგი 09:00 საათიდან 18:00 საათამდე იყო დადგენილი. ამდენად, ჟურნალისტმა ოპონირების შესაძლებლობა მისცა რესპოდენტს და მოსარჩელის კომენტარის გაჟღერებით დაიცვა ობიექტურობა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

8. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

8.1. ჟურნალისტმა ფაქტები ისე გადმოსცა, თითქოსდა რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, მაშინ როცა თვით მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ასეთი ფაქტი დაფიქსირებული არ არის;

8.2. ჟურნალისტი საუბრობს მხოლოდ მის მოსაზრებაზე დაყრდნობილ თითქოსდა ფაქტებზე, მის მიერ დაფიქსირებულ თითქოსდა აუდიტის დასკვნაზე, მაშინ როცა აღნიშნული არ არის აუდიტის დასკვნა. აღნიშნული დადასტურებულია თვით ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებითაც, სადაც დაფიქსირებულია ჟურნალისტის დარღვევები (აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოდგენილია საქმეში);

8.3. სიუჟეტის თანახმად, თითქოსდა შეჩერდა სტიპენდიები, მაშინ როცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით (წერილით უნივერსიტეტისგან) დაფიქსირებულია, რომ შეჩერდა მხოლოდ სახელობითი სტიპენდიები;

8.4. სიუჟეტის თანახმად, თითქოსდა უნივერსიტეტში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო შეჩერდა რიგი დაფინანსებები და პროექტები, მაშინ როცა აღნიშნული დაფინანსების დროებითი შეჩერება გამოწვეული იყო პანდემიით, მაგრამ - არა უნივერსიტეტის მძიმე ფინანსური მდგომარეობით;

8.5. ცილისწამებაა ის ფაქტი, რომ თითქოსდა „ტოიოტა კოროლაზე“ დაიხარჯა საწვავი 2.5 ტონა, მაშინ როცა ასეთი ფაქტი არ არსებობს. ცილისწამებაა ის ფაქტიც, რომ სამუშაო საათებში მოსარჩელე არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, მაშინ როცა პანდემიის მდგომარეობიდან და სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ის ვალდებული არ იყო ყოფილიყო სამუშაო ადგილზე;

8.6. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც აღნიშნულია ჟურნალისტური ქარტიის გადაწყვეტილებაში, დაცული არ იქნა პოზიციის დაფიქსირებასა და კომენტარის მიცემაზე მოსარჩელის უფლება. სასამართლოს კითხვაზე, თუ რატომ გახდა აუცილებელი იმ დღესვე სიუჟეტის გასვლა ტელევიზიით, როცა შესაძლებელი იყო აღნიშნული სიუჟეტი გასულიყო მეორე დღეს, მოსარჩელისგან კომენტარის მიღების შემდეგ, მოპასუხე მხარემ აღნიშნულზე საერთოდ არ გააკეთა კომენტარი, დააფიქსირა მხოლოდ ის, რომ ანონსი უკვე გაკეთებული იყო და ამიტომ გავიდა იმ დღესვე საღამოს 20:00-საათიან გადაცემაში (ცნობისთვის პირველ ინფორმაციად („ნიუსად“));

8.7. ჟურნალისტმა ფაქტები ისე გადმოსცა, რომ სიუჟეტი გავიდა უარყოფით კონტექსტში, ემყარებოდა მხოლოდ ჟურნალისტის პოზიციას და ემსახურებოდა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შელახვასა და დისკრედიტაციას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.4 მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].

13. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].

14. მხარეთა შორის დავის საგანია საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა.

15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მოსარჩელის შესახებ 2021 წლის 1 ივნისს მოპასუხე მედიის ეთერით, 20:00-საათიან საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გასული, ჟურნალისტის სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის სსკ-ის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში იმგვარ ჩარევას, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. სხვაგვარად, წარმოადგენს თუ არა გავრცელებული ინფორმაცია მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველ, პირისათვის ზიანის მიმყენებელ, მისთვის სახელის გამტეხ განცხადებებს.

16. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ადამიანის თვითრეალიზაცია - გამოხატვის თავისუფლება თითოეული ადამიანის განვითარების და მთლიანად საზოგადოების პროგრესის აუცილებელი საფუძველია, სწორედ ის ქმნის საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების გაზიარების პერსპექტივას. თავისუფალი სიტყვა იმით ფასობს, ანუ სწორედ იმაში გამოიხატება სიტყვის თავისუფლება, რომ ის მოიცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებს თუ გამონათქვამებს, რომლებიც ყველასათვის მისაღებია, დადებითად აღიქმება, მთლიანად საზოგადოების ან თუნდაც მისი დიდი ნაწილის, უმრავლესობის აზრს და გემოვნებას ეხმიანება, არ ითვლება საჩოთიროდ, არამედ მოიცავს ისეთ იდეებს, აზრებს თუ გამონათქვამებსაც, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის, შოკის მომგვრელია, რომელმაც შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება, ადამიანები, წყენაც კი მიაყენოს მათ, გამოიწვიოს საზოგადოებაში ვნებათა ღელვა, ასევე იგი მოიცავს კრიტიკას და სარკაზმსაც. ასეთია ტოლერანტობის, პლურალიზმის, შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომლებიც დემოკრატიის საზრდოობისთვის შეუცვლელი წყაროა. ამავდროულად, არც ერთი ადამიანის თავისუფლება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სხვისი თავისუფლების ხელყოფას. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარიც სხვათა უფლებებია. გამოხატვის თავისუფლების, როგორც საზოგადოების, ისე ინდივიდის განვითარებისთვის, უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ის არ სარგებლობს თავისთავადი უპირატესობით რომელიმე სხვა კონსტიტუციურ სიკეთესთან მიმართებით. მაშინ როდესაც ამ უფლებით შეუზღუდავად სარგებლობამ რეალური დარღვევის საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამა თუ იმ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებაც შეიძლება შეიზღუდოს და ესეც დემოკრატიის ერთი-ერთი მთავარი წესია. მაშასადამე, გამოხატვის თავისუფლების უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ის არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს სხვათა უფლებების, მათ შორის, რეპუტაციის დასაცავად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39,40,44,47).

17. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად [საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტები].

18. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად [ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლი].

19. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ ძირითადი პრინციპები ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მრავალ საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01, § 101, ECHR 2007-V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08, § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10, § 124, 23 April 2015). როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10, § 62, 16 February 2016) (იხ. სუსგ საქმე №ას-625-593-2014, 20 მაისი, 2016 წელი).

20. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც ამ ორ უფლებას შორის სამართლიანი წონასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ფასდება. აღნიშნული კრიტერიუმებია: (ა) ის წვლილი, რომელიც სადავო განცხადებამ საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში მიმდინარე დებატებში შეიტანა; (ბ) იმ პირის საზოგადოებრივი ცნობადობის ხარისხი, როლი და ფუნქცია, ვისაც სადავო განცხადება ეხებოდა და იმ ქმედებების ბუნება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც სადავო განცხადებაში აისახა; (გ) განცხადებაში ასახულ პირთა ქმედებები განცხადების გამოქვეყნებამდე; (დ) განცხადების გამოქვეყნების ფორმა და მანერა; (ე) რა გზით იქნა მოპოვებული განცხადებაში დაცული ინფორმაცია და რამდენად სარწმუნო იყო ის - აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს ჟურნალისტებთან მიმართებაში ნათქვამი აქვს, რომ ისინი უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, სათანადო ფაქტობრივ საფუძველზე და, ჟურნალისტური ეთიკის წესების შესაბამისად, საზოგადოებას აწვდიდნენ სარწმუნო და ზუსტ ინფორმაციას (Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 93, ECHR 2012). განსაკუთრებით პრობლემურია პირის რეპუტაციის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ განცხადება, რომელიც პირის რეპუტაციას ეხება, პოლიტიკურია ან გაკეთებულია საზოგადოების ინტერესის სფეროში მყოფ საკითხზე მიმდინარე დებატების პროცესში (Sürek v. Turkey (no. 1) [GC], no. 26682/95, § 61, ECHR 1999-IV; Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France [GC], nos. 21279/02 and 36448/02, § 46, ECHR 2007-IV; and Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 90, ECHR 2012). საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას გაკეთებულ განცხადებაში გამოვლენილი მტრული დამოკიდებულების გარკვეული ხარისხი (E.K. v. Turkey, no. 28496/95, §§ 79-80, 7 February 2002) და გამოთქმების სერიოზულობაც კი (Thoma v. Luxembourg, no. 38432/97, § 57, ECHR 2001-III) არ ართმევს განმცხადებელს უფლებას დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლებით (Paturel v. France, no. 54968/00, § 42, 22 December 2005) (იხ. სუსგ საქმე №ას-625-593-2014, 20 მაისი, 2016 წელი).

21. სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს: აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას; პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას; ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას; ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები [„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი].

22. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად [სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 ნაწილები].

23. ამდენად, სსკ-ის მე-18 მუხლი იცავს პიროვნების პატივს, ღირსებას, საქმიან რეპუტაციას. საქმიანი რეპუტაციის ქვეშ იგულისხმება საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება, ხოლო მის შელახვას პირის აღნიშნული თვისებების დისკრედიტაცია წარმოადგენს. პირის საქმიანი რეპუტაცია არის საქმიანი ბრუნვის სფეროში კონკრეტული პირის საქმიანი თვისებების, უნარების შესახებ შექმნილი აზრი. ასეთი აზრი საზოგადოებაში, სოციუმში ყალიბდება, რამაც შესაძლებელია განაპირობოს როგორც მისი სამომავლო წარმატება, ისე - წარუმატებლობა (იხ. ს. ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 18, ველის ნომერი 44,45).

24. ცილისწამებისათვის, რომელიც განიმარტება, როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“, გათვალისწინებულია სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა.

25. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო და საჯარო პირების მიმართ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები განსხვავებულია და საჯარო პირების თმენის ვალდებულება ბევრად მაღალი, მნიშვნელოვანია, თითოეულ შემთხვევაში სასამართლომ სწორად განსაზღვროს განცხადების ადრესატის სტატუსი.

26. საჯარო პირი არის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება, ხოლო კერძო პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო [„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები]. ზემოაღნიშნულ განმარტებათა შესაბამისად, პირი, რომელიც ზოგადად საჯარო პირს არ წარმოადგენს, შესაძლებელია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მიზნებისათვის ასეთად იქცეს, თუ მისკენ მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება (იხ. Verlagsgruppe News GmbH v. Austria (no.2), §36).

27. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მუშაობდა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის პოზიციაზე. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1. მუხლის „ლ2“ ქვეპუნქტის თანახმად, ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიური საქმიანობისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისა) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. შესაბამისად, უნივერსიტეტის კანცლერი არ წარმოადგენს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირს. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე უნდა დადგინდეს, იმყოფება თუ არა განცხადების ადრესატი ისეთ ვითარებაში, როდესაც მისი გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; ან არის თუ არა იგი ის პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტულ მომენტში მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი ყურადღება განიმარტება, როგორც საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან. საკასაციო პალატის განმარტებით, საზოგადოებრივი ყურადღების შესაფასებლად თითოეული კონკრეტული მოვლენის თუ საკითხის საზოგადოებრივი მნიშვნელობა უნდა შეფასდეს, რომელსაც უკავშირდება ასევე კონკრეტული პირის ქმედება (მოქმედება/უმოქმედობა), ხოლო შემდეგ უნდა შეფასდეს კონკრეტული პირის ქმედების მიმართ საჯაროდ გამოხატული პოზიცია. საკანონმდებლო მოწესრიგების მიხედვით თვითონ ის მოვლენა, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ინტერესი დაკავშირებული უნდა იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან (იხ. სუსგ საქმე №ას-432-2024, 23 ოქტომბერი, 2024 წელი).

28. წინამდებარე საქმეში არ დასტურდება მოსარჩელესთან დაკავშირებით ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობა. ამიტომ საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ მოსარჩელე კერძო პირის სტატუსის მატარებელია, და აქედან გამომდინარე, მისი მტკიცების ტვირთიც მხოლოდ იმის მტკიცებით შემოიფარგლება, რომ მოპასუხე მხარის განცხადება არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს მის შესახებ და ამ განცხადებით ზიანი მიადგა.

29. პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა [„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი].

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესახებ დავის განხილვისას საქმის სწორად გადაწყვეტისათვის გამოხატვის ადრესატის სტატუსის დადგენასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენასაც, ვინ არის სადავო განცხადების ავტორი, გამომდინარე იქიდან, რომ გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. აღნიშნული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა კი განსხვავებულია სხვადასხვა პირებთან, მათ შორის სხვადასხვა პროფესიისა და თანამდებობის პირებთან (მაგ., ჟურნალისტი, ადვოკატი, მოსამართლე, პარლამენტის წევრი და ა.შ.) მიმართებაში (იხ. სუსგ საქმე №ას-622-2022, 05 ივლისი, 2023 წელი).

31. ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში კერძო პირთა მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები ყველაზე უფრო ვიწროა, როცა ადგილი აქვს, მათ შორის, უკიდურესად სერიოზულ და, ამავე დროს, სავსებით უსაფუძვლო ბრალდებას. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ, როცა საქმე ეხება პრესის თავისუფლებას და სტატია საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებს შეეხება, ამ ორი ფაქტორის არსებობა კრიტიკის ვიწრო ფარგლების მიუხედავად, უმრავლეს შემთხვევაში სასწორს გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ ხრის (იხ. ე. გოცირიძე, გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს იურისპრუდენციის მიხედვით, თბილისი, 2008, გვ. 355) (იხ. სუსგ საქმე №ას-622-2022, 05 ივლისი, 2023 წელი).

32. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლება დაკავშირებულია სწორი და სანდო ინფორმაციის გავრცელების მოვალეობასთან.

33. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ევროკონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების განხორციელება განუყოფელია შესაბამისი „ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან“, რომელიც პრესაზეც ვრცელდება. სწორედ აღნიშნული „ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის“ გამო, მე-10 მუხლის მიხედვით, ჟურნალისტებისათვის მიკუთვნებული დაცვა, როდესაც ისინი აშუქებენ საზოგადო ინტერესის მქონე საკითხებს, ექვემდებარება დათქმას, რომ ისინი მოქმედებენ კეთილსინდისიერად, რათა წარმოადგინონ სწორი და სანდო ინფორმაცია ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად (Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], no. 21980/93, § 65, ECHR 1999-III; Kasabova v. Bulgaria, no. 22385/03, § 63, 19 April 2011) (იხ. სუსგ საქმე №ას-622-2022, 05 ივლისი, 2023 წელი).

34. იმისათვის, რათა საკასაციო სასამართლომ შეაფასოს, სახეზეა თუ არა ცილისწამების შემადგენლობა, რომელმაც შელახა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაცია, უნდა შეფასდეს, მოპასუხე მხარის სადავო განცხადებები წარმოადგენს ფაქტებს თუ მოსაზრებებს.

35. აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს [„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი].

36. თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Oberschlick v. Austria (no.1), 23 May 1991, §63 Series A no. 204) სტრასბურგის სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნას, მაშინ როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს. ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, 24 February 1997, §42, Reports-I). თუმცა, მაშინაც კი, როცა განცხადება შეფასებით მსჯელობად არის მიჩნეული, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, არსებობს თუ არა ასეთი შეფასებისათვის საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“. თუ საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, მაშინ შეფასება შეიძლება გასცდეს პრივილეგიით დაცულ ზღვარს და მიჩნეულ იქნას, როგორც „გადაჭარბებული“ (De Haes and Gijsels, § 47; Oberschlick v. Austria (no. 2), 1 July 1997, § 33, Reports 1997-IV; Brasilier v. France, no. 71343/01, § 36, 11 April 2006; and Lindon, Otchakovsky-Laurens and July, §55). იმისათვის, რომ ფაქტობრივი ბრალდება შეფასებითი მსჯელობისაგან გაიმიჯნოს, აუცილებელია საქმის გარემოებებისა და განცხადების ზოგადი ტონის ანალიზი, იმის მხედველობაში მიღებით (Brasilier v. France, no. 71343/01, 11 April 2006, §37), რომ გამონათქვამები საჯარო ინტერესის საკითხზე, შესაძლებელია, სწორედ აღნიშნულ საფუძველზე (სწორედ აღნიშნულის გამო), უფრო შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდეს, ვიდრე ფაქტის შესახებ განცხადებას (Paturel v. France, no. 54968/00, 22 December 2005, §37) (იხ. სუსგ საქმე №ას-625-593-2014, 20 მაისი, 2016 წელი).

37. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტი კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და ნამდვილობასთან მისი შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ. ამიტომ ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნას შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ საქმე №ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი). აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ საქმე №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მათი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი).

38. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2021 წლის 1 ივნისს მოპასუხე მედიის ეთერით, 20:00-საათიან საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გავიდა ჟურნალისტის სიუჟეტი, სადაც გაჟღერებული იყო შემდეგი:

38.1. საინფორმაციო გამოშვების წამყვანის მიერ 0:01წთ-დან 0:33 წთ.-მდე გაკეთებულია კომენტარი: „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც მოიცავს აუდიტის დასკვნას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი თანამდებობის პირის დანახარჯებზე. ბსუ-ს კანცლერს შიდა აუდიტის დასკვნის შესაბამისად, პანდემიის პერიოდში 2 ტონამდე საწვავი აქვს დახარჯული. ამასთან, კონკრეტულ ავტომობილზე, რომლითაც ა.მ–ი სარგებლობდა, სარემონტო სამუშაოებისათვის დახარჯულია ავტომობილის თვითღირებულების ოდენობა - საუბარია 19 000 ლარამდე თანხაზე“, მაშინ როდესაც უნივერსიტეტმა პანდემიის გამო საგანმანათლებლო პროცესები შეაჩერა, მეტიც, სტიპენდიებიც არ გაუცია“;

38.2. ჟურნალისტის მიერ 0:56 წთ.-დან 1:32 წთ.-მდე გაკეთებულია კომენტარი: „შიდა აუდიტის დასკვნაში, რომელიც მე ხელთ ექსკლუზიურად ჩამივარდა, იმ შესაძლო დარღვევებზეა საუბარი, რომელსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირამდე - კანცლერამდე მივყავართ. შიდა აუდიტის დასკვნაში წერია, რომ პანდემიის პერიოდში, როცა ფაქტიურად უნივერსიტეტს არც კი უმუშავია და დისტანციურ სწავლებაზე იყო დაწესებულება, მის ბალანსზე რიცხულ ავტომობილებს ჩაუტარდა 60 000 ლარის ტექ.მომსახურება და ა.მ–ის სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე დაიხარჯა 2.5 ტონა საწვავი";

38.3. სიუჟეტში 1:32 წთ.-დან 2:31. წთ.-მდე გაჟღერებულია ჟურნალისტის კომენტარი: „ვნახოთ რა წერია აუდიტის დასკვნაში: პანდემიის პერიოდში, როცა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიზნით, უნივერსიტეტმა შეაჩერა არაერთი სამეცნიერო პროექტი და პროგრამა, 2020 წელს უნივერსიტეტმა 59 000 ლარზე მეტი დახარჯა ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისათვის. მათ შორის, მხოლოდ ტოიოტა კოროლა სედანისათვის დაიხარჯა 18 207 ლარი, მაშინ როდესაც, ამ მანქანის საბალანსო ღირებულება შეადგენდა 19500 ლარს“; საყურადღებოა განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ნამდვილობა. ჩვენი ინფორმაციით, ტოიოტა კოროლაზე დაზიანებული იყო ძრავა, თუმცა არცერთ წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის საუბარი ძრავის შეცვლა-შეკეთებაზე. ასევე კითხვის ნიშნებს ბადებს, 2021 წელს ავტოტრანსპორტის შეკეთების მომსახურების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში კვლავ გაიმარჯვა შპს „პ.ი–მა“ ისე, რომ ბსუ-ს მიერ მოხდა ხუთი კომპანიის დისკვალიფიკაცია, რომელთა მიერ შეთავაზებული მომსახურების ღირებულება, ხშირ შემთხვევაში, ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე შპს „პ.ი–ის“ შემოთავაზება“;

38.4. სიუჟეტში 2:32 წთ.-დან 3:21 წთ.-მდე გაკეთებულია კომენტარი, სადაც ჟურნალისტი ამბობს: „კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც მაქვს ხელთ, არის რექტორის მიერ მიწერილი წერილი ა.მ–ის მისამართით, სადაც წერია, რომ ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის შიდა აუდიტის 2020 წლის შემაჯამებელი წლიური ანგარიშის მონაცემების საფუძველზე, მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების სამსახურეობრივი დანიშნულებით სარგებლობისთვის საწვავის ხარჯის ყოველთვიური ლიმიტის დაწესების შესახებ. ამ დასკვნაში არსებული დარღვევების შესახებ პასუხის მოსმენა ბუნებრივია ადრესატისგან გვსურდა, თუმცა ა.მ–ი სამუშაო საათებში მის კაბინეტში არ დახვდა და სატელეფონო საუბრისას დასმულმა შეკითხვებმა ის გააღიზიანა და მობილური ტელეფონი გამოთიშა“ (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3 ქვეპუნქტი).

39. სარჩელით სადავოდ არის გამხდარი სიუჟეტში გასული: ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ხელთ ჩაუვარდა ექსკლუზიურად აუდიტის დასკვნა; ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „გამოვლენილია დარღვევები, რომლებსაც მმართველ პირამდე კანცლერამდე, ა.მ–ამდე მივყავართ“; ინფორმაცია, რომ სამუშაო საათებში ა.მ–ი მის კაბინეტში არ იმყოფებოდა; ინფორმაცია, რომ მოსარჩელის მიერ დახარჯული იქნა ორტონანახევარი საწვავი ავტომობილ ტოიოტა კოროლაზე და ინფორმაცია, რომ ა.მ–ის მიერ უკანონოდ გახარჯული იქნა ავტომობილ ტოიოტა კოროლაზე სარემონტო ხარჯები.

40. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სიუჟეტში გასული სადავოდ გამხდარი ინფორმაცია არის ფაქტები, რომელიც რეალურად არსებობდა, ამათგან ნაწილი მითითებულია ბსუ-ს შიდა აუდიტის ანგარიშში, ხოლო ნაწილი ასახულია ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში.

41. საკასაციო სასამართლო არსებით შედავებად ვერ განიხილავს კასატორის პრეტენზიას, რომ 2,5 ტონა საწვავი არ დახარჯულა მის სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი ბსუ-ს 2020 წლის შემაჯამებელი წლიური შიდა აუდიტორული ანგარიში, რომლის მე-9 თავში - „სატრანსპორტო საშუალებებზე ბრძანებით დაშვებული საწვავის ლიმიტის ფარგლებში ხარჯვის მდგომარეობისა და გაწეულ ტექმომსახურების მიზანშეწონილობისა და ეკონომიურობის აუდიტორული ინსპექტირება-შეფასება“, მოცემული ცხრილებით დასტურდება, რომ სიუჟეტი არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს. კერძოდ, 01.01.2020წ.-01.01.2021წ., მათ შორის პანდემიის პერიოდში, უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე - 2011-წლიანი „ტოიოტა კოროლა“ (სედანი), სახ. ნომრით ......, და 2007-წლიანი „ტოიოტა პრადო“ (ჯიპი), სახ. ნომრით ......, რომლებიც იმყოფებოდა მოსარჩელის სარგებლობაში, მთლიანობაში გახარჯულია 2460 ლიტრი საწვავი, მათ შორის, „ტოიოტა კოროლაზე“ – 159 ლიტრი, ხოლო „ტოიოტა პრადოზე“ - 2301 ლიტრი. ამავე ანგარიშის თანახმად, 2011-წლიანი „ტოიოტა კოროლას“ (სედანი), სახ. ნომრით ......, ღირებულება შეადგენდა 19 500 ლარს, ხოლო 01.01.2020წ.-01.01.2021წ. პერიოდში აღნიშნული ავტომანქანის ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 18 207 ლარი (16623 - სათადარიგო ნაწილები, 1584 ლარი - მომსახურება).

42. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს ასევე სიუჟეტში გასულ სადავო განცხადებაზე: „შიდა აუდიტის დასკვნაში, რომელიც მე ხელთ ექსკლუზიურად ჩამივარდა, იმ შესაძლო დარღვევებზეა საუბარი, რომელსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირამდე - კანცლერამდე მივყავართ“. კასატორი აღნიშნავს, რომ აუდიტის დასკვნაში არ არის დაფიქსირებული მისი მხრიდან დარღვევის ფაქტი. საკასაციო პალატა მიუთითებს შიდა აუდიტორულ ანგარიშზე, რომლის თანახმად, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში საწვავის დაშვებული ლიმიტის ზემოთ გადახარჯვის ფაქტები არ ფიქსირდება (იხ. ტ. 1. ს.ფ. 48).

43. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამების აზრისა თუ ფაქტისადმი კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია მთლიანი განცხადების შინაარსის მხედველობაში მიღების გარეშე. ცალკეულ სიტყვებსა და წინადადებებს კონტექსტის გარეშე ვერ მიენიჭება მნიშვნელობა, ვინაიდან მათი განცალკევებულად განხილვა გამოიწვევს გამონათქვამის შინაარსის დაკარგვას. შინაარსს კი სიტყვებსა და წინადადებებთან შედარებით უპირატესი ძალა აქვს (იხ. სუსგ საქმე №ას-547-2020, 14 დეკემბერი, 2021 წელი).

44. სიუჟეტის ნაწილი, სადაც ჟურნალისტის აღნიშნული განცხადებაა გავრცელებული, სრულად ასე გამოიყურება: „შიდა აუდიტის დასკვნაში, რომელიც მე ხელთ ექსკლუზიურად ჩამივარდა, იმ შესაძლო დარღვევებზეა საუბარი, რომელსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირამდე - კანცლერამდე მივყავართ. შიდა აუდიტის დასკვნაში წერია, რომ პანდემიის პერიოდში, როცა ფაქტიურად უნივერსიტეტს არც კი უმუშავია და დისტანციურ სწავლებაზე იყო დაწესებულება, მის ბალანსზე რიცხულ ავტომობილებს ჩაუტარდა 60 000 ლარის ტექ.მომსახურება და ა.მ–ის სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე დაიხარჯა 2.5 ტონა საწვავი“.

45. სიუჟეტში აქცენტი გაკეთებულია იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ოდენობით ხარჯები გაწეულია პანდემიის პერიოდში, როდესაც „ფაქტიურად უნივერსიტეტს არ უმუშავია და დისტანციურ სწავლებაზე იყო დაწესებულება“; „როცა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიზნით, უნივერსიტეტმა შეაჩერა არაერთი სამეცნიერო პროექტი და პროგრამა“; „მაშინ როდესაც უნივერსიტეტმა პანდემიის გამო საგანმანათლებლო პროცესები შეაჩერა, მეტიც, სტიპენდიებიც არ გაუცია“.

46. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსოფლიო პანდემია და მის საფუძველზე დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი შეზღუდვები წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1063-2021, 21 დეკემბერი, 2022 წელი). საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიიჩნევა 2020 წლის მარტიდან ქვეყანაში გავრცელებული პანდემია და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები ეკონომიკურ სფეროში გარკვეული სახის შეზღუდვების დაწესების შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-211-2024, 26 აპრილი, 2024 წელი).

47. მოცემულ საქმეში დადგენილია ასევე, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ბსუ-ში სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საორგანიზაციო ღონისძიებების შესახებ გამოიცა ბრძანებები, მათ შორის, კორონავირუსული ინფექციების შესაძლო აღკვეთის მიზნით, ბსუ-ს პერსონალის სამუშაო დრო 2020 წლის 13 მარტიდან 2020 წლის 21 აპრილამდე განისაზღვრა დილის 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ამასთან, მითითებულ პერიოდში, ბსუ-ს ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს, დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებსა და ფაკულტეტების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს სამუშაო უნდა შეესრულებინათ დისტანციურად (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7 ქვეპუნქტი).

48. ასევე, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 23 სექტემბრის წერილით ირკვევა, რომ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 1 ივნისის პერიოდში ბსუ-ს სტუნდენტებზე გაიცა შემდეგი სტიპენდიები: ა. „სახელმწიფო სტიპენდია“ - დაფინანსების წყარო - სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ. „ა.ბ–ის სახელობის სტიპენდია“ - დაფინანსების წყარო - კერძო შემოწირულობა; გ. „პირველსემესტრელთა სტიპენდია“ – 2020-2021 სასწავლო წლის „პირველსემესტრელთა სტიპენდია“ შემოდგომის სემესტრის ნაცვლად, გაიცა 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში - დაფინანსების წყარო - საკუთარი შემოსავლები. 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 1 ივნისის პერიოდში ბსუ-ში არ გაცემულა საფაკულტეტო სახელობითი და საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდიები (იხ. ტ. 2. ს.ფ. 168-169).

49. საკასაციო პალატა ასევე მოიხმობს 2020 წლის შემაჯამებელ წლიურ შიდა აუდიტორულ ანგარიშში მითითებულ ინფორმაციას, რომ გასულ 2019 წელთან შედარებით 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ბენზინი ნაკლები იქნა გახარჯული 4480 ლიტრით, ხოლო დიზელის საწვავი 5695 ლიტრის ოდენობით, თუმცა კოვიდ-19-ის (პანდემიის) პირობებში შესაძლებელი იყო საწვავის ხარჯვის კუთხით გარკვეული ეკონომიის გაწევაც (იხ. ტ. 1. ს.ფ. 47).

50. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. „შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებული იქნეს, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე“ (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 08.08.1986). იმ დროს, როდესაც შესაძლებელია ფაქტების არსებობის დემონსტრირება, სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. „სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცების მოთხოვნა შეუსრულებელია და ეს მოთხოვნა არღვევს თვით აზრის თავისუფლებას. როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება ზედმეტი იყოს“ (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დიჩანდი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ“, 2002წ., ასევე, სუსგ-ები: საქმე №ას-1052-1007-2014, 30 სექტემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-1503-2023, 22 მარტი, 2024 წელი).

51. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის სიუჟეტში გავრცელებული სადავო განცხადება - „შიდა აუდიტის დასკვნაში, რომელიც მე ხელთ ექსკლუზიურად ჩამივარდა, იმ შესაძლო დარღვევებზეა საუბარი, რომელსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირამდე - კანცლერამდე მივყავართ“, თავად მთლიანი სიუჟეტის კონტექსტიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს, როგორც მოპასუხის მიერ საკუთარი შეხედულების გამოხატვა. ჟურნალისტი კოვიდ-პანდემიის გავრცელებით ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამოთქვამს საკუთარ ეჭვს, აზრს, შეფასებით მსჯელობას აუდიტის დასკვნით დადგენილი ფაქტების შესახებ, რომელთა მცდარობა მოცემულ დავაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა და სავარაუდო დარღვევებზე საკუთარ შეხედულებას აყალიბებს სწორედ პანდემიური პროცესებიდან გამომდინარე. ეს გამოხატვა კი ექცევა ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში და გამორიცხავს მოპასუხე მხარის პასუხისმგებლობას [„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლი: აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. 1-ელი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი: აბსოლუტური პრივილეგია არის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლება]. ამასთან, საკასაციო პალატა მოიხმობს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 7.5. მუხლს, რომლის თანახმად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი განცხადება, რომელიც გამყარებული იყო საკმარისი ობიექტური ფაქტობრივი საფუძვლებით, წარმოადგენს ჟურნალისტის აზრს/ დამოკიდებულებას/ შეხედულებას, რომელიც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არა დადასტურებას ან უარყოფას დაქვემდებარებულ ფაქტს, შესაბამისად, ვერ დაკვალიფიცირდება ცილისწამებად.

52. საკასაციო პალატა მცდარ ფაქტად ვერ შეაფასებს ასევე ჟურნალისტის განცხადებას, რომ მოსარჩელე სამუშაო საათებში მის კაბინეტში არ დახვდა.

53. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2021 წლის 1 ივნისს მოპასუხე მედიის ეთერით, 20:00-საათიან საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გასულ, ჟურნალისტის სიუჟეტში 03:24წთ.-დან 04:51წთ-მდე გავიდა 17:05 სთ-ზე ჟურნალისტის სატელეფონო ზართან დაკავშირებით მოსარჩელის პასუხები, კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, რომლითაც იგი ითხოვდა კომენტარის გაკეთებას პანდემიის პერიოდში საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებულ საკითხებზე და ამ მიზნით შეხვედრას, მოსარჩელემ უპასუხა: „პანდემიის პერიოდში ყოველ დღე ვმუშაობდი... თუ თქვენ არ იცით რას ვაკეთებდი, რატომ მირეკავთ.., მე სხვას ვაკონტროლებ და თქვენ მე მაკონტროლებთ, თუ რა ხდება...; შიდა აუდიტის დასკვნა მშვენივრად ვიცი და მანდ არაფერი არ წერია მაგგვარი..., მომიტანეთ და მაჩვენეთ დასკვნა“. ჟურნალისტის მითითებაზე, რომ იგი იმყოფებოდა მის სამუშაო კაბინეტთან და რესპოდენტის სურვილის შემთხვევაში, მას ჰქონდა მზაობა ამ საკითხზე შეხვედროდა და ესაუბრათ, მოსარჩელე პასუხობს: „ჩემი სამუშაო დღე 5 საათზე დასრულდა და გამოვედი სამსახურიდან. არ მაქვს საშუალება, ბავშვს უნდა მივაკითხო სკოლაში. რა გავაკეთო, ჩემი დღის განრიგი მოგახსენოთ თუ რა...“; ჟურნალისტის მითითებაზე, რომ კორექტულად ესაუბრა, მოსარჩელემ უპასუხა: „ძალიან კორექტულად ვსაუბრობ და ვიდრე...“ (აქ ჟურნალისტს ტელეფონი გაუთიშა) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 104-105; ვიდეო დისკი ს.ფ. 217) (იხ. წინამდებარე განჩინების 2.4. ქვეპუნქტი).

54. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 23 სექტემბრის წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2020 წლის 22 აპრილიდან ბსუ-ს პერსონალის სამუშაოზე გამოცხადება დაექვემდებარა ჩვეულ რიტმს, რასაც ითვალისწინებდა ბსუ-ს შინაგანაწესი (09:00 საათიდან 18:00 საათამდე სამუშაო განრიგი) (იხ. ტ. 2. ს.ფ. 168-169). გამომდინარე აქედან, ჟურნალისტის სადავო განცხადება, რომ მოსარჩელე სამუშაო საათებში მის კაბინეტში არ დახვდა, არ წარმოადგენს მცდარ ფაქტს.

55. კასატორის პრეტენზია არის ასევე ის, რომ დაცული არ იქნა მისი უფლება დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია და მიეცა კომენტარი სადავო საკითხებზე.

56. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით ყურადღებას გაამახვილებს ჟურნალისტის მიერ განსახორციელებელ იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რასაც მოიცავს კეთილსინდისიერად და ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად სწორი და სანდო ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთი სტანდარტების შემცველია, მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 1993 წლის 01 ივლისს მიღებული რეზოლუცია 1003 (1993) ჟურნალისტური ეთიკის შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ: „4. მიწოდებული ფაქტები უნდა ეფუძნებოდეს სიმართლეს, რომელიც უზრუნველყოფილია გადამოწმებისა და მტკიცების შესაბამისი საშუალებებით და მიუკერძოებლად უნდა იქნას წარდგენილი, აღწერილი და მოთხრობილი. ჭორი არ უნდა იქნას აღრეული ნამდვილ ფაქტში. ახალი ამბების სათაურები და მოკლე შინაარსი შეძლებისდაგვარად ზუსტად უნდა ასახავდეს წარდგენილი ფაქტებისა და მონაცემების არსს…“ (იხ. სუსგ საქმე Nას-1271-2018, 07 თებერვალი, 2022 წელი).

57. ჟურნალისტის მიერ სანდო და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისა და საინფორმაციო წყაროს სწორად მითითების კონკრეტულ ეთიკურ ვალდებულებას ადგენს, აგრეთვე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მესამე პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“; „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“; ხოლო „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის 1-4 პუნქტების შესაბამისად: „1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. 2. სიზუსტის უზრუნველყოფისათვის მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ. 3. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან მიკერძოებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას და მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად. 4. არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მაუწყებელი უნდა დაეყრდნოს პირველწყაროს და საკუთარი ძალისხმევით მოპოვებულ ინფორმაციას. როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია“. ინფორმაციის გადამოწმებისას სავალდებულოდ განსახორციელებელი კონკრეტული მოქმედებების შესახებ დეტალურ მსჯელობას შეიცავს, აგრეთვე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებებით დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც ჟურნალისტების მხრიდან ეთიკის ქარტიის დარღვევის შესახებ დავების განხილვის შედეგად შეიქმნა. მაგალითად, ქარტიის საბჭოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მითითებულია: „ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და აუდიტორიას მიაწოდოს ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წყაროები იყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი; ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ჟურნალისტმა აუდიტორიას პატიოსნად უნდა აცნობოს მის მიერ გადამოწმების მცდელობისა და გზების შესახებ და უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია” (იხ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, გადაწყვეტილება საქმეზე - ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი- საქართველო; დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი: ეკატერინე ციმაკურიძე, მაია ბაქრაძე, თამარ ლალიაშვილი, ნათია ქუთათელაძე, ბესო ლოლაძე, ბესიკ სისვაძე მარიამ ოშხნელის წინააღმდეგ; 8.02.2022წ; საქმე N 533) (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-622-2022, 05 ივლისი, 2023 წელი).

58. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში ჟურნალისტმა მოსარჩელეს შესაძლებლობა მისცა საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა შიდა აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ ბსუ-ს შიდა აუდიტის ანგარიშში 01.01.2020წ.-01.01.2021წ. პერიოდის საწვავის ხარჯთან და ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულ ხარჯთან დაკავშირებით, 2021 წლის 1 ივნისს შეხვედრისა და თავისი მოსაზრების დაფიქსირების მიზნით უნივერსიტეტში, სამუშაო საათებში მისულ ჟურნალისტს ადგილზე არ დახვდა ამავე უნივერსიტეტის კანცლერი - მოსარჩელე, ხოლო სატელეფონო საუბარზე უარი განუცხადა და ზარი გაუთიშა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.4 ქვეპუნქტი). შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ არ მიეცა კომენტარის გაკეთების უფლება, გაზიარებული ვერ იქნება.

59. სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, ყველა იმ საქმეში, სადაც სასამართლოს უნდა ემსჯელა, გაეთავისუფლებინა თუ არა გაზეთები დაკისრებული ვალდებულებისაგან - გადაამოწმონ ფაქტის შემცველი განცხადებები, რომლებიც ცილისმწამებული ხასიათისაა, მან გაითვალისწინა სხვადასხვა ფაქტორი, განსაკუთრებით ცილისწამების ბუნება და ხარისხი და აგრეთვე ის მოცულობა, რამდენად გონივრულად შეეძლო გაზეთს მისი წყარო სანდოდ მიეჩნია (Bladet Tromsø and Stensaas, cited above, § 66). თავის მხრივ, ეს ფაქტორები მოითხოვს სხვა ისეთი ელემენტების განხილვას, როგორიცაა წყაროს ავტორიტეტი, აგრეთვე, გამოცემის გამოშვებამდე შეეძლო თუ არა გაზეთს ჩაეტარებინა საკმარისი მოკვლევა, წარმოადგინა თუ არა გაზეთმა ამბავი საკმარისად დაბალანსებულად და მისცა თუ არა მეორე მხარეს თავის დაცვის შესაძლებლობა. ცილისმწამებლური განცხადების გადამოწმების მოთხოვნიდან გადახვევა იმგვარი ბუნებისაა, რომ მისი გამოყენებისათვის ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ განსახილველი საქმის კონკრეტული გარემოებები. თუ ეროვნული სასამართლოები გამოიყენებენ ზედმეტად ხისტ მიდგომას ჟურნალისტის პროფესიული ქცევის შეფასებისას, მედიას არასათანადოდ შეეშლება ხელი მისი ფუნქციის, კერძოდ, საზოგადოების ინფორმირებულობის, განხორციელებაში. შესაბამისად, სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ მათი გადაწყვეტილებების სავარაუდო გავლენა არა მხოლოდ ინდივიდუალურ საქმეებზე, არამედ ზოგადად მედიაზე (Kasabova, cited above, § 55 and Yordanova and Toshev v. Bulgaria, no. 5126/05, § 48, 2 October 2012). განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დამატებითი ფაქტორია „მოდარაჯე ძაღლის“ როლი, რომელსაც პრესა ასრულებს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მართალია, მან არ უნდა გადააბიჯოს განსაზღვრულ ფარგლებს, კერძოდ, სხვათა უფლებებსა და რეპუტაციასთან მიმართებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრესის მოვალეობაა ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები პოლიტიკურ და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე. ეროვნული ხელისუფლების მიერ დაკისრებულ სანქციებს შეუძლია პრესას გული აუცრუოს დებატებში მონაწილეობაზე, რომელიც ეხება ლეგიტიმურ საზოგადოებრივ პრობლემას (Tønsbergs Blad A.S. and Haukom v. Norway, no. 510/04, § 88, ECHR 2007-III) (იხ. სუსგ საქმე №ას-622-2022, 05 ივლისი, 2023 წელი).

60. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, მართებულად იქნა დადგენილი, რომ სიუჟეტით გავრცელებული სადავო განცხადებები არ წარმოადგენს ცილისწამებას, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ვერ გამოდგება კასატორის მითითება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც დაფიქსირებულია ჟურნალისტის დარღვევები [სსსკ-ის 105-ე მუხლი: სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ].

61. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს [7.1. მუხლი]; ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ [7.2 მუხლი]; სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ [7.6 მუხლი].

62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის ცილისწამების იურიდიული შემადგენლობის ერთ-ერთი წინაპირობა - არსებითად მცდარი ფაქტები უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სწორია, რაც მისი ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

63. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები და აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე