დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 03.02.2026
საქმის ნომერი
ა-5902-შ-131-2025
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
03.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-5902-შ-131-2025 3 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

შუამდგომლობის ავტორი – მ.ღ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ღ–ი

განხილვის საგანი – ბუდაპეშტის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის N5.P.101.103/2023/9 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრებაა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბუდაპეშტის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის N5.P.101.103/2023/9 გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ.ღ–ი და მოპასუხე დ.ღ–ი განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ.ღ–ს მიენიჭა მშობელთა მეურვეობის უფლების განხორციელება 2016 წლის 23 მაისს დაბადებულ ბავშვზე - დ.ღ–ზე, ხოლო მოპასუხე დ.ღ–ს დაეკისრა ბავშვზე ალიმენტის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა უნგრეთის კომპეტენტური ორგანოდან მიღებული შუამდგომლობა ბუდაპეშტის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის N5.P.101.103/2023/9 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, წარმოდგენილ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა ბუდაპეშტის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის N5.P.101.103/2023/9 გადაწყვეტილების და თანდართული სასამართლო დოკუმენტების დედნები, ან ამავე სასამართლოს მიერ სათანადოდ დამოწმებული ასლები და ასევე, დაეზუსტებინა რა ნაწილში ითხოვდა გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, მისი ინგლისურენოვანი თარგმანით მხარეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი საფოსტო ბილით დგინდება ჩაბარდა, 2025 წლის 12 დეკემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ.ღ–ის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირები, სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები, ხოლო 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლო სწორედ ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განიხილავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი (მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობა) არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი არ დაიშვება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, წარმოდგენილ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა ბუდაპეშტის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის N5.P.101.103/2023/9 გადაწყვეტილების და თანდართული სასამართლო დოკუმენტების დედნები, ან ამავე სასამართლოს მიერ სათანადოდ დამოწმებული ასლები და ასევე, დაეზუსტებინა რა ნაწილში ითხოვდა გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, მისი ინგლისურენოვანი თარგმანით მხარეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი საფოსტო ბილით დგინდება ჩაბარდა, 2025 წლის 12 დეკემბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული თხუთმეტდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 13 დეკემბერს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2025 წლის 27 დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან 27 დეკემბერიო დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2025 წლის 29 დეკემბერს - ორშაბათს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის, რაც მისი შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ღ–ის შუამდგომლობა ბუდაპეშტის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის N5.P.101.103/2023/9 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი